კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დაარტყამს ხელს ქეთი ორჯონიკიძე და როგორ გაარჩევდა ის საქმეებს ჩაცუცქული


ქეთი ორჯონიკიძე ძალიან ადვილად დაგარწმუნებთ იმაში, რომ ქალად ყოფნა სასიამოვნოც არის და ბედნიერებაც. ქალთა სქესს ერთი არაჩვეულებრივი უპირატესობა აქვს ძლიერ სქესთან შედარებით. ქეთიმ ეს იცის და ამიტომ ძალიან კმაყოფილია იმით, რომ სწორედ ქალად დაიბადა. დაჩაგრულად თავს არავითარ შემთხვევაში არ გრძნობს და სხვა ქალებსაც მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ჩვენ ხომ ეს, მამაკაცებზე უკეთესად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, თუკი მართლა მოვინდომებთ.


ქეთი ორჯონიკიძე: მამაკაცებმა ძალიან ბევრი დაკარგეს იმით, რომ შვილის გაჩენა არ შეუძლიათ. ამას გულწრფელად ვამბობ. ის, რომ ჩვენ შეგვიძლია, ბავშვი გავაჩინოთ, უკვე იმხელა უპირატესობაა, ამით ყველაფერია ნათქვამი. არასოდეს მიფიქრია იმაზე, რა იქნებოდა, ბიჭი რომ ვყოფილიყავი. ახლა თუ დავფიქრდები, გეტყვი, რომ მომღერალი არ ვიქნებოდი. არ ავირჩევდი ამ გზას. თუ მაინცდამაინც უნდა მემღერა, საოპერო ჟანრს ავირჩევდი. (იცინის) ან, ვიქნებოდი სპორტსმენი. გაგაოცე? რატომღაც ასე მგონია, თორემ განა ის არ მომწონს, კაცი რომ ესტრადაზე მღერის.

– ერთი შეხედვით, ვაჟკაცური ჩანხარ.

– მე? განსაკუთრებული ვაჟკაცობით არ გამოვირჩევი. ყველა ქართველი ქალი ასეთია. მგონი, მსოფლიოში არც ერთ ქალს არ შეუძლია, იმხელა პასუხისმგებლობის საკუთარ მხრებზე „აკიდება“, რამდენსაც ქართველი ქალი ახერხებს. ძალიან მძიმე სიტუაციებშიც პოულობს გამოსავალს და არ „იკარგება“.

– ხომ არ ვიჩაგრებით ამით. იქნებ ამდენი არ უნდა ვიტვირთოთ, ზოგჯერ კაცის საქმესაც რომ ჩვენ ვაკეთებთ?

– ცოტა ძველმოდურად მიმაჩნია, საქმის სქესის მიხედვით დაყოფა და გადანაწილება, რომ ეს აუცილებლად ქალმა უნდა გააკეთოს, ის – კაცმა. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის და მოსწონს. მაგალითად, თუკი კაცს ჭურჭლის დარეცხვა უნდა, დარეცხოს. თუ სამზარეულოში მოსწონს ფუსფუსი, გააკეთოს საჭმელი, რა პრობლემაა. თუ ქალს ოჯახის რჩენა კარგად შეუძლია, მას სახლში დაჯექი და ბავშვებს მიხედეო, არ უნდა უთხრა.

– ვერ დავიჯერებ, რომ გინდა ისეთი ქმარი, რომელიც სახლში იდიასახლისებს.

– (იცინის) მე არც ქალი მომწონს სულ დიასახლისის როლში და არც კაცი მომეწონებოდა. კი, უნდა დაალაგო და კიდეც უნდა გარეცხო, მაგრამ ამის გარდა სხვა რომ არაფერი მაინტერესებდეს, გავგიჟდები. საერთოდ, მე ლოიალური ადამიანი ვარ და ვერ ვიტან, როცა ვინმეს ძალით აკეთებინებენ რამეს.

– მაშინ, რა ჰქვია იმას, ქალი რომ შრომობს, კაცი კი ტახტზეა წამოწოლილი?

– უსინდისობა. არც ერთი უნდა წამოწვეს და არც – მეორე. ქალი არ არის სარეცხი მანქანა და მანქანა საერთოდ. კაცმა მას არ უნდა უყუროს იმ ჭრილში, რომ მხოლოდ მის მოსამსახურედ არის გაჩენილი. მე არ ვარ მომხრე დოგმების. მაგრამ, პატივს ვცემ ყველას შრომას და ყველანაირ შრომას. ერთი რომ შრომობს და მეორე მუქთამჭამელია, ქალის და კაცის ურთიერთობა ამ დროს არაფერ შუაშია, ეს არის უსინდისობა (იცინის).

– იდეალური მოდელი ასეთია: ქალი – კერიის შემნახავი და ბავშვების აღმზრდელი; კაცი – მონადირე და შემომტანი.

– ჩემთვისაც იდეალური მოდელია-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. ვერ ვიჯდები სახლში და მთელ დროს საოჯახო საქმეებს ვერ მოვანდომებ. მით უმეტეს, ახლა. თუმცა, შეიძლება, ოდესმე ისეთი დროც დადგეს, დიასახლისობამ დამაკმაყოფილოს. ჯერ სხვა გეგმები მაქვს და მიმაჩნია, რომ ყველა ქალი ჯერ პიროვნულად უნდა შედგეს, იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში და მერე გახდეს დედაც და მეუღლეც. ამიტომ, ძალიან ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა, არ მიმაჩნია მართებულად. უფრო ხშირადაც ინგრევა ასეთი ოჯახები. როცა პიროვნების ჩამოყალიბება არ არის დასრულებული და მას რაღაცის კეთების სურვილი აქვს, შენ კი ამ დროს აიძულებ, სახლში დაჯდეს და ბავშვები გაზარდოს, მას ადრე თუ გვიან, აუცილებლად პროტესტის გრძნობა გაუჩნდება. შეიძლება, ძალიან კარგი ბავშვებიც გაზარდოს, მაგრამ შინაგანი დისკომფორტი მაინც ექნება. მისი ქვეცნობიერი აუჯანყდება იმას, ვინც ხელი შეუშალა საყვარელი საქმის კეთებაში და ეს ურთიერთობაზეც აისახება. ბუნებრივია, უარყოფითად.

– ვატყობ, უახლოეს მომავალში შენი გათხოვება მოსალოდნელი არ არის.

– (იცინის) ჯერ მაგაზე არ ვფიქრობ, ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მინდა. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. საყვარელი ადამიანი მყავს და რაღაც ეტაპებიც გადალახული გვაქვს. მე არ ვარ პრეტენზიული ადამიანი. არ ვსვამ ბევრ შეკითხვას. არ მახასიათებს კირკიტი, ტყუილუბრალოდ ეჭვიანობა, ჭირვეულობა. ურთიერთობაშიც და სიყვარულშიც ნდობის და სიმარტივის მომხრე ვარ.

– რატომ პატიობენ მამაკაცს იმას, რასაც ქალს არ აპატიებდნენ?

– მე არ ვიცი, რას გულისხმობ. ჩემთვის არ არსებობს ისეთი შეცდომა, რასაც კაცს ვაპატიებდი, ქალს კი – არა. საერთოდაც, პატიება-არპატიება ინდივიდუალურია. ქალებსაც ძალიან კარგად პატიობენ ღალატს კაცები, საყვარლის ყოლასაც და კიდევ სხვა რამესაც. (იცინის) რადგან ქალების ღალატი ნაკლებად ჩანს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაკლებს „გულაობენ“. ძალიან ბევრ ქალს პატიობენ ღალატს. ბევრი კაცი კი საერთოდ, ვერ იგებს, რომ ღალატობენ. ისე, ქალები უფრო ნიჭიერები არიან ღალატში. ძალიან არ მომწონს, როცა ბიჭები თავის ძმაკაცს – იმას, ვინც თავის შეყვარებულს არ ღალატობს, დასცინიან. „აუ, შენ მარტო ერთ გოგოსთან ხარ და სხვა არავინ გყავს?!“ კარგია, რომ ასეთი მიდგომა შედარებით ნაკლებად გვხვდება. საკუთარი თავის უპატივცემულობაა, როცა ადამიანი გენდობა და შენ უღალატებ, მეტი არაფერი.

– შენ არცთუ დიდი ხნის წინ იყავი ლონდონში. იქ როგორი ურთიერთობებია?

– ძალიან ჩვეულებრივი. განსაკუთრებული სხვაობა არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს გავუოცებივარ.

– როგორ ფიქრობ, ქალის და მამაკაცის ჭკუა ერთმანეთისგან განსხვავებულია?

– არ ვიცი. რაღაც ძალიან ფემინისტური საუბარი გამოგვდის. (იცინის) სიმართლე რომ გითხრა, ამ პრობლემას არ შევუწუხებივარ. არ მოსულა ჩემამდე. ან საერთოდ, არის კი ეს პრობლემა? რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ტვინი უფრო მძიმეა. ჩემი აზრით, ამაზე მსჯელობა სისულელეა, მართლა. სხვა უფრო სერიოზული პრობლემებიც არსებობს. ურთიერთობა როგორი იქნება, მხოლოდ ქალზე და მამაკაცზეა დამოკიდებული. ანუ, გააჩნია კაცს და ქალს. ფემინიზმი ძალიან გამწარებული ქალების მოგონილია. ეტყობა, ძალიან, ძალიან გამწარდნენ მამაკაცებზე. ჩემ გარშემო ასეთი ქალები არ არიან. თუმცა, საკმაოდ დიდი სამეგობრო და სანაცნობო მყავს. ვინმეს უფლებებს რომ ზღუდავდნენ, სულერთია რომელი სქესის, აუცილებლად გავიგებდი. ჯერჯერობით არავის შემოუჩივლია (იცინის).

– ანუ, იმას რომ ქალად დაიბადე, შენთვის ხელი არაფერში შეუშლია?

– არანაირად. ფეხბურთიც კი მითამაშია და საკმაოდ კარგადაც. ხომ გეუბნები, ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. იმიტომ ვთქვი, გააჩნია კაცს და გააჩნია ქალს-მეთქი. როცა მათ შორის სულიერი კავშირი არსებობს, ისინი ერთმანეთის წინსვლას უწყობენ ხელს. ყველაფერს ერთად აკეთებენ, ერთად დადიან, ერთად ერთობიან და სიყვარულიც ხომ ეს არის. როცა იმაზე ფიქრობ, რომ შენი საყვარელი ადამიანი კარგად იყოს, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უნდა, არ შეიზღუდოს, არ დააკომპლექსოს რაღაცამ, მაშინ ურთიერთობა ჰარმონიულია.

– ქალი უფროა სიახლეების მოყვარული და პროგრესის მამოძრავებელი?

– მე არ მჯერა ერთხელ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების. ვიცი ის, რომ ქალი და კაცი ავსებენ ერთმანეთს. ეს არის მთელი ფილოსოფია. იდეალური მდგომარეობაც ის არის, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ავსებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა.

– როგორი კაცი არ იქნებოდი?

– (იცინის) მე გეტყვი, როგორი ვიქნებოდი. ძალიან ცუდი. საზიზღარი. ძალიან შარიანი და აუტანელი. ზუსტად ისეთი, როგორიც მე თვითონ ყველაზე მეტად არ მომწონს. ჯერ ერთი ბირჟაზე ვიდგებოდი სულ, ჩაცუცქული გავარჩევდი საქმეებს... არა, არ მომწონს ასეთი ბიჭები, მაგრამ შენ რომ მკითხე, როგორი იქნებოდიო, უცებ წარმოვიდგინე საკუთარი თავი ასეთ ბიჭად.

– ეს ის ვარიანტია, კაცებს რომ ვეკითხები, როგორი ქალი იქნებოდი-მეთქი და ბოზიო, მპასუხობენ.

– (იცინის) რა ვქნა, უცებ ასეთი საძაგელი ემოციები წამოვიდა და კიდევ კარგი, რომ ბიჭი არა ვარ. არა, არ მინდა. ძველბიჭობა არ მხიბლავს.

– ჩხუბი ბიჭებთან გქონია?

– კი, როგორ არა. ბავშვობაში მიჩხუბია. თუ ბიჭი გამაბრაზებს, ვცემ თუ არა?! რა ვიცი. ამ ბოლო დროს ასე არავის გავუმწარებივარ. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამამწარებს ძალიან – ქალი თუ კაცი... მაშინ შეიძლება, ხელიც დავარტყა.


скачать dle 11.3