საფრანგეთში ყველაზე პოპულარული ადამიანი დედისტოლა ქალზეა შეყვარებული
საფრანგეთში პოპულარობით ძირითადად ფეხბურთელები სარგებლობდნენ და სპორტის სხვა წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ბოლო დროს, ნაკლებად სწყალობდნენ. მაგრამ, ბოლო რამდენიმე წელია, ფრანგ ფეხბურთელთა დომინირება ერთმა ახალგაზრდამ შეავიწროვა. წესისამებრ, რეკლამებში ფეხბურთელებს იღებდნენ, თუმცა ახლა ტელეეკრანებზე ყველაზე ხშირად მოღიმარი შავი ბიჭი ჩანს და მთელი საფრანგეთი მასზე ლოცულობს. საუბარი ძიუდოისტ ტედი რინერზე გვაქვს, ბიჭზე, რომელმაც გადატრიალება სპორტის ამ სახეობაში არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოახდინა.
„დათუნია ტედი“, როგორც მას საფრანგეთში მოიხსენიებენ, კუნძულ გვადელუპეზე 1989 წლის 7 აპრილს დაიბადა. როგორც ამ კუნძულზე დაბადებულთა უმრავლესობას, რინერის ოჯახსაც პურის ფული უჭირდა და ტედიც ძირითადად იმით იყო დაკავებული, რომ მეგობრებთან ერთად ქუჩაში დარბოდა, ბურთს დასდევდა და... ჩხუბობდა. ჩხუბი კი ნამდვილად ეხერხებოდა, მაგრამ იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ თანატოლებთან კინკლაობას აღარ კადრულობდა და უფრო დიდი ბიჭების საცემად იწევდა. რინერი მალე მიხვდა, რომ მხოლოდ მუშტების ქნევით ბევრს ვერაფერს მიაღწევდა და სავარჯიშო დარბაზს მიაშურა, სადაც ისედაც დიდი სხეული უფრო გამოაწრთო, შემდეგ კი გადაწყვიტა, სპორტის რომელიმე სახეობას გაჰყოლოდა. ფეხბურთისთვის ძალიან დიდი იყო, მისი გაბარიტების კაცისგან არც კალათბურთელი გამოვიდა და ტედიმ არჩევანი ძიუდოზე შეაჩერა. ალბათ, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო – რამდენიმე წლის შემდეგ „დათუნია ტედიზე“ უკვე არა მარტო საფრანგეთში ლაპარაკობდნენ, არამედ მის სანახავად იაპონიიდან დელეგაციაც კი ჩავიდა.
– თავიდან, იაპონელები რომ დავინახე, გამიხარდა, მაგრამ, როცა მითხრეს, უნდა დაგაკვირდეთო, გაოცებული დავრჩი, რა დაკვირვება მე მინდოდა, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი. თუმცა კამერის დანახვაზე დავიბენი და, იმას კი არ ვაკეთებდი, რასაც ყოველთვის, არამედ, რაღაც სისულელეებს და იაპონელებმაც ხელი ჩაიქნიეს, – ღიმილით იხსენებს ტედი.
ხელის ჩაქნევა ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს ძვირად მალევე დაუჯდათ. მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 15 წლის რინერმა ოქროს მედალი 17 წლამდე ასაკში მოიპოვა და, თან ისე, რომ დაღლა არ შესტყობია. 16 წლის ტედი ჩემპიონი უკვე 18 წლამდე ასაკში გახდა და იაპონელები საფრანგეთს კვლავ ეწვივნენ, თუმცა რინერი უკვე პატარა ვარსკვლავი იყო და მასზე დაკვირვების უფლება იაპონელებს ფრანგული ძიუდოს მამებმა აღარ მისცეს.
2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელზეც თავის წონაში ოქროს მედალი ქართველმა ირაკლი ცირეკიძემ მოიგო, მძიმე წონაში ფრანგთა მთავარ იმედს ბადალი არ ჰყავდა. რინერმა მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაიარა და პლანეტის უძლიერესის ტიტული უკვე დიდებში მოიპოვა. მაშინ ის 18 წლის და 5 თვის იყო და ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. ერთი წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი აბსოლუტურ კატეგორიაში გაიმართა, ანუ, მედლები სპორტსმენების წონის მიხედვით კი არ გათამაშდა, არამედ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მისულიყო და ეჭიდავა, თუმცა, მონაწილეობა ძირითადად მძიმეწონოსნებმა მიიღეს, რადგან მსუბუქ წონებს, უბრალოდ, შანსი არ ექნებოდათ. ჩემპიონატზე ტედიც ჩავიდა და ოქროს მედალი ძალიან ადვილად აიღო, „გზად“ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო, მაგრამ, მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ეს ადვილად პროგნოზირებადი გახლდათ და რინერის ჩემპიონობა არავის გაკვირვებია.
წინ პეკინის ოლიმპიადა იყო და 19 წლის ტედი რინერი მასზე მთავარ ფავორიტად მიდიოდა. ნახევარფინალამდე ის ადვილად მივიდა, მაგრამ იქ, ყველასთვის მოულოდნელად, უზბეკ ძიუდოისტთან აბდულო ტანგრიევთან წააგო.
– მომენტი, როცა ვმარცხდები, ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი და ზუსტად ვიცი, რომ იმ შეცდომას აღარ გავიმეორებ. მე მარტო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არ მაინტერესებს, ოლიმპიადა უნდა მოვიგო და, თან, ეს რამდენჯერმე უნდა მოვახერხო, – აცხადებს ტედი.
იმავე ოლიმპიადაზე რინერს ერთი უსიამოვნებაც შეემთხვა: მას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეხვდა და ხელი ჩამოართვა. როცა ფოტო დაიბეჭდა, ჟურნალისტებმა რინერს ჰკითხეს – ნუთუ ნიკოლა ასეთი მაღალიაო, რაზეც ტედიმ გულუბრყვილოდ მიუგო: ჩემთან სურათს რომ იღებდა, სკამზე შედგაო. ამის გამო რინერი კინაღამ სარკოზის მტრად გამოაცხადეს.
2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატს როტერდამმა უმასპინძლა და ჰოლანდიაში რინერის საქომაგოდ ლამის მთელი საფრანგეთი ჩავიდა. 20 წლის „დათუნიას“ გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის – სპეციალისტებიც. მანამდე კი, ოლიმპიადაზე იაპონელებმა მისი ჭიდაობა 24 კამერით გადაიღეს, რათა რინერის სუსტი მხარეები მოეძებნათ და მისი დამარცხების გასაღები ეპოვათ, მაგრამ ამ გასაღების ძებნას, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოუნდებიან – როტერდამში რინერს ბადალი კვლავ არ ჰყავდა და, რაც მათავარია, მან ტურნირი ძალიან იოლად მოიგო.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას: რინერი თავიდან სავარჯიშო დარბაზში ათენ-აღამებდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია, იგი ელიტური საზოგადოების სასურველი სტუმარი გახდა და მანაც ეს პატივი სრულად შეირგო და შეიფერა. პრაქტიკულად, ყველა ელიტურ შეკრებაზე რინერი მუდმივად წინა პლანზეა და არც ქალების უყურადღებობას უჩივის. თუმცა, ნამდვილი სკანდალი მაშინ ატყდა, როცა მის გვერდით ცნობილი მსახიობი – ოფელია უინტერი გამოჩნდა. 40 წლის ოფელია ტედის დედად ერგება, მაგრამ იგი საუცხოოდ გამოიყურება და, მერე რა, თუ გათხოვილია – წყვილი არ აღიარებს, რომ ერთად არის. სხვათა შორის, ამის დამადასტურებელი საბუთი ჟურნალისტებმა ჯერ ვერ მოიპოვეს და, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ წყვილი ერთსა და იმავე სასტუმროში რამდენჯერმე მაშინ გაჩერდა, როცა უინტერის ქმარი ქალაქიდან გასული იყოო.
„რა თქმა უნდა, ლამაზ ქალებს გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გათხოვილებზე ვნადირობ. თანაც, წინ ლონდონის ოლიმპიადა მელოდება და მისთვის მზადება უკვე დაწყებული მაქვს. ეს იქნება პირველი ოლიმპიადა, სადაც ოქროს მედალს ავიღებ, – აცხადებს ტედი და თვალებსაც გულუბრყვილოდ აფახულებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცი, რომელიც რეკლამებით წლიურად 10 მილიონ ევროს შოულობს, ასეთი გულუბრყვილო იყოს“.