ვიკა ლემონჯავა: „ადვილად სამართავია შეყვარებული მამაკაცი, ყველაფერს გააკეთებინებ“
20 წლის ვიკა ლემონჯავა სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე. ის დაახლოებით ერთი წელია, რაც ლიკა ყაზბეგის მოდელია.
ვიკა ლემონჯავა: ბავშვობიდან მინდოდა მოდელი ვყოფილიყავი, ძალიან მსიამოვნებს ამ საქმის კეთება. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო ჰობია, თანაც პოდიუმზე სიარული უფრო მეტ თავდაჯერებულობას მმატებს, ყურადღების ცენტრში ხშირად ვარ და ეს ძალიან სასიამოვნოა.
– როგორ რეაგირებ კომპლიმენტებზე?
– კომპლიმენტებს მიჩვეული ვარ და არ მიკვირს, როდესაც ვინმე რამეს ამბობს ჩემზე, თან ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. ძირითადად ჩემს თვალებზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს.
– საკუთარი თავი დაახასიათე...
– ძალიან მხიარული, თბილი, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, ბევრი მეგობარი მყავს. იშვიათად ვბრაზდები, მაგრამ თუ გავბრაზდები, მერე ვყვირი, ვჩხუბობ, ყველაზე ჯავრს ვიყრი.
– როგორი გართობა გიყვარს?
– მარტო თითქმის არასდროს ვარ, მეგობრებთან ერთად კარგად ვერთობი. მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა, ცეკვა, გართობა.
– ძირითადად როგორი კატეგორიის თაყვანისმცემლები გყავს?
– ძალიან ასაკოვანი თაყვანისმცემლებიც მყოლია და ჩემი ასაკისაც. ძირითადად ჩემზე ასაკით უფროსები მომწონს, ალბათ, აქედან გამომდინარე, უმცროსების ყურადღება არ შემიმჩნევია. როგორც ყველა გოგონას ჩემს მოსახიბლავადაც ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებენ – ყვავილებს მიძღვნიან, კორპუსებზე აწერია: ვიკა მიყვარხარო. ეს სასიამოვნოა, ოღონდ მაშინ, როდესაც იცი, ეს ვინ გაგიკეთა.
– როგორ ურთიერთობა გაქვს მათთან?
– აგრესიული არ ვარ, უბრალოდ როდესაც ბიჭი არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები – იცი, არ მომწონხარ და არ მინდა შენთან ურთიერთობა-მეთქი. ზოგჯერ გამიბრაზებია ბიჭი, როცა მითქვამს, იცი, რა მე შენ არ მომწონხარ და თავი არ შეიწუხო ჩემი მოხიბვლით-მეთქი. ასეთ დროს პირიქით, ცდილობენ, დამიახლოვდნენ და თავი შემაყვარონ. როდესაც ერთი მომწონს, სხვა უკვე სულერთია ჩემთვის.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– გარეგნობას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ჩემი „პაკლონიკი“ არასდროს ყოფილა მახინჯი, ყოველთვის სიმპათიური ბიჭები არიან ხოლმე. ხასიათს უფრო ვაქცევ ყურადღებას. ისე, მომწონს მაღალი, შავგვრემანი ბიჭები, ოღონდ ცისფერთვალება არა. რაც მთავარია, მამაკაცი უნდა იყოს მეგობრული, მკაცრი და ცოტა მიუწვდომელიც, უნდა დაგაინტერესოს, თავი მოგანატროს. უფრო მიუწვდომელი ბიჭები მომწონს. როდესაც მამაკაცი ყველაფერს მაშინვე გაგიკეთებს, გეკარგება მის მიმართ ინტერესი, ჯობია ცოტა გაწვალოს.
– საყვარელი მამაკაცისგან აიტან აკრძალვებს?
– თუ გიყვარს მამაკაცი, შეიძლება დათმობაზეც წახვიდე, თუმცა მამაკაცს უნდა სიამოვნებდეს, რომ მის გვერდით ლამაზი ქალი, მოკლე კაბასაც იცვამს. ძალიან თუ მეყვარება, ალბათ, რაღაც დათმობაზე წავალ. თან გააჩნია, როგორ გეტყვის. თუ გთხოვს, ყველანაირ დათმობაზე წახვალ, რომ მას ასიამოვნო. რომ გიბრძანოს, შეიძლება, არც გინდოდეს და იმის ჯინაზე გააკეთო რამე.
– ხშირად მამაკაცებს უყვართ ქალის თავის ჭკუაზე ტარება.
– ისეთი მამაკაცი არ მომეწონება, რომელიც შეეცდება თავის ჭკუაზე მატაროს. არც ისეთი მომეწონება, ჩემს ჭკუაზე, რომ ვატარო.
– როგორ ფიქრობ, შეყვარებული მამაკაცების მართვა იოლია?
– ალბათ, ადვილად სამართავია შეყვარებული მამაკაცი, ყველაფერს გააკეთებინებ. თუმცა, შეყვარებული ქალიც იოლად სამართავია.
– რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა, რომ შენი გული დაიპყროს?
– ყურადღებიანი უნდა იყოს. თუმცა, ხანდახან უყურადღებობაც სასიამოვნოა. არ არის აუცილებელი საჩუქრებით ამავსოს. უნდა დამიახლოვდეს, კარგად გამიცნოს, რომ მერე ავაწყოთ ურთიერთობა. ჯერ უნდა შეისწავლოს ჩემი ბუნება და მერე უნდა იმოქმედოს.
– კონტროლი მოგეწონება?
– კი, მომეწონება რომ გამაკონტროლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაინტერესებ. მეც გავაკონტროლებ საყვარელ მამაკაცს, ოღონდ ზომიერად.
– როგორი რეაქცია გექნება, როდესაც გაიგებ, რომ შენი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან დადის?
– როცა შეყვარებულები ვიქნებით, წავიდეს სხვა ქალთან, ეს რომც გავიგო, მერე რა მოხდა.
ტატა დევდარიანი