რატომ არის ხელისუფლების უმაღლეს სართულებში მოღვაწე ყველა პიროვნება საშიში
მას შემდეგ, რაც რფ-ის პრეზიდენტმა ჩვენი პრეზიდენტი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე მიიწვევდნენ. ასეც მოხდა, თუმცა ქართველმა მაღალი რანგის მოხელეებმა წაუსვლელობა პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებულობით ახსნეს. ასეა თუ ისე, რაკი უკრაინას ახლა უკვე „რეგიონელი“ პრეზიდენტი ჰყავს, აშკარაა, რომ თითქმის მოკავშირის გარეშე დავრჩით. მეორე მხრივ, რაკი აშშ-ის გულგრილობაც ნათელია (ბუშის დროინდელის ფონზე), არსებობს მოსაზრება, რომ მათთვის საქართველო კლიენტი ქვეყნის ფუნქციას იძენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მომხმარებლური ინტერესებით იხელმძღვანელებენ. ნიშნავს თუ არა ეს ჩვენს საერთაშორისო იზოლაციას და გაუხსნის თუ არა ეს ხელ-ფეხს საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად. ამ თემებზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
– თუ ამერიკა მოგვეპყრობა, როგორც კლიენტ-ქვეყანას, რა გზა რჩება მიხეილ სააკაშვილს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად – დიქტატურა?
– ოპონენტების აზრით, დიქტატურა უკვე დამდგარია, თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო პოლიტიკური პროცესები რაღაც გავლენას იქონიებენ საშინაო მდგომარეობაზე.
– რომელ საგარეო ფაქტორებს გულისხმობთ?
– დასავლეთისგან – ომისშემდგომი სიგრილე საქართველოს მიმართ; რუსეთის მხრიდან – სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურის ბეჯითი უარყოფა, უკრაინის გასვლა და მარტო დარჩენა საგარეო ასპარეზზე. მეორე მხრივ, გამოიწვევს თუ არა ეს პროცესები დიქტატურას, მოსახლეობაზეცაა დამოკიდებული, მაგრამ, ფაქტია, რომ საგარეო კურსში იქნება ტენდენცია, რომ ხელისუფლებამ გააძლიეროს ორიენტაცია შერჩენილ პარტნიორებზე. ასეთი შერჩენილი პარტნიორი კი ამერიკის შეერთებული შტატებია. შესაბამისად, შესაძლოა, სააკაშვილი იმაზე მეტად დამოკიდებული გახდეს ამერიკის პოლიტიკაზე, ვიდრე იყო. რეალურ პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, სიტყვა „მეგობარი“ არის მხოლოდ ფიარფრაზა და ეს ყოველთვის გულისხმობს დისტანციას, რომ ქვეყანა ბოლომდე არ მიეცეს არავის. ამიტომ, ზედმეტი მიჯაჭვულობა ამერიკაზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, გამართლებული არ იქნება; მაგრამ, მეორე მხრივ, დღეს სააკაშვილს სხვა გზა არ აქვს.
– ზედმეტი მიჯაჭვულობა რას ნიშნავს? პაკისტანზეც ამბობდა ბუში, დემოკრატიის შუქურააო, ანუ, თუ ამერიკა განგვიხილავს არა როგორც პარტნიორს, არამედ, როგორც კლიენტ-ქვეყანას, ესე იგი, ფორმალურ დემოკრატიასაც აღარ მოსთხოვს ჩვენს ხელისუფლებას?
– გააჩნია, რა იქნება მომგებიანი ამერიკისთვის და რა – არა. პროცესები ნელ-ნელა მიდის ვარდების რევოლუციის დროს არსებული მდგომარეობისკენ, როდესაც ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ ხელისუფლების შეცვლაზე. მიდის, რადგან რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა არ არის კონფრონტაციული და, როგორც ვხედავთ, არც ამერიკა ჩქარობს, რომ სააკაშვილი ვარსკვლავბიჭუნად გამოაცხადოს. აღტაცების ნოტები აღარ ისმის ამერიკის ხმაში.
– საერთოდ არაფერი ისმის, იმის გარდა, რომ გვიწონებენ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობას?
– იმდენად იზოლაციაშია მოქცეული სააკაშვილი, რომ, არათუ ჯარისკაცები გაგზავნოს, შეიძლება, თვითონაც გაიქცეს ავღანეთში, ოღონდ ვინმემ ყურადღება მიაქციოს.
– ეს კარგად გამოსდიოდა გიორგი ბრწყინვალეს: მონღოლების ომში ბრძოლით ქვეყანა გააერთიანა და გაადიდა.
– ეს შესანიშნავი მაგალითი იმაზეც მეტყველებს, რომ ამგვარ პოლიტიკასაც აქვს არათუ არსებობის, არამედ, ოპტიმიზმის საფუძველი.
– ოღონდ, გიორგი ბრწყინვალე, როგორც წესი, წინ მიუძღოდა თავის ჯარს.
– მაშინ ისე იყო მოდაში. თან, ჭკვიანი კაცი იყო, რადგან, თუ ვინმემ ოდესმე კორუფციასა და შიდა უკანონობას გამოუცხადა ბრძოლა, ეს გიორგი ბრწყინვალე იყო. ყოველთვის მოაქვს შედეგი, როდესაც არ ხდები გარემოცვის ტყვე და გარემოცვას ებრძვი. დღეს ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი გარემოცვის ტყვე გახდა.
– ჩვენს პირველ პრეზიდენტზე ამბობდნენ, გარემოცვამ დაღუპაო; მეორეზე – გარემოცვა აიძულებდა, დარჩენილიყოო; ახლა სააკაშვილზეც იგივე თქვით. ისინი მართლაც ხდებიან გარემოცვის ტყვეები თუ ჩვენთვისაა მომგებიანი, გვეგონოს, რომ ყველაფერი ცუდი გარემოცვის ბრალია?
– თუ ხელისუფალს აქვს გარემოცვის შეცვლის იმპულსი და ვერ ცვლის, ის ტყვეს ემსგავსება. სტალინი მუდმივად ცვლიდა გარემოცვას, ულუფა-ულუფა: ერთ ნაწილს ხვრეტდა და მეორით ანაცვლებდა და, ბოლოს, რომ ვერ მოასწრო გამოცვლა, იმიტომაც დაუდგა კარგი დღე. ანუ, ძალიან ძნელია იმ წერტილის პოვნა, როდესაც ხელისუფალს აქვს იმის ძალა, რომ აჯობოს გარემოცვას. თუ დააგვიანდა, შეიძლება, თვითონ იქცეს მსხვერპლად. სტალინზეც ეს ეჭვია: მან დააგვიანა თავისი გარემოცვის შეცვლა და, როგორც კი ეს გადაწყვიტა, გარემოცვა უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ მას გაუსწორდნენ. ხელისუფალს სულ აქვს იმის გრძნობა, რომ, არათუ მის სკამს, საფრთხე მის სიცოცხლესაც ემუქრება. ამ საფრთხის ყველაზე რეალური წყარო კი ყოველთვის მისი გარემოცვაა, რადგან ხელისუფალთან ყველაზე ახლოს სწორედ ისინი არიან.
– გარემოცვის ტყვეობა ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი?
– დემოკრატიულ ქვეყნებში კარის გადატრიალებები დიდად თვალნათლივ არ ჩანს, რადგან დემოკრატიული ქვეყნები მსოფლიოს თავიანთ სამზარეულოში არ ახედებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, მაგალითად, კენედის მკვლელობას, კარის გადატრიალების ელფერი აქვს, ისევე, როგორც მონიკა ლევინსკის ინციდენტი გარემოცვის გარეშე ვერ მოხდებოდა: სწორედ გარემოცვამ შეუშვა პრეზიდენტთან ადამიანი, რომელიც დასვრილ სვიტერს ამდენ ხანს შეინახავდა. ასე რომ, ნუ ვიქნებით რომანტიკულები და გულუბრყვილოები, ყველგან ყველაფერი ხდება. დემოკრატია არ არის გარემოცვისგან დამცავი მექანიზმი, რადგან, ძალაუფლება – ძალაუფლებაა. მისკენ ბევრნი მიდიან და ციხესიმაგრესავით შემოერტყმებიან ხოლმე ყველას, ვინც მათ ლიდერთან მიახლოებას გადაწყვეტს. ოჯახის მაგალითს მოვიყვან: ცოლი ქმრის გარემოცვაა და ხშირად ცდილობს, რომ სხვების გავლენას აჯობოს და ისე ატაროს ქმარი, როგორც თვითონ უნდა.
– გარემოცვა რისკენ უბიძგებს სააკაშვილს?
– გარემოცვას სჭირდება, რომ მათი მდგომარეობა დაცული იყოს. მათ ექნებათ რეაქცია სააკაშვილის იმ ნებისმიერ შეცდომაზე, რომელიც მათ დაემუქრება. თუკი გარემოცვა აღმოაჩენს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ხელახალი ომი, რომელსაც, შეიძლება, მოჰყვეს გარემოცვის განადგურება, გამორიცხული არ არის, რომ თვითონ გარემოცვამ მოჰკიდოს ხელი ლიდერს და ჩამოაშოროს ხელისუფლებას, ოღონდ თვითონ არ ჩამოშორდეს. ასეთი მაგალითებიც ყოფილა. ასე რომ, გარემოცვა ძალიან სერიოზული ფაქტორია ნებისმიერი ხელისუფლისთვის.
– და, ამ პირობებში რა სვლები რჩება მიხეილ სააკაშვილს?
– სულ ბალანსში უნდა იყოს და არის კიდეც. გარეთ ამერიკაზეა ორიენტირებული; ამასთან, უნდა ეცადოს, რომ რუსეთთან იპოვოს საერთო ენა, რადგან, თუ რუსული ზეწოლა მოეხსნება, მაშინ სააკაშვილს ხელი გაეხსნება იმისთვის, რომ თავისი ორიენტაცია რუსეთისკენ გადაიტანოს.
– და „მოსულა“ ასეთი რაღაცეები დიდ პოლიტიკაში? ამერიკამ ამდენ ხანს გკვებოს, დაგამუშაოს და უცბად რუსეთის მკლავებში აღმოჩნდე?
– არ მგონია, საქართველოში ისეთი რამე მოხდეს, რაც არ იქნება ამ ორ პოლუსს შორის შეთანხმების შედეგი.
– იმასაც ამბობენ, რომ, კიდევ ერთი ომი ხელს აძლევს ხელისუფლებას, რომ რუსეთის მიერ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღოსო. არის ამ მოსაზრებაში საღი აზრი?
– თუკი სადმე იწერება სცენარი, თუ როგორ შეცვალონ საქართველოში ხელისუფლება და, თუკი ამ სცენარზე დაითანხმეს ვიღაც-ვიღაცეები.
– გარემოცვა?
– გარემოცვაც. შეიძლება, თვითონ ლიდერმაც მიიღოს ამაში მონაწილეობა. გავიხსენოთ, რომ ვარდების რევოლუციაზე ბევრს აქვს ეჭვი, ვგულისხმობ პოლიტიკასთან სამზარეულოს დისტანციაზე მყოფ ადამიანებს, შევარდნაძემ იცოდა, რომ უნდა წასულიყო და ამ ხმების ავტორები სწორედ შევარდნაძეს მიიჩნევენ ვარდების რევოლუციის შემოქმედად. თუ ასეთი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო შევარდნაძის შემთხვევაში, ხომ შეიძლება, ყველასთან მოხდეს, ვინც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება?! თუკი ასეთი სცენარი სადმე იარსებებს და მასზე იქნება კონსენსუსი, მაშინ, შეიძლება, ის გათამაშდეს, მაგრამ, თუ ჩვენ ვფანტაზიორობთ, მაშინ, გამორიცხულია ვერსია, რომ სააკაშვილი ეძებს გაქცევის ფორმას. გამორიცხულია, რადგან, სანამ სული უდგას, მიაჩნია, რომ ისე იქნება, როგორც ახლაა.
– მაქვს ერთი ეჭვი და ყველასთან ვაზუსტებ: თუკი ქართველი პოლიტიკოსები დასხდებიან რუსეთის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, ამით მორალურ ლეგიტიმაციას ხომ არ მისცემენ რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის აღიარებას?
– უდავოდ, აძლევს და ამიტომაცაა, ყველა ამბობს, რომ მოლაპარაკება საჭიროა, მაგრამ არავის უნდა. ისევე, როგორც, ყველა ამბობს, რომ ტერორისტს არ უნდა დაელაპარაკო, არაფერი არ უნდა დაუთმოო, მაგრამ რაღაც პერიოდში მაინც გამოძებნიან ხოლმე ადამიანს, ვინც შედის დიალოგში და ელაპარაკება ტერორისტს იმაზე, თუ რას დაუთმობენ და რას – არა. ასე რომ, სასურველია, ასეთი ფიგურა იყოს ის, რომელსაც ორივე მხარე ენდობა. ასეთ ფიგურად კი ნოღაიდელი არ გამოდგება და, ჩემი აზრით, ნოღაიდელის გარშემო ამტყდარი აჟიოტაჟის მიზეზი ის კი არ არის, რომ ის პუტინს დაელაპარაკა, არამედ ის, რომ საქართველოს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი მას ავტომატურ ნდობას არ უცხადებს ამ ფუნქციის შესრულებისთვის.
– იმ გაურკვევლობის გათვალისწინებით, რაც რუსულ და ამერიკულ პოლიტიკასა და ქართულ ოპოზიციაშია, ესე იგი, სააკაშვილს სრული თავისუფლებაც აქვს და დიდი უპირატესობაც?
– რუსული პოლიტიკა, როგორც ყოველთვის, ძნელი გასაშიფრია. ამერიკაში რთული ვითარებაა; არც ევროპული სინამდვილეა უკეთეს მდგომარეობაში, მაგრამ ეს პლუსებს არ აძლევს სააკაშვილს, ვინაიდან, ჩვენ, როგორც პატარა და, მით უმეტეს, ანექსირებული ქვეყანა, ყოველთვის სხვაზე ვართ დამოკიდებული და, თუ ჯერ ეს სხვაც არ არის გარკვეული, სააკაშვილს რა თავისუფლება შეიძლება, ჰქონდეს?!
– იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ ლიდერს საქართველოში.
– იყო მოლოდინი, რომ შარშანდელი აპრილის აქციების დროს გამოჩენილი საკმაოდ გამოზომილი და სტრატეგიულად გააზრებული რეაქციის შემდეგ, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ნაკლებ შეცდომას დაუშვებდნენ და უფრო ფრთხილები იქნებოდნენ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაში.
– იყვნენ კიდეც.
– მაგრამ, უკრაინის ისტორიამ საპირისპირო აჩვენა. უკრაინის ნაბიჯი ისეთი შეცდომა იყო, რომელიც ჩაფლავებაზე მეტია. მოხერხება უნდოდა იმას, რომ უკრაინა ისე გადაგემტერებინა, როგორც გადავიმტერეთ.
– თქვენ რით ხსნით იმას, რომ პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი, თურმე, ასეთი დაუცველი ხაზებით ლაპარაკობენ?
– ბევრი კითხვაა. შეიძლება, რაღაც ეშმაკობები იყო, მაგრამ, საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით, ეს სრული გაუფრთხილებლობა იყო. ასეთი გაუფრთხილებელი ნაბიჯები „ნაციონალებმა“ თავიანთი ხელისუფლების გარიჟრაჟზე იცოდნენ, როდესაც ჰქონდათ განცდა, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“. ეს სიტუაცია შარშანდელი აპრილის შემდეგ შეიცვალა და, მეგონა, რომ ეს ფორმულა – „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ – არ ამოტივტივდებოდა, მაგრამ, უცბად მივიღეთ ასეთი შოკის მომგვრელი ნაბიჯი. ჯერ ერთი, რატომ გაწირეს თავი ტიმოშენკოსთვის?! ტიმოშენკოსთვის თვითონ უკრაინელებიც კი აღარ წირავენ თავს; მაგრამ, არ ველოდი, რომ ხელისუფლება არ დაფიქრდებოდა, რას იფიქრებდა მის ამ მოქმედებაზე ქვეყნის შიგნით მოსახლეობა.
– რით ხსნით?
– შეიძლება, სწორედ ეს არის ის საფრთხე, რომელიც ხელისუფლებას ემუქრება. კერძოდ, შეიძლება, ჯერჯერობით ამერიკა და რუსეთი არაფერს ითხოვდეს კონკრეტულად, მაგრამ თვითონ ხელისუფლებამ დაუშვას შეცდომები.
– დიქტატურა დაამყაროს თუ იზოლირებული დავრჩეთ?
– აქამდე, თუ იზოლირებული არ ვიყავით, მედიის კონტროლი არ მოხდა?! ბიზნესმენები არ შეავიწროვეს? თუ, რომელი კომპონენტი აკლდა საქართველოს?!
– ხომ შეიძლება უარესიც? გაზეთები ხომ მაინც გამოდის და, თბილისში არის ორი არხი, რომლებზეც განსხვავებული აზრი ისმის?
– მეტი უარესი რაღაა?! კარგი, გაზეთებსაც დახურავენ, მაგრამ „ისკრის“ შემდეგ, მგონი, გაზეთი რევოლუციის წყარო აღარ არის, იმიტომ რომ, სხვა საშუალებები გაჩნდა.
– ერთია, რომ რუსეთს ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა საკუთარი აღიარებების ლეგიტიმაციისთვის უნდა და, მეორე – ისინი ელოდებიან, როდის გამოცვივდება ქართველი ხალხი და ჩამოაგდებს ხელისუფლებას?
– ტყუილად აქვთ ამის მოლოდინი, რადგან, არც თვითონ აქვთ ისეთი ქვეყანა, სადაც ხალხი წალდებით გამორბის და ამხობს ხელისუფლებას. მეორე მხრივ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ხალხი, რუსებიც და, ჩვენ, ქართველებიც, ძალიან დიდხანს ვცხოვრობდით სამზარეულოს პირობებში და თავს ვიმართლებდით იმით, რომ ამხელა მონსტრს ვერ ვაჯობებთ, ამიტომ სამზარეულოში ვისხედით და იქ ვიოხებდით გულს. თუკი დაგარწმუნებს ხელისუფალი, პუტინი იქნება ეს, სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, რომ შენ მას ვერ აჯობებ, სამზარეულოს კარი ყოველთვის გახსნილია. დღესაც არის უამრავი ქვეყანა, სადაც ადამიანებს შეიძლება, ჰქონდეთ ასეთი წყნარი პროტესტი, მაგრამ, ცხოვრობენ იმ რეჟიმში, როგორც ცხოვრობენ. ზოგან ერთი ხარისხის დიქტატურაა, ზოგან – მეორე ხარისხის. არის ლათინური ქვეყნები, აღმოსავლეთის ქვეყნები და, ისე არ ხდება, რომ ყველგან, მაინცდამაინც, ხიშტია გადამწყვეტი. ხშირად ხალხიცაა გადამწყვეტი. თუ ხალხში გაქრება იმის იმედი, რომ მათ პროტესტს შედეგი ექნება და შედეგში ვგულისხმობ არა ხელისუფლების შეცვლას, არამედ პროტესტის შედეგად ხელისუფლების მიერ რაღაცის დათმობას, ხალხის პროტესტი გადავა პასიურ მდგომარეობაში. ამ თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ხალხი გადავიდეს პასიური პროტესტის ფორმაზე.
– გამაგრდეს სამზარეულოში?
– დიახ. ეს კი ნიშნავს ხელისუფლების გრძელვადიანობას.
– შეიძლება, წარმოვიდგინოთ უგულავა სააკაშვილის ხაზის გამგრძელებლად?
– ის მისი გუნდის წევრია.
– მერე რა? სააკაშვილიც იყო შევარდნაძის გუნდის წევრი.
– კარგი რეპლიკაა. ნუ დაგვავიწყდება ზურაბ ჟვანიას როლი ვარდების რევოლუციის მოწყობაში. სააკაშვილი, ფაქტობრივად, ზურაბ ჟვანიამ შექმნა.
– არჩევნებში ზურაბ ჟვანიასთვის ნამდვილად არ წაურთმევიათ ხმები, ყოველ შემთხვევაში, იმდენად მაინც, რომ რევოლუცია მოეწყო.
– და, თუ ვინმემ წაართვა, ეს შევარდნაძე არ იყო. აი, ამ პირობებში, ეს გუნდი ცდილობდა, მოსულიყო ხელისუფლებაში. მათ დაინახეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა ორი გზით შეიძლება: გახდე არსებული ხელისუფლების მემკვიდრე, ან, გახდე არსებული ხელისუფლების მეტოქე. ერთიც და მეორეც შევარდნაძის მემკვიდრეები იყვნენ, მაგრამ, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ შევარდნაძემ მათ ძალოვანი სტრუქტურები არ დაუთმო და მხოლოდ ეკონომიკური სტრუქტურები მისცა, ამიტომაც დაიწყეს ოპოზიციაში გადასვლა. როდესაც ნახეს, რომ საზოგადოებაში მომწიფებულიყო განწყობა, რომ შეუძლებელი იყო შევარდნაძის დარჩენა და მომგებიანი გახდა ოპოზიციაში გადასვლა, გადავიდნენ ოპოზიციაში. პოლიტიკურ ბრძოლებში ხშირად ყოფილა ასეთ რამ. თუ უგულავასთვის აუცილებელი გახდება შემდგომ საფეხურზე ასვლა და მომგებიანი – სააკაშვილთან დაპირისპირება, მაშინ ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. პოლიტიკაში მამა-შვილი უპირისპირდება ერთმანეთს და, რა გასაკვირია, სხვადასხვა პიროვნებები რომ დაუპირისპირდნენ?!
– როგორც მივხვდი, ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი კადრებია. მაგალითად, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც პოსტზე რჩება, იმისდა მიუხედავად, რომელი „ნაციონალი“ გახდება პრეზიდენტი?
– თუ ვანო მერაბიშვილი არ დარჩება თავის პოსტზე, ნებისმიერ ხელისუფალს გაუჭირდება ქვეყნის მართვა.
– ნებისმიერს, ანუ ოპოზიციონერსაც?
– ნებისმიერს, ვინც მოვა ხელისუფლებაში. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ვანო მერაბიშვილი, რომლის ზურგს უკან არანაირი სახელისუფლო გამოცდილება არ იყო, შესანიშნავი ორგანიზატორი აღმოჩნდა – მან ააწყო სისტემა, მე არ ვლაპარაკობ ეთიკურ საკითხებზე; ამიტომ, ყველას გაუჭირდება მერაბიშვილის გარეშე.
– ესე იგი, შეუცვლელია?
– არ ეტყობა, რომ შეუცვლელია?! ვანო მერაბიშვილი, შეიძლება, ყველაზე შეუცვლელიცაა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყველაზე მეტად სწორედ მას ეკუთვნის უმაღლესი ხელისუფლის ადგილი.
– პრეზიდენტობა?
– დიახ.
– მერედა, დემოკრატია? ვანო მერაბიშვილს დემოკრატიულობაზე ნამდვილად არ აქვს პრეტენზია.
– ლეგენდებიც დადის და დოკუმენტურადაც ვიცით, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ბერია, ნომერ პირველი ჩეკისტი, იყო დემოკრატიული ცვლილებების ინიციატორი. საერთოდ, როდესაც პირველი პირის როლს იღებს ადამიანი, ის უკვე სხვა თვალით უყურებს მოვლენებს. ის კარგი ორგანიზატორია, ძალიან მოკლე დროში შეძლო ბევრი ისეთი ცვლილების გატარება, რომლებიც ვერც კი წარმოგვედგინა. თუმცა ისტორიამ იცის ფიგურები, რომლებსაც არასდროს უოცნებიათ პირველ პირობაზე სწორედ იმიტომ, რომ უმაღლესი ხელისუფლის სავარძელი დროებითია. თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს ასეთი ნაბიჯის გადადგმას, ეს საინტერესო სცენარი იქნება. ის ძალიან ერთგულია სააკაშვილის და პუტინ-მედვედევის ქართული მოდელისთვის შეიძლება, ვანო მერაბიშვილი უფრო გამოდგეს და არა გიგი უგულავა.
– ვანო მერაბიშვილი უფრო საშიში არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიდრე გიგი უგულავა?
– შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკის იმ სართულებში საშიში ყველაა.