პოლიტიკური 3D
ანუ ჯეიმს კამერონის წვლილი – დებატებში ქართულად
აღდგენილი ტრადიციის წყალობით, გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ წარდგა ხალხის რჩეულების წინაშე; მეტიც, თვით რჩეულებსაც მოუსმინა და, ბოლოს, კიდეც უპასუხა. პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობამ, ჩვეულებისამებრ, პომპეზურად ჩაიარა: ტაშის, გმირების, რუსი (რა თქმა უნდა, დემოკრატიულად მოაზროვნე) სტუმრებისა და დიპკორპუსის თანხლებით. თუმცა, ისიცაა, რომ ამ უკანასკნელთაგან (ანუ დიპლომატთაგან) დარბაზს ბოლომდე მხოლოდ აშშ-ის ელჩი შემორჩა. შესაძლოა, ამიტომაც, პრეზიდენტი თავისი ბოლო გამოსვლისას უჩვეულოდ კორექტული გახლდათ. მეორე მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა და უმრავლესოელებმა მიღწევებსა და მათ მიერ აყვავებულ ქვეყანაზე ისაუბრეს, არასაპარლამენტო ოპოზიციის გამომსვლელებმა – სრულიად საპირისპიროზე (გამონაკლისი ბ-ნი თორთლაძე გახლდათ, რომელიც არც იქით იყო, არც – აქეთ). ყველაზე შთამბეჭდავად მაინც „ქრისტიან-დემოკრატები“ გამოიყურებოდნენ (რაც არ არის გასაკვირი მათი ჟურნალისტური წარსულის გათვალისწინებით). შესაბამისად, უმრავლესობის დამრტყმელი ძალაც გაისარჯა, რომელსაც ბ-ნები – გაბაშვილი (გოკა) და ცისკარიშვილი (პეტრე) წარმოადგენდნენ (მათი ფუნქცია ოპოზიციონერი გამომსვლელების განეიტრალება იყო). თუმცა სიტყვა-პასუხის სიმწარესა და სიმძაფრეში „ქრისტიან-დემოკრატების“ ფონზე დაიჩაგრნენ. ბუნებრივია, დებატების დამთავრების შემდეგაც მხარეები თავ-თავიანთი აზრების ერთგულნი დარჩნენ (ხელისუფლება, – დარწმუნებული, რომ ქვეყანა ააშენა, ოპონენტები კი – იმაში დაჯერებული, რომ ვერაფერიც ვერ აშენდა). შესაბამისად, „კრება დარჩა მხიარული“, ისიც იმ პროზაული მიზეზის გამო, რომ ბ-ნი თარგამაძის (გიორგი) მიერ შემოტანილი „ავატარის“ თემა (პრეზიდენტს „ავატარების“, ანუ გარემოცვის მავნე ზეგავლენისგან გათავისუფლება ურჩია) სახელისუფლო ძალებმა აქტიურად აიტაცეს, „ავატარები“ თქვენკენ მოიკითხეთო (ანუ, ვინ არის სიმპათიურიო?!). ასე რომ, მართალია, ვერ გავიგეთ, ეს ქვეყანა ინგრევა თუ შენდება, მაგრამ, სამაგიეროდ, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ეს ჩვენი პოლიტელიტა (მიუხედავად იმისა, რომელ მხარესაა) მსოფლიო მიღწევებს ფეხდაფეხ მიჰყვება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მის კინემატოგრაფიულ განშტოებას.