კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დოლარი აქვს წაგებული კაზინოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

ამიერკავკასიაში ეს ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, ხოლო ამ ქვეყნის პრეზიდენტი – ქართველი ხალხის მეგობრად. საუბარია აზერბაიჯანში კულტივირებული ჰეიდარ ალიევის შვილზე, ილჰამ ალიევზე. დღევანდელ რუბრიკაში სწორედ მის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ტრადიციულ ტოპ-ათეულს გაგაცნობთ.

1. ალიევების საგვარეულო სათავეს ქურთული თემიდან იღებს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდიდან სომხეთიდან ნახჭევანში გადასახლდა. ილჰამის ბაბუა, ჰეიდარის მამა, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მუშა იყო, ხოლო მისი ძმა, ანუ ჰეიდარის ბიძა, ჰასან ალიევი, გასული საუკუნის 30-40-იან წლებში აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო და სწორედ მის სახელს უკავშირდება ჰეიდარ ალიევისა და შემდგომში ილჰამის კარიერული წინსვლა პოლიტიკაში. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ილჰამის ბაბუის ძმა პირველი ქურთი იყო, რომელმაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

2. 1982 წელს, „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელისა და ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის მოწვევით, ჰეიდარ ალიევი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადასახლდა. იმავე წელს ილჰამმა წარჩინებით დაამთავრა „მგიმო“ და 1985 წელს ლექციების კითხვა დაიწყო იმავე სასწავლებელში. საინტერესოა, რომ განცხადებაში, რომლის საფუძველზე ილჰამ ალიევი პრესტიჟულ „მგიმოში“ მოეწყო სასწავლებლად, აღნიშნული იყო, რომ გამოცდების ჩაბარების მომენტში ის 16 წლის იყო. 1987 წელს ორივე ალიევი გათავისუფლებული იქნენ სამსახურებიდან, მაშინდელი პრესის ცნობით, ჰეიდარი – ჯანმრთელობის გაუარესების, ხოლო ილჰამი – პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ალიევების მოსკოვიდან გამოძევებაში მიხაილ გორბაჩოვის ხელი ერია, რომელსაც პირადი ანტიპათია ჰქონდა უფროსი ალიევის მიმართ. ბაქოში დაბრუნებულმა ილჰამმა ბიზნესს მოჰკიდა ხელი, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც მამის გაპრეზიდენტების შემდეგ დაბრუნდა.

3. აზერბაიჯანული ოპოზიციის ცნობით, ილჰამ ალიევი ფლეგმატური და პოლიტიკური მოღვაწეობისთვის აშკარად მოუმზადებელი ადამიანია: მას გვიან უყვარს გაღვიძება და სამსახურში მხოლოდ შუადღის შემდეგ ჩნდება. ამბობენ, რომ ერთი ხანობა ჰეიდარი პირადად ურეკავდა ილჰამს დილაობით და აიძულებდა სამსახურში სიარულს. იმავე ოპოზიციის ცნობით, ილჰამ ალიევი დღის განმავლობაში მხოლოდ 5 საათს მუშაობს და დროის ამ მონაკვეთსაც ძირითადად თავის საყვარელ კომპიუტერულ თამაშებს უთმობს. სამსახურის შემდეგ ალიევი დროს თავის მეგობრებთან ერთად ატარებს და ხშირად მათი „სამუშაოდან განტვირთვა“ დილამდე გრძელდება.

4. ილჰამ ალიევის ოპონენტები ხშირად ახსენებენ მის სისუსტეს კაზინოების მიმართ. ილჰამი კაზინოების ხშირი სტუმარი იყო და ყოველდღიურად ასობით ათას დოლარს „რულეტკებთან“ და ბლექჯეკის მაგიდებთან ტოვებდა. 1998 წლის იანვარში, ბაქოს დიპლომატიური სასტუმრო „ევროპის“ კაზინოში წარუმატებელი სტუმრობის შემდეგ, ილჰამ ალიევმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა – 6,5 მილიონი ამერიკული დოლარი წააგო და ეს აღმოჩნდა უკანასკნელი წვეთი ჰეიდარ ალიევისთვის: მომდევნო დღეს თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც კაზინოების „კრიშად“ ითვლებოდა რესპუბლიკაში, ხოლო მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით აიკრძალა კაზინოებისა და სხვა სათამაშო სახლების მუშაობა.

5. ოპოზიცია ხშირად უხსენებს ილჰამ ალიევს საკუთარი კაპრიზების გამო გადადგმულ არამოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ბაქოს საგზაო მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსი შირინოვი, ალიევმა თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო მოხსნა, რომ არ მოსწონდა, საპრეზიდენტო კორტეჟის ქალაქში მოძრაობის დროს, ბაქოს მთავარი „გაიშნიკის“ ავტომობილი ალიევის „ლიმუზინის“ წინ რომ მოძრაობდა. სხვათა შორის, მოგვიანებით შირინოვი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და, როგორც ამბობენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის ილჰამ ალიევის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას.

6. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ილჰამ ალიევის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას, თავის მეუღლეზე გაცილებით დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვს. მეჰრიბან ალიევა პოსტსაბჭოთა და ევროპის სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ ითვლება და თაყვანისმცემლები მას „აზერბაიჯანელ სოფი ლორენს“ უწოდებენ. მეჰრიბანი ხშირად იღებს მონაწილეობას საკმაოდ პიკანტურ ფოტოსესიებში, გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანულ პოლიტიკაშიც. ის არის იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი და ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. მეჰრიბან ალიევას ინიციატივით აზერბაიჯანში 2007-2009 წლებში განხორციელდა უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი ამნისტია, რის შემდეგაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს 18 ათასი ადამიანი.

7. ცალკე აღნიშვნის ღირსია ალიევების ოჯახის დანათესავების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აზერბაიჯანელის, „ფორბსის“ ვერსიით, რუსეთის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მყოფ, „კროკუს გრუპის“ მფლობელი მულტიმილიონერის, არაზ აგალაროვის ოჯახთან. ილჰამისა და მეჰრიბანის უფროსი ქალიშვილი, ლეილა ალიევა, არაზის ვაჟიშვილის, ემინ აგალაროვის მეუღლეა და წყვილი მოსკოვში, ფეშენებელურ პენტ-ჰაუსში ცხოვრობს. ემინი ბიზნესით არის დაკავებული, ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ის ცნობილი ბრენდების ტანსაცმლის გაყიდვით იყო დაკავებული, ხოლო მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მან მამის მიერ დაარსებულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, ცნობილია ემინის გატაცება მუსიკით. ის თვითონ წერს სიმღერებს და ორი ალბომიც აქვს გამოშვებული. აღსანიშნავია, რომ ემინის კლიპებში მთავარ როლს ლეილა ალიევა ასრულებს. ემინისა და ლეილას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლება მოსკოვურ ბომონდში.

8. 2008 წელს გახმაურებული სკანდალი მოჰყვა ილჰამ ალიევის ფარული მოსმენების ფაქტის გამოვლენას. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს ბაქოს აეროპორტის თანამშრომლები და სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნები, რომელთაც ბრალად ედებოდათ ილჰამ ალიევის ფარული მოსმენების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მიყიდვა. აღმოჩნდა, რომ ბაქოს აეროპორტის თანამშრომლებს, აეროპორტის სამთავრობო დარბაზში დამონტაჟებული ჰქონდათ მოსასმენი აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ახორციელებდნენ ილჰამ ალიევისა და მისი სტუმრების საუბრების ჩაწერას.

9. 2005 წელს აზერბაიჯანულ საქმიან ჟურნალ „ჰესაბატში“ გამოქვეყნდა 30 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია და აღმოჩნდა, რომ ამ 30-დან მხოლოდ 6 იყო ბიზნესმენი, დანარჩენებს სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობა ეკავათ. პირველი ათეულის წევრებიდან კი ცალკე აღნიშვნის ღირსია აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის უფროსი, ქემალედინ ჰეიდაროვი, ილჰამის ალალი ბიძა – ჯალალ ალიევი, შინაგან საქმეთა მინისტრი რამილ უსუბოვი და ილჰამ ალიევის პირადი დაცვის უფროსი – ბეილარ ეიუბოვი. დასავლელი ექსპერტები აზერბაიჯანის მთავრობას ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულად მიიჩნევენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საინტერესოა, რომ ალიევებიდან სიაში მხოლოდ ილჰამის ბიძა ფიგურირებდა, ხოლო თვითონ ილჰამი მოხსენიებული არ იყო. თუმცა, აზერბაიჯანულ ოპოზიციას რეიტინგის გამოქვეყნებამდე, დათვლილი ჰქონდა ჰეიდარ ალიევის შვილების ქონება – ილჰამ ალიევი – 11 მილიარდი დოლარი, სევილ ალიევა – 13 მილიარდი დოლარი.

10. აზერბაიჯანელმა კულინარებმა ქალაქ განჯიდან, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 48-ე დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, გამოაცხვეს ყველაზე დიდი ტორტი ევროპაში. ეს კულინარიული შედევრი – 48 მეტრი სიგრძისა და 11 ტონა სიმძიმის გრანდიოზული ტორტი – განჯის მთავარ მოედანზე გაიტანეს, სადაც მისი დაგემოვნება 30 ათასმა ადამიანმა შეძლო. ტორტის ცენტრში გამოსახული იყო ციფრი „48“, ხოლო გვერდებიდან მას ამშვენებდა ქალაქ განჯის გერბი და არქიტექტურა. ტორტის დასამზადებლად გამოიყენეს 3,5 ტონა ფქვილი, 3 ტონა შაქარი, 500 კილოგრამი ნაღების კარაქი, 35 ათასი კვერცხი და 500 კილოგრამი თხილი.


скачать dle 11.3