კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაწვა შეყვარებული ძმაკაცი სიკო ჭუმბურიძემ და რატომ ჩააგდო ის მოცურავე გოგონამ ერთი კვირა დეპრესიაში


სიკო ჭუმბურიძე „ქლაბ-შოუსა“ და „კომედი-შოუს“ გამორჩეული სახეა. ის ხან ენაბლუა, ხან ძველი ბიჭი, ხან კრიმინალი და ხან ამოუცნობი ორიენტაციის ადამიანის სატრფო. ერთი სიტყვით, სიკო ძალიან კარგად ერგება ნებისმიერ მის როლს და ცხოვრებაშიც ისეთივე მხიარულია, როგორც ეკრანზე ჩანს.

სიკო ჭუმბურიძე: როცა უხერხულ სიტუაციაში ვვარდები, „ლაქლაქს“ ვიწყებ. ხან ვჩუმდები ხოლმე, მაგრამ, ბევრი ლაპარაკით მირჩევნია სიტუაციის განმუხტვა. როცა სასაცილო ამბავში ვხვდები, ვამჯობინებ, სხვა თემაზე გადავიტანო საუბარი. ეს თავის დაძვრენის ჩემეული, კარგი და გამართლებული მეთოდია.

– და, ყოველთვის ჭრის?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველთვის. ერთხელ, ჩემი მეგობრის მეგობრის დას უსიამოვნება შეემთხვა ერთ ტიპთან. ეგრეთ წოდებულ „რაზბორკაზე“ მეც წავყევი ბიჭებს. მაშინ „კავეენის“ ნაკრებში ვიყავი და, ასე თუ ისე, მცნობდნენ. მოკლედ, პლატოზე, მინდორში, საშინელ ადგილას წავედით, საქმის გასარჩევად. ვიფიქრე, ახლა აქ არ მიცნონ-მეთქი ამ „სდელკაზე“ და ქუდი ჩამოვიმხე, კაშნე ავიწიე, ისე, რომ მარტო ცხვირი მიჩანდა. გავიხედეთ, მანქანებით ამოვიდნენ მოწინააღმდეგეები, მოძველბიჭო, შავსათვალეებიანი ტიპები. მივუახლოვდით და ვუთხარით, გადმოდით მანქანიდან, დავილაპარაკოთო. იუარეს, ვერ გადმოვალთ ძმაო, აქ ოთხფეხა „ძაღლები“ „დვიჟენიობენო“. ჩავსხედით მანქანაში. დავიწყე ძველი ნარკომანივით საუბარი, შევუყვანე და შევუყვანე, როგორც შემეძლო. ისე მისმენდნენ, მგონი, კრიმინალური ავტორიტეტი ვეგონე და თქვენობით მომმართავდნენ. გულში კი მეცინებოდა – ვაი თქვენს პატრონს-მეთქი. ჩემი ძმაკაცები კი გაოცებულები მიყურებდნენ (იცინის). ერთი სიტყვით, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ან რომ მიმხვდარიყვნენ ვინც ვიყავი, მგონი, ისე მცემდნენ, სიგრძეს სიგანედ მიქცევდნენ (იცინის). წარმოიდგინეთ, რომ მეთქვა, „კავეენშჩიკი“ ვარ, ბიჭებო-მეთქი, არ გამხევდნენ ცემაში? ასე რომ, ზოგჯერ ხერხი ჯობია ღონესაო, ხომ გაგიგიათ?

– გამიგია და, ისიც გამიგია, სათევზაოდ წასული სიკო კურდღლებს ანკესით იჭერდაო. ამაზე რას იტყვი?

– საერთოდ, თევზაობა და ნადირობა არ მიყვარს. ერთხელ წავყევი დეიდაშვილის ქმარს სათევზაოდ და მივხვდი, რომ თევზაობა და ანკესი ჩემი საქმე არ არის. არც თევზის ჭამა მიყვარს. მოკლედ, წავედი სათევზაოდ ტბაზე. მეგონა ანკესს თუ მთელი ძალით მოვიქნევდი, უფრო მაგრად ჩავუშვებდი ტბაში და ერთის მაგივრად, ოთხი თევზი ამოყვებოდა. მოვიქნიე, დავატრიალე და ისე გადავუშვი ანკესი, რომ ტბის იქით ხეებში გადავაგდე. ძლივს გამოვაძრე. მეკაიფებოდნენ, რა არის ბიჭო, სად უნდა გაამხილო, სათევზაოდ წასული, კურდღლებს დასდევდიო. ამის მერე ვთქვი, ჩემგან მეთევზე არ დადგება, არ არის ეს ჩემი სტიქია-მეთქი და სიტყვას ვასრულებ.

– უცხოეთში ჩასული სასაცილო სიტუაციაში არ აღმოჩენილხარ?

– როგორ არა. რამდენჯერმე, „კავეენის“ ბიჭებთან ერთად მომიწია უცხოეთში წასვლა და იმდენი სასაცილო რამ გადამხდა, ვერ გეტყვით. ერთი მგზავრობის დროს, თვითმფრინავი საფრენ ბილიკს ასცდა – პილოტი მთვრალი იყო და ვერ განსაზღვრა დაჯდომის ადგილი. თვითმფრინავი მოსახვევში დასვა. რომ ჩამოვედი, სახეზე ფერი აღარ მედო. გამოსასვლელში მკითხეს, მგზავრების დამხვდურებმა, სად დგას თვითმფრინავიო. ვუთხარი – ინდე, „პავაროტში“-მეთქი. რადგან სამშვიდობოს დავდგი ფეხი, „პავაროტს“ ვჩიოდი? სხვათა შორის, სოჩაში კარგი ამინდი დაგვხვდა, არადა, იანვარი იყო. ცოტამ თუ ვიცოდით რუსული, ძლივს ვაგებინებდით ხელ-ფეხის ფართხალით, რაც გვინდოდა. ერთი სიტყვით, „ვჩხლამფურთაძეობდით“. მოკლედ, იანვარია, მაგარი მზეა. სასტუმროში ვსხედვართ. უცებ, მოვიფიქრეთ, სოჩაში ვართ, კარგი ამინდია, ვიბანაოთ ზღვაში და მერე თბილისში ჩასულებმა „ვიტრიპაჩოთო“. გამოვედით ქუჩაში, გავიხედეთ, მაგარი გოგო მოდის. ერთი ჩვენიანი მიუახლოვდა და ეუბნება მხრებში გაშლილი: „იზვინიწე, ჟენშინა, მორე რაბოტაეტ?“ უნდოდა, გაეგებინებინა, ნახე, რა მაგარი ვარ, ზღვაში უნდა ვიბანაო ამ ზამთარშიო და სისულელე მოუთხარა, თან შეურაცხყოფა მიაყენა – „ჟენშინა“ კი არა, ისეთი მაგარი გოგო იყო... იმან კიდე ისე შემოხედა, თვალებში ამოვიკითხეთ – შე საცოდავო გრუზინოვო (იცინის).

– სურათებს არ იღებდით რუს გოგონებთან?

– სურათის გადაღებასთან დაკავშირებით მაგარ ისტორიას მოგიყვებით: თამაშის შემდეგ, გუნდის წევრებმა სამახსოვრო სურათების გადაღება გადავწყვიტეთ უკრაინელ მეტოქეებთან. ჯერ არეულად დავდექით, მერე ვიფიქრეთ, ისე გადავიღოთ, რომ ქართველები ჩავიკუზოთ, უკრაინელი გოგონები კი დადგნენო. ეს ხომ უნდა გვეთქვა რუსულად? ჰოდა ვთქვით: ახლა გადავიღოთ სურათი „დევუშკი“, ოღონდ, „ვი სვერხუ, მი სნიზუ“. აბა, უკრაინელი გოგონების „ვზგლიადები“ იქ უნდა გენახათ (იცინის).

– უცხო მხარეში არასდროს დაკარგულხარ?

– საერთოდ, ორიენტაციას არ ვუჩივი, თუმცა, უცხოეთში არა, მაგრამ, აქ კინაღამ დავშორდი შეყვარებულს ამის გამო. დაახლოებით თორმეტჯერ მაინც მყავდა სახლამდე მიცილებული და ყოველთვის სხვა ჩასახვევში ვექაჩებოდი. ორი ჩასახვევია მის სახლთან და სულ მეშლებოდა. გადაირია, რა გჭირს, რა გულმავიწყი ხარ, რით ვეღარ დაიმახსოვრე ჩემი სახლიო. ერთხელ კი, ჩემმა მეგობარმა გვთხოვა ბიჭებს, მინდა, შეყვარებულს ორიგინალურად ავუხსნა სიყვარულიო. მოვიფიქრეთ: უნდა მივსულიყავით, სერენადა გვემღერა ანთებული სანთებელებით, მერე გული დაგვეხატა მიწაზე, ბენზინი მოგვესხა და ცეცხლი აგვებრიალებინა. თან, ღამით, ხომ წარმოგიდგენიათ, ცეცხლოვანი გულის დანახვა რა სიამოვნებას მიანიჭებდა იმ გოგონას? წავედით, თან გავიყოლეთ ბენზინით სავსე კანისტრა, დავდექით სახლის წინ. ჯერ „მუხამბაზი“ ვუმღერეთ ანთებული სანთებელას სინათლის ფონზე, მერე ვიფიქრეთ, გული დავხატოთ და ცეცხლი მოვუკიდოთო. ნასვამები ვიყავით. ქვებით მიწაზე დავხატეთ გული, მე დავყევი და ნელ-ნელა დავიწყე ბენზინის ქვებზე მოსხმა. ვისაც ცეცხლი უნდა მოეკიდებინა, ცოტა დაასწრო მოვლენას, გაუკიდა სანთებელა. ვხედავ, ცეცხლი მიახლოვდება, არადა ხელში მე მიჭირავს ბენზინით სავსე ჭურჭელი. მოვიფიქრე, დროზე მოვისროლე. გავიხედე და ამ დაბნეულობაში ის ჭურჭელი ჩვენს შეყვარებულ ძმაკაცს არ მოხვდა?! ფეხზე დაესხა ბენზინი, ცეცხლიც მიუახლოვდა და... აბრიალდა. ერთი ალმოდებული ფეხი ჰაერში ჰქონდა, მეორით კი, ასკინკილით დარბოდა, მაგარი სანახავი იყო (იცინის). ჩვენ უკან დავდევდით. ცეცხლი რომ ჩავაქრეთ, ფეხზე მარტო ნასკიღა ჰქონდა საწყალს შემორჩენილი.

– იმ გოგომ თუ გაიგო, რაც მოხდა მის გამო?

– ფარდის უკნიდან გვიყურებდა. თავიდან, ალბათ, სიამოვნებით გვისმენდა, მონდომებულები რომ ვმღეროდით, მერე კი, ალბათ, გაგიჟდა, ალმოდებული თაყვანისმცემელი რომ დაინახა, თანაც ასკინკილით მორბენალი უბანში.

– შენი მეგობრები ამბობენ, სიკო წყალში კვატივით არის, შორს თუ გავიდა პანიკაში ვარდებაო. ცურვა რატომ არ იცი, წყლის გეშინია?

– მართლა მეშინია და არც ცურვა ვიცი. ზღვაზე რომ ვარ, ნაპირზე წინ და უკან მივცურ-მოვცურავ და თან აქეთ-იქეთ ვიყურები, ვინმე ხომ არ მხედავს-მეთქი. რაც შეეხება წყლის შიშს, ჩემს სოფელში, სიმონეთში, გოგირდის აბანოებია. იქ რომ ჩავდიოდი, ბიჭები მივდიოდით საბანაოდ. ველოდებოდით, ჯერ სანამ მოხუცები ჩავიდოდნენ აუზში, მერე გოგონები სანამ იბანავებდნენ. ხომ იცით სოფელი? იქ როგორ შეიძლება, გოგომ და ბიჭმა ერთად იბანაოს? (იცინის). მოკლედ, გოგონებს გაუგრძელდათ ბანაობის პროცესი. ბიჭებმა პროტესტი გამოვთქვით, ჩავუხტით და ისე მაყვინთავა ერთმა გოგონამ, კინაღამ მომკლა. მაყვინთავა და იმდენი წყალი ვყლაპე, რომ წყლის შიში „ავიკიდე“. ამის მერე კარგა ხანი იყო გასული. ზღვაზე ვისვენებდი. მეგობარი გოგონა შემხვდა პლაჟზე. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ვკითხე, რატომ არ ბანაობ-მეთქი, მითხრა, არ ვიცი ცურვაო. გავყოყოჩდი: გოგო, ცურვის სწავლას რა უნდა, შემოდი მე გასწავლი და მერე შევეჯიბროთ ერთმანეთს-მეთქი. ჩავხტი წყალში, ჩამოხტა ისიც და, რომ მოუსვა ხელები და გააპო ტალღები, მაგარი შემრცხვა. თურმე, ისე ცურავს, მტრისას. რაღას ვიზამდი? მოვიჩრდილე ხელი შუბლზე და გავაყოლე შორს წასულს ნაღვლიანი მზერა. მთელი ერთი კვირა ზღვის სანაპიროზე აღარ გავსულვარ, სახლში ჩავიკეტე გოგონასგან დაკნინებული და დეპრესიაში ჩავვარდი.


скачать dle 11.3