მცენარეული ნაყენები ინფექციური დაავადებებისგან დაგიცავთ და სისხლძარღვების კედლებს გაგიმაგრებთ
აქტიურ ცხოვრებაში რომ არ შეგიშალოთ რამემ ხელი და თქვენმა ორგანიზმმაც შეუფერხებლად იმუშაოს, ის დროდადრო უნდა გაათავისუფლოთ წლობით დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან. ამ საქმეში კი მცენარეული ნაყენები დაგეხმარებათ.
სისხლძარღვების კედლებს ასუფთავებს და ამაგრებს ჟოლოს ფოთლები, წითელი სამყურა, ბაბუაწვერას ძირები, მოცხარის ფოთლები, ოროვანდი, პიტნა, ვერხვის ფესვები, ნიახური, ბარისპირა, ნიორი და სხვა მცენარეები.
თანაბარი რაოდენობით აურიეთ ერთმანეთში არყის ხის, ჟოლოს, ბაბუაწვერასა და მოცხარის ფოთლები, დაამატეთ ცოტა შვიტა და ბარისპირა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით წყლის ორთქლზე დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადმოდგით და ერთი საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. სვით მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში.
2 სადილის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
სისხლი უზრუნველყოფს ორგანიზმის თითოეულ ორგანოს იმ ენერგიით, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ტოქსინებისგან სისხლის გაწმენდაც ამიტომ არის აუცილებელი, რაშიც თავშავა, მარწყვის ფოთლები, ჭინჭარი, ოროვანდი, აბზინდა, შვიტა, კრაზანა, მრავალძარღვა, ფარსმანდუკი და კულმუხო დაგეხმარებათ.
1 ჩაის კოვზ ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათით გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში.
ძლიერი იმუნური სისტემა რომ გქონდეთ და ინფექციური დაავადებებისგან დაიცვათ თავი, აიღეთ 50 გრამი გამხმარი კულმუხოს ფესვი და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ დაახლოებით 15 წუთს. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ხილის ნატურალური წვენი და 50 გრამი თაფლი ან შაქარი. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, ჭამის შემდეგ.
გახეხეთ 500 გრამი ნიორი და აურიეთ 10 ცალ ლიმონის გამოწურულ წვენში. ყოველდღიურად მიიღეთ მესამედ ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი ნარევი. ასე გაიუმჯობესებთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ინფექციური დაავადებებისგანაც დაიცავთ თავს.