მითები მამაკაცებზე
რატომ ვერ ახერხებს ზოგიერთი ქალი მამაკაცების გულის მონადირებას?! – იმიტომ რომ ისინი მითების ტყვეობაში არიან, ამ მითებს კი მამაკაცებზე ისევ ქალბატონები ქმნიან, რითაც თავსაც იტყუებენ და სხვაც შეჰყავთ შეცდომაში. მაგალითად, ძალიან ბევრი ქალი გულმოდგინედ იყვითლებს თმას, რადგან, დარწმუნებულია, რომ ყვითელი თმით მამაკაცებში გაცილებით მეტ პოპულარობას მოიხვეჭს. სულაც არა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მამაკაცებს შავგვრემანი და ბუნებრივი „შეფერილობის“ ქალები უფრო მოსწონთ. სხვათა შორის, ფრჩხილებსაც სულ ტყუილად იზრდით წარმოუდგენელ სიგრძემდე. მამაკაცების უმრავლესობას ასეთი მანიკიურის, რბილად რომ ვთქვათ, ეშინიათ. მათ ურჩევნიათ, ქალს მოკლე, სუფთა ფრჩხილები ჰქონდეს, თანაც, არც ისე მკვეთრი ლაკით. ხელოვნური, დაწებებული ფრჩხილების აზრი კი საერთოდ არ ესმით. ვერ ხვდებიან, რატომ უნდა გაიწამო თავი გაურკვეველი „სილამაზისთვის“. ასეთი მსხვერპლი ნებისმიერი კაცისთვის მიუღებელია. მითია ის, რომ მამაკაცს, თავისზე უმცროსი ქალი ურჩევნია. ის მამაკაცი, რომელიც გაცილებით უმცროს ქალს „აბამს“, არ არის საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, ანუ არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს. მან იცის, რომ თანატოლი ქალის დაკმაყოფილება, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ასპექტში, გაუჭირდება. მეორე კატეგორია მამაკაცებისა ფულიანია და ცდილობს, დაკარგული წლების რეალიზება სიბერეში მოახდინოს, ანუ, „იგულავოს“ და გაიხაროს. ჩამოყალიბებულმა მამაკაცმა, რომელიც პიროვნულად შემდგარია, ზუსტად იცის, რა უნდა და ქალის ასაკი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუკი ის მას საინტერესოდ და თანასწორად აღიქვამს.