კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოიქცეს ჭკვიანი ცოლი, როდესაც მისი ქმრის ცხოვრებაში საეჭვო ქალი გამოჩნდება


ქალის პიროვნული სიძლიერე ყველაზე კარგად ოჯახში და მეორე ნახევართან ურთიერთობაში ჩანს. ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ოჯახის სიმტკიცე და მთლიანობა ოთხმოცი პროცენტით ქალზეა დამოკიდებული. თუ ის გონიერია, იცის, როგორ მართოს მეუღლე შეუმჩნევლად, როგორ გახადოს ის ოჯახზე „მიბმული“, მაშინ მათ ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კაცის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდება. ღალატის არშემჩნევა ან მისი მშვიდად მიღება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ადამიანები მას მეტ-ნაკლები სიმწვავით აღიქვამენ. ღალატის გადატანა რთულია ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ის კვალს ნებისმიერ შემთხვევაში ტოვებს, მაგრამ რა ხდება შემდეგ. ღირს თუ არა კაცის ცხოვრებაში მომხდარ პატარა ეპიზოდს მასშტაბები მივანიჭოთ და დიდ ტრაგედიად ვაქციოთ? – ჭკვიანი ქალები ამბობენ, რომ არა! მით უმეტეს, თუკი ქმარი შენთვის ის ადამიანია, რომელთანაც ფიზიკურ სიახლოვეზე გაცილებით მეტი გაკავშირებს. მაშინ, რა ვქნათ, დავხუჭოთ თვალები და მივცეთ ქმრებს გართობის საშუალება?! ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის სინდრომი მამაკაცზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ ძალიან გონივრული და მოზომილი, რომ თავად არ დაზარალდე.



სოფო (39 წლის): ის, რაზეც მე თქვენთან ვილაპარაკებ, უამრავი ქალისთვის ნაცნობი თემაა. ჩვენი ყოველდღიურობის ლამის განუყოფელი ნაწილია და სამწუხაროდ, მოუგვარებელი პრობლემაც. ღალატი – ეს მარადიული თემაა. მგონი, არ არსებობს ქალი, რომლისთვისაც, ერთხელ მაინც არ უტკენიათ გული. საქმე მარტო ლოგინსა და სექსში ხომ არ არის. ზოგჯერ ქმრის სურვილით სავსე მზერაც კი, მიმართული სხვა ქალის მიმართ, საკმარისია, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ წესიერება და ცოლისადმი ერთგულება წარმოუდგენელი რამ არის კაცებისთვის და ამაში დამნაშავე ისევ ქალები ვართ. ანუ, რომ არ არსებობდნენ სხვა ქალის ქმრებზე მონადირე ქალები, მაშინ ოჯახებიც ნაკლებად დაინგრეოდა.

– ანუ, მაინც დაინგრეოდა?

– რა თქმა უნდა. ადამიანები ერთმანეთს ღალატის გარეშეც შორდებიან. ამ შემთხვევაში ღალატი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება მაშინ, როცა ერთმანეთთან საერთო აღარაფერი აქვს, ანუ, შეიძლება, გიღალატოს ქმარმა, მაგრამ მაინც არ გასცილდე. აპატიო, იმიტომ რომ გიღირდეს. ბოლოს და ბოლოს ყველაფრის პატიება შეიძლება, თუ მოინდომებ. გააჩნია, როგორი იქნება ამ ღალატის შინაარსი. თუ კაცი მხოლოდ ერთობა და მისთვის მთავარი მაინც ოჯახია, მაშინ სკანდალის ატეხა და ურთიერთობის დანგრევა სისულელეა. რატომ უნდა დარჩე მარტო ვიღაც უზნეო, სხვის ქმრებზე მონადირე ქალის გამო. მით უმეტეს, როცა შეგიძლია, ის გზიდან ჩამოიშორო.

– ამის გაკეთება აუცილებლობად მიგაჩნიათ?

– რა თქმა უნდა. ქმარს „ცელქობა“ აპატიო, არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდად უყურო, როგორ ეფლირტავებიან და „ეხუტებიან“ ერთმანეთს შენ ცხვირწინ. არავითარ შემთხვევაში! ამ ქალს აუცილებლად უნდა ასწავლო ჭკუა და მიახვედრო, ვისთან აქვს საქმე. მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთო, რომ არც შენ და არც ქმართან შენი ურთიერთობა არ დააზარალო.

– ეს, ალბათ, ძალიან ძნელია.

– არც ისე. მთავარია, ემოციებს არ აჰყვე და „ცივი“ გონებით იმოქმედო. მე რომ ჩემი ქმარი გავიცანი, ბევრს არაფერს წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, გარეგნობა ნამდვილად არ ჰქონდა ისეთი კაცის, ქალები რომ გიჟდებიან ხოლმე. მაგრამ, გარეგნობა მატყუარაა და ამაში კიდევ ერთხელ, საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი. ჩემმა მომავალმა ქმარმა, ჩვენი დაახლოებისკენ პირველი ნაბიჯები თვითონ გადმოდგა. საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, შეთხელებული თმით. წესიერი, მორიდებული, კარგად აღზრდილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ოცდათხუთმეტი წლის ვიყავი და ვიფიქრე, რომ სწორედ ასეთი მამაკაცი მჭირდებოდა, მშვიდი, სტაბილური ოჯახი რომ მქონოდა. ქარიშხლისებური ვნებების თავი ნამდვილად აღარ მქონდა. მძაფრ ვნებებს მძაფრი იმედგაცრუებაც მოსდევს თან. ეს ასეა და კამათს აზრი არ აქვს. მე ვიყავი ჭკუის დაკარგვამდე შეყვარებულიც და ამან ტკივილის მეტი არაფერი მომიტანა. ერთმანეთს დავშორდით და მერე სულ ვცდილობდი, მთლიანად წამეშალა ჩემი მეხსიერებიდან. რაღაც ეტაპზე, ეს შევძელი. მერე გადავწყვიტე, რომ, თუკი კაცზე როდისმე ვიფიქრებდი, ის ისეთი იქნებოდა, ქალებს რომ ნაკლებად აინტერესებთ. გიასთან ურთიერთობა თავად დავიწყე. ინიციატორი მე ვიყავი. ადვილად დამყვა. ერთად დავდიოდით კაფეში, კინოში, ვსეირნობდით. სახლშიც მაცილებდა საღამოობით. ვერ ვიტყვი, რომ სიგიჟემდე შეყვარებულს ჰგავდა, მაგრამ მე ეს არ მჭირდებოდა. საკმარისი იყო ის, რომ ერთად თავს კარგად, კომფორტულად ვგრძნობდით.

– ანუ, სიყვარული ოჯახის შესაქმნელად საჭირო არ არის?

– სიყვარული ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ოჯახი გაცილებით მყარია და ჰარმონიული, როცა მარტო „შიშველ გრძნობაზე“ არ არის დაფუძნებული. მე და გიას ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო – ინტერესები, საქმიანობის სფერო, სამომავლო გეგმები. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ. რაც დავქორწინდით და ერთად დავიწყეთ ცხოვრება, გიასთვის დედაც გავხდი, ცოლიც, მეგობარიც, საყვარელიც, ოჯახის წევრიც და საქმიანი პარტნიორიც. როცა მოვლილ კაცს ხედავს, ზოგიერთ ქალს რატომღაც ჰგონია, რომ ეს თავისით ხდება. არ ფიქრობენ, რამდენი შრომა ჩადო ამ კაცში ცოლმა, რომელიც მის გვერდით არის. მამაკაცს ხომ მუდმივად ქალი ზრდის: ჯერ – დედა, მერე – ცოლი. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ. ჩვენ, უბრალოდ, არასოდეს დავფიქრებულვართ ამაზე. მამაკაცს არ შეუძლია ქალის ზრუნვის გარეშე. ვერ იცხოვრებს სრულფასოვნად. ან დედის კალთის ქვეშ უნდა იყოს, ან ცოლის.

– ანაც – საყვარლის.

– დიახ. საყვარლისაც. მაგრამ ცოლმა არ უნდა დაუშვა, რომ ეს მოხდეს. არ უნდა მისცე ვიღაც სხვა ქალს შენი ქმარი, რომელზეც ამაგი გაქვს. არავინ თქვას, რომ ცოლს ქმარი შვილივით არ ჰყავს. ყველა ნორმალური ცოლი ქმრისთვის დედასავით არის. ხშირ შემთხვევაში ასეა. გამონაკლისია, როცა ქმარი ზრუნავს მთლიანად ცოლზე და მისთვის ყველაფერია, ასეთ დროს, ცოლი ასაკით ბევრად პატარაა ქმარზე, მამაკაცი კი განსაკუთრებით გამოცდილია.

– ასეთი ქმრები თუ ღალატობენ ცოლებს?

– როგორ არ ღალატობენ. ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ ბეზრდებათ ცოლის ძიძად ყოფნა და ნორმალურ, ანუ გამოცდილ, ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ქალთან მიდიან. ანუ, გარანტია, თურმე არ არსებობს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი ეს. მე მართლა არ მეგონა, თუ გიასთვის ბრძოლაც დამჭირდებოდა, იმდენად მოკრძალებული და შეუმჩნეველი იყო.

– შეუმჩნეველი კაცი როგორია?

– თქვენც იცით, ქალებს როგორი კაცები აინტერესებთ – ფულიანი, კარგი მანქანით, საჩუქრებით რომ გაანებივრებს, თანაც, ძვირფასი საჩუქრებით. საერთოდ, ყველაფერი ქალებისგან მოდის. ქალი თუ მოინდომებს, კაცს კი არა, ვის არ შეაცდენს. ამიტომაც, ცოლები ფხიზლად უნდა ვიყოთ. რატომ უნდა დაუთმო ვინმეს ქმარი. თუ სულ უვარგისია და არაფერში გჭირდება, კიდევ მესმის, მაგრამ ასეთი კაცი სხვასაც არ უნდა. თუ გრძნობ, რომ ქმართან ურთიერთობის შენარჩუნება ბრძოლად გიღირს, მაშინ უნდა იბრძოლო.

– მოდით, განვმარტოთ, როდის ღირს ბრძოლა ურთიერთობის, ანუ ოჯახის შესანარჩუნებლად.

– როცა ქმარი შენი მეგობარია, როცა კარგი მამაა, პასუხისმგებლობა აქვს, ზრუნავს ოჯახზე, პატივს გცემს.

– ღალატი პატივისცემის ხარისხზე უარყოფითად არ მოქმედებს?

– ვხვდები, რასაც გულისხმობთ. გარკვეულწილად მოქმედებს, მაგრამ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციო, სკანდალი არ უნდა ატეხო თუ კაცებისთვის, ცოლიან კაცებზე ვსაუბრობ, სხვა ქალთან ფლირტი ან ხანმოკლე რომანი ერთგვარი მოთელვა, ცოლთან მომაბეზრებელი ურთიერთობის გამრავალფეროვნებაა. კაცი კი არა, ის ქალია დასასჯელი, ვინც ცოლიანი კაცის „შებმას“ ცდილობს. „მტაცებლები“ და უსინდისოები არიან. უცოლო კაცის „შებმის“ თავი არა აქვთ და ცოლიანებზე „ჩალიჩობენ“.

– ცოლიანი კაცი უცოლოზე ადვილი „შესაბმელია“?

– არ იცოდით? გაცილებით ადვილი. უცოლო კაცს აქვს კომპლექსი, რომ მისი „გამოჭერა“ უნდათ. თუ, რა თქმა უნდა, თვითონ შეყვარებული არ არის, ყველა საშუალებით იბრძვის, რომ თავისუფლება არ დაკარგოს. მით უმეტეს, თუ ცოტა ასაკიც აქვს. ცოლიანი კაცი ამ ყველაფერზე არ ფიქრობს. ბუნებრივია, იმის შიში აქვს, რომ ცოლმა არ გაიგოს, მაგრამ რისკიც ადრენალინია. ხომ მეთანხმებით? ამიტომ, ადვილად აჰყვება ხოლმე თამაშში ქალს და საბოლოოდ, მახეშიც ებმევა, თუ ცოლი დროულად არ ჩაერია. ჩარევა რომ აუცილებელია, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. მე არავის ვურჩევ, გაამწაროს ქალი და თავზე ხელი ააღებინოს მას. გამწარებული ქალი ყველაფერზეა წამსვლელი და საშინელი შურისძიებაც შეუძლია.

– კაცს არ შეუძლია შურისძიება?

– კაცი შეიძლება მოგივარდეს და გაგინოს, მაგრამ თუ რაღაც ქალური „მომენტები“ არა აქვს ხასიათში, შურისძიებაზე ნაკლებად ფიქრობს. ის აფეთქდება, რაღაც მომენტში ბოღმას გულიდან ამოიღებს და მორჩა. ქალს გაცილებით შორს მიმავალი გეგმები აქვს შურისძიებაშიც. მარტო ქალს შეუძლია აპატიოს და მერე მწარედ „ამოადინოს ცხვირში“ შეცდომა თუ შეგნებულად ჩადენილი დანაშაული. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქალი, ძირითადად ცოლები, მოიწონებენ ჩემს საქციელს. მეც დარწმუნებული ვარ, რომ კარგად მოვიქეცი. თუმცა, ამ ყველაფრის გაკეთებას გამბედაობა ნამდვილად უნდა. არც ჩემთვის ყოფილა ადვილი. სხვათა შორის, თავადვე დავრჩი გაოცებული. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ამდენი ძალა თუ აღმომაჩნდებოდა. ჩემმა ქმარმა მერე მითხრა, მეგონა, კარგად გიცნობდი, მაგრამ თურმე, შენზე წარმოდგენაც არ მქონიაო. ისეთი არაფერი გამიკეთებია და რა ამბავი დამმართე, ღალატზე რომ დაგეჭირე, ალბათ, მომკლავდი, აღარ მინდა ექსპერიმენტებიო.

– ასე როგორ შეაშინეთ.

– ტირილი, წუწუნი და გულისწასვლები არ დამიწყია. მე იმან გამიიოლა საქმე, რომ ქალბატონს, რომელმაც ჩემი ოჯახის არევა გადაწყვიტა, ქმარი ჰყავდა. პრინციპში, რომც არ ჰყოლოდა, მაინც მოვერეოდი. იმიტომ, რომ ქმრის დათმობას მისთვის არ ვაპირებდი, არავითარ შემთხვევაში. პირდაპირ მოქმედებაზე გადავედი. როგორც კი მათი ფლირტის ამბავმა გაჟონა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ამბები დიდხანს არ იმალება. თუ ცოტა ყურადღებიანი ხარ, მაშინვე შეატყობ შენს ქმარს, ფიქრებით სხვაგან რომ ქრის. გაფანტულები და დაბნეულები არიან. ძალიან ადვილად „იშიფრებიან“. მე პირდაპირ მესიჯები ვუპოვე, იმ ქალის მოწერილი. პირველი რეაქცია, ბუნებრივია, საშინელი მქონდა. მინდოდა, ჩემს ქმარს მივვარდნოდი და გამეგლიჯა. მერე ცოტა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამით იმ ქალის წისქვილზე დავასხამდი წყალს. გავჩუმდი. ოღონდ რის ფასად დამიჯდა ეს სიჩუმე, არ მკითხოთ და გადავწყვიტე, პირდაპირ ჩემს მეტოქეზე მიმეტანა გადამწყვეტი დარტყმა. ჩუმად მივწერე მესიჯი ჩემი ქმრის მაგივრად და კაფეში პაემანი დავუნიშნე. მაშინვე მიპასუხა. ერთი საათით ადრე მისვლა მთხოვა, სახლში ძალიან გვიან ვერ მივალ, ქმართან პრობლემები არ მინდაო. ჩემს ქმარს რომ უქმნიდა ცოლთან პრობლემებს, ეგ არაფერი. როგორ არ გაგიჟდები, ასეთი ზნედაცემული ქალების გარემოცვაში რომ იცხოვრებ. ქმარიც უნდათ, მის ხარჯზე უზრუნველად რომ იცხოვრონ, თან სხვა კაცთანაც უნდათ გაერთონ. კარგია, არა?! შენ სახლში უნდა იჯდე, ქმარს თვალებში უყურო, მოუარო, თბილი და დაუთოებული არ მოაკლო. მერე ეს მოვლილი, ნაფერები სხვას უნდა გაუზიარო... ვცოფდები ამაზე. გეფიცებით, ბოზები ნაკლებად მაღიზიანებენ. საწყლებს, თავიანთი საცოდაობაც ეყოფათ, რა გზით შოულობენ პურის ფულს. ზოგი ქმრებსაც კი არჩენს. ეს გაფუფუნებულები კი კომფორტში ცხოვრობენ, საზრუნავი და პრობლემა არა აქვთ და უსაქმურობისგან დრო როგორ გაიყვანონ, არ იციან. ქალს, როცა საზრუნავი და ყოფითი პრობლემები აქვს, ის კაცის, მით უმეტეს, სხვა ქალის ქმრის „შებმაზე“ ვერ ფიქრობს, არ სცალია ამისთვის. შეხვედრაზე ისე წავედი, ქმრისთვის არაფერი მითქვამს. მისი მობილური კი მე ჩავიდე ჩანთაში. სამსახურიდან დამირეკა, მგონი, ტელეფონი სახლში დამრჩაო. მე ისე შევიცხადე, ვითომ თავად არ დავუმალე, საერთოდ არაფერი შემიმჩნევია, სულ „საყვარელოთი“ და „გენაცვალეთი“ ველაპარაკებოდი.

– ვერაფერს მიხვდა?

– რას უნდა მიმხვდარიყო, წავედი „პაემანზე“.

– იცნობდით იმ ქალს?

– მხოლოდ სურათიდან. ჩემი ქმრის ყოფილი თანამშრომელია. ეჭვიანი არ ვარ და მასზე, მით უმეტეს, არასოდეს მიეჭვიანია. ვიცოდი, რომ ქმარი და ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა, ჩემს ქმართან აქტიური ფლირტი გაეჩაღებინა. სულით რომ იქნება უზნეო ქალი, თორემ ქმარი რით ვერ აკმაყოფილებდა?!

– შეიძლება, არ უყვარდა.

– ეგ საერთოდ არ ამართლებს მის საქციელს. ჯერ ერთი, გასცილდეს მაშინ ქმარს და ისე ეძებოს ახალი საყვარელი. მერე მეორე – რას ერჩიან იმას, ვისაც ქმართან პრობლემები არა აქვს. რატომ უქმნიან მას საფრთხეს. რას გვერჩიან პატიოსან ცოლებს, რომლებსაც ქმრები გვიყვარს. არანაირი გამართლება მათ არ აქვთ. მოკლედ, მივედი კაფეში და მობრძანდა. იდგა და იხედებოდა აქეთ-იქით. ჩემს ქმარს ეძებდა. მე არ ვყავდი ნანახი და ბუნებრივია, ვერ მიცნო. ხელი დავუქნიე. გაკვირვებული მომაშტერდა. რომ გაიგო, ვინ ვიყავი, გაფითრდა. არც გამილანძღავს და არც თმაში წავწვდომივარ. რა სისულელეა?! ორღობის დედაკაცი ხომ არ ვიყავი. ამას არავის გამო არ ვიკადრებ, მით უფრო, კაცის გამო. ღმერთმა დამიფაროს. ქალი თუ საკუთარ თავს პატივს სცემს, მთელი ქვეყნის დასაცინად თავს არ გაიხდის. საკმაოდ „მშვიდად“ ველაპარაკე. ის ნერვიულობდა. იმის მტკიცებას ცდილობდა, ჩვენ შორის არაფერი მომხდარაო. სულ კანკალებდა. ვიცი-მეთქი, – „დავამშვიდე“. ძალიან დააბნია იმან, რომ წყნარად ველაპარაკებოდი. თუთიყუშივით იმეორებდა, ეს ის არ არის, რაც შენ იფიქრეო. კინაღამ გამეცინა და ვუთხარი, თუ „ის“ არ არის, მაშინ ტუჩები რატომ გაგილურჯდა-მეთქი, მაგრამ სხვა რამის სათქმელად ვიყავი მისული. ვუთხარი, თუკი ასე მოგწონს, წაიყვანე ჩემი ქმარი, მაგრამ მე ჯერ შენს ქმარს დაველაპარაკები, ვეტყვი, როგორ ერთობა მისი ცოლი და მერე ორივემ ერთად გადავწყვიტოთ, როგორ ვიცხოვროთ-მეთქი. არა, მე ოჯახის დანგრევა არ მინდაო. მაშინ ჩემს ოჯახს რაღატომ ანგრევ-მეთქი. მითხარი, თუ გიყვარს ჩემი ქმარი, მაშინ მე დაგეხმარები და მოგიყვები, ოჯახში როგორია, რა ნაკლი აქვს, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდები, თუ ერთად იცხოვრებთ-მეთქი. უფლება გაქვს, ეს ყველაფერი იცოდე, იმიტომ რომ ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება ნამდვილად არ გექნება. არც იმდენი ფული აქვს, რომ ფეხი-ფეხზე გადაიდო. ერთი სიტყვით, მე ახლა შენს ქმარს ვურეკავ და ყველაფერს ვუყვები-მეთქი. გაგიჟდა. მე არც მიფიქრია თქვენი ოჯახის არევა. შენმა ქმარმა არ მომასვენაო. ამოვიღე ჩემი ქმრის მობილური და თავისი მესიჯი წავაკითხე. ეგ არაფერს ნიშნავს, მე შენი ქმარი არ მჭირდებაო. კარგი და თუკი ერთხელ მაინც გექნება მცდელობა, ჩემს ქმართან გაერთო, მე პირდაპირ შენს ქმართან წავალ-მეთქი.

– თქვენმა ქმარმა გაიგო მომხდარის შესახებ?

– გაიგო. სახლში რომ დაბრუნდა, მაშინ „დავახურე“ თავზე ყველაფერი. ვაგდებდი სახლიდან. რა დაგემართა, ცოლად კი არ მომწონს, მისი „გაჟიმვა“ მინდოდაო. მისი სიტყვები ზუსტად მივწერე იმ ქალბატონს. არ გვიპასუხა. სამაგიეროდ, ჩემმა ქმარმა ახლა უკვე იცის, რაზე ვარ წამსვლელი, თუ ჭკვიანად არ იქნება.

– ფიქრობთ, რომ შეაშინეთ?

– არ ვიცი, შევაშინე თუ არა, მაგრამ დაფიქრდა და აწონ-დაწონა, უღირდა თუ არა ის ურთიერთობა, პრობლემებად, რომლებიც შეექმნებოდა. არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა. მიხვდა, რომ გართობა ერთია, მაგრამ ოჯახი უფრო ძვირფასია მისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს მისთვის გაკვეთილი იქნება.


скачать dle 11.3