რატომ „გაუხიზნა“ გია მაჭარაშვილმა ცოლს ახალი ბინიდან მზითევი
კომპოზიტორი გია მაჭარაშვილი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ვერაზე, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. ეს კორპუსი თბილისში სამშენებლო ბუმის დაწყებისთანავე აშენდა, რის გამოც კომპოზიტორის მეუღლეს სამშენებლო კომპანიისგან სოლიდური პრიზიც ერგო. მაჭარაშვილების საცხოვრებელი კორპუსი, არაჩვეულებრივი ხედების გარდა, იმითაც გამოირჩევა, რომ მათ სამეზობლოში ბევრი ცნობილი ადამიანი და „ვარსკვლავური სახე“ ცხოვრობს.
გია მაჭარაშვილი: ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბნად მიიჩნევა. თურმე, ეს იყო მეტივეებისა და მეთევზეების საყვარელი ადგილი, რის გამოც ამ უბანს სატივესუბანი ერქვა. აქ ცხოვრობდნენ ნინოს წინაპრები. როდესაც სამშენებლო ბუმი დაიწყო, აქ აშენდა პირველი კორპუსი. ჩვენ პირველი სართული გვერგო, თუმცა, ბინა ისეა დაპროექტებული, რომ ჩვენი აივნიდან მტკვრის ლამაზი ხედები მოჩანს. თავიდან აქ ძალიან ბევრი ხალხი ვცხოვრობდით, ამიტომაც, ისე დავაპროექტეთ, რაც შეიძლება მეტი ოთახი გამოსულიყო. მოგვიანებით ბინის პროექტის გადაკეთება დაგვჭირდა და ერთ-ერთი საძინებელი სამუშაო კაბინეტად გადავაკეთეთ. ესეც ჩემი მეუღლის დამსახურება იყო და ახლა ეს კაბინეტია – ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი ამ სახლში.
– ვინ არის თქვენი ბინის არქიტექტორი და დიზაინერი?
– ჩემი მეუღლე – ნინო. მას ეს საქმე ძალიან ეხერხება. ნინო ათვალიერებდა უამრავ ჟურნალს, რის შედეგადაც საკმაოდ დაოსტატდა არქიტექტურასა და დიზაინში. ჩვენ არ ვართ პრეტენზიული ადამიანები და ეს ჩვენს ბინასაც ეტყობა – რემონტი გავაკეთეთ სადად, ზედმეტი „გადაპრანჭვების“ გარეშე, მაგრამ, რაც მთავარი იყო – კომფორტულად.
მაჭარაშვილების ბინის ფართი 190 კვადრატული მეტრია. დიდი სასტუმრო ოთახი ჰოლისგან მეტად ორიგინალურად არის გამოყოფილი, ჰოლი ყოფს ერთმანეთისგან ორ საძინებელს, კაბინეტსა და სასადილოს. ბინაში, სადაც ძალიან ორიგინალური ჭაღები და სამშვენისებია, ჭარბობს თეთრი ფერი, რაც, უმთავრესად, გია მაჭარაშვილის დამსახურებაა. სასტუმრო ოთახში ავეჯის რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი, კედლები კი კომპოზიტორის მეუღლის ნახატებით არის გაფორმებული. აქვეა ორიგინალური სამეულიც, რომელიც მაჭარაშვილებმა ძალიან სპონტანურად, სტუმრების „ხათრით“ შეიძინეს. უაღრესად ლამაზი სტაფილოსფერი სამეული ამშვენებს კომპოზიტორის შვილის ოთახსაც.
– ნინო, თეთრი ფერის გარდა, რა იყო ამ სახლში თქვენი მეუღლის მოთხოვნა?
– სახლში არ უნდა ყოფილიყო ძველი ნივთები – ეს იყო გიას მთავარი მოთხოვნა, რის გამოც შეველიე ძველისძველ ანტიკვარულ სარკეს, ჩემი მზითევი ბოლოს დედაჩემის ბინაში „გავხიზნეთ“ (იცინის). რაც შეეხება თეთრ ფერს, ეს არის გიას სისუსტე. გარკვეული პერიოდი ჩვენ ისრაელში ვცხოვრობდით, სადაც ბინები ძირითადად თეთრად არის შეღებილი. ეტყობა, ამან იქონია გავლენა გიას გემოვნებაზე. თეთრი ფერი მეც მომწონს, ბინას სინათლესა და სისადავეს ჰმატებს, მაგრამ გიამ მართლაც ზომაზე მეტად გადაგვათეთრა. ახლა ვცდილობ, ნელ-ნელა შევაპარო სხვა ფერები და ჩვენი ქალიშვილის ოთახში კედლები ღია სალათისფერი ტონით შევცვალეთ. კედლების ფერს ვერა, მაგრამ, სამაგიეროდ, ინტერიერს ვცვლი ხშირად – ჩვენს ბინაში ავეჯის ადგილმდებარეობა ისეთი რეკორდული სიჩქარით და სიხშირით იცვლება, რომ ხანდახან გია აზრზე მოსვლასაც კი ვერ ასწრებს... (იცინის).