როგორ დაამარცხა ქართულმა მთის ძაღლმა 35 000 დოლარად შეფასებული ნაგაზი და რა თანხა მოიგეს ტოტალიზატორში ამ გამარჯვებით
მართალია, ძაღლების ორთაბრძოლები ოფიციალურად დაშვებული არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში მაინც ტარდება, მათ შორის საქართველოსა და სომხეთშიც. როგორც გავიგეთ, სომხეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ძაღლების ჩხუბი და მათი ორთაბრძოლების სანახავად 15 000 მაყურებელი მაინც მიდის, მოქმედებს ტოტალიზატორი და იდება ფსონები. ჩვენი რესპონდენტი ყოფილი სპორტსმენი, მკლავჭიდელი ზაზა გუგენაშვილია. ჩემპიონმა ჩემპიონი ძაღლი გაზარდა და ტიტულებიც დააგროვა. „ჯარჯი“ 6 წლის 21 მარტს ხდება, ზაზა კი 23-შია იუბილარი. ჩხუბი 22 მარტს იმართება. ჯარჯის თავისი გამარჯვებით ხშირად საუკეთესო საჩუქარი გაუკეთებია პატრონისთვის.
ზაზა გუგენაშვილი: ჯარჯი სუფთა სისხლის ქართული მთის ნაგაზია, „ყაზბეგური ნაგაზი“ ასე ეწოდება ამ ჯიშს. 21 მარტს უკვე 6 წლის ხდება, 75 კილოგრამს იწონის და მისი სიმაღლე მინდაოდან 80 სანტიმეტრია. ჯარჯი უკვე სამი-ოთხი წელია საქართველოში პირველ ნომრად ითვლება, ხოლო სომხეთში ორჯერ ოფიციალურად გახდა ჩემპიონი, 2008-2009 წლებში.
– ჯარჯი სომხეთში ძალიან პოპულარულია?
– ჯარჯის „სომხების კიბოს“ ეძახიან. სომხებმა რა ძაღლები აღარ იყიდეს დაღესტანსა და რუსეთში იმისთვის, რომ ჯარჯი დაემარცხებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. სომხეთის ჩემპიონსაც კი შეახვედრეს და მაინც ვერ დაამარცხეს.
– როგორც ვიცი, საქართველოში ოფიციალურად არ არის დაშვებული ძაღლების ბრძოლა.
– ოფიციალურად სომხეთშიც არ არის დაშვებული, მაგრამ მაინც ტარდება. რუსეთსა და დაღესტანში, ისევე, როგორც სომხეთში ამას კავკასიური ნაგაზის ტესტირებას უწოდებენ. ანუ, ამ ჯიშის ძაღლებს რინგზე ბრძოლის უფლება აქვთ. მათ უნდა იბრძოლონ. დათვზე ისე მიდიან, მისი არ ეშინიათ.
– ჯარჯი თქვენი გაწვრთნილია?
– დიახ, ჯარჯი მე თვითონ აღვზარდე. მას ძალიან სერიოზული მოვლა სჭირდება. მე თვითონ ყოფილი სპორტსმენი ვარ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. როგორც მე ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი, იმაზე ნაკლები მომზადება არც ამას სჭირდება.
– დღეში რამდენ კილომეტრს დარბის?
– დღეგამოშვებით ათ კილომეტრს ვარბენინებ.
– კვებას რაც შეეხება?
– ის იკვებება როგორც ახალი ხორცით, ასევე ხარისხიანი „კორმითა“ და ვიტამინებით.
– კინოლოგები ამბობენ, რომ ძაღლი ოჯახის წევრებს შორის თავად ირჩევს „ლუბიმჩიკს” და „ვაჟაკს,” რომელიც შეიძლება, ან ერთი და იგივე ადამიანი იყოს, ან – სხვადასხვა.
– ჯარჯის ისე ვუყვარვარ, რომ მისთვის ყველაფერი ვარ. რინგზე რომ გადის, ძაღლმა რომ მოკლას, ჩემი ხათრით არ დანებდება.
– ისიც დამტკიცებულია, რომ ქართული მთის ძაღლი, ბრძოლაში ფსიქოლოგიურად ყოველთვის სჯობნის კავკასიურ ნაგაზს.
– ძაღლების ჩხუბში პირველი ადგილი მათ ფსიქიკას უჭირავს, ანუ, საბოლოოდ ძლიერი იმარჯვებს, ძლიერი ფსიქიკის მქონე. ჯარჯის, შეიძლება ითქვას, არანორმალური ფსიქიკა აქვს, რომელსაც ყველა აღიარებს: ის არასდროს ნებდება და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე აღწევს წარმატებას.
– საქართველოში ბევრია ჯარჯისნაირი ძაღლი?
– ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავს ასეთი კარგი ძაღლი. სომხეთში ზაურ ცხადაძის ძაღლმაც გაიმარჯვა.
– ზაურ ცხადაძის ძაღლს თუ შეხვედრია რინგზე ჯარჯი?
– მე და ზაური ძაღლებს შეგნებულად არ ვაჩხუბებთ. ჯარჯის მსგავსად, „მაქსიც“ წაუგებელი ძაღლია და ჩხუბის დროს ისინი ერთმანეთს შეაკვდებიან, რადგან არც ერთი არ დათმობს. საქართველოში ყველა მოყვარული გვთხოვდა, რომ ეს ორი ძაღლი ერთმანეთისთვის შეგვებრძოლებინა, მაგრამ უარი ვთქვით. სხვათა შორის, ზაურ ცხადაძე ამბობდა, მე და ზაზა მკლავჭიდში ვიყავით ჩემპიონები და ძაღლებიც ჩემპიონები გავზარდეთო.
– ბრძოლის დროს ტოტალიზატორი თუ მოქმედებს?
– დიახ, ფსონები იდება. ჯარჯის იმდენად ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავს ყოველთვის, რომ ფსონის დადება ვერ გავბედე. თუმცა, ისეთ ძაღლს მოუგო, რომელსაც არც ერთი წაგება არ ჰქონია მანამდე.
– ყველაზე მეტი რა თანხა აქვს ჯარჯის მოგებული?
– სხვათა შორის, რომ გამერისკა და ბრძოლის დროს ჯარჯიზე დამედო ფსონი, ძალიან დიდ ფულს მოვიგებდი, დაახლოებით ერთი ოცზე მაინც.
– სხვას რამდენი აქვს მოგებული ჯარჯის წყალობით?
– 2008 წელს სომხეთში, დილიჟანში იყო შეჯიბრება. მეუბნებოდნენ, როგორ ბედავ, ჯარჯის „ლოვასთან“ საჩხუბრად გაყვანასო. მეც ვპასუხობდი, მოგების იმედი რომ მაქვს, იმიტომაც ვუშვებ-მეთქი. ფსონების თითქმის 95 პროცენტი ლოვაზე იყო დადებული. ორი რაუნდი იჩხუბეს, დაახლოებით, 20 წუთი. ჩხუბი რომ დამთავრდა, სამი სომეხი ისეთი გახარებული იყო, მომცვივდნენ და ლამის ხელში ამიყვანეს – ჯარჯის გამარჯვებით მათ 20 000 დოლარამდე მოიგეს. ჯარჯის დამარცხებულ ძაღლში პატრონს 35 000 დოლარი ჰქონდა გადახდილი.
– საინტერესოა, ჯარჯი რა თანხად გყავთ ნაყიდი?
– არ მიყიდია, მაჩუქეს. დაახლოებით, 3 წლიდან ჩემთან იზრდება.
– ჩხუბს რამდენი ადამიანი ესწრება?
– სომხეთში ძალიან პოპულარულია ძაღლების ბრძოლა, დიდ სტადიონზე ტარდება და დაახლოებით, 10-15 ათასი მაყურებელი ესწრება. ბილეთებს 3 დოლარად ყიდიან, ფუნქციონირებს ტოტალიზატორი. ასე რომ, საკმაოდ სარფიანი ბიზნესია.
– ჩხუბის დროს თქვენი ძაღლი არ გეცოდებათ? ალბათ, ტრავმების ალბათობა ასეთ დროს ძალიან დიდია.
– სიმართლე გითხრათ, მე ის ძაღლი უფრო მეცოდება, რომელსაც ჯარჯი ეჩხუბება. ტრავმებს რაც შეეხება, ხშირად მიუღია. ჯარჯი სულ შრამებშია, ერთი ეშვიც შესწირა ჩხუბს, შუბლიც გატეხილი ჰქონდა. ბრძოლის შემდეგ მას აუცილებლად სჭირდება ხოლმე მკურნალობა. მე თვითონ საქართველოს ჩემპიონი ვარ, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს მეორე პრიზიორი. არც ერთხელ ჩემი მოგება ისე არ გამხარებია, როგორც ჯარჯის მოგებები მიხარია. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე მე და ზაურმა ერთხმად ვაღიარეთ, რომ არც ერთს ჩვენ შეჯიბრებებზე ისე არ გვინერვიულია, როგორც ამათზე განვიცდით ხოლმე. ძალიან დიდი სიყვარული იცის ძაღლმა. სომხები ნებისმიერ თანხად მზად იყვნენ ჯარჯის შესაძენად.
– მაინც რა თანხას გთავაზობდნენ?
– არ ვიცი, არ ვალაპარაკე ამ თემაზე, მაინც არ გავყიდდი და, ვიფიქრე, ისეთი თანხა არ მითხრან, გული რომ დამწყდეს-მეთქი. ორი წლის განმავლობაში მეხვეწებოდნენ, მოგვყიდეო.
– ჯარჯი ყველა ბრძანებას გისრულებთ?
– ჯარჯი არ არის ის ტიპი, ბრძანებები შეგისრულოს, ძალიან ჯიუტი ძაღლია. ჯიუტი ძაღლები ძნელი დასამორჩილებლები არიან, ჩხუბშიც თავიანთი ფსიქიკის ხარჯზე იგებენ ბრძოლას.
– ცნობილი ფაქტია, რომ ძაღლები ხშირად ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობენ, თუკი მათი საყვარელი პატრონის ყურადღება მოაკლდათ.
– ცოტა ეჭვიანი ნამდვილად არის. მე ჯარჯის გარდა სხვა ძაღლებიც მყავს. ახალი ძაღლი მყავდა შინ მიყვანილი და ეზოში ვეფერებოდი. ჯარჯიმ რომ დაინახა, გამოვარდა, ეცა და სასწაული ჩხუბი დაიწყეს. ვერ აიტანა, იმ ძაღლს რომ მივეფერე.
– ადამიანებზე არ ეჭვიანობს?
– არა. საერთოდ, მოჩხუბარი ძაღლი ნაკლებად აგრესიულია ადამიანების მიმართ. ის ხალხზე უკიდურეს შემთხვევაში რეაგირებს. როცა თავის ტერიტორიაზეა და სახლს იცავს, ვერავინ მივა მასთან ახლოს და ვერ მოეფერება, მაგრამ ჩემთან ერთად ნებისმიერს აძლევს მოფერების საშუალებას.
– როცა პატრონს საფრთხე ელის, რას შვრება?
– თუ შეატყო, რომ პატრონს საფრთხე ელის, თავს გაწირავს, არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.
– რამდენი შვილი ჰყავს?
– ძალიან ბევრი, მარტო მე ჯარჯის 3 შვილი მყავს შინ. მამის მსგავსად ისინიც ძალიან ძლიერები არიან და ჯარჯის საქმეს გააგრძელებენ.
– ჯარჯის წინაპრები ვინ არიან?
– ჯარჯის ბაბუა, ორგზის ესენგეს და ორგზის კავკასიის ჩემპიონი „ხოდა“ იყო. ოსებს ჰყავდათ მერე და ისინი აჩხუბებდნენ. დედ-მამაც მებრძოლები ჰყავდა.
– რის მიხედვით ჩერდება ბრძოლა?
– ერთ-ერთი ძაღლი კბილს კბილზე არტყამს და მაგით აგებინებს მეორეს, რომ ბრძოლა წააგო. ამ დროს მოწინააღმდეგეს მიაჩნია, რომ გაიმარჯვა და აღარ ებრძვის. ბრძოლის დროს თუ ერთ-ერთმა დაიწკმუტუნა ან რინგიდან გაიქცა, წაგების მანიშნებელია.
– რა თანხად არის დღეს ქართული მთის ნაგაზის შეძენა შესაძლებელი?
– საქართველოში არა, მაგრამ შუა აზიასა და რუსეთში ქართული მთის ნაგაზი 2 000-დან 3 000 დოლარამდე ღირს.