ესმის, თუ არა ქალების მამუკა გამყრელიძეს და როგორ „გადაიტანა“ მან მშობიარობა ორჯერ
ცხოვრებას და ადამიანებს არაჩვეულებრივად იცნობს. ქალების ისედაც კარგად ესმის, და მათ „ტყავში“ შეძვრომა სულაც არ სჭირდება იმის გასარკვევად, როდის აღვარღვარებს ცრემლებს ქალი ტყუილად. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ეგოისტია და ამას არც მალავს, სხვისი ტკივილი გულთან საკმაოდ ახლოს მიაქვს... ამიტომ, მერე გული უჩვილდება და თუ ქალი ამ მომენტით ისარგებლებს, იქნებ თავიც შეაცოდოს. ერთი სიტყვით, „ვის უნდა ოცი ათასის“ წამყვანი მამუკა გამყრელიძე „ქალის ტყავშიც“ და „კაცის ტყავშიც“ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და რაც მთავარია, შესაშურად გულახდილი რესპონდენტია.
მამუკა გამყრელიძე: მე ორი ქალიშვილის მამა ვარ და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი შვილი ორჯერ იყო ფეხმძიმედ. დამსახურებული ბაბუა ვარ. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მაქვს, რა იქნებოდა, ქალად რომ დავბადებულიყავი. ერთია, როცა მეუღლე მშობიარობს, ეს გულთან ახლოს ნაკლებად მიგაქვს (იცინის).
– დასაფასებელი გულახდილობაა. თამამი.
– ასეა... განა არ განიცდი, მაგრამ შვილი რომ მშობიარობს, პირდაპირ გულზე გადადის. საშინელება ყოფილა. ძალიან ბევრი ვინერვიულე. ფაქტობრივად, ორივე მშობიარობაზე იქ ვიყავი. შიგნით არავის გვიშვებდნენ. თან, ჩემმა სიძემაც ვერ შეძლო მოსვლა და მე, ჩემი მეგობარი და ჩემი მეუღლე გარეთ ვცემდით ბოლთას და საკმაოდ მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი.
– რამე გამამხნევებელი საშუალება ხომ არ დაგჭირდათ?
– არა. მე არასდროს მჭირდება, სტიმულატორები. ისედაც ვუმკლავდები პრობლემას.
– მაშინ ხომ არ უთხარით საკუთარ თავს, რომ გაგიმართლათ ქალად რომ არ გაჩნდით?
– მთელი ცხრა თვის განმავლობაში ვფიქრობდი ამას. სანამ ჩემი ქალიშვილი ფეხმძიმედ იყო. ორივეჯერ საშინელი ტოქსიკოზი ჰქონდა და ძალიან გაწვალდა. საშინელებაა.
– იმის გაფიქრება, რომ „კიდევ კარგი, ეს მე არ მჭირსო“, უკვე ეგოიზმის გამოვლინებაა.
– ვიცი და მე ვარ კიდეც ეგოისტი. თანაც, საშინელი ეგოისტი. დედისერთა ვარ და გატუტუცებული ბავშვი ვიყავი, ფუფუნებაში გაზრდილი. არ ვმალავ, რომ ეგოისტი ვარ.
– თქვენ, რომელიც ყოველ კვირა ეხმარებით გაჭირვებულ ადამიანებს, ამბობთ, რომ საშინელი ეგოისტი ხართ?
– ეგოისტი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, სხვისი ტკივილი და გაჭირვება გულთან არ მიმაქვს და სხვისი დახმარების სურვილი არ გამიჩნდება.
– ანუ, გულჩვილი ეგოისტი ხართ?
– (იცინის) ასე გამოდის.
– ქალიც ასეთი ხომ არ იქნებოდით – გულჩვილი ეგოისტი!
– რა არის იცით, ქალის გულჩვილობა ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. (იცინის) ანუ... არ მინდა, რომ ქალი ვყოფილიყავი. ძალიან არ მინდა და არც ვიცი, რას ვიზამდი, ქალად რომ დავბადებულიყავი. ალბათ, საშინელება ვიქნებოდი. ნამდვილი „მიგერა“. შვილს გავაჩენდი? შეიძლება გამეჩინა, მაგრამ ორ დღესაც ვერ გავჩერდებოდი გათხოვილი. სად შემიძლია კაცის ატანა, იმისი მოვლა და მისი „ხუშტურების“ გაძლება. უჰ, ამისი თავი ნამდვილად არა მაქვს.
– იცით, ამით რას ამბობთ, რომ ქმრები არ იმსახურებენ იმას, ჩვენ, ცოლებმა მათ მოვუაროთ.
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლიბერალი ადამიანი ვარ და ცხოვრებაზეც ძალიან თავისუფალი შეხედულებები მაქვს, რატომღაც მგონია, თქვენ, ქალებს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც პატრიარქალური ოჯახი მოგეწონებათ. მით უმეტეს, ქართველ ქალებს. ეს უფრო მისაღებია თქვენთვის. ქალის და კაცის მენტალობა, მათი ბიოლოგიური და ანატომიური განსხვავებებიდან გამომდინარე, სხვადასხვაა. თუნდაც, მათემატიკა და ჭადრაკი მეყოფა ამის დასამტკიცებლად. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ გამონაკლისი ხომ არ არის ნორმა. გამონაკლისი, სწორედ ნორმიდან გადახვევაა.
– ანუ, თქვენ ტვინის უფრო მეტი ხვეულა გაქვთ?
– დიახ, და ნუ ვიდავებთ ამაზე. კაცს მეტი ლოგიკა აქვს. მართალია, მამაკაცი რომანტიკოსია, სამაგიეროდ, ქალი თავისი ემოციურობით იგებს ძალიან ბევრს.
– ემიციურობა გვიშლის ხელს?
– არა. პირიქით, ემოციურობა გშველით. იმიტომ, რომ ქალებს ინტუიცია გაქვთ საოცრად გამახვილებული, რასაც მამაკაცი მოკლებულია.
– ჩვენს ინტუიციას არ აღიარებენ ხოლმე, მამაკაცები და იცინიან კიდეც ამაზე.
– მხოლოდ უტვინო მამაკაცები აკეთებენ ამას. (იცინის) შეიძლება, ქალი ზოგჯერ ემოციას აჰყვეს, მაგრამ ძირითად შემთხვევებში, მას ინტუიცია არასოდეს ატყუებს. ჩემი ცოლის მაგალითით დავრწმუნდი ამაში. ადამიანების ამოცნობაშიც, პრაქტიკულად, არასოდეს ცდება. ამიტომ თითქმის ყოველთვის ვუჯერებ.
– სამწუხაროდ, დღეს ბევრმა მამაკაცმა დაივიწყა საკუთარი მოვალეობა.
– დავიწყოთ იმით, რომ მამაკაცი ქალთან შედარებით ხისტია. ქართველ ქალს კი, ერთი ცუდი თვისება აქვს, დომინირება უყვარს და უნდა. სამხრეთელი ქალები არიან ასეთები – ესპანელები, იტალიელები, რომელთაც ჩრდილოელ ქალებზე მეტი ტემპერამენტი აქვთ. აქედან გამომდინარე, როცა კაცს ძალით ვერ სჯობნიან, ცდილობენ ეშმაკობა ჩართონ საქმეში და შემოვლითი გზებით გააკეთებინონ ის, რაც თავად სურთ. გამოსდით კიდეც. მამაკაცის ცუდი თვისება კი ის არის, რომ ზარმაცია. ძალიან უყვარს წამოგორება და როგორც კი ქალი ამის საშუალებას მისცემს, მაშინვე სარგებლობს და გადადის უკანა პლანზე. არ არის ეს კარგი. ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების თანაბარი გადანაწილებაა. ამ დროს დივიდენდებსაც თანაბრად იღებს ცოლ-ქმარი. ვაღიარებ, რომ მამაკაცი ქალზე მეტად ეგოისტია. მაგრამ, ის მამაკაცი, რომელსაც სრულად აქვს გაცნობიერებული თავისი მამაკაცური ვალდებულებები და მოვალეობები, როცა საქმე ოჯახს და მის შვილებს შეეხება, საკუთარ ეგოიზმს გვერდზე გადადებს.
– მე პატივს ასეთ მამაკაცებს ვცემ. უპირველესად, ეს არის საკუთარი თავის პატივისცემა – არ გაექცე შენს მამაკაცურ პასუხისმგებლობას.
– არ მესმის, იმ ქალების, რომლებიც ოჯახში მუქთახორა მამაკაცს ინახავენ. ფუტკრებიც კი, სკიდან ყრიან მუქთამჭამელა მამრებს. მეტსაც გეტყვით, არის ასეთი მწერი, რომელიც სექსუალური აქტის შემდეგ ჭამს მამრს, აღარ სჭირდება (იცინის).
– გამოვიდოდა თუ არა კაცი გამოქვაბულიდან, რომ არ ყოფილიყო ქალი?
– თუ გავითვალისწინებთ იმას, რაზეც ვისაუბრეთ, რომ კაცს უყვარს წამოწოლა, არ გამოვიდოდა. ან ძალიან გვიან გამოვიდოდა. იჯდებოდა თბილად და მყუდროდ. თუ კაცი რამეს აკეთებს, ქალისთვის აკეთებს, მაგრამ, ქალებმაც უნდა მისცეთ მათ თავისუფლად სუნთქვის საშუალება.
– ანუ, თვალები დავხუჭოთ მათ „ცელქობებზე“?
– აუცილებლად. კაცი თავისი ბუნებით არის მიდრეკილი ამისკენ და მოგწონთ თუ არ მოგწონთ, უნდა შეეგუოთ.
– და, არ მოვაწყოთ ისტერიკები?
– არა, მოგებულია ის ქალი, რომელიც არ იმჩნევს კაცის „ცელქობებს“, მაგრამ, არც კაცი უნდა იყოს თავხედი და უკადრებელი არ უნდა იკადროს. ფლირტი მამაკაცისთვის რელაქსაციის საშუალებაა, თუმცა ნამეტანი არ უნდა ქნას. ფლირტი ძალიან ფაქიზი და დახვეწილი უნდა იყოს, რომელიც ცოლ-ქმრის ურთიერთობას კი არ დაანგრევს, პირიქით, პოზიტიურად აისახება მასზე. მთავარია, მოხიბლო. ეს არის ხელოვნება, თორემ მერე, ცოლიც არის სახლში (იცინის).
– ამ ლოგიკით, ერთგული მამაკაცი არ არსებულა.
– არ არსებობს. მე არ ვიცნობ ასეთს. შეიძლება, ვინმე მართლაც არის ძალიან ერთგული, მაგრამ ჩვენ ხომ გამონაკლისებზე არ ვლაპარაკობთ.
– საინტერესოა, თქვენ თუ დახუჭავდით ქმრის ცელქობებზე თვალს, ქალი რომ ყოფილიყავით?
– ვაიმე, არ მინდა, რომ ქალი ვყოფილიყავი-მეთქი, ხომ გითხარით (იცინის).
გულახდილად რომ გითხრათ, მე ქალის ცრემლებისაც არ მჯერა, არც ერთი წუთით. იმიტომ, რომ ტყუის ყოველთვის. როცა სჭირდება, ამას იარაღად იყენებს. ყველა სიტყვაზე რომ გამოგეკიდება, იმ ქალთანაც ვერც ერთი კაცი ვერ იცხოვრებს. ქალი კარგია გაღიმებული. დღესასწაულივით რომ არის და შეუძლია, ცხოვრება გაგიხალისოს.
– ამბობენ, კაცებს შეუძლით ნებისმიერი ქალის შებმაო.
– ტყუილია. პირიქით არის. ყველაფერი ქალიდან მოდის, კაცი კი ფიქრობს, მე შევაბიო და უხარია, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია კაცი, რომელიც ქალის შებმას შეძლებს მაშინ, როცა თავად ქალს ეს არ უნდა. გამორიცხულია. არც ერთმა კაცმა არ უნდა შეიქმნას ამის ილუზია.