კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამიანის მიერ რა მოვალეობების შესრულების შედეგად კარგავს დიდი მარხვა ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას


როგორც ვიცით, სინანული არის საწყისი და წინაპირობა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. როდესაც ქრისტემ ქადაგება დაიწყო, მისი პირველი სიტყვა იყო: „შეინანეთ!“ მაგრამ, რა არის სინანული? ყოველდღიურ ცხოვრების ორომტრიალში ჩვენ არ გვაქვს ამაზე ფიქრის დრო. დიდი მარხვის დროს კი მივიჩნევთ, ყოველივე, რაც ამ მარხვის დროს მოგვეთხოვება, არის გარკვეული საკვებისგან თავის შეკავება, გართობის შემცირება, აღსარებაზე მისვლა, მღვდლისგან ცოდვების მიტევების მიღება, წმიდა ზიარება და, გვგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ, ამ ყველაფრის გარდა, აუცილებელია დიდი მარხვის არსის გაგება, მის შესახებ ეკლესიური სწავლების ცოდნა, რაც, უპირველეს ყოვლისა, სამარხვო ღვთისმსახურებაზე გადმოგვეცემა.


მამა გიორგი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი): ცხადია, რომ ყოველი მორწმუნისთვის დიდი მარხვის უკლებლად ყველა ღვთისმსახურებაზე დასწრება შეუძლებელია. მათი უმრავლესობა ეკლესიაში კვირა დღეს სიარულს განაგრძობს, მაგრამ, საკვირაო ლიტურღია, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც, არ ასახავს დიდი მარხვის ღვთისმსახურებას და მასზე თანდასწრებით შეუძლებელია სამარხვო ღმრთისმსახურების განსაკუთრებულ თვისებათა შეგრძნება, დიდი მარხვის სრულად მიღება. დღეს ადამიანების დამოკიდებულება დიდი მარხვისადმი უარყოფით გაგებამდე დაიყვანება და მარხვა ჩვენს შეგნებაში წარმოჩინდება როგორც დრო, რომლის განმავლობაში აკრძალულია ზოგი რამ, მაგალითად, ხორცი, ცხიმი, ცეკვები და გართობა. დადებითი თვალსაზრისით, მარხვა განიხილება, როგორც დრო, როცა ჩვენი რელიგიური მოვალეობები უნდა შევასრულოთ, ანუ აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ, არა უგვიანეს ბზობის კვირისა. ამ მოვალეობების შესრულების შემდეგ დიდი მარხვა სრულიად კარგავს ყოველგვარ დადებით მნიშვნელობას. ის უკვე აღარ არის სინანულისა და განახლების ის განბანვა, როგორიც უნდა იყოს ეკლესიის საღვთისმსახურო და სულიერი მოძღვრების თანახმად. იმის მაგივრად, რომ დავსვათ ისეთი კითხვები, როგორც არის: როგორ ვიმარხულით, რა არის დიდი მარხვა, – ჩვენ მხოლოდ მარხვის სიმბოლიკით ვკმაყოფილდებით. ჟურნალებში უკვე ჩნდება გემრიელი სამარხვო კერძების რეცეპტები. ასევე, გაცილებით მეტი ძალები იხარჯება სამარხვო კერძების მომზადებასა და სააღდგომო გახსნილებაზე, ვიდრე თვით მარხვასა და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოში მონაწილეობაზე.

დიდი მარხვის ყველა ღვთისმსახურებას, ალბათ ბევრი ადამიანი ვერ დაესწრება, მაგრამ, თითოეულ ადამიანს შეუძლია ზოგიერთ მსახურებას მაინც დაესწროს. დიდი მარხვის დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ეკლესიაში სიარული, საეკლესიო წესების შესრულებაში მონაწილეობის მიღება. კვირაში ერთი დღე მაინც უნდა მივუძღვნათ პირველშეწირულის ლიტურღიაზე დასწრებას, რომელიც მთელი მარხვის განმავლობაში აღესრულება. პირველშეწირულის ლიტურღიის პირველი და მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ეს ღვთისმსახურება საღამოჟამს აღესრულება. უფრო სწორად, ეს არის ზიარება მწუხრის შემდეგ. საეკლესიო ცხოვრების ადრეულ ისტორიულ პერიოდში ეს საღვთისმსახურო წესი მოკლებული იყო დღევანდელ საზეიმო ხასიათს. დიდი მარხვის განმავლობაში, საეკლესიო ტიპიკონის თანახმად, ოთხშაბათსა და პარასკევს მოითხოვება საჭმლისგან სრული თავშეკავება მზის ჩასვლამდე. ამიტომაც დიდი მარხვის სწორედ ეს დღეებია არჩეული ზიარებისთვის, რომელიც დიდი მარხვის სულიერ ბრძოლაში უმთავრეს იარაღს წარმოადგენს, ისევე, როგორც მარხვის სწორად დაცვა. ქრისტეს სწორედ მარხვის დროს შეხვდა სატანა, მოგვიანებით კი იესომ თქვა, რომ სატანის დამარცხება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება. მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ: ადამიანი მშიერია, მაგრამ ესმის, რომ სინამდვილეში შესწევს იმის ძალა, არ დამორჩილდეს შიმშილს, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით აქციოს შიმშილი სულიერი ძალებისა და გამარჯვების წყაროდ. საბოლოო ჯამში, მარხვა ერთი რამ არის: უნდა განვიცადოთ შიმშილი, უნდა მოგვშივდეს, ან, უნდა მივაღწიოთ იმ სიცოხლის ზღვარს, რომელიც ჩვენში მთლიანად საკვებზეა დამოკიდებული და, შიმშილის საშუალებით აღმოვაჩენთ, რომ ეს დამოკიდებულება არ არის ადამიანის უკანასკნელი ჭეშმარიტება; რომ თვით შიმშილი, უპირველეს ყოვლისა, არის სულიერი მდგომარეობა და თავის უკანასკნელ სიღრმეში ის ღმრთის შიმშილია.

– მამაო, დიდი მარხვის მესამე კვირას განზოგება, გაშუალედება ჰქვია. რას ნიშნავს ეს?

– დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. ამ დღეს ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირით ტოვებენ. ყოველი ღვთისმსახურების შემდეგ სრულდება ჯვრის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ, ჯვარზე ამ კვირადღის ყველა საგალობელი მოგვითხრობს, მაგრამ გვაუწყებს არა ვნებასა და ტანჯვას, არამედ ძლევასა და სიხარულს. ეს დღე გვახსენებს იმას, რომ ჩვენ მარხვის შუაგულს უკვე მივაღწიეთ. ამ დროს, ერთი მხრივ, თავს იჩენს ფიზიკური მოსაგრეობა, თუ ის სერიოზული და თანამიმდევრულია და იგრძნობა დაღლილობა, ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვჭირდება; მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრწყინვალება უფრო ხილული ხდება. დიდმარხვა ჩვენი თვითჯვარცმის დროა, ჩვენი თუნდაც შეზღუდული გამოცდილებაა ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის საკითხავში ჟღერს: „რომელსა უნებს შემოდგომად ჩემსა მოსვლაი, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდგენ მე“ (მკ.8,34), მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად იტვირთა. მხოლოდ ქრისტეს ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი, და მისი ჯვარი ჩვენს ჯვარს საზრისს და დიდ ძალას ანიჭებს. ამგვარად გამხნევებულები შევდივართ დიდი მარხვის მეორე ნახევარში და სამარხვო ღვთისმსახურების ტონიც იცვლება. თუ პირველ ნახევარში ჩვენი ძალისხმევა საკუთარი თავის განწმენდაზე იყო მიმართული, მეორე ნახევარში ჩვენ ვიგებთ, რომ მარხვამ უნდა შეგვიყვანოს ჯვრისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს ჭვრეტაში, წვდომასა და ათვისებაში.

გარდა იმისა, რომ დიდმარხვას ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, როცა ჩვენ სახლისგან, ეკლესიისგან მოშორებით ვიმყოფებით საქმიან მივლინებაში, ან სამსახურში – მაგიდასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, კოლეგებთან ან მეგობრებთან შეხვედრისას, ამ დროსაც სხვადასხვა საკითხის გათვალისწინება გვევალება. დიდი მარხვა შესანიშნავი დროა, როცა უნდა განვიხილოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი წარმოუდგენელი, ზედაპირული დამოკიდებულება ადამიანების, საგნების, სამსახურის მიმართ. „ყველაფერს ღიმილით შეხვდით“, „გულთან ახლოს ნურაფერს მიიტანთ“ – აი, რჩევები, რომლებიც სინამდვილეში ლამის მცნებებად იქცა და მათ ხალისით ვემორჩილებით, მაგრამ, ეს რჩევები მხოლოდ ერთს ნიშნავს: არ შეზღუდოთ საკუთარი თავი პასუხისმგებლობით; ნუ დასვამთ ზედმეტ კითხვებს; ნუ გააღრმავებთ ადამიანებთან ურთიერთობას; იყავით მათ მიმართ გულგრილები. დიდი მარხვა საზრისის ძიების დროა. აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ ყველა ჩვენი ადამიანური ურთიერთობა, რადგან ჩვენც თავისუფალი ადამიანები ვართ, რომლებიც ხშირად შეუგნებლად იმ რაღაც სისტემათა მონებად ვიქცევით, რომლებიც ნელ-ნელა ყოველივე ადამიანურს ანადგურებენ ამქვეყნად; დიდი მარხვა ის დროა, როდესაც ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური იმას, რასაც ვამბობთ, რადგან ჩვენი სამყარო საოცრად მჭევრმეტყველია, სიტყვებმა დაკარგეს თავისი მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე – ძალაც; დიდი მარხვა ის დროა, როცა ადამიანი თითქოს კვლავ პოულობს სარწმუნოებას და თვით სიცოცხლესაც მისი საღმრთო მნიშვნელობით: თავს ვიკავებთ საჭმლისგან და კვლავ აღმოვაჩენთ მის გემოს, ვსწავლობთ ღმრთისგან მის მიღებას სიხარულითა და მადლიერებით; ვამცირებთ გართობას, მუსიკის სმენას, უაზრო საუბარსა და ზედაპირულ ფიქრებს; ვიღებთ ადამიანებს და, ყოველივე ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ კვლავ ვიპოვოთ თვით ღმერთი და დავუბრუნდეთ მას.


скачать dle 11.3