მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უფალი ადამიანის თხოვნის შემსმენელია, მაგრამ რატომ არ უსრულდება ქრისტიანულად მცხოვრებ ადამიანს სათხოვარი?
პასუხი: უფლის ნებით „ლოცვა მართლისა შეისმინების“. როცა რამეს ვთხოვთ უფალს, უნდა დავუფიქრდეთ და გავაანალიზოთ, რამდენად მართლები ვართ. ამიტომ უფალს ჯერ ჩვენი ცოდვების შენდობა ვთხოვოთ, მოვინანიოთ და მერე შევკადროთ სათხოვარი. უფალმა თავად უკეთ იცის, რა გვჭირდება და იმას მოგვცემს, თუმცა ხშირად ადამიანი, რომელიც უფალს რაღაცას შესთხოვს, ამაზე არ ფიქრობს. რაც შეეხება იმას, რომ ქრისტიან ადამიანს არ ელევა უფლის მიმართ სათხოვარი, ყოველი მოკვდავი იღვწის საკუთარი თავისა და ახლობლების სიკეთისთვის, ჯანმრთელობისთვის და უფალთან მიახლოებისთვის. ეს ყოველდღიური პროცესია და სათხოვარიც ამიტომ არ ილევა. შესთხოვეთ უფალს მთელი გულით, იყავით კეთილნი და მშვიდნი და ღმერთი შეგეწევათ.
კითხვა: საეკლესიო წიგნებში ხშირად გვხვდება ტერმინი „პირმოთნე“. როგორ განმარტავს მას ეკლესია?
პასუხი: პირმოთნე ადამიანს ახასიათებს დავით წინასწარმეტყველი: „რომელნიც მოყვასთან მშვიდობაზე ლაპარაკობენ, გულში კი სიავე უდევთ. მკლავები გაუშლიათ თანამოძმის გულში ჩასახუტებლად და ამავე დროს მზად აქვთ მშვილდი, რათა სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს“. წმიდა მამებს ისიც უთქვამთ: პირმოთნე კაცის ენას მტრისგან დამიზნებული სატევარი გერჩივნოსო.
კითხვა: აქვს თუ არა აზრი იმ ცოდვის მონანიებას, თუკი წინასწარ ვიცით, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ მოვინანიებთ და მიგვეტევება?
პასუხი: ჭეშმარიტად მონანიებულად მხოლოდ ის ცოდვა ითვლება, რომელსაც აღარ გაიმეორებთ. მონანიების არსი არის ცოდვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლა, ბრძოლა მის წინააღმდეგ. ამიტომ, თუ წინასწარ განვიზრახავთ ცოდვის ჩადენას იმ იმედით, რომ შემდეგ მოვინანიებთ და მიგვეტევება, ეს გაუმართლებელი და თვალთმაქცური საქციელია, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელია.
კითხვა: როდესაც დიდ ტაძრებში ორი ან რამდენიმე მოძღვარი სცხებს ზეთს ან აზიარებს, მრევლი ცდილობს, თავის მოძღვართან ეზიაროს ან ზეთი იცხოს, რაც არეულობას და ჩოჩქოლს იწვევს. სწორია თუ არა ამგვარი საქციელი?
პასუხი: ამგვარი საქციელი, რა თქმა უნდა, არასწორია. ადამიანი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ტაძარში, მით უმეტეს, ღვთისმსახურების დროს, დაიცვას წესრიგი და არ შეაწუხოს სხვა ადამიანი. რაც შეეხება მადლს, ის ნებისმიერი ხელდასხმული მოძღვრისგან ერთნაირად გადმოდის, ამიტომ მიდით იმ მოძღვართან საზიარებლად თუ ზეთის საცხებლად, ვისთანაც უფრო ახლოს დგახართ.
კითხვა: ეკლესიურად გაუმართლებელი ხომ არ არის ისეთი წყვილის დაქორწინება, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობაც მნიშვნელოვნად დიდია?
პასუხი: ეკლესია ამგვარ შეზღუდვას არ აწესებს, მთავარია, წყვილს ჰქონდეს გააზრებული, რას ნიშნავს ქრისტიანული ოჯახი და როგორ უნდა გაზარდონ მათ ღვთისმოსავი და კარგი შვილები. თუმცა სასურველია, ქალი მამაკაცზე 4 წელზე მეტით უფროსი არ იყოს.