კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი მინისტრები თოხნიდნენ ხუთ ჰექტარ მიწას და რატომ ცხოვრობდნენ ისინი გაჭირვებაში


მამა გიორგი (სხილაძე) წლების განმავლობაში საფრანგეთში, ლევილის მამულში ცხოვრობს და პარიზის ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში მოღვაწეობს. ის უცხო ქვეყანაში გადასახლებულ ქართველებს ყველაზე დიდ გასაჭირს – ნოსტალგიას დაუღალავი ლოცვით უქარვებს. მისმა ოჯახმა კი, სწორედ იმ ოთახში დაიდო ბინა, სადაც ოდესღაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი ცხოვრობდა.


მამა გიორგი (სხილაძე): ლევილში უკვე ათ წელზე მეტია, ვცხოვრობ. სწავლის გაგრძელებას ამერიკაში, სასულიერო აკადემიაში ვაპირებდი. მორჩილება პარიზის ერთ-ერთ ტაძარში გავიარე. შემდეგ კი საფრანგეთს შემოვრჩი. ჩვენი ეკლესია პარიზში მდებარეობს. აქ დადიან ქართველებიც, ფრანგებიც და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. მაგალითად, არის ერთი შავკანიანი, რომელიც კათოლიკე იყო, ჩვენ ის ჭეშმარიტ რწმენაზე მოვაქციეთ და ახლა სტიქაროსანია. დიდი ხანია, მინდა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ჩემს ეკლესიაში ერთადერთი ქართველი მოძღვარი ვარ და ჩემი მრევლის დატოვება მიჭირს. აქ მცხოვრები ქართველების მთავარი სადარდებელი და პრობლემა საშინელი ნოსტალგიაა. მათთვის უცხოეთში ყოფნა ერთგვარი სასჯელია. რაც შეეხება ჩვენს ეკლესიას, ის არა საქართველოს საპატრიარქოს, არამედ ემიგრაციული ეკლესიის დაქვემდებარებაშია. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სამღვდელოების დიდი ნაწილი თავის მრევლს ემიგრაციაში გაჰყვა. ამ სამღვდელო იერარქიამ მოღვაწეობა უცხოეთში გააგრძელა. ის არ დაექვემდებარა მოსკოვის საპატრიარქოს, რომელიც დემონური ძალების ტყვეობაში იყო და მსოფლიოს სხვა ეკლესიების დასტურით, მღვდელმსახურება უცხოეთში დაიწყო. კანონიკურად სწორედ ის ითვლება ისტორიული რუსეთის ეკლესიის სამართალმემკვიდრედ, და არა მოსკოვის საპატრიარქო, რომელიც ბოლშევიკებისგან ნებადართვით, კანონების დარღვევით შეიქმნა.

– რაც შეეხება ლევილის მამულს, ვინ ცხოვრობს დღეს იქ?

– ლევილში ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ამიტომ ეწოდებათ ემიგრანტები, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ. ასეთები არიან ნოე ჟორდანიას და ნოე რამიშვილის შვილები. ნოე ჟორდანიას შვილი, ქალბატონი ნათელა ლევილის ასოციაციის პრეზიდენტია. მასაც და ქალბატონ ნინო რამიშვილსაც აქ მამების დანატოვარი ოთახები აქვთ და უფრო ხშირად ზაფხულობით ჩამოდიან ხოლმე პარიზიდან. ეს ქალბატონები საკმაოდ ასაკოვანნი არიან. ქალბატონ ნათელას მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ჰყავს, მაგრამ ქალბატონი ნინო არასდროს გათხოვილა. სულ მამულში 15-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის არიან შერეული ფრანგულ-ქართული ოჯახებიც. რა თქმა უნდა მორწმუნეებთან უფრო ახლო კავშირი მაქვს. მუდმივად აქ ცხოვრობს ასოციაციის მდივანი ქალბატონი ეთერ წერეთელი-შენგელიასი, რომელიც ლევილის საქმეებს ზედამხედველობს. მამულში არის ერთი მთავარი ორსართულიანი შენობა და კიდევ პატარ-პატარა სახლები. მე ვცხოვრობ იმ მთავარ სახლში, რომელსაც „შატო“ ეწოდება. სწორედ ამ შატოში ცხოვრობდნენ ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი და ემიგრანტული მთავრობის სხვა წევრები. იმ ოთახებში მაქვს ბინა დადებული, სადაც საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი ცხოვრობდა. პირველ დღეებში, როდესაც ამ ოთახებში შემოვედი და ახლაც კი, განსაკუთრებული ემოცია მეუფლება.

– ხომ არ გიპოვიათ ოთახებში რამე ისტორიულად მნიშვნელოვანი ან ემიგრანტებისთვის ძვირფასი ნივთი?

– იქ, სადაც ქალბატონები რამიშვილი და ჟორდანია ცხოვრობენ, უფროა შემორჩენილი მშობლების დანატოვარი უნიკალური ნივთები. სხვა ოთახებში ბოლო წლებში ოფიციალური პირები აღარ ცხოვრობდნენ. დალაგების დროს სარდაფში ან სადმე მიტოვებული ადგილის გასუფთავებისას სხვადასხვა ხელნაწერები გვიპოვია. თუმცა ყველაფერი ღირებული იმ არქივში იყო დაცული, რომელიც გურამ შარაძემ საქართველოში ჩაიტანა. მე აღმოვაჩინე ერთი ემიგრანტის მიერ შედგენილი საქართველოს ძალიან საინტერესო რუკა. ის გასულ წელს ხელნაწერთა ცენტრის დირექტორს გუგა კუდავას გადავეცით, რომელიც აქ ბრძანდებოდა. ძალიან მინდოდა ეს რუკა სამახსოვროდ დამრჩენოდა, მაგრამ უმჯობესია ის მუზეუმში იყოს დაცული. სამწუხაროდ ამ რუკაზე საქართველო ბევრად დიდია, ვიდრე დღეს.

საერთოდ კი, მთავრობის წევრები იმდენად პატიოსანი ადამიანები იყვნენ, ფუფუნებაში არ უცხოვრიათ და რამე განსაკუთრებულს არ ფლობდნენ. საკმაოდ გაჭირვებულები იყვნენ. იცით, რომ დიდი განძი ჰქონდათ თან წაღებული? მაგრამ კაპიკი არ აუღიათ თავისთვის. მინისტრებიც კი შრომობდნენ. ჰქონდათ შეძენილი ხუთი ჰექტარი მიწა და თვითონ თოხნიდნენ, ბარავდნენ. ამ მხრივ მისაბაძი ადამიანები იყვნენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტიც, რომ მთავრობის არც ერთმა წევრმა ბოლშევიკური მთავრობის წინაშე კაპიტულაციის აქტს ხელი არ მოაწერა. მათ ბოლომდე შეინარჩუნეს საქართველოს მთავრობის „სტატუს დე იურე“, რითაც შთამომავლობას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად იურიდიული საფუძველი დაუტოვეს. 1991 წელს აღდგა სამართალი, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ამ მხრივ მთავრობამ პატრიოტობა გამოიჩინა და ზნეობრივადაც მოიქცნენ კარგად, რადგან როგორც გითხარით, ეს საგანძური არ გაანიავეს. ამჟამად ლევილში მეურნეობა არ არის განვითარებული. აქ არის ხეხილის ბაღი, მაგრამ არ არის სამეურნეო საქმიანობა. მამულს უფრო მუზეუმის სახე აქვს. არ არის იმის საჭიროება, რომ აქ დასახლებულებმა თავი მიწაზე შრომით ირჩინონ. ფრანგული წესით მიდის ცხოვრება – ზოგი მუშაობს, ზოგი პენსიაზეა. ლევილი არის არა სოფლის, არამედ დაბის ტიპის დასახლება, პარიზიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. შარშან შატოს ჭიშკარზე საფრანგეთის საელჩოს და ქართული სათვისტომოსთან შეთანხმებით გამოიკრა ოფიციალური დაფა. ქართულად და ფრანგულად წერია, თუ რა მნიშვნელობის არის ეს ადგილი.

– თუ შეგიძლიათ, გაგვარკვიეთ, ვის ეკუთვნის მამული დღეს და მართალია, რომ არსებობს მისი გაყიდვის საშიშროება?

– ემიგრანტული მთავრობის წევრებმა მამული გააფორმეს არა როგორც მთავრობის წევრებზე, არამედ, როგორც რიგით მოქალაქეებზე. მათ რომ ეს მთავრობის სახელზე გაეკეთებინათ, მაშინ საბჭოთა ხელისუფლება მათ ამ მამულს წაართმევდა. რადგან ევროპის ქვეყნებმა საბჭოეთი სცნეს, ერთი მთავრობის მეორეთი ცვლას ავტომატურად ლევილის წართმევა მოჰყვებოდა. შემდეგ ეს მფლობელობა შთამომავლობაზე გადავიდა. ესენი იყვნენ ჟორდანიას, რამიშვილის და კიდევ სამი ადამიანის მემკვიდრეები. დღეს ლევილი მათ საკუთრებაშია. მთავრობის წევრებმა დატოვეს ანდერძიც, რომელიც არ არის დაფარული და ამის დამალვა არავის უცდია. დამალვა რომ ნდომოდათ, მოახერხებდნენ. ანდერძით, როდესაც საქართველო გათავისუფლდებოდა, ლევილი ან უნივერსიტეტისთვის ან მეცნიერებათა აკადემიისთვის უნდა გადაეცათ. საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ზვიად გამსახურდიასთან, მაგრამ გადატრიალების შემდეგ ეს საკითხი შეყოვნდა. ემიგრანტების დიდი ნაწილი არ ენდობოდა შევარდნაძეს. არსებობს გარკვეული უნდობლობა დღევანდელი მთავრობის მიმართაც. აქედან გამომდინარე, ლევილის გადაცემის საკითხი დროებით შეჩერებულია. ყიდვას რაც შეეხება, მართლაც იყო მითქმა-მოთქმა, თითქოს, ვიღაც ცდილობდა ამას. ბოლო წლებში სხვადასხვა ჭორი გავრცელდა გაყიდვასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ თითქოს, ვიღაცას სურდა მისი ხელში ჩაგდება.

– მამულის რესტავრაცია საკმაოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. ხომ არ ყოფილა ამ მხრივადაც რამე შემოთავაზება?

– მთავარი შენობა დიდია, კარმიდამო ფართოა, ამიტომ ბუნებრივია, მთლიანი რესტავრაციის გაკეთება უზარმაზარ სახსრებს მოითხოვს. კერძო ხარჯებით კაპიტალური რემონტი დიდი ხანია, არ გაკეთებულა. ეს მეჩვიდმეტე საუკუნის შენობაა და გარეთა მხრიდანაც და შიგნიდანაც უკვე მოძველებულია. თუმცა მეპატრონეები ცდილობენ, ყველაფერი წესრიგში იყოს. როგორც ვიცი, ერთმა შეძლებულმა ადამიანმა შესთავაზა მათ რემონტის გაკეთება, მაგრამ თავი შეიკავეს, დაზუსტებით არ ვიცი, რატომ. თუმცა არ მგონია, რომ ამ ადამიანს ლევილის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდა.

– ეს შემოთავაზება ქართველისგან მოდიოდა? ბიძინა ივანიშვილს ან ბადრი პატარკაციშვილს ხომ არ გულისხმობთ?

– ის ქართველი იყო. მან ეს პირადი ინიციატივით შესთავაზა მემკვიდრეებს. ეს ნამდვილად არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილი ან ბადრი პატარკაციშვილი.

– რომელიმე დღეს თუ აღნიშნავთ ხოლმე განსაკუთრებით?

– ლევილში ყოველ წელს აღინიშნება 1924 წლის აჯანყების დღე. ეწყობა ღონისძიებები, რომელთა ორგანიზატორი ქართული სათვისტომოა. იკრიბებიან ემიგრანტები, ქართველი სტუდენტები, იშლება სუფრები ეზოში და ისმის ქართული სიმღერები. აქ ნამდვილი ქართული პატრიოტული სულისკვეთება სუფევს. თუმცა არიან უკვე გაფრანგებული ოჯახებიც, რომელთაც აღარ აქვთ სამწუხაროდ ქართველობა შენარჩუნებული. ლევილის სახელგანთქმული სასაფლაო მამულიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. მას ყოველთვის ჰყავს მომვლელი და ხშირად სტუმრობენ პატივის მისაგებად ჩამოსული ქართველებიც. ყველას განსაკუთრებული ემოცია ეუფლება ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავის ნახვისას. ქაქუცა უცხოეთში ვერ ჩერდებოდა და მალევე, ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისი გამოკეტვა პარიზულ კაფეებში შეუძლებელი იყო. დიდი სულისკვეთების და ქვეყნისთვის თავშეწირული კაცი იყო. საერთოდაც, როდესაც ემიგრანტები აქ ჩამოვიდნენ, დიდხანს დარჩენას არ აპირებდნენ. ეგონათ, რომ მალე დაბრუნდებოდნენ სამშობლოში და ბოლშევიკებს დაამარცხებდნენ. სწორედ ამიტომ დაიწყო 1924 წლის აჯანყება, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოუვიდათ. აქ ყოფნისას კი, მათი სიყვარული სამშობლოსადმი უფრო გაღვივდა. ლევილის ქართველთა საძვალეში, კოკი დადიანის საფლავზე, ასეთი ტაეპია: „მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა; სთქვი, რომ წარწერა იხილე ლოდზე, ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”. ჩამოსვლისთანავე მე და ჩემი მეუღლე ძალიან დავუახლოვდით ემიგრანტ ქაიხოსრო ჯაყელს. 2 წლის იყო, როდესაც მშობლებმა ის ლევილში ჩამოიყვანეს. აქაურები მას შინაურულად კოკას ეძახდნენ. ჩვენთვის ის კოკა ბაბუა გახდა. მარტო იყო დარჩენილი და საკუთარი ოჯახივით მიგვიღო. გარდაიცვალა და დღეს მის საფლავს საკუთარი ბაბუის საფლავივით ვუვლით.

მასთან დაკავშირებით ორ ისტორიასაც მოგვიყვებით ქალაქ ორლეანში ცხოვრებისას. ერთხელ, ზამთრის სუსხიან საღამოს, ქალაქში ფეხით მოუწია გასვლა. ძალიან ციოდა. კოკა ბაბუამ ხიდთან მათხოვარი შენიშნა, რომელიც დახმარებას სთხოვდა და თანაც, უმწეოდ ჩაცმული, სიცივისგან კანკალებდა. კოკა ბაბუამ ხელში გარკვეული თანხა ჩაუდო, მაგრამ, როდესაც რაღაც მანძილი გაიარა სახლისკენ მიმავალ გზაზე, დაფიქრდა, გაახსენდა ისევ ის გლახაკი და ის, რომ თვითონ თბილი, ძვირფასი ქურქი ემოსა. დაბრუნდა მასთან, გაიხადა თავისი ქურქი და მათხოვარს ჩააცვა... წლების შემდეგ, როცა ამ ამბავს იხსენებდა, ამბობდა, რომ ამით დიდ სულიერ სიხარულს გრძნობდა...

კოკა ბაბუა, მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზში იფარავდა დევნილ ებრაელებს, რასაც ზოგჯერ დიდი რისკის ფასად აკეთებდა. მანვე, თურმე, ერთხელ, გადაარჩინა ერთი, სასოწარკვეთილებაში მყოფი ქალი, რომელიც ხიდიდან მდინარეში ხტებოდა თავის მოსაკლავად. როცა ეს შენიშნა, ახალგაზრდა ქაიხოსრო, მივიდა იმ ფრანგთან და ეუბნება, არ გადახტე, რადგან თუ ამას გააკეთებ, მაშინ, მეც უნდა გადმოვხტე შენს საშველად და რადგან დღეს ძალიან ცივა, ცოდვა ვარ, გავცივდებიო... ქალი, თურმე, დაფიქრდა მის სიტყვებზე, განზრახვისგან ჯერ თავი შეიკავა, უცნობს საუბარი გაუბა და ბოლოს, ორივენი გაშორდნენ მდინარეს.

– თქვენი ეკლესიის შესახებაც გვითხარით რამე.

– ყოველწლიურად უამრავი ახალი ემიგრანტი გვემატება. არიან ის სტუდენტებიც, რომლებიც სორბონაში სწავლობენ. ჩვენი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის იბერიის ხატის მირონმდინარე ასლის (მონრეალის) სახელობის არის. 1982 წელს ამ ქართული ხატის ასლს, რომელიც კანადაში ინახებოდა, წამოუვიდა მირონი და მთელი 15 წლის განმავლობაში მოედინებოდა მისგან. ეს სასწაული 1982-1997 წლებში ხდებოდა. შემდეგ ეს ხატი სასწაულებრივად დაიკარგა. მისი პატრონი საბერძნეთში 1997 წელს წამებით მოკლეს. ის მსოფლიოში მოგზაურობდა და ერთი ვერსიით საბერძნეთში მოსალოცად ხატიც ჰყავდა წაბრძანებული, მეორე ვერსიით კი, ის სადღაც დამალული იყო. ყოველ შემთხვევაში ხატი მისტიკურად გაუჩინარდა. მას საერო ცხოვრებაში ხოსე ერქვა. კათოლიკე იყო და მართლმადიდებლურად მონათვლის შემდეგ ეწოდა იოსები. გვარად მინუოსი იყო. როგორც ვიცი, მისი ახლობლებისგან, საიდუმლოდ ბერად იყო აღკვეცილი, და მას ძმა ოისებსაც ეძახდნენ, ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი იყო და ლექციებს კითხულობდა. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი. ისე მოხდა, რომ როდესაც მე საფრანგეთში ჩამოვედი, ამ დროს მას ხატი შვეიცარიაში ჰქონდა ჩაბრძანებული. მისი ახლობელი გავიცანი და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ხატი საქართველოშიც ჩამოგვებრძანებინა. ვესაუბრე კათოლიკოს-პატრიარქს და გამოვთქვი ჩემი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა. რომ მცოდნოდა, ამ ხატის გამოჩენის ბოლო წელი იყო, ვეცდებოდი ამ საქმის გაკეთებას. ხატი დაიკარგა და იმედი მაქვს, რომ უფალი, ადრე თუ გვიან, მას გამოაჩენს. ასე რომ, რადგან ეს ხატი სწორედ ემიგრაციის ეკლესიის წიაღში გაბრწყინდა და მისი ორიგინალი ქართული წარმოშობისაა, ამიტომაც ჩვენს ეკლესიას მისი სახელი დაერქვა.


скачать dle 11.3