ვის მდოგვის აბაზანებზე ეჭვიანობდა ნინო ჩხეიძე და რა შეზღუდვები ვერ აიტანა მან უმცროსი ძმისგან
როგორც ყველა პატარა და-ძმა, ბავშვობაში ისინიც ძალიან ბევრს ჩხუბობდნენ, ერთმანეთის წვალება და ნერვების მოშლა ეხალისებოდათ, თუმცა, დღეს ნინო და დიმა ჩხეიძეები საუკეთესო მეგობრები არიან, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ და ანგარიშს უწევენ. როგორც ნინო ამბობს, დიმა მისი სიმღერის გამო ცოტა დაიჩაგრა და საოცარი ნიჭი სათანადოდ ვერ გამოამჟღავნა, მაგრამ, ჯერ ყველაფერი წინ არის... მართალია, დიმა უარზეა, მაგრამ, შესაძლოა, ნინოს თაყვანისმცემლებმა მათი დუეტიც მალე იხილონ.
ნინო ჩხეიძე: 3 წლის ვიყავი, როდესაც დიმა დაიბადა, ბაღში დავდიოდი. მახსოვს, ერთხელ, მომაკითხეს, მანქანით წამომიყვანეს და, უკან რომ გავიხედე, დავინახე წითელ „ადიალაში“ გახვეული რაღაც გაურკვეველი არსება და არ მომეწონა. რომ მითხრეს, ეს შენი ძმააო, არც ეგ ამბავი მომეწონა დიდად, მაგრამ, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა რთულად მქონდა საქმე, თურმე, ყველაფერი წინ იყო. ძიო ძალიან ადრე გაჩნდა, შვიდი თვის ორსულიც კი არ იყო დედაჩემი და ყველა საოცრად ევლებოდა თავზე. მაშინ ამის მიზეზს, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი და ცოტას ვეჭვიანობდი კიდეც. 1 კილოგრამი და 200 გრამი იყო, საშინლად სუსტი და პატარა და, ჩვენი მშობლებიც და ახლობლებიც სულ მასზე მზრუნველობაში იყვნენ. ვინ არის ეს კილო-ორასი ბავშვი, მყუდროება და სიმშვიდე რომ დამირღვია-მეთქი, მარტო ამას ვფიქრობდი (იცინიან).
დიმა ჩხეიძე: ნელ-ნელა ბავშვს დავემსგავსე და უფრო და უფრო გართულდა ჩვენი ურთიერთობა (იცინიან).
ნინო: მდოგვის აბაზანებს უკეთებდნენ, რას აღარ ცდილობდნენ, რომ ცოტა მოეძლიერებინათ და, ეს ჩვენი ძიო გაბუთქუნდა, გაბუთქუნდა და თავისი წითელი, „გაბანტული“ ტუჩებითა და დიდი ცისფერი თვალებით უსაყვარლესი გახდა. მაგრამ, იცი, როგორ მიშლიდა ნერვებს?! ვთქვათ, მამაჩემი მამღერებდა, მოვიდოდა და ზუზუნებდა – ნინოს რომ ამღერებთ, მეც მაგრად ვმღერი, ნინოს რომ აქვს, მეც მინდა ასეთიო. აუ, იცით როგორ ვჩხუბობდით, ცოტა რომ წამოიზარდა?! მეც ძალიან მსუქანი ვიყავი, დავიჭერდი და ბათქაბუთქი გაუდიოდა ამ საწყალს.
– შენში როდის გაჩნდა ნინო, როგორც მტრის ხატი?
დიმა: რაც თავი მახსოვს, სულ იმას ამბობდნენ: ნინო დიდია, ნინოს უნდა დაუჯერო, ნინოს სჭირდება, ნინოს ხელი არ შეუშალოო. როგორ ანებივრებდნენ, იცი?! ძალიან რომ გამაბრაზებდა, მინდოდა, მისთვის რაღაც დამეშავებინა და მამაჩემი კი მკაცრად მეტყოდა: შენს დას ხელს არ დააკარებ! (იცინიან).
ნინო: არადა, ყოველთვის მეგონა, დედას და მამას შენ უფრო უყვარდი, ვიდრე მე.
დიმა: არა, რა სისულელეა, პირიქით იყო (იცინიან).
ნინო: სოლოლაკში ვცხოვრობდით მაშინ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა. განსაკუთრებით ვმეგობრობდი ერთ ბიჭთან, ჩვენს დაბადების დღეებს შორის ორი დღე იყო სხვაობა და სულ ერთად ვიყავით. ძიო გამოვიდოდა, რაღაცას დააშავებდა და ჩვენ ორი ერთზე ვიყავით, ერთად ვეჩხუბებოდით. „შტაბობანას“ ვთამაშობდით: მე პრეზიდენტი ვიყავი, ის ბიჭი – ვიცე-პრეზიდენტი იყო და ძიო – მდივანი (იცინიან). „აუ, შენ წყალი მოგვიტანე, ის მოგვიტანე, ეს მოგვიტანე!“ – მთელი დღე დავარბენინებდით საწყალს. თან, თუ პრეტენზიებს გამოთქვამდა, ვაგდებდით.
დიმა: ბავშვობაში სამი წელი ძალიან დიდი განსხვავებაა. ახლა, რა თქმა უნდა, მსგავსი სიტუაცია აღარ არის. რა საშინლად მექცეოდა, იცი?! სულ მინდოდა ნინოს მეგობრებთან ერთად ყოფნა. ჩვენთან სახლში მოდიოდნენ ნინოს დაქალები, ოთახში იკეტებოდნენ და სულ მაინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ. მე ოთახიდან მაგდებდნენ და საშინლად ვბრაზდებოდი.
ნინო: თან, რა საშინელი ჩამშვები იყავი, გაიხსენე!
დიმა: კარგი ახლა, ყველაფერს ნუ იტყვი (იცინიან).
ნინო: თუ რამეს მოჰკრავდა ყურს, ან ვინმე ბიჭი დაგვირეკავდა ან მოგვაკითხავდა, გარბოდა და დედაჩემს და ბებიაჩემს უყვებოდა ყველაფერს. მთელმა ოჯახმა იცოდა ჩვენი საიდუმლოებები და იმიტომაც ვაგდებდით ოთახიდან.
– მოსკოვში ვიყავით, რაღაცეები ვიყიდე რაც მაშინ მოდაში იყო – რაღაც სტაფილოსფერი რედიკული, „ბათინკები“. ძიოსთვის არაფერს ყიდულობდნენ, პატარა იყო, ღლაპი, რა მოდა, რა ტანსაცმელი და, ძალიან გაბრაზდა ამაზე. თბილისში, იცი, რა პერიოდი იყო?! „სნიკერსის“ და „ბაუნტის“ მარტო ტელევიზორში რომ ვხედავდით და ისტერიკაში ვვარდებოდით, ისე გვინდოდა, შორეული ოცნება იყო. ძიო „ჩაუსასტავდა“ ბებიაჩემს, მაღაზიაში მიჰყვებოდა ხოლმე და გაძეძგილი იყო „ბაუნტებით“ და „მარსებით“, მე კიდევ, ვიჯექი სახლში სტაფილოსფერი რედიკულით (იცინიან). რა საშინლად ვჩხუბობდით, რომ მახსენდება, მეცინება.
– როდიდან დამეგობრდით?
– ჩემი გათხოვების შემდეგ.
დიმა: არა, რატომ, სანამ გათხოვდებოდი რამეში შეგიშალე ხელი?!
ნინო: არა, რა თქმა უნდა. სანამ გავთხოვდებოდი, უკვე დიდები ვიყავით და ისე აღარ ვჩხუბობდით, მაგრამ, რასაც ძალიან ახლო მეგობრობა ჰქვია, ის მაინც გათხოვების შემდეგ დაიწყო, უფრო შევიშალეთ ერთმანეთზე, უახლოესები გავხდით.
დიმა: ცოტა რომ წამოვიზარდეთ, მივხვდით, სულ ასეთი დავიდარაბა არ გამოგვადგებოდა და ვთქვით: „შენ – შენთვის, მე – ჩემთვის“. ისე, მახსოვს, სანამ გათხოვდებოდა, რაღაც ისეთი, ტიპური ძმის როლი მოვირგე (იცინიან): სულ ვეკითხებოდი, ვის ემესიჯები, ვინ გირეკავს, სად მიდიხარ, როდის მოხვალ-მეთქი და ნინო გიჟდებოდა. უმცროსი ძმისგან ასეთი რაღაცეები აუტანელი იყო, მაგრამ, ვაღიარებ, ვერ მოვერიე (იცინიან).
– ნინოს ქმარს იცნობდი?
ნინო: არა, ჩემს ქმარს არავინ იცნობდა. მეც კი არ ვიცნობდი, სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი. როცა გავიცანი, სხვა სახელი და გვარი მითხრა და პასპორტით ხომ არ შევამოწმებდი – რა გქვია-მეთქი. დავიჯერე და დავდიოდით ასე ერთად. რომ გავთხოვდი, ბათუმში, სასტუმროში მივედით და, გაიგო ყველამ, რომ დავქორწინდით. ატყდა ერთი ამბავი და მისაღებში ქალს ეუბნება, კორახაშვილიო. კორახაშვილი ვინ არის-მეთქი, ვიკითხე და ქალი გაგიჟდა – არ იცის ამ გოგომ, ვის მიჰყვება ცოლადო?! (იცინიან). ასე რომ, მეც არ ვიცოდი და ძიოს საიდან ეცოდინებოდა გიორგის სახელი და გვარი?! ისე, ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, ხომ უნდა გავთხოვილიყავი?! (იცინიან) მომიშორა სახლიდან.
დიმა: იმ ღამეს „პრაზნიკი“ მქონდა. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.
ნინო: ერთი რამის თქმა მინდა: სიმღერის მხრივ, ძიო საშინლად დაიჩაგრა. მთელი ოჯახი ყოველთვის ჩემს სიმღერაზე იყო კონცენტრირებული და ძიოს ნიჭი დაიჩრდილა. რაც ოჯახიდან წამოვედი, ფრთები გაშალა ბიჭმა. ერთხელ მოვიდა ჩემთან და, აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგრად უკრავს გიტარაზე, მღერის, ერთ ამბავშია. „ვაა, ძიო?!“ ასეთი რეაქცია მქონდა.
დიმა: თავიდან გავიცანით ერთმანეთი. მახსოვს, ბავშვობაში ნინო რომ მღეროდა, მივიდოდი და მეც ვიწყებდი სიმღერას. პატარა ვიყავი და, რაღაც შემეშლებოდა, რა თქმა უნდა. ნინო ისეთი სახით შემომხედავდა, რომ მეორედ სიმღერის სურვილს რაღა გამიჩენდა?! „ნუ, ეს რა არის?!“ – წარბაწეული მეტყოდა ხოლმე.
ნინო: მამაჩემიც კარგად მღერის და იმ პერიოდში მე და მამაჩემი „ვკლასავდით“. ახლა კი ჩემს სტუდიაში ძიოს ნიჭის ამოფრქვევების მოწმე ვხდები. თუ ცუდ ხასიათზე მოვა სტუდიაში, დაიჭერს გიტარას, მღერის, მღერის და მიდის (იცინიან). რაც უფრო ხმამაღლა მღერის, მით უფრო ცუდ ხასიათზეა. ახლა ძიო ძალიან სერიოზულ მონაწილეობას იღებს ჩემს პროფესიაში – მთავარი და ძალიან ობიექტური შემფასებელია. არც უნდა თქმა, თუ სიმღერა არ მოსწონს, ისეთ სახეს მიიღებს, ეგრევე ხვდები, რომ ამ სიმღერის არჩევაში საშინლად შეცდი. იგივეა ჩაცმაზე, გარეგნობაზე. ძიო ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ოდნავ თუ მოვიმატე, მეტყვის: „ნუ, რა არის, ნინო ეს? გოგოები რამდენს ვარჯიშობენ!..“ – და მე მრცხვენია.
დიმა: სამაგიეროდ, ნინო მანებივრებს ძალიან, არ არსებობს, სადმე წავიდეს და ძალიან ბევრი საჩუქარი არ ჩამომიტანოს, რამე მომეწონოს და არ მითხრას, წაიღეო. უკვე მრცხვენია ხოლმე.
– დიმას პირად ცხოვრებაში თუ ერევი?
– რადგან მე არ ჩავრეულვარ, ნინოსაც არასწორად მიაჩნია, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს. ისე, თუ გოგოსთან ერთად ვარ, ის აუცილებლად უნდა გავაცნო ნინოს და როგორც მე მის სიმღერებზე, მასაც ისეთივე დამოკიდებულება აქვს: მშვენივრად მიიღებს, საოცრად კომუნიკაბელურია, გაუღიმებს, მიეფერება, მაგრამ, თუ არ მოეწონა, მაინც სახეზე აწერია.
ნინო: არ მიყვარს, როცა ადამიანი ჩემთან იძაბება, ამიტომ, მაქსიმალურად ვქმნი ისეთ სიტუაციას, რომ თავი თავისუფლად იგრძნოს. ძიოს მიმართ, იცი, როგორი დამოკიდებულება მაქვს?! როგორც ჩემი შვილის მიმართ. ქმრის სიყვარული სხვაა, მშობლის – სხვა. ძიოს სიყვარული ძალიან ახლოსაა შვილის სიყვარულთან. ხანდახან, რომ ვფიქრობ, რამდენს უძლებს ძიო მარიკოსგან, მეცოდება. მარიკო დედაჩემთან ცხოვრობს და ძიო გამწარებული ჰყავს: ხან წყალს დაასხამს მძინარეს, კომპიუტერი ხომ აღარ უვარგა – ყველაფერს შიგნით უსხამს, სულ რაღაცას უშავებს. ისე მარიკოსაც ყველაზე მეტად ძიოსი ეშინია.
დიმა: სულ ვეჩხუბები, რომ ბევრს ჭამს. დედაჩემთან მიდის ხოლმე და ეუბნება, ბებო, გეხვეწები მაკარონი მაჭამე, ოღონდ, ძიომ არ დაინახოსო (იცინიან).
– რას ნიშნავს შენთვის იყო ნინო ჩხეიძის ძმა?
– იცი, რა მიკვირს?! საიდან იგებს ეს ხალხი, რომ ნინოს ძმა ვარ, ვერ ვხვდები. ვთქვათ, რაღაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ვარ. უცებ ვიღაც იტყვის: ვაიმე, შენ ნინო ჩხეიძის ძმა ხარ? – და უცებ ყველა მიღიმის. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.
ნინო: და თუ ვიღაცას არ მოვწონვარ?!
დიმა: ასეთი არ შემხვედრია, ისე, ამის თქმას ვერც გამიბედავენ. სხვათა შორის, მახსოვს ერთხელ, საშინლად დავარღვიე საგზაო წესები და პატრულმა გამაჩერა. მართვის მოწმობა რომ მივეცი, რატომღაც, მკითხა, შენ ნინო ჩხეიძის რა ხარო. ძმა-მეთქი, რომ ვუთხარი, ეგრევე მოლბა, გაიღიმა და მითხრა – ამჯერად გაპატიებ, ფრთხილად იარეო...
ნინო: აი, რატომ მიყვარს პატრული! (იცინიან).