როდის ცდილობს, გაერიდოს მეუღლე ეკა გაბიტაშვილს და დღემდე რატომ უკვირს ეკას თავისი გათხოვება
მშვენიერი ეკა გაბიტაშვილი დაახლოებით 6 თვის წინ გათხოვდა და მას გვერდით მოსიყვარულე მეუღლე ჰყავს, რომელიც ეკას ყველაფერში უწყობს ხელს. ეკა როგორც თბილისში, ისე მოსკოვშიც აქტიურად განაგრძობს საკუთარ თავზე მუშაობას და ამ მხრივ საკმაოდ დიდი გეგმები აქვს.
ეკა გაბიტაშვილი: როგორც კი მოსკოვში ჩამოვედი, მაშინვე შევუდექი ჩემი პროფესიით მოღვაწეობას. ბადრი მაისურაძესთან, ზურაბ სოტკილავასთან, მაყვალა ქასრაშვილთან ვიყავი მოსმენებზე. ყველას ძალიან მოვეწონე, საინტერესო შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ გაზაფხულისთვის. მოსმენები უკვე დამთავრებულია, აიყვანეს მომღერლები და გაზაფხულზე ახალ დასს შექმნიან. ქალბატონმა მაყვალამ შემომთავაზა, მასთან ვიმეცადინო. ძალიან მიხარია, რომ ასე გამიმართლა და მასთან მოვხვდი. ჩემთვის დიდი სკოლაა, რომ ასეთი დონის მომღერალი მამეცადინებს. თანაც, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე. მითხრეს, ძალიან ლამაზი ხმის ტემბრი გაქვს, გარეგნობაც და მოკლედ, ყველაფერი გიწყობს ხელს, რომ თეატრში აგიყვანონო.
– სად აპირებ მერე მუშაობის დაწყებას?
– ჯერ არ ვიცი, აქ 5 ოპერის თეატრია. დიდ თეატრში იმდენი მომღერალი ჰყავთ, არ ვიცი, როგორ გამოვა ეს საქმე. მთავარია, სადმე დავიწყო მუშაობა, აქ ყველა თეატრი წარმატებული და მაღალი დონისაა. ბატონმა ზურაბ სოტკილავამ მითხრა, რომ გაზაფხულზე „სტანისლავსკის თეატრში“ გამიშვებს მოსმენაზე.
– როგორ შეხვდი მათ?
– ქალბატონ მაყვალას მანამდე არ ვიცნობდი, არც ბადრი მაისურაძეს. ზურაბ სოტკილავა ჩემი მეგობრის ახლობელია. რომ ჩამოვედი, დავუკავშირდი. მითხრა, სად იყავი აქამდე, გელოდებოდიო. კონსერვატორიაში მივედი, მომისმინა და ისე მოეწონა, – მოდი, უნდა გაკოცო, ასე კარგად, რომ იმღერეო. ძალიან მინდა, მაყვალა ქასრაშვილმაც მოგისმინოსო და გამიშვა დიდ თეატრში. იმ დროს დავუკავშირდი ბადრი მაისურაძესაც და როდესაც მან მომისმინა, იგივე გამიმეორა. შემდეგ ორივემ ერთად დაურეკა ქალბატონ მაყვალას და მეც მივედი დიდ თეატრში. ძალიან კარგი ადამიანია, მისთვის სრულიად უცხო მაშინვე კარგად მიმიღო. მამეცადინებს და თან ყველაფერს ხმით მაჩვენებს. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. კვირაში ორჯერ მამეცადინებს კონცერტმეისტერთან ერთად. ამას გარდა, ჩემს კონცერტმეისტერთან ცალკეც ვმეცადინეობ.
– როგორც მივხვდი, მეუღლეც ძალიან გიწყობს ხელს.
– ძალიან მიწყობს ხელს და საერთოდ ღმერთის დიდი მადლობელი ვარ, რომ ასეთი პიროვნება გამომიგზავნა. მას ისე აინტერესებს ჩემი კარიერა, იმდენად მონდომებულია, და უნდა რომ ვიმღერო, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, როდესაც გაკვეთილზე მივყავარ, ერთი საათი გარეთ, მანქანაში მელოდება. როცა გაკვეთილი არ მაქვს და სახლში ვმღერი, ამ ყველაფერს იტანს.
– როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც სახლში დაიწყე „გამღერება“?
– ხვიჩა რამდენჯერაც თბილისში ჩამოვიდა, იმდენჯერ ოპერაში დავპატიჟე. ყოველთვის უნდოდა, კულისებში, ჩემს ოთახში შემოსულიყო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. მინდოდა, მხოლოდ გაკვეთილსა და სპექტაკლზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული. გაკვეთილზეც შეუძლია, დასწრება, მაგრამ არ მინდა, ზედმეტი ნერვიულობაა.
– ერთმანეთს თუ ჰგავხართ?
– აბსოლუტურად ერთნაირი რაღაცეები მოგვწონს. ერთადერთი, რაშიც ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ის არის, რომ მე ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ხვიჩა კი უფრო წყნარია. თუ მატყობს, რამეზე გავბრაზდი, ცდილობს გამერიდოს, სხვა ოთახში გავიდეს. ან მოიმიზეზებს, რომ მანქანაში რაღაც დარჩა და უკან მობრუნებულს უკვე მშვიდად ვხვდები. საჭმელების კეთებას ნელ-ნელა ვსწავლობ და რაღაც რომ არ გამომდის, ვიწყებ წუწუნს – რა არის ეს, ამდენი ვიწვალე და არ გამომივიდა-მეთქი. როდესაც ერთი ადამიანი ფეთქებადია, მეორე კი ისეთი, რომ გაკონტროლებს, გამშვიდებს, ეს კარგად მოქმედებს შენზე. მისგან სიმშვიდე, რომ მოდის მერე მეც უცებ ვწყნარდები.
– როგორ შეეგუე გათხოვილი ქალის ამპლუას?
– გადასარევად. ისე, დღემდე მიკვირს, როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი-მეთქი. დღეს მაღაზიაში ვიყავი და სამი საათის განმავლობაში ორი მაისურიდან ვარჩევდი, რომელი მეყიდა. იმდენი ვიფიქრე, ბოლოს ხვიჩა მეუბნებოდა, კარგი, წამოდი, და ორივე იყიდეო. მე კი ორივე დავტოვე და გამოვედი. ერთის სიგრძე არ მომეწონა, მეორის – ფერი. ხვიჩა გიჟდება, როგორ გადაწყვიტე ცოლად გამომყოლოდიო.
– ამ ეტაპზე რას ფიქრობ, რამ გადაგაწყვეტინა გათხოვება?
– როდესაც ადამიანი გიყვარს, რა თქმა უნდა, გინდა მასთან ერთად ცხოვრება. მაგრამ, საკმაოდ დიდი ნერვიულობა გიწევს, როცა იცი, რომ მთელი ცხოვრება მასთან ერთად უნდა იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ნერვიულობა კი არა, პირიქით, ძალიან დიდი ბედნიერებაა. ნამდვილად გამიმართლა. ხშირად მამაკაცები შეყვარებულობის დროს სულ სხვანაირები არიან და როდესაც მისი მეუღლე გახდები, უკვე შენში აღარც ქალს ხედავენ და აღარც პიროვნებას, როგორც საკუთრებას ისე გიყურებენ. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, სულ ცდილობს მასიამოვნოს, სიურპრიზები მომიწყოს. რომ გაიღვიძებ და გამზადებულ ყავას დაგახვედრებს, ეს წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნო. ძალიან მიყვარს სუში, როდესაც სამსახურიდან მოდის, სულ მოაქვს.
– შენც უწყობ სიურპრიზებს?
– კარგ საჭმელს გავუკეთებ და ეს უკვე სიურპრიზია. ხვიჩას ძალიან უყვარს დედაჩემის გაკეთებული ჩინური ტორტი. ერთ დღესაც, სამსახურში რომ იყო წასული, გავაკეთე, ოღონდ არ ვიცოდი, როგორი გამოვიდა და ძალიან ვნერვიულობდი. ისე გაუხარდა, ორი დღე ძალიან ბედნიერი იყო.
– ალბათ, ხშირად დადიხართ გასართობად.
– ხვიჩას აქ ბევრი მეგობარი ჰყავს და ვგრძნობ, ჩემს მიმართ ისინიც სიმპათიით არიან განწყობილი, მოვწონვარ და მეც ანალოგიურად ვიქცევი. რაც ჩამოვედი, მის მეგობრებს სულ დაბადების დღეები აქვთ და ხშირად ვერთობით. ხვიჩას ერთი მეგობარი დიჯეია, ძალიან კარგ კლუბში გადაიხადა დაბადების დღე, ტიმატი, აქაური ნაღები საზოგადოება მოვიდა. სხვათა შორის კლუბს „ოპერა“ ერქვა და ზუსტად ოპერის სტილში იყო მოწყობილი. იუბილარის პატივსაცემად 30 დიჯეი უკრავდა და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ერთმანეთს ცვლიდნენ – ძალიან მაგარი საღამო იყო, დილის 6 საათზე წამოვედით. ხშირად დავდივართ დისკოთეკებზე, კლუბებში.
– ალბათ შენები გენატრებიან.
– კი, მაგრამ ყველას მონატრებას, დანაკლისს ეს ერთი ადამიანი მივსებს. სულ ერთად ვართ, ტყუპებივით გადაბმულები დავდივართ.
– როგორც ვიცი, მეუღლესთან ერთად ვერ წახვედი მოსკოვში და შენ მერე გაემგზავრე.
– ერთად უნდა წავსულიყავით, მაგრამ მე ვერ გავაკეთე ვიზა. ხვიჩა იძულებული გახდა, წასულიყო და მე თვე-ნახევრის შემდეგ გავფრინდი. დღეში ასჯერ რეკავდა. მეც ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც მოსკოვში ჩამოვედი, ხელი მოვაწერეთ და დაახლოებით 55 კაცი წავედით რესტორანში. ხვიჩას ერთი მეგობარია რუსი, ქართული საცეკვაო სიმღერები ჩაუწერია. გვიან ჩართეს, და უცებ შალახო, რომ დაუკრეს, ისე გამიხარდა. „ვაგონი მიჰქრის“ მაინც სად ნახა, არ ვიცი. რესტორანი დახურული გვქონდა. მარტო ჩვენ ვიყავით და ძალიან კარგად გავერთეთ.
– საკმაოდ წარმატებული იყავი, მაგრამ ახლა ალბათ, უფრო ბედნიერი ხარ. გვერდით ხომ საყვარელი ადამიანი გყავს, რომელიც ყველაფერში გეხმარება...
– კი, ესტრადაზე სიმღერას მთელი ცხოვრება არ ვაპირებდი. ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. კლასიკა შეგიძლია მთელი ცხოვრება იმღერო და თან სულ ისწავლო. შენ თუ იმას დაელოდე, როდის ჩამოყალიბდები პროფესიონალ მომღერლად, შეიძლება მარია კალასივით მთელი ცხოვრება ჯერ ვოკალს გადაჰყვე და მერე ონასისის სიყვარულს. ასეთი რამ ნამდვილად არ მინდოდა, ეს ყველაფერი ღირდა ამდენ ლოდინად. თანაც გული სულ მიგრძნობდა, რომ ჯერ არ იყო ამის დრო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმუშაობ, საქართველოში არ ვცხოვრობ, ჩემთან არის ადამიანი, რომელიც ყველაფერში გვერდში მიდგას, ხანდახან მეშინია თვალი არ ეცეს.
– ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?
– ჯერ არ ვაპირებ გაჩენას, ისეთ ფორმაში ვარ, ახლა რომ ბავშვი გავაჩინო, შეიძლება ფორმიდან ამოვვარდე და ვერაფერი გავაკეთო, სახლში ჩავჯდე. გაზაფხულს დაველოდები და მერე ვნახოთ, ძალიან მინდა შვილი.
– ამ ყველაფერს მეუღლეც გაგებით მოეკიდა?
– კი, ესმის, ძალიან მიწყობს ხელს, ყველაფერს ითმენს, იკლებს, მე მაძლევს და ამ საკითხშიც კარგად მიგებს.