„ბნედა ცუდი მძულსა“
ცრემლის ძალა
ის, რომ ტარიელისთვის ტირილი უცხო ხილი არ იყო, თვით ქართული გამორეფორმირებული სკოლის მოსწავლესაც მოეხსენება (ჯერჯერობით და, ყოველ შემთხვევაში, გადმოცემით მაინც), თუმცა, პოსტრევოლუციური ქართული რეალობაც ადასტურებს, რომ არც დღეს ეტოშებათ ქართველ მამაკაცებს (ჯერჯერობით და, ყოველ შემთხვევაში, ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს, ქალებს ამას ვერ ვაკადრებ) კურცხლების ყრა. ჰოდა, რაკი არ ეტოშებათ, სულ თავდაპირველად, საჯაროდ გამოსვლისას ცრემლი პარლამენტის წევრ ბ-ნ ცაგარეიშვილს წასკდა. მართალია, მაშინ ამ თემაზე „ნაციონალურმა“ პოლიტელიტამ ბევრი იქილიკა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვიანებით ცრემლის ძალის მათაც იწამეს და წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლში (კენჭს პრეზიდენტად მეორე ვადით რომ იყრიდა) კურცხალი ბ-ნ სააკაშვილსაც ჩამოუგორდა. მაშინ ამ თემაზე უკვე მისი „არანაციონალი“ ოპონენტები აქილიკდნენ, უმეტესწილად იმ მიმართულებით, რომ სითხე ვაზელინით იყო შეზავებული, ანუ ცრემლი ხელოვნური იყოო (და არა იმიტომ, „რატომ ტირის ტირიფიო“). სულ ახლახან კი, როდესაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ზურაბ ნოღაიდელს შემოუმტკიცდა და ამ საქმეში შედუღაბება ჭადრაკის სასახლეში გადაწყდა, კიდევ ორი ქართველი მამაკაციც ატირდა (რა თქმა უნდა, საჯაროდ, რადგან ჩვენ ბალიშთან ტირილის საქმეში არ ვერევით!): ბ-ნი გაჩეჩილაძე და ბ-ნი მაღრაძე. მართალია, კაციც ადამიანია (თუ ფემინიზმია, ფემინიზმი იყოს!), მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ქართულ პოლიტიკაში მამაკაცური ცრემლის დამკვიდრებას ვერ მივესალმები, თუმცა, შესაძლოა, საპირისპირო აზრის მქონე შემომედავოს, ტარიელიც ტიროდაო. რა თქმა უნდა, ტიროდა, ოღონდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვეფხვებს ჰაერში ცოცხლად ატყავებდა და მანამ, ვიდრე „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა, ვითა ქორი“. რაც მთავარია, მოტირალ ტარიელს ნესტანი უკიჟინებდა, „ბნედა ცუდი მძულსაო“! ხოლო, რაკი ვერც მე გამოვდგები ნესტანად და ვერც ჩემი თანამემამულე მამაკაცები – ტარიელებად (ვისაც არ სჯერა, საქართველოს რუკას დახედოს), სავარაუდოდ, კითხვის: „რატომ ტირის ტირიფი“? პასუხია: იმიტომ, რომ, „მთელი წელიწადია, გაღმა გასვლა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სკამზე ასვლა) სწადია“.