ვისთან ერთად სურს ოჯახის შექმნა ანრი ჯოხაძეს და რა შესთავაზა მან კესარიას
ის საკმაოდ ნიჭიერი, ენერგიული, იდეური, თამამი და ბევრისგან განსხვავებულია. უყვარს საკუთარი და სხვისი სათქმელის ხმამაღლა, ცოტა ხმაურიანად თქმა, თუმცა ითვალისწინებს საზოგადოების აზრს და საზოგადოებასაც ზოგჯერ აიძულებს მისი აზრის გათვალისწინებას. ის უბრალოდ, ანრი ჯოხაძეა, რომელიც ახლო მომავალში მაყურებელს სერიოზული სკანდალით მოევლინება.
– ჩემთან ჯერჯერობით არაფერი ხდება, ვისვენებ. თუმცა, მსუბუქად ვმუშაობ. როდესაც ვსუსტდები, ამას ვგრძნობ, ახლა მოსუსტება ვიგრძენი და მინდა, რომ ფუქსავატი ვიყო, ყავა დავლიო, ნამცხვრები ვჭამო, ვიარო აქეთ-იქით უგზო-უკვლოდ, არაფერი ვაკეთო. ახალი წლის პერიოდი იმდენად დაძაბული და დამღლელი იყო, რომ ბოლომდე გამომფიტა. ახლა ნელ-ნელა აღვიდგენ ძალებს.
– როგორია ფუქსავატი ანრი, მოგწონს?
– ისეთი საინტერესოა ფუქსავატი ანრი, ძალიან ბევრი დრო აქვს, მოცლილია. მე ვფიქრობ, როცა ანრი მოცლილია, მის ირგვლივ მყოფი ადამიანები ბედნიერდებიან. ვარ ხალასი ბუნების ადამიანი, იუმორი მაქვს შესანიშნავი და ამას ხშირად აღიარებენ. შესაბამისად, ჩემს კომპანიაში ყოფნა ხალხს ბედნიერს ხდის.
– არასდროს მინახავხარ მოწყენილი, ცუდ ხასიათზე.
– მე მაქვს ერთი შესაშური თვისება, რეალურად ვერავინ მხედავს ცუდ ხასიათზე. ხანდახან მიყვარს წაწუწუნება, როგორ ვერ ხედავენ ჩემი ახლობლები, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, ან რაღაც მიჭირს-მეთქი. სულ მიკვირს, როგორ ვახერხებ ამის დამალვას, მე – არანორმალურად ემოციური ადამიანი, რომელსაც თვალებზე მაწერია რა მჭირს, რა მაწუხებს.
– კაცებს ხშირად უყვართ წუწუნი, თავის მოსაწყლება.
– ანრი ჯოხაძე და საწყალი – შეუთავსებელი ფენომენია. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მომენტალურად ვიწყებ გამოსავლის ძიებას და ჩათვალე, რომ მინიმუმ, 90 პროცენტში ვპოულობ. ეს მაძლევს სტიმულს, საშუალებას, რომ დეპრესიისთვის არ დამრჩეს დრო. თუმცა, იყო პერიოდები, როდესაც სერიოზული დეპრესია მქონდა, მაგრამ მე ხომ ჭკვიანი ადამიანი ვარ, ყველაფერი გადავხარშე-გადმოვხარშე და მივხვდი, დეპრესიაში ყოფნით ძალიან ბევრ რამეს ვკარგავ. ამიტომ, ჩემს თავს დავუსვი საკითხი, არავითარ შემთხვევაში ყოფითმა პრობლემებმა, ადამიანებთან ურთიერთობამ, არ უნდა ჩამაგდოს დეპრესიაში. დაე, შენი დაკარგვით ინერვიულოს სხვამ. მე მივაღწიე ამ კონდიციას და ვამაყობ, რომ ამ საკითხში ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს. დეპრესია ადამიანს ძალიან ამახინჯებს, ხასიათიც გიფუჭდება, ადამიანებთან ურთიერთობაც და რა საჭიროა ეს ყველაფერი?!
– რამ ჩაგაგდო მაშინ დეპრესიაში?
– ყოფითი საკითხები იყო ყოველთვის ამის მიზეზი. დეპრესიაში არასდროს მაგდებს ჩემს ცხოვრებაში, შემოქმედებაში მომხდარი მაღალღირებული მოვლენები, ასევე სხვისი გაკეთებული კარგი საქმე, ხელოვნების დონემდე აყვანილი.
– ანუ, არ ხარ შურიანი. ისე, დღემდე ჩემთვის უთქვამთ ადამიანებს, ნუთუ მართლა შურს ანრის თავისი ძმისო?
– რა სისულელეა, თუმცა თუ ბოროტი ხარ, ძმის კი არა, საკუთარი თავისაც შეგშურდება, რამე კარგი, რომ მოხდეს. ეს ხუმრობით, მაგრამ კარგი გაგებით, ჩემს ძმას ძალიან ბევრი რამ აქვს შესაშური.
– შენ გჯობია?
– ყველაფრით მჯობია, სიმღერით, გარეგნობით, თვისებებით და აღზრდითაც.
– შენი შურთ ადამიანებს?
– ჩემი რა შეიძლება შეშურდეთ, ალბათ, გამძლეობა, შრომის უნარი და ჩემი არანორმალური იდეოლოგია როგორც ცხოვრებაში, ასევე კარიერაში. მაქვს ძალიან საინტერესო „სხვატკა“, ვიჭერ მომენტებს, რომლებიც საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესოა. ეს კი სხვებში წარმოქმნის მეტოქეობის, შურის მომენტს. შეიძლება, ადამიანი არ მიიჩნევდეს, რომ მე კარგი მომღერალი ვარ, მაგრამ ის აუცილებლად აღიარებს, რომ ანრი ჯოხაძე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისთვის არის ძალიან ჭკვიანი პროდიუსერი. შეიძლება, ხვალ მან სცადოს, კარგი „პროდუქშენი“ გაიკეთოს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღოს, იმიტომ, რომ ანრივით ნიჭიერი ვერ ყოფილა.
– მათთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– გადასარევი, ყოველთვის ვიცი, ვინ არის. ჩუმად მკბენენ, მაგრამ დამიჯერებ, მე მათ არ ვკბენ. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ უკბენიათ, მაგრამ მე ამაზე მეღიმება. თუ პასუხის გაცემას დავაპირებ, საშინელება იქნება. ამიტომ, ჯობია, ჩუმად ვიყო.
– ვინმეზე დამოკიდებული, თუ ხარ თუნდაც ახლობლებზე, საზოგადოებაზე?
– მშობლებზეც ვიყავი დამოკიდებული და მეც საზოგადოების წევრი ვარ და შესაბამისად, ხანდახან საზოგადოებაზეც ვარ დამოკიდებული, თუმცა, ხანდახან პირიქით – საზოგადოებაა ჩემზე დამოკიდებული.
– ალბათ, მეორე მომენტი უფრო სასიამოვნოა შენთვის.
– ჩემთვის სასიამოვნოა, როდესაც მე ვარ საზოგადოებაზე დამოკიდებული და შემდეგ ეს საზოგადოება ჩემზე დამოკიდებული ხდება – ეს არის საინტერესო. ცხოვრება, ხომ რბოლა და თამაშია. ამაში უნდა დაიჭირო, კაიფიც, ინტრიგაც, გართობაც, ბედნიერებაც და შეიძლება უბედურებაც.
– საზოგადოებას უყვარს ადამიანის ჩარჩოებში მოქცევა, ის თავის წესებს გვთავაზობს.
– რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგ საზოგადოებაში მომიწია ყოფნა, კომპლიმენტებით შემამკეს და თან მკითხეს, რაში გჭირდება სკანდალებიო. მე განვმარტე, რომ ანრის ცხოვრებაში არ ყოფილა სკანდალი. ნავის კლიპში რა იყო სკანდალური? ეს უნდოდათ ჟურნალისტებს, იმიტომ, რომ ჟურნალისტის შინაგან ესთეტიკაზეა დამოკიდებული, ანრი ჯოხაძეს რა რაკურსით გამოაჩენს – ის უკანალით მოსწონს, ანფასში, თუ პროფილში. „ბედნიერ ერს“ კი სკანდალზე უფრო მეტი ღირებულება აქვს. სითამამე არ შეიძლება სკანდალი იყოს, მე ჩემს კარიერას არ ვაგებ სკანდალებზე. როცა რაღაც შეგიძლია ხმამაღლა, საინტერესოდ თქვა, რატომ არ უნდა გააკეთო?! ამ ხმაურში თავისთავად საკუთარი თავის რეკლამაც არის, წარმატების საიდუმლოც და კიდევ ბევრი პოზიტიური მოვლენა, რაც თვითმყოფადობას გაძლევს და გინარჩუნებს. მაგრამ, ეს სკანდალები ყოველთვის ჩარჩოში უნდა იჯდეს, ბინძური, ადამიანის შეურაცხყოფის ხარჯზე აგებული სკანდალები ჩემს ცხოვრებაში არ იქნება, რადგან სიგიჟემდე მიყვარს ადამიანები. ახლა მაქვს ძალიან კარგი იდეა, კესო-ბესო მინდა, ჩემს კლიპში გადავიღო. იმიტომ, რომ „სიმართლის დროში“ ჰქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ჯერ ერთი, კესარია ულამაზესი ქალია და მეორეც – ძალიან სკანდალური ფიგურაა ქართულ რეალობაში. ეს უკვე შევთავაზე.
– როგორი იქნება კლიპის სიუჟეტი?
– მთელი მსოფლიოს მამაკაცებს მამაკაცური სოლიდარობით გამოვეხმაურები. იქნება ძალიან სახალისო კლიპი, სიმღერა კი ძალიან საინტერესოა – მინი საპროტესტო აქციაა, თავისი ტრანსფარანტებით, ცის თავზე ჩამომხობაა.
– პროტესტი ქალების მიმართ ხომ არ არის მიმართული?
– არა, კლიპში ქალური სოლიდარობაც იქნება და მამაკაცურიც, სარკაზმიც, მაგრამ ეს მართლა სკანდალური კლიპია – მოიცავს ეროტიკულ და სკანდალურ სცენებს. მაგალითად, გაკეთდება ქალის ფეხებისა და საშოს მაკეტი. ამ მაკეტში ვიდგები მე და ვიმღერებ. ყველა მამაკაცს ვეტყვი, ჩვენ ხომ ქალის სასქესო ორგანოსთან უძლურები ვართ. თანაც აქ იდგმება „ნაჩნიკი“, დივანი, მაგიდა, მოკლედ, – სრული ჰარმონია. ზუსტად ვიცი, რომ ყველა კაცს „დაევასება“. ყველას ვეტყვი იმ კაცურ სათქმელს, ფარდას ავხდი სექსუალურ ფანტაზიებს, რაზეც მამაკაცები მუდმივად ვფიქრობთ. პირველად კაცები იტყვიან, რომ მაგარი კლიპი გადავიღე.
– კარიერაში წარმატებული ხარ, სიყვარულში?
– კი, წარმატებული ვარ, გადასარევად ვგრძნობ თავს. ძალიან მინდა ოჯახის შექმნა, მაგრამ ეს ჯერ არ გამოდის. არსებობს კანდიდატურა, შეყვარებული ვარ, ისიც არ არის ჩვენი თანაცხოვრების წინააღმდეგი, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის. ქართველია, არ ცხოვრობს საქართველოში და რაღაც ვერ ავაწყეთ, ამაზე მეც ვნერვიულობ და ისიც. აი, ეს მაგდებს დეპრესიულ მომენტებში. იმედი მაქვს, გამოვა. ვერც ვნახულბ, ამ ეტაპზე ინტერნეტით გვაქვს ურთიერთობა.
– როგორი იქნება მეოჯახე ანრი, მეუღლის ამპლუაში?
– ძალიან საინტერესო ვიქნები ოჯახში. 100 პროცენტით ვიცი, რომ იდეალური ქმარი ვიქნები. მე ვარ ადამიანი, რომელიც ოჯახის ფარია. ეს კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი თაობის ბიჭებს არ აქვთ ოჯახის დაცვის მექანიზმი. კაცი არ შეიძლება მკვდარზე „ვენოკივით“ იყოს. თუ ერთი ადგილი არ გაქვს, მაშინ უნდა დააყენო, თორემ მჯობნზე მჯობი, ძლიერზე ძლიერი, არ დაილევა. საკუთარი სიძლიერე უნდა განვავითაროთ, რაც ოჯახში აუცილებელია. აი, ამ თვისებების გამო ვიქნები გადასარევი ქმარი.