სოფო სირაბაძის ჩვენება კლუბ “ოთახში„
22 თებერვალი დიზაინერ სოფო სირაბაძის დაბადების დღე იყო. 21 თებერვალს, საღამოს, სოფო, მეგობრებთან ერთად კლუბ „ოთახში“ მივიდა და საკუთარ დაბადების დღეს ახალი კოლექციის ჩვენებითა და ულამაზესი კონცერტით შეხვდა. სოფოს ხელოვნება ყველა სხვა ქართველი დიზაინერისგან გამორჩეულია. სამოსის შექმნისას არ იყენებს საკერავ მანქანას. ქსოვილს ის მხოლოდ და მხოლოდ ხელით კერავს და რაც მთავარია, ნაკერს, მანქანით „დალიანდაგებულისგან“ ვერ გაარჩევთ. სწორედ ასეთი, ხელით ნაკერი თექვსმეტი საღამოს კაბა წარმოადგინა სოფომ „ოთახში“, რომელიც სხვადასხვა სააგენტოს მოდელებმა მოირგეს და პოდიუმზე გამოიტანეს. გაზაფხული-ზაფხულის კაბები „ოთახში“ შეკრებილმა ცნობილმა დიზაინერებმაც არაჩვეულებრივად შეაფასეს. ჩვენებას, სოფოს დაბადების დღეს, კონცერტს ესწრებოდნენ: თეონა თავართქილაძე, ბიჭოლა, თიკა ჯამბურია და სხვები. რაც შეეხება კონცერტს, იმ დღეს თავისი სიმღერით დაგვატკბეს უნიჭიერესმა ქეთი ორჯონიკიძემ, ლევან ჯიბლაძემ, მეგი გოგიტიძემ... იუბილარმა ძალიან ბევრი საჩუქარი მიიღო და ღონისძიებით ძალიან კმაყოფილი ჩანდა.