რუსები წყალშიც დაჩაგრეს
რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს საქართველოს ნაკრები სადაც ხვდება, რბილად რომ ვთქვათ, იქ ამარცხებს. ჰოდა, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა ძალები წყალქვეშა რაგბიშიც მოსინჯეს. წყალქვეშა რაგბის წესებს მარტივად აგიხსნით: რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს წყალქვეშ ეთამაშება და ლელოს დადებად აუზის კუთხეში დადგმულ კალათაში ბურთის ჩადება ითვლება, ანუ, დაახლოებით უსაქმურისა და მახათის ანალოგია. რუსებს ამ სახეობაში ეროვნული ნაკრები და კლუბებიც კი ჰყავთ და, ერთ-ერთმა კლუბმა, კერძოდ კი – „ბეტამ“, გასულ კვირას ფინეთში გასვლითი მატჩი ჩაატარა, მაგრამ, რად გინდა: შეხვედრა ბოლომდე არ ჩათამაშებულა თუ ჩაცურავებულა – შუა მატჩის დროს რუსებმა უარი თქვეს მატჩის გაგრძელებაზე.
– მთელი შეხვედრის განმავლობაში, მეტოქე გუნდის მორაგბეები წყალში მსაჯისგან მალულად ფეხებს გვირტყამდნენ და სახეს გვიკაწრავდნენ. მატჩის შეჩერება კი მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც მე თითი მომტეხეს, – განაცხადა „ბეტას“ კაპიტანმა, ვიქტორ კრილოვმა.
გაგიჟდება კაცი! გვარად თუ კრილოვი ხარ, რა „გეწყალრაგბება“, წადი და, ან ბლინები ჭამე, ან იგავები დაწერე...