კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


მამიდამ მითხრა, რომ ნაშვილები ვიყავი

17 წლის ასაკში გავიგე, რომ აყვანილი შვილი ვყოფილვარ. მანამდე ეჭვიც არასდროს შემპარვია იმაში, რომ ის ადამიანები, ვინც მზრდიდნენ, ჩემი ნამდვილი მშობლები არ იყვნენ. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ხელისგულზე მატარებდნენ, არაფერს მაკლებდნენ. ერთადერთი, როცა უკვე წამოვიზარდე და ჩემს მამიდაშვილებთან (მამის დისშვილებთან) ერთად სოფელში მივდიოდი, ბაბუა ჩემს მამიდაშვილებს უფრო მეტად ეფერებოდა, ვიდრე მე. არც ისეთი პატარა ვიყავი, რომ ეს არ მეგრძნო, მაგრამ, მრცხვენოდა და ვერავის ვუმხელდი ჩემს ბავშვურ გულისტკივილს. მხოლოდ მას შემდეგ ავხსენი ბაბუას საქციელი, რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვიყავი: ჩემი მამიდაშვილები ბაბუას ღვიძლი შვილიშვილები იყვნენ, მე კი – არა.

ჩემი მშობლების საიდუმლო მამიდაჩემმა მითხრა – სკოლას რომ ვამთავრებდი, სწორედ მაშინ. რა ელდა გადავიტანე, ეს ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ, ვერ ვიგებდი, რატომ გაამხილა მამიდამ ეს ტაბუდადებული ამბავი. მოგვიანებით გავიგე, რომ მამიდაჩემსა და მის ქმარს უნდოდათ, მშობლებისგან მამაჩემის კუთვნილი ბინა თავიანთი შვილებისთვის გადაეფორმებინათ ერთი მთავარი მოტივით: მე ნაშვილები ვიყავი და ამირიძეების (გვარები და სახელები შეგნებულად შევცვალე) ნაწვალები და ნაგროვები ქონება ვიღაც ოხერს, უჯიშოსა და მიგდებულს (ანუ მე) რატომ უნდა დარჩენოდა.

კანონით რომ ვერ მოერია და თავისი მშობლებიც რომ ვერ დაითანხმა მამაჩემის გაცუცურაკებაში, მამიდაჩემმა აკრძალული ილეთები გამოიყენა: დამიმარტოხელა და მიამბო, როგორ მიმატოვა სამშობიაროში ვიღაც ქუჩის გომბიომ, რომელიც ლოთისგან თუ ნარკომანისგან იყო ორსულად და როგორ გადაიხადეს მისმა ძმამ და რძალმა ვიღაცის მიტოვებულ ნაბიჭვარში საკმაოდ სოლიდური თანხა. მამიდაჩემი ისე იყო გაბოროტებული იმით, რომ თავისი სიხარბე ვერ დაიკმაყოფილა, ვეღარც კი აცნობიერებდა, რომ ჩემზე მევე მეჭორავებოდა და თავის ერთადერთ ძმას ლანძღავდა. იმ დღიდან მამიდაჩემი სამუდამოდ შევიძულე. დღესაც კი, ამდენი წლის შემდეგ, მისი სახელის ხსენებაც არ მინდა, რადგან სწორედ მისი საქციელის გამო დაემართა მამაჩემს ინფარქტი და ხუთი წელი ლოგინში გაატარა, შემდეგ კი გარდაიცვალა. მანამდე კი მე და მამას გვქონდა გულახდილი საუბარი. ეს ორივესთვის ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა გამერკვია სიმართლე, რადგან მამიდაჩემის „გულწრფელი“ აღიარების შემდეგ ამ ამბის გაკითხვა-გამოკითხვამ უარესი შედეგი გამოიღო. ყველა სხვადასხვა ინფორმაციას მაძლევდა: ზოგი მეუბნებოდა, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ ჩემი გამზრდელების კართან დამტოვა, ზოგმა მითხრა, მამაშენის შვილი ხარ, მაგრამ სხვა ქალმა გაგაჩინაო; ზოგმა კი – „ციგნების“ შვილი ხარო; ერთმა ისიც ჩამაწვეთა, მგონი, შემთხვევით გიპოვეს ნაგვის ბუნკერში, სახლში წაგიყვანეს და გაგზარდესო. ასეთი მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით აუცილებლად ჩავთვალე, სიმართლე გამერკვია. დედა ისეთ დღეში იყო, რამე რომ მეკითხა, ალბათ, გული გაუსკდებოდა. ამიტომ, ისევ მამასთან გადავწყვიტე დალაპარაკება. მამა, როგორც კაცი კაცს, ისე მელაპარაკა, ყველაფერი მიამბო და, შევატყვე, რომ ტვირთი მოეხსნა გულიდან. შენი მოყვანის დღიდან სულ იმის შიშში ვიყავი, ვინმეს არ წამოეძახებინა შენთვის, რომ ჩვენი ღვიძლი შვილი არ ხარ. ამის გამო საცხოვრებელი უბანიც კი შევიცვალეთ, მაგრამ, თუ ამას ჩემი საკუთარი და გამიკეთებდა, ვერასდროს წარმოვიდგენდიო. მერე ისიც მითხრა, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა 16 წლის გოგო იყო, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილა, მამის ვინაობა კი არც სამშობიაროში სცოდნიათ, რადგან საწყალი დედაჩემი შეყვარებულს მიუტოვებია და ისე მოკვდა, რომ მისი სახელი და გვარი არავისთვის გაუმხელია.

პრინციპში, ალბათ, შემეძლო, გამერკვია ჩემი ბიოლოგიური დედის ვინაობა და მომეძებნა მისი ოჯახის წევრები, ანუ, ჩემი სისხლისმიერი ნათესავები და იმათგან მაინც გამეგო, ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური მამა, მაგრამ, ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ, მივხვდი, რომ ამის სურვილი აღარ მქონდა.

ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მამაჩემთან საუბრის შემდეგ ჩემი და ჩემი მშობლების ურთიერთობა აღდგა, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ აღდგა, არამედ უფრო თბილი გახდა და მამა ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ამის დარდი თან არ გაჰყოლია.

ახლა უკვე 26 წლის ვხდები. მე და დედა ერთად ვცხოვრობთ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მალე ცოლის შერთვას ვაპირებ, ბევრი შვილი გვეყოლება და დიდი და ბედნიერი ოჯახი გვექნება.

შაკო, 26 წლის.



ზედსიძეობას მაინც არავის ვუსურვებ

რაღაც ამდაგვარი მაქვს წაკითხული: უკუდო მელიას უთხრეს, რას ჰგავხარო. მან კი უპასუხა – ერთ ზედსიძეს კიდევ ვჯობივარო. ხალხი ბრძენია. აღარ მახსოვს, ეს იგავი ცოლის შერთვამდე წაკითხული არ მქონდა თუ აღარ მახსოვდა. ერთი სიტყვით, ცოლი სიყვარულით შევირთე და, როგორც იტყვიან, ზედსიძედ შევედი მათ ოჯახში, თუმცა, ბინა მეც მქონდა, მაგრამ ჩემმა ცოლმა დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება არ ისურვა და მეც დავუთმე. დავუთმე და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება წავაგე. იმას კი არ ვამბობ, რომ ქმარმა ცოლს არაფერი არ უნდა დაუთმოს, მაგრამ, არის პრინციპული საკითხები, რომელთა დათმობაც კატეგორიულად არ შეიძლება და, თუ მთავარი პოზიციიდან პირველივე შემთხვევაში დაიხევ უკან, მერე სულ უკუსვლით მოგიწევს სიარული (უფრო სწორად – ღოღვა).

პირველ თვეს კიდევ არა უშავდა რა, მერე კი ნამდვილი ჩუმი ჯოჯოხეთი დაიწყო (თუ ამას ჩუმი ჰქვია). „წამყვანი ძალა“, ანუ „რულევოი“, ოჯახში სიდედრი იყო, მისი მარჯვენა ხელი კი – ანანო, ჩემი ცოლი. სიმამრი უთენია მიდიოდა სამსახურში და გვიან საღამოს ბრუნდებოდა, ამიტომ ოჯახის მართვაში ნაკლებად იღებდა მონაწილეობას. ეტყობა, წლების განმავლობაში გამოიბრძმედა და კარგად აუღო ალღო თავის ყოფას: მოჰქონდა ფული, არ სვამდა ზედმეტ კითხვებს, არ ერეოდა ქალების კამათში და, საერთოდ, ცდილობდა, სახლში ნაკლები დრო გაეტარებინა, თუმცა, ზედსიძე მაინც არ იყო.

ჩემს სიდედრს გულში „ადმირალი“ დავარქვი, ანანოს – „კონტრ-ადმირალი“. ჩემივე ლოგიკით, სიმამრი „შტურვალობას“ „ქაჩავდა“, მე კი რიგითი მეზღვაურის როლი დამრჩა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ხომალდზე, რომელსაც პირობითად ჩემი (ჩვენი) ოჯახი ერქვა, ერთი საწყალი „იუნგა“ ვიყავი. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, ისე მომარგეს ეს როლი, ვერც კი მივხვდი, ვერ ვიგრძენი, როგორ ვიქეცი ამაყი, თავმომწონე თბილისელი ბიჭი ხელზე მოსამსახურე ბიჭად. როცა ვიგრძენი, უკვე გვიან იყო – პროტესტს აზრი აღარ ჰქონდა.

სიდედრმა, ჩემი ცოლის დახმარებით, დღის განრიგი ისე შემიდგინა, არც არაფერი უკითხავს. მოსწავლეობის პერიოდში რომ გაგვიკრავდნენ ხოლმე მშობლები კედელზე ფურცელს, სათაურით – „დღის რეჟიმი“, ზუსტად ისეთი ფურცელი დამიდო სიდედრმა ერთ დღეს მაგიდაზე და მითხრა: გადახედე, შეისწავლე და, შენი ფუნქციები რომ არ დაგავიწყდეს ან რამე არ გამოგრჩეს, გადაიწერე. ერთი ფურცელი მაგიდასთან გაიკარი, მეორე კი ჯიბეში გქონდესო.

რეჟიმი იწყებოდა დილის 7 საათზე ადგომით და მაღაზიაში გაქცევით. დაწვრილებით რაში გაინტერესებთ, მხოლოდ ზოგიერთ „მუხლს“ გეტყვით: ძაღლის გასეირნება, მანქანის წაყვანა გასარეცხად, ბაზარი, სამრეცხაოდან თეთრეულის მოტანა და ასე შემდეგ – ყოველი საათი გაწერილი მქონდა. ყველაზე თავისუფალი მონაკვეთი დღის განმავლობაში იყო ჩემი სამსახურის საათები – სიდედრმა იცოდა, რომ ჩვენთან ძალიან სიმკაცრე იყო და ამიტომ ვერ გაბედა, იმ რამდენიმე საათში კიდევ სხვა ფუნქციები ჩაემატებინა, თუმცა, მცდელობა ნამდვილად ჰქონდა.

ერთი სიტყვით, გავხდი „მალჩიკ ნა პაბეგუშკახ“. ლამის გულზე გავსკდი სიბრაზისგან, მაგრამ არანაირმა პროტესტმა არ იმუშავა. ერთმა, ამ საქმეში გამოცდილმა ძმაკაცმა მირჩია, შიგადაშიგ რამდენიმე დღე შენს მშობლებთან დარჩი, ჩხუბს თუ დაგიწყებენ, „გაატარე“ და ცოტა მეტი პრეტენზია და უკმაყოფილება გამოხატე, ნახე, როგორ აბრეშუმივით გახდებიანო. დავუჯერე და, მგონი, მართლა გაჭრა: ჯერ დამირეკეს და ჩხუბი დამიწყეს, მერე – შეგონება (ჩემი ფუნქციები და მოვალეობები ტაქტიანად შემახსენეს), მერე – თხოვნა და ბოლოს ხვეწნასა და ბოდიშებზე გადავიდნენ. ერთკვირიანი შუალედის შემდეგ ორი დღით დავბრუნდი. უნდა გენახათ, ცოლი და სიდედრი როგორ ფინიებივით დარბოდნენ ჩემ გარშემო. სულ „რა გინდა, რა გესიამოვნებაო“, – გაიძახოდნენ. მეც შევიფერე, მაგრამ გული მაინც მომილბა. ეტყობა, შემატყო ეს სიმამრმა, გამიყვანა თავის ოთხაში და მითხრა: ფარ-ხმალი არ დაყარო, არ მოგატყუოს მაგათმა ლაქუცმა და მაგრად დადექი, თორემ, თუ ახლა კიდევ დაუთმე, მერე რამდენიც არ უნდა იხტუნაო, აღარაფერი გამოგივაო. გამიხარდა, რომ ოჯახში თანამოაზრე, უფრო სწორად – თანამოსაგრე გავიჩინე. ახლა, ასე თუ ისე, მარტო აღარ ვარ და, სხვა თუ არაფერი, სიმამრთან მაინც მოვიოხებ ხოლმე გულს. თუმცა, საამისოდ აღარ მაქვს საქმე, რადგან ცოლიც და სიდედრიც სულ „უკანა თათებზე“ დაცუნცულებენ, ოღონდ სახლიდან არ წავიდე.

მაგრამ, მაინც, ზედსიძეობას მტერსაც კი არ ვუსურვებ.

გენო, 32 წლის.



ქალის შურისძიება მართლაც საშინელი ყოფილა

ჩემი უახლოესი დაქალი, ნინი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ბავშვობიდან ძალიან რომანტიკული ადამიანი იყო. ცუდი და ბოროტი აზრი მის გონებას არ გაჰკარებია, სულ ღრუბლებში დაფრინავდა, ყველაში მხოლოდ კარგს ხედავდა და არაფრით არ სჯეროდა, რომ ადამიანს რაიმე სიავისა და სიბილწის ჩადენა შეეძლო. თვითონ ხომ სულ სიკეთედ და სიყვარულად იღვრებოდა. ერთი სიტყვით, ნამდვილი ანგელოზი იყო. სიყვარულზე და ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზეც თავისი პირადი აზრი და შეხედულება ჰქონდა. ურყევად სჯეროდა პირველი და სამუდამო სიყვარულის, პირველი კოცნის სიწმინდის და კუბოს კარამდე ერთგულების და, ყველაფერ ამას კი არ თამაშობდა, მართლა ასეთი იყო. ალბათ, სწორედ ამიტომ, თითქმის ყველას უჭირდა მასთან მეგობრობა: გოგოებს მის გულწრფელობაში ეპარებოდათ ეჭვი, ბიჭებს კი ცოტა „გარეკილად“ მიაჩნდათ. მხოლოდ მე მჯეროდა მისი, მე ვუგებდი და მიყვარდა ისეთი, როგორიც იყო. თაყვანისმცემელიც არასდროს ჰყოლია – თვითონ არავინ უყვარდა და ფლირტის დონეზე ურთიერთობასა და ღლაბუცს კი კატეგორიულად არ ცნობდა. შეყვარებული კი იმიტომ არ ჰყავდა, რომ რაინდს ეძებდა, არა გარეგნობით, არამედ სულით რაინდს. ძალიან დიდხანს ეძებდა და, ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ეგონა, რომ იპოვა. გაიცნო და უგონოდ შეუყვარდა. არჩილი მართლა არ იყო ცუდი ბიჭი, ნინის მიმართ თვითონაც არ იყო მთლად გულგრილი, მაგრამ, როცა გაიგო, რომ ნინიკო დედისერთა იყო, თანაც, საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილი, გადაწყვიტა, ეს შანსი ხელიდან არ გაეშვა. საკმაოდ ეშმაკი აღმოჩნდა – უცებ აუღო ალღო, მიხვდა, რა ტიპი იყო ნინიკო და რამდენიმე თვე უმაღლეს დონეზე თამაშობდა დახვეწილი, რომანტიკოსი რაინდის როლს. ყველაფერი ეს კი ქორწილით დამთავრდა. მე ჩემს სიცოცხლეში ისეთი ბედნიერი ქალი არ მინახავს, როგორიც ნინი იყო. უნდოდა, სულ არჩილზე ელაპარაკა, სულ მას აქებდა და ადიდებდა. საათობით შეეძლო იმაზე ლაპარაკი, რომ ჯერ კიდევ არ გადაშენებულან რაინდები, რომ მის ძებნასა და ლოდინს ამაოდ არ ჩაუვლია და ასე შემდეგ. მაგრამ, გათხოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემი დაქალი თითქოს ჩაქრა. მეც კი აღარაფერს მეუბნებოდა, დადიოდა რაღაცნაირად გამორთული და გაოგნებული. არ მინდოდა, გამეღიზიანებინა და არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ, როდესაც რამდენჯერმე ცრემლი დავინახე მის თვალზე, ვეღარ მოვითმინე, დავსვი და კატეგორიულად მოვთხოვე, ეთქვა, რა ხდებოდა მის თავს. მოკლედ რომ გითხრათ, აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეყვარებული რომეო სულაც არ აღმოჩნდა რომეო და მისი რომანტიკა და რაინდობაც ისე გაქრა, როგორც შარშანდელი თოვლი. უფრო მეტიც: სრულიად მოულოდნელად, ნინიმ გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა და, რაც მთავარია, ვაჟბატონს ეს სულაც არ მიაჩნდა დიდ ცოდვად. მე შევეცადე, დამერწმუნებინა ნინი, რომ ცდებოდა, რომ არჩილი ახალგაზრდა კაცია და შეიძლება, ცოტა თამამად იქცევა სხვა ქალებთან, მაგრამ ცოლი ნამდვილად უყვარს, რომ არ შეიძლება, მამაკაცს, მით უმეტეს – ქართველს მუდმივად ღრუბლებში ფრენა და დახვეწილი მანერები მოსთხოვო და ასე შემდეგ, მაგრამ ნინიკოს არაფრის გაგონება არ უნდოდა, თავს იქნევდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: „მღალატობს, გესმის? ყოველ ფეხის ნაბიჯზე მღალატობს!..“ მე აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რა მეთქვა, რომ დამეწყნარებინა და რომ ოდნავ მაინც მომეყვანა გონს, რადგან აშკარად სადღაც იყო და არც კი ცდილობდა, რეალობას დაბრუნებოდა. ამ გასაჭირში ვიყავი, რომ უცებ, ნინიკოს სახეზე ბოროტმა ღიმილმა გაიელვა და ძალიან სერიოზულად და მშვიდად მითხრა: „მწარედ გადავუხდი სამაგიეროს. არ იცის, როგორ ინანებს. სიკვდილს ვანატრებინებ!“ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, შემეშინდა, ხომ არ შეიშალა-მეთქი. შევეცადე, ხუმრობაში გამეტარებინა, გულზე მივიხუტე და მოვეფერე – შენ ხომ ნამდვილი ანგელოზი გვყავხარ, შურისძიება რა შენი საქმეა, ცოტა გაუძელი და ყველაფერი გამოსწორდება-მეთქი. მან კი ისევ ისე უცნაურად გაიღიმა და მითხრა: „შენ ყველაფერი არ იცი და არც არის საჭირო. ერთადერთი, რისიც ჩემს ქმარს ეშინია, ის არის, რომ არ გავეყარო, რადგან ქუჩაში უკაპიკოდ აღმოჩნდება. ოღონდ ეს არ მოხდეს და, ყველაფერზე თვალს დახუჭავს. მაგრამ, ამ ბრიყვმა არ იცის, რა საშინელია შეყვარებული და უარყოფილი ქალის შურისძიება. ზუსტად ისე მოვექცევი, როგორც თვითონ მომექცა...“ – ამ სიტყვების შემდეგ ნინიკო ადგა და უხმოდ გაიხურა კარი. შემდეგ მთელი სამი თვე ისე გავიდა, არ მინახავს, – მემალებოდა, თავს არიდებდა ჩემთან შეხვედრას. სამი თვის შემდეგ კი თვითონ დამირეკა და, მოდიო მთხოვა. რა თქმა უნდა, მაშინვე მივედი, მაგრამ, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – ჩემ წინ სხვა ქალი იდგა: გამომწვევად ჩაცმული, კმაყოფილი და გამარჯვებული ღიმილით სახეზე, თუმცა თვალები მაინც სევდით ჰქონდა სავსე.

ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ, თვითონ დაიწყო:

– ვიცი, გაინტერესებს ჩემი ამბავი. მოკლედ გეტყვი – საოცრად ტკბილი ყოფილა შურისძიება. თუმცა, ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ, ვგიჟდები, ისე მსიამოვნებს, როცა მის დამცირებულ და თან მლიქვნელობით აღსავსე თვალებს ვუყურებ...

– რა შურისძიება, გაგიჟდი? – შევაწყვეტინე მონოლოგი.

– ჩვეულებრივი ქალური შურისძიება, – მიპასუხა მშვიდად, – მეც ვუღალატე, თანაც, არაერთხელ. სიმართლე გითხრა, ყველა კაცი მძულს, ისინიც კი, ვისაც ვხვდები ხოლმე, მაგრამ ახლა ერთით ერთია, უფრო სწორად, – ორით ერთი ჩემ სასარგებლოდ და ამის გაცნობიერება საოცრად მამშვიდებს.

– არ მჯერა! – ვიყვირე და ცრემლი წამომივიდა.

– რა არ გჯერა, რომ ვღალატობ, თუ მისი დამარცხება რომ მსიამოვნებს? ორივე უნდა დაიჯერო, იმიტომ, რომ მართლაც ასეა. და, რაც მთავარია, ახლა უამრავი მეგობარი მყავს – ქალიც და მამაკაციც. ანუ, საზოგადოებას ასეთი უფრო მოვწონვარ. ახლა ყველგან სასურველი სტუმარი ვარ, ყველას ეამაყება და ესახელება ჩემთან ახლობლობა და მეგობრობა, – ნინიკომ მწარედ ჩაიცინა, – არადა, სულ ცოტა ხნის წინ რა სულელი ვიყავი... შენ კი, თუ ასეთი ნინი აღარ მოგწონს, შეგიძლია, აღარ დამირეკო.

გადავეხვიე და ტირილი დავიწყე. ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ იყო, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარდა და მას ვერასოდეს დავკარგავდი.

ამ ამბების მერე სამი წელია გასული. ნინიკომ შვილი არ გააჩინა – ასეთი კაცისგან რად მინდა შვილი, ნაბიჭვარს კი, მით უმეტეს, არ გავაჩენ – ბავშვს რატომ მივაყენო ტკივილიო (იმდენი მაინც არ იკადრა, სხვისგან გაეჩინა და ქმრისთვის „შეეტენა“). ნინი და არჩილი ახლაც ერთად არიან. ჩემს დაქალს ქმარი თვალებში შესციცინებს, ელაქუცება და ყველგან ამაყობს, რომ ასეთი ცოლი ჰყავს, თუმცა, ძალიან კარგად იცის, რომ „რქოსანთა“ სიაშია ჩაწერილი. ნინიკო კი ერთ-ერთი იმ ქალთაგანია, რომლის სიტყვასა და საქციელს ქალაქის ბანოვანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

ვეღარ გავიგე, რა ჯობია ამქვეყნად...

მაია, 29 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.


скачать dle 11.3