რის სანაცვლოდ უნდა ნობელის პრემიის მიღება „დაკარგულების“ კორეელ ვარსკვლავს, დენიელ დაე კიმს და რის გამო დათანხმდა სერიალში თამაშზე იუნჯინ კიმი
როდესაც 2004 წლის სექტემბერში თვითმფრინავმა „ოშეანიკ 815-მა“, რეისით – სიდნეი-ლოს-ანჯელესი, კატასტროფა განიცადა საიდუმლო კუნძულზე, ეს ყველაზე პოპულარული და ცნობილი სერიალი მილიონობით მაყურებელმა შეიყვარა, და სერიალის გმირები კი გაერთიანდნენ ერთი სახელწოდების ქვეშ – „დაკარგულები“. სერიალის პრემიერის დღიდან ხუთ-ნახევარი წლის გასვლის შემდეგ „დაკარგულების“ თაყვანისმცემელთა მრავალმილიონიანი აუდიტორია ერთ დიდ საერთაშორისო საზოგადოებად გადაიქცა, ხოლო სერიალში დაკავებულმა მსახიობებმა ვარსკვლავების სტატუსი მოირგეს. სერიალმა დიდი როლი ითამაშა ნაკლებად ცნობილი მსახიობების ცხოვრებაში, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეს და მიხვდნენ, რომ ძალიან ცნობილი სახეები არიან. ასეთი მსახიობების კატეგორიას მიეკუთვნებიან სერიალის ცენტრალური პერსონაჟების – ჯინისა და სუნის როლის შემსრულებლები: დენიელ დაე კიმი და იუნჯინ კიმი.
კორეელი მაჩო – დენიელ დაე კიმი
დენიელ დაე კიმი, რომელიც ამერიკაში ცნობილია მეტსახელებით – დენი და დიდიქეი, დაიბადა 1968 წელს, სამხრეთკორეულ ქალაქ პუსანში. 1970 წელს დენიელი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში გადავიდა საცხოვრებლად. აღსანიშნავია, რომ „დაკარგულებში“ გადაღებამდე მან არ იცოდა კორეული ენა, რომლის შესწავლა მისი როლის გამო გახდა აუცილებელი. საინტერესოა, რომ მასწავლებლების პარალელურად ენის ათვისებაში დენიელს მისი ეკრანული მეუღლე, იუნჯინ კიმი ეხმარებოდა. სხვათა შორის, დენიელი და იუნჯინი მოგვარეები არიან და, ვერსია, რომ ისინი ნათესავები ან რეალური ცოლ-ქმარი არიან, მცდარია. დენიელს ხელოვნებაში ბაკალავრის დიპლომი და სამსახიობო ოსტატობის კურსები აქვს გავლილი ნიუ-იორკის ხელოვნების უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში დენი დაკავებული იყო უნივერსიტეტთან არსებულ თეატრში, იგი სხვადასხვა როლს ასრულებდა სპექტაკლებში, მაგრამ, ზოგადად ხელოვნებას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და მომავალში საბანკო საქმის შესწავლას გეგმავდა. დღევანდელი გადმოსახედიდან რთულია იმის თქმა, თუ როგორი კადრი დაკარგეს ამერიკულმა ბანკებმა დენიელის სახით, მაგრამ, ფაქტია, რომ, როდესაც პროფესიის არჩევის დრო დადგა, დენიმ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც მსახიობობა არჩია. დენიმ პირველი როლი ჰოლივუდში შეასრულა ფილმში „ამერიკელი შაოლინი“ და მას შემდეგ ხშირად იწვევდნენ ეპიზოდურ როლებში სათამაშოდ, სადაც მას აზიური გარეგნობის, ბრუტალური პერსონაჟები უნდა განესახიერებინა. ერთ-ერთ ინტერვიუში დენი იხსენებდა: „ჰოლივუდში კარიერის გაკეთება ურთულესია. აზიური გარეგნობის მსახიობებს ძირითადად იაფფასიან, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში იწვევენ, სადაც ისინი ან ტერორისტების, ან აზიური მაფიის წევრების როლებისთვის სჭირდებათ. კორეელების რაოდენობა კი ჰოლივუდში ისედაც ცალი ხელის თითებზეა დასათვლელი და არავინ იცის, რამდენ ხანს მომიწევდა ლოდინი, რომ არა „დაკარგულები“. სხვათა შორის, „დაკარგულებამდე“ დენიელმა ეპიზოდური როლები შეასრულა, რამდენიმე ბლოქბასტერში: „ჰალკი“, „ადამიანი-ობობა 2“ და გახმაურებული სერიალი „24 საათი“.
2004 წლიდან დენიელი ოჯახთან ერთად ჰავაის კუნძულებზე ცხოვრობს, სადაც სერიალის გადაღება მიმდინარეობს. მისი ოჯახი იმდენად მიეჩვია კუნძულს, რომ რამდენიმე ხნის წინ ისინი ნაქირავები სახლიდან საკუთარ ვილაში გადავიდნენ და ასევე მცირე ბიზნესი წამოიწყეს ჰონოლულეში პატარა რესტორნის სახით. გადაღებებისგან თავისუფალ დროს დენი მეუღლესთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად დღისით ჩოგბურთს თამაშობს, ხოლო საღამოობით კინოსეანსებს აწყობს, სადაც ძირითადად საყვარელი მსახიობების – რობერტ დიუვალისა და რობერტ დენიროს ფილმოგრაფიას ეცნობა. 2005 წელს ჟურნალმა „ფიფლმა“ დაე კიმი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა და ამ ფაქტთან დაკავშირებით დენიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „რა თქმა უნდა, ნობელის პრემიის მიღება უფრო გამახარებდა, მაგრამ, მაინც სასიამოვნოა, როდესაც სექსუალურ მამაკაცად გაღიარებენ მაშინ, როდესაც ამას არ ელოდები“. სხვათა შორის, დენიელი იმ კატეგორიის მსახიობებს განეკუთვნება, რომლებიც სპორტული რეჟიმით ცხოვრობენ არა რომელიმე როლისთვის, არამედ, საერთოდ. ყოველდღიურად ის სამ კილომეტრს დარბის და არც სატრენაჟორო დარბაზში სიმძიმეების აწევას ერიდება. მისი ფიზიკური მონაცემების ნახვა კი სერიალის არაერთ სერიაში არის შესაძლებელი.
„დაკარგულების“ გარდა, დენიელი პოლიტიკათაც არის დაინტერესებული. ის არის ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრი და პრეზიდენტ ბარაკ ობამას მხარდამჭერი. დენიელი ხშირად ესწრება პარტიულ ყრილობებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მან 500 თანაპარტიელთან და, შესაბამისად, „დაკარგულების“ თაყვანისმცემლებთან, თითო-თითო ფოტო გადაიღო და ამდენივე ავტოგრაფი დაარიგა, რაც, დამეთანხმებით, გმირობის ტოლფასია. ამას გარდა, დენიელი თანამშრომლობს ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან: „ამერიკის წითელ ჯვართან“, „ალან დანგის ფონდთან“, „ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების ფონდთან“ და უამრავ სხვასთან, თავისუფალ დროს კი ის მასტერ-კლასებს უტარებს ჰავაის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
„კორეელი ჯულია რობერტსი“ – იუნჯინ კიმი
სამხრეთ კორეაში, „დაკარგულებამდე“ გაცილებით ადრე, იუნჯინ კიმი ვარსკვლავი იყო, რომელსაც „კორეელ ჯულია რობერტს“ უწოდებდნენ, მაგრამ, ამერიკაში, სადაც ის გაიზარდა მას პრაქტიკულად არავინ იცნობდა. აღსანიშნავია, რომ „დაკარგულების“ ქასთინგზე იუნჯინი თავდაპირველად ქეითის როლზე ისინჯებოდა, რომელიც საბოლოოდ ევანჯელინ ლილის შეხვდა, ხოლო სპეციალურად მისთვის სერიალის ავტორმა ჯეი ჯეი აბრამსმა სუნის პერსონაჟი შექმნა, რომელიც მას თავდაპირველად არ მოეწონა, მაგრამ, მაცდუნებელი ფინანსური წინადადების შემდეგ, საბოლოოდ დათანხმდა და, როგორც აღმოჩნდა, სწორადაც მოიქცა.
აღმოსავლელი ლამაზმანი იუნჯინ კიმი 1973 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაიბადა. 10 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. იუნჯინს ნიუ-იორკის ხელოვნების სკოლა აქვს დამთავრებული, რომლის სცენაზე, სპექტაკლში „ჩემი მშვენიერი ლედი“ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით მან სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც შექსპირის შემოქმედება შეისწავლა. ასევე ის დიდ დროს ატარებდა ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიაში. იუნჯინი თავისუფლად ფლობს კორეულ და ინგლისურ ენებს.
1997 წელს იუნჯინი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც 1999 წელს ითამაშა პირველ კორეულ ბლოქბასტერში, მძაფრსიუჟეტიან ფილმში „შირი“. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ფილმისთვის იუნჯინმა აღმოსავლური ორთაბრძოლების რამდენიმე ილეთი აითვისა. კორეაში იუნჯინი უზომოდ პოპულარულია. 2002 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს, რომელიც კორეა-იაპონიაში იმართებოდა, ის კეთილი ნების ელჩად იქნა არჩეული. კორეაში შვიდწლიანი ცხოვრების შემდეგ, იუნჯინი შტატებში დაბრუნდა და ჩასვლიდან მეორე დღეს „დაკარგულების“ ქასთინგზე მივიდა – მას შემდეგ მსახიობი ძირითად დროს ჰავაის კუნძულებზე ატარებს, სადაც სულ ახლახან უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა.
სერიალში განსახიერებული პერსონაჟისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში იუნჯინი თამამი და მოურიდებელია. ის ხშირად იღებს მონაწილეობას გულახდილ ფოტოსესიებში პრიალა ჟურნალებისთვის. ჟურნალმა „მაქსიმმა“ იუნჯინი პლანეტის 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის მოიხსენია და ეს ხდება ყოველწლიურად. სხვათა შორის, იუნჯინი არასდროს ყოფილა გათხოვილი, მამაკაცებთან ხანგრძლივი ურთიერთობის ნაცვლად კი ის უპირატესობას მოკლევადიან ფლირტებს ანიჭებს.
P.S. საინტერესო ფაქტი, რომელიც სერიალ „დაკარგულებს“ უკავშირდება: ბოლო, მე-ექვსე სეზონის საპრემიერო სერიის ეთერში გასვლის გამო, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი ხალხისთვის თავისი ყოველწლიური მიმართვის გასაკეთებლად ეთერში გასვლა გადადო. ეს ფაქტი მეტყველებს, თუ რამხელა პოპულარობით სარგებლობს სერიალი ამერიკაში.