ვინ უცვლიდა თიკა მახალდიანის დედას ქალიშვილში ორმოცდაშვიდ აქლემს და ვინ უხდის თიკას უპატარძლო ქორწილებს
მომღერალი თიკა მახალდიანი ძალიან კომუნიკაბელური, თბილი და საყვარელი ადამიანია. ბოლო დროს მასზე ხმა დაირხა, თითქოს ერთ-ერთმა მილიონერმა მოიყვანა ცოლად. მსგავსი ამბავი ადრეც რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ეს ჭორი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, როგორც თიკა ამბობს, მას საკუთარ თავზე ბოროტი ჭორი არ გაუგია. ზოგადად კი, ასეთ ჭორებს ყოველთვის ღიმილით ხვდება და ამას სერიოზულად არასდროს აღიქვამს. რატომ არ აპირებს თიკა მახალდიანი უახლოეს მომავალში გათხოვებას და გიჟური არჩევნის გაკეთებას პირად ცხოვრებაში, რა გეგმები აქვს მას და რისთვის სჭირდება გვერდით ძლიერი, ყველაფერზე წამსვლელი მამაკაცი, ამაზე თავად გვესაუბრება.
თიკა მახალდიანი: ძალიან მეგობრული ვარ და ვაფასებ ისეთ ადამიანებს, მეგობრობის ფასი რომ იციან. რაც შეეხება კომუნიკაბელურობას, აქ ცოტას „ვჭედავ“ (იცინის). ყველასთან ვერ ვიხსნები. ერთი და ორი დღის გაცნობილს მეგობარს ვერ ვუწოდებ და ვერც პირადულ ამბებს მოვუყვები. თუ ცხოვრების რაღაც ეტაპი ერთად არ გაქვს გავლილი, ისე მეგობრად ვერ ჩათვლი ადამიანს. მე ასე ვფიქრობ, ბევრი შეიძლება, არ დამეთანხმოს. არც დეპრესიული ადამიანი ვარ, მაგრამ ხშირად ცუდ განწყობაზე ვდგები. ამ დროს მარტო ყოფნა არ მიყვარს. სასწრაფოდ მეგობრებთან მივდივარ და გულს მათთან ვაყოლებ.
– თიკა, ამბობენ, ბედნიერი ის არის, ვისაც კარიერა და პირადი ცხოვრება აწყობილი აქვსო. შენ როგორ ფიქრობ და თუ მიგაჩნია თავი ბედნიერად?
– ბედნიერი ადამიანი ნამდვილად ვარ. რასაც მივაღწიე ცხოვრებაში, ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ. თუ სამომავლოდ პირადულშიც გამიმართლებს, ამას რა ჯობია? (იცინის). ისე, სრული ბედნიერებისთვის ნამდვილად აუცილებელია, მოწყობილი გქონდეს როგორც კარიერული, ასევე პირადი ცხოვრება. ეს შესაძლებელია და არც ისე რთულია. როცა ორმხრივი სიყვარულია და გრძნობ, რომ შენს რჩეულს ძალიან უყვარხარ, მისი იმედი გაქვს, იცი, რომ შენს გამო ყველაფერზეა წამსვლელი, ამაზე კარგი რა არის? ძალიან მაგარია და ორმაგი სტიმულია საქმისთვისაც და ცხოვრებისთვისაც. მე ისეთი ადამიანი მჭირდება გვერდით, ვინც ჩემს გამო ყველაფერზეა წამსვლელი.
– შეყვარებული თუ ხარ?
– არა, ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ. ბევრი თაყვანისმცემელი კი მყავს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერავისკენ გამიწია გულმა. გულცივი ადამიანი არ ვარ, მაგრამ რა ვქნა, გულს ხომ ვერ ვუბრძანებ?
– ესე იგი, შენი მოსაწონი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა?
– როგორ არა, მაგრამ ეტყობა ჯერ ვერ შევხვდით ერთმანეთს. როცა შეყვარებული ვარ, თვალები სხვანაირად მიციმციმებს, სხვანაირად ვმღერი, მიხარია ყოველი დილის გათენება. გამოგიტყდებით და, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მარტო მაშინ არ მემღერება, თორემ ისე, სიმღერა ჩემთვის ყველაფერია. მით უმეტეს დღეს.
– სვანური ხასიათი როდის იღვიძებს ხოლმე შენში?
– წარმოშობით ვარ სვანი, თორემ ისე რაჭველი ვარ. ხშირად მეუბნებიან, სვანური ხასიათი გაქვსო. ჯინიანი ვარ. თუ შევჯექი ვირზე, მორჩა (იცინის). თუმცა, რაჭული სიდინჯეც მახასიათებს. ასე რომ, სვანურ-რაჭული ნაზავი ვარ.
– თქვი, ბევრი თაყვანისმცემელი მყავსო. როგორ ცდილობენ შენი გულის მოგებას?
– თუ ბიჭი არ მომწონს, ფანჯარასთან „მუხამბაზები“ რომ მიმღეროს და საჩუქრებით ამავსოს, ჩემს გულს მაინც ვერ მოიგებს. ხომ გითხარით, ჯიუტი ვარ-მეთქი (იცინის). ისე, უმღერიათ კიდეც და საჩუქრებიც მოურთმევიათ. ყვავილები არ მიყვარს და ამიტომ, მორთმეული ყვავილების ბუკეტებს აივანზე ვაძევებ. ისე, ახლა რომ დავფიქრდი, მგონი, ორიგინალური თაყვანისმცემელი არ მყოლია. ერთმა კი სცადა სიმღერით მოვეხიბლე და მიმღერა კიდეც ერთ-ერთ ქეიფზე პერსონალურად, მაგრამ, სიმღერით ვერ გამაკვირვა (იცინის).
– თიკა გავიგე, თურქეთში ყოფნის დროს ისე მოგიხიბლავს იქაური მამაკაცები, რომ მილიონერი თურქები აქლემებს სთავაზობდნენ შენი ოჯახის წევრებს. ეს მართალია?
– ეს ამბავი არასდროს დამავიწყდება. ძალიან ბევრი ვიხალისე. მოკლედ, მე და დედაჩემი ვიყავით დასასვენებლად თურქეთში. ეტყობა, იქ მოწონთ ჩემნაირი ფუმფულა ქალები. ერთმა კაცმა დედაჩემს შესთავაზა, იქნებ დაფიქრდეთ და ორმოცდაშვიდ აქლემად მომყიდოთ თქვენი ქალიშვილიო. გადაირია კინაღამ დედაჩემი. სასწრაფოდ ჩავალაგეთ ჩემოდნები (იცინის). დედაჩემის მადლობელი ვარ, რომ არ დათანხმდა და არ სძლია ცდუნებამ, თორემ ხომ ჩამორეკავდა ერთ თიკაში ორმოცდაშვიდ აქლემს თბილისში? (იცინის).
– საკუთარ თავზე ჭორები თუ გსმენია? და, როგორ რეაგირებ მათზე?
– როგორ არა. მაგალითად, რამდენჯერმე გამათხოვეს, მაგრამ ვის გავყევი ცოლად არ ვიცი. უპატარძლო ქორწილები მქონდა და თურმე, შვილიც მყავს. ვინ მიხდის ამ უპატარძლო ქორწილებს, ან შვილი ვისგან მყავს, კაცმა არ იცის (იცინის). ასე რომ, გათხოვილი რომ ვარ ვიცი, მაგრამ ქმარს ჯერ არ ვიცნობ. ერთმა გოგომ მითხრა, თურმე ვისაც მეორედ გავყევი ცოლად, მაგარი ფულიანი ბიზნესმენია. პროექტ „მიმღერე რამეში“ ჩემი მეწყვილე იყო ლაშა რამიშვილი. ჭორი გავიგე, თურმე ლაშა გავაშორე ცოლს და მე გავყევი ცოლად, ანუ ჩემი მესამე ქმრის ვინაობა ვიცი (იცინის). მგონი, ისე უნდათ ჩემი გათხოვება, რომ სხვა, ბოროტ ჭორებს არ მიგონებენ, განათხოვრობას აიტანსო, ეტყობა ფიქრობენ. ერთხელ, ოპერაში მქონდა კონცერტი. დედაჩემი მაყურებლებში იჯდა. წამყვანმა, რომ გამომაცხადა, თურმე დედაჩემის გვერდით მსხდომ ქალებს ერთმანეთში გადაულაპარაკიათ, თიკაზე გავიგე გათხოვილა, ნეტავ, როგორი ქმარი ჰყავსო. დედაჩემს შეუცხადებია, რას ამბობთ ქალბატონო, არ გათხოვილაო. ისინი გადარეულან, რას ჰქვია არ გათხოვილა, ისეთისგან გავიგეთ, რომ არ მოგვატყუებდაო. დედაჩემს უთქვამს, ქალბატონო, მე დედა ვარ და მისი გათხოვება ხომ არ გამომეპარებოდაო (იცინის). სხვათა შორის, საკუთარ თავზე ბოროტი ჭორი არ გამიგია. პირადად მე, არ მიყვარს ჭორაობა და გაგონილ ამბებზე ისტორიების აგება. თუ დანამდვილებით არ ვიცი რამე, ისე არ ვიტყვი, მით უმეტეს, უცნობ ადამიანზე. მეცინება ხოლმე, რომ მეტყვიან ჩემ თავზე ახალ ჭორს, სხვა რა რეაქცია უნდა მქონდეს? გეტყვით, რომ ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, რა მეჩქარება? ჯერ გავიზარდო, ჩამოვყალიბდე, დავდინჯდე, დავსერიოზულდე და მერე ვნახოთ. გიჟური ოჯახი არ მინდა, მირჩევნია დავდინჯდე და ისეთი არჩევანი გავაკეთო, ჰარმონიაში ვიცხოვრო და არა საგიჟეთში. გათხოვებისთვის ჯერ პატარა ვარ (იცინის). ცნობილ სახეებზე რასაკვირველია, ბევრს საუბრობენ და ჭორაობენ კიდეც, მაგრამ ცუდის თქმა და მოგონება, რა უბედურებაა? კარგი ილაპარაკონ არ ჯობია? ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მაღაზიაში შევედი. ორი ბავშვი დგას. ერთი ეუბნება მეორეს, ნახე, თიკა მახალდიანიო. მეორემ უთხრა, რას ამბობ, ეს თიკა არ არისო. პირველი გაგიჟდა, როგორ არა, ნამდვილად „ჯეოსტარელი“ თიკააო. მეორემ კი უპასუხა, გადაირიე, თიკას მაღაზიაში რა უნდა, მაგდენი არ იცი, რომ ცნობილი ადამიანები მაღაზიაში არ დადიანო (იცინის).