რა უწყობს ხელს ბავშვებში სქოლიოზის ჩამოყალიბებას და შეიძლება თუ არა მისი განკურნება
ბავშვებში გავრცელებულ სხვადასხვა დაავადებებს შორის განსაკუთრებული ადგილი სქოლიოზს, ანუ ხერხემლის გამრუდებას აქვს. მშობლები ხშირად სქოლიოზის ჩამოყალიბების მიზეზად ბავშვის არასწორ მოძრაობას, ჯდომისა და დგომის მანერას მიიჩნევენ. თუ რა უწყობს ხელს სქოლიოზის ჩამოყალიბებას, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების პროგრესირებას და რამდენად არის შესაძლებელი ხერხემლის გამრუდების განკურნება, ამის შესახებ გვესაუბრება რეაბილიტაციის ცენტრის ორთოპედიული განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქალბატონი მზია შენგელია.
– რა არის სქოლიოზი და როგორ ხდება ბავშვებში მისი ჩამოყალიბება?
– სქოლიოზი, ანუ როგორც მას უწოდებენ, ხერხემლის გამრუდება, საქართველოში ძალზე გავრცელებული დაავადებაა და ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, თუ როგორ ამოიცნონ ის რაც შეიძლება დროულად. სქოლიოზი არის სხეულის ძირითადი, სწორი ღერძიდან ხერხემლის სვეტის გვერდით გადახრა. თვითონ ტერმინი „სქოლიოზი“ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემოიღო რომაელმა გალენმა და ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა. რაც შეეხება სქოლიოზის ჩამოყალიბებას, როგორც ყველა სხვა ორთოპედიული დაავადება, სქოლიოზიც გარემო და შინაგანი პირობების ზეგავლენით ყალიბდება, თუმცა ამ დაავადების ფორმირება ძირითადად ემბრიოგენეზის პერიოდში, ანუ დედის ორსულობის პირველ ორ თვეში ხდება, როდესაც ყველაზე მეტი გაფრთხილებაა საჭირო, რადგან სტრესული თუ სხვადასხვა ინფექციური რადიაცია სწორედ ამ პერიოდში ახდენს ჩანასახზე ყველაზე მავნე ზემოქმედებას.
მუცლადყოფნის პერიოდის გარდა, სქოლიოზი შეიძლება ჩამოყალიბდეს, მაგალითად, გულ-მკერდის არეში ოპერაციული ჩარევების შემდეგ; ასევე, სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად გაჩენილი უხეში ნაწიბურებიც უწყობენ ხელს ხერხემლის გამრუდებას. სქოლიოზი ყალიბდება, თუ ადამიანს ერთი ფეხი მოკლე აქვს, ასევე, კისერმრუდობის დროს და ნეიროინფექციების შედეგად ზურგის ტვინის დაზიანების ფონზე. გარდა ამისა, ხერხემლის გამრუდების მიზეზი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ტრავმაც.
– ხშირად მშობლები შვილებს მიუთითებენ, რომ მხრებში არ მოიხარონ, რათა მათ სქოლიოზი არ ჩამოუყალიბდეთ, რამდენად სწორია ეს შეხედულება?
– სქოლიოზი ასი ბავშვიდან შეიძლება მხოლოდ სამს ან ოთხს ჩამოუყალიბდეს, რადგან მათ შესაბამისი ფონი აქვთ. ვისაც არ აქვს ფონი, ის, როგორც უნდა მოიხაროს და მოიღუნოს, ეს დაავადება მაინც არ დაემუქრება. რა თქმა უნდა, გამართულ სიარულსა და ჯდომის მანერას დიდი მნიშვნელობა აქვს მოზარდის ტანადობისთვის, მაგრამ ხერხემლის გამრუდება ემართებათ იმ ბავშვებს, ვინც ამისკენ მიდრეკილნი არიან, ანუ ვისი შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებაც ჩანასახოვან პერიოდშია დარღვეული. რაც შეეხება მშობლების მონდომებას, საყვედურებსა და ბავშვისთვის ზურგში ხელის დარტყმას მის გასასწორებლად, შედეგი ნაკლებად ექნება, რადგან ბავშვს ასეთ დროს ორგანიზმი აიძულებს, რომ ისე დაჯდეს, როგორც ურჩევნია და როგორ პოზაშიც უკეთესად გრძნობს თავს.
– რამდენად ხშირია დღესდღეობით სქოლიოზი ბავშვებში?
– დღეს არსებულ ყველა ორთოპედიულ დაავადებათა შორის ყველაზე უფრო გავრცელებულია სქოლიოზი. სხვა დაავადებები 2-3 პროცენტში გვხვდება, სქოლიოზი კი ყოველი ასი ბავშვიდან ორმოცდაათს აქვს. სქოლიოზის ხუთი ხარისხი არსებობს. პირველი ხარისხის სქოლიოზი შედარებით იოლია, მეხუთე კი შესაბამისად – ძალიან რთული.
– იკურნება თუ არა სქოლიოზი?
– როგორც ყველა ორთოპედიული დაავადების, ასევე სქოლიოზის მკურნალობა საწყის ეტაპზე უფრო ეფექტურია. ამ დეფორმირებულ ძვლებზე ჩვენ გავლენას ნერვ-კუნთოვანი აპარატის მეშვეობით ვახდენთ; რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ხერხემლის გამრუდების ტიპს. საერთოდ, სქოლიოზისგან სრული განკურნების მეთოდი დღესდღეობით მსოფლიოში ჯერ არ არსებობს, ეს განსაკუთრებით ეხება პროგრესირებად ფორმებს, რომლებიც, ფაქტობრივად, მკურნალობას არ ემორჩილება. თანამედროვე მედიცინას მხოლოდ შეუძლია ამ დაავადების შეჩერება კონსერვატიული მეთოდებით, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.
– პირველი ხარისხის სქოლიოზიც არ ემორჩილება მკურნალობას?
– თუ ბავშვი მონდომებულია, შესაძლებელია, მაგრამ მესამე, მეოთხე, მეხუთე ხარისხის გამრუდების დროს – შეუძლებელია. ამიტომ, მინდა, მივმართო მშობლებს: ბუნებრივია, რომ ყველა მშობელი ეძებს გზებს, რათა შვილი განკურნოს და ყველა ხერხს მიმართავს ამისთვის. ხშირად ექიმბაშები, ექსტრასენსები და სხვები აიმედებენ, რომ მათ შვილებს ამ დაავადებისგან განკურნავენ, მაგრამ ეს სიცრუეა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, სქოლიოზის მხოლოდ შეჩერება შეიძლება, ისიც – სწორი და კარგად გააზრებული მიდგომითა და მკურნალობით. მშობლებმა ეს უნდა იცოდნენ, რომ არ მოტყუვდნენ და ყველას არ ენდონ.
– სქოლიოზის განკურნების ერთ-ერთ საშუალებად ზოგი ეგრეთ წოდებულ „ერაძის სკამს“ მიიჩნევს. ამაზე რა აზრის ხართ?
– გაიოზ ერაძე ძალიან კარგი პიროვნებაა და პატივს ვცემ, მაგრამ სქოლიოზს ის ვერ კურნავს. ჩვენ აქ ხერხემლის გამრუდებასთან საბრძოლველად მთელ კომპლექსურ მკურნალობას ვუტარებთ პაციენტებს: ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ვარჯიშებს, მასაჟს, ყველანაირ ტრენირებებს და ამ მეთოდით არ ხერხდება სრული განკურნება და თხუთმეტწუთიანმა პროცედურამ, რასაც „ერაძის სკამი“ ითვალისწინებს, რა შედეგი უნდა გამოიღოს? ყველამ უნდა იცოდეს, რომ არასწორი ჩარევითა და უცოდინრობით, შეიძლება, ბევრად მძიმე შედეგები მივიღოთ.
– როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა ბავშვს, რომ მას სქოლიოზი აქვს?
– სქოლიოზისკენ მიდრეკილების აღმოჩენა ახალშობილშივე არის შესაძლებელი. როდესაც ახალშობილს სახლში მიიყვანთ, ბავშვს გახადეთ ტანზე და დააკვირდით. პირველ ყოვლისა დაათვალიერეთ მისი კანი, ხომ არ აქვს ლაქები, ხომ არ შეინიშნება ჭარბი თმიანობა სადმე, განსაკუთრებით – გავა-წელის არეში, ხომ არ არის დუნდულათაშორის ნაპრალის ირიბი დგომა, ან თუ ბავშვი თავს მხოლოდ ცალ მხარეს დებს; ან, თუ შეამჩნევთ კიდურების სხვაობას, სიმოკლეს, დააკვირდით, სიმეტრიულია თუ არა ბავშვის კიდურების ოთხმხრივი მოძრაობა – ეს ყველაფერი შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია და თუ ბავშვს შეემჩნევა ასიმეტრიულობა, სქოლიოზის ჩამოყალიბების მეტი ალბათობა არსებობს. ამიტომ დაუყოვნებლივ მიაკითხეთ ექიმს.
– რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სქოლიოზის პროგრესირებას?
– სქოლიოზი შეიძლება იყოს, როგორც სხვა დაავადებით გამოწვეული, ასევე, ხშირად ის თვითონ ხდება სხვადასხვა დაავადებების ჩამოყალიბების მიზეზი – მას შეუძლია, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები, დაირღვას სასუნთქი სისტემა, რადგან ამ დროს ჟანგბადის მიწოდება შეფერხებულია. სქოლიოზის ფონზე ბავშვს შეიძლება, სიელმეც განუვითარდეს.
– რა ასაკშია სქოლიოზზე მკურნალობა რეკომენდებული?
– სქოლიოზით დაავადებული ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მიმართოს ექიმს, რადგან სქოლიოზის ფონზე მომავალში შეიძლება ჩამოყალიბდეს: ოსტეოქონდროზი, სპოდილიოზი, ართროზი (მარილების დაგროვება), ნევრალგია, რადიკულიტი, იშიაზი და სხვა, ამ დაავადებებისგან თავის დასაღწევად არსებობს მთელი რიგი პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ძვლის გაახალგაზრდავებას. ამიტომ, პროფილაქტიკური მკურნალობა ყველა ასაკში შესაძლებელია.