ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 25 წლის ქალი. მინდა, რჩევა გთხოვოთ: მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე მაქვს ყავისფერი გამონადენი, ხან ბევრი, ხან – ცოტა. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
პასუხი: დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს. თქვენ დაგჭირდებათ სათანადო გამოკვლევა, ექოსკოპია და სისხლის საერთო ანალიზი. მენსტრუაციიდან მენსტრუაციამდე შუალედში არავითარი გამონადენი არ უნდა გქონდეთ, ამიტომ უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა.
კითხვა: მქონდა ჰიპერთირეოზი. ვსვამდი ჰორმონულ პრეპარატებს, რომლებმაც ღვიძლი გამიღიზიანა, დამეწყო გულისრევები. ექიმმა მირჩია, დროებით წამლები შევწყვიტო. ჟურნალში წავიკითხე, რომ ჩიყვს უხდება შავბალახას ნაყენი. როგორ და რა ფორმით შეიძლება ამ მცენარის მიღება?
პასუხი: შავბალახას აქვს ძლიერი საძილე ეფექტი და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება. თირეოტოქსიკოზის დროს მას იმიტომ სვამენ, რომ ჰიპერთირეოზს თან სდევს ნერვული სისტემის ჭარბი აგზნება. თავად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულ ფონს კი ეს მცენარე ვერ აწესრიგებს.
კითხვა: შეიძლება თუ არა, მამაკაცის დაავადება „პროსტატა“ უშვილობის მიზეზი იყოს? თუ ეს ასეა, მაინტერესებს, ყოველთვის ვითარდება უშვილობა თუ ხანდახან?
პასუხი: პროსტატიტი მართლაც შეიძლება იყოს შვილოსნობის ფუნქციის დაქვეითების მიზეზი, რადგან ამ დროს ვითარდება ნეკროსპერმია – სპერამაში მცირდება ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობა, ეს კი განაყოფიერების ალბათობას აქვეითებს. თუ დაავადებას სწორად უმკურნალეს, სპერმის თვისებები აღდგება და შესაბამისად, აღდგება მამაკაცის შვილოსნობის უნარიც.
კითხვა: სად, რომელი კლინიკის ლაბორატორიაში შეიძლება იმუნური სტატუსის გამოკვლევა?
პასუხი: იმუნური სტატუსის, ესე იგი იმუნიტეტის მდგომარეობის განსაზღვრისთვის საჭიროა სისხლის საერთო ანალიზი და ლიმფოციტების ცალკეული ფრაქციების გამოკვლევა, აგრეთვე სისხლში იმუნოგლობულინების შემცველობა. ასეთი ანალიზები თბილისის თითქმის ყველა კლინიკაში კეთდება.
კითხვა: ვარ 27 წლის ქალიშვილი. გადატანილი მაქვს ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი და, ამასთან ერთად, მაქვს ქალასშიდა წნევა. მექნება თუ არა რაიმე გართულება ორსულობის ან მშობიარობის დროს?
პასუხი: თუ მკურნალობის შედეგად მოხდა ტუბერკულოზური პროცესის კუპირება, მაშინ იგი ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის. გირჩევთ, დაორსულებამდე ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევები და გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს თქვენი ორსულობა-მშობიარობის შესაძლებლობას.
კითხვა: რატომ არის, რომ ქვედა წნევა ყოველთვის მაღალი მაქვს?
პასუხი: არტერიული ჰიპერტონიის დროს პათოლოგიური პროცესი ძირითადად საშუალო კალიბრის სისხლძარღვებში ვითარდება. სწორედ ამ სისხლძარღვების კედლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ქვედა – დიასტოლური წნევის დონე. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ წინააღმდეგობის სიდიდე, რომელიც სისხლის ნაკადს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში დინებისას ხვდება. ჰიპერტონია რეგულარულ და ენერგიულ მკურნალობას მოითხოვს.
კითხვა: მაქვს შაქრიანი დიაბეტი. ამ გაჭირვებაში ძალიან მიჭირს დიეტის დაცვა. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა დიეტის გარეშე, მხოლოდ მედიკამენტების რეგულარული მიღებით ვიმკურნალო?
პასუხი: შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას ერთნაირად საჭიროა დიეტის დაცვაც და მედიკამენტების მიღებაც. ზოგჯერ მხოლოდ დიეტაც საკმარისია სისხლში გლუკოზის დონის მოსაწესრიგებლად, მაგრამ დიეტის გარეშე მედიკამენტებით მკურნალობას არავითარი აზრი არა აქვს.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ ახლომხედველობას მკურნალობენ რაღაც სხივებით?
პასუხი: არსებობს ლაზერული ქირურგიის მეთოდი, რომელიც ეფექტურად კურნავს ახლომხედველობას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კახა ჯანაშია