ქვილთის გამოფენა ფოლკლორის ცენტრში
23 თებერვალს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართება ძველი და ახალი ქვილთის – სადა ქსოვილებზე ფერადი ნაჭრებით შედგენილი კომპოზიციების, გამოფენა. საქართველოში ქვილთის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს უძველესი გადასაფარებლები თუ კედლის პანოები, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მოწყობილ ექსპედიციებში მოძიებული ქვილთის უიშვიათესი ნიმუშები. ქვილთის ხელოვნება საქართველოში უძველესი დროიდან ყვაოდა. როცა ამერიკასა და ევროპაში აღნიშნული ტექნიკით მუშაობა იხვეწებოდა და ვითარდებოდა, ჩვენს ქვეყანაში ის უკვე ნაკლებპოპულარული იყო. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუზეუმში გამოიფინება ოთხმოცდაათამდე ექსპონატი, რაც სხვადასხვა დროისა და ეპოქის ქვილთის ერთად თავმოყრისა და გამოფენის პირველი შემთხვევაა. გამოფენა 25 მარტამდე გასტანს.