ორი ბეჭედი
ლონდონის „ჩელსის“ მცველი, ეშლი კოული, ტრავმირებულია და იარას იშუშებს, ხოლო მისი ცოლი – შერილ ტვიდი, გასტროლებზე დადის და მღერის. აი, მათ ქონებაზე კი თვალი არაერთ ქურდბაცაცას უჭირავს და გასულ კვირას ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. მაშინ, როცა შერილი მორიგ გასტროლზე გასამგზავრებლად აეროპორტში წავიდა, ფეხბურთელის სახლში ქურდები შევიდნენ, რადგან, ეგონათ, რომ ცოლს აეროპორტში ქმარი გააცილებდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად – ტრავმის გამო ეშლის ადგომა აკრძალული აქვს და ისიც ლოგინში ნებივრობდა, როცა ქურდებმა კარი შეუღეს. კოული არ დაიბნა და სიგნალიზაციის ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო, რამაც ქურდები დააფრთხო და ისინი სახლიდან მაშინვე გაცვივდნენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მაინც ჩავარდა.
– ჩვენ სახლში მხოლოდ ორი ბეჭდის გამო ვიყავით შესული. როცა შერილი სახლიდან გამოვიდა, ჭოგრიტით ვუყურებდით და დავინახეთ, რომ ის ბეჭდები არ ეკეთა, შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ სახლში დატოვა და მათი მოპარვა გვსურდა, – განაცხადა დაკავებულმა.
როგორც გაირკვა, საუბარი იმ ბეჭდებზეა, რომლებიც ეშლიმ ცოლს შარშან და შარშანწინ აჩუქა. საერთო ჯამში ორივე ბეჭდის ყიდვა კოულს 350 ათასი ევრო დაუჯდა.