ციხიდან პირობით გათავისუფლებულმა პატიმარმა ცოლ-ქმარი მათსავე სახლში დახოცა
46 წლის დავით ბასოშვილი დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციხე მისთვის ისედაც მეორე სახლი იყო – მას სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელი ექვსჯერ აქვს მოხდილი. ორი ადამიანის მკვლელობისთვის სასამართლომ ამჯერად სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის მასალების თანახმად, დავით ბასოშვილი ორჯერ ხულიგნობისთვის, ერთხელ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, მეოთხედ კი ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. პატიმრობის პერიოდში ციხიდან გაქცევა ორჯერ სცადა და ამის გამო ორჯერვე დაემატა სასჯელის ვადა. თავზეხელაღებულ ბასოშვილს საბოლოოდ ავადმყოფობამ უშველა – ერთი თირკმელი საერთოდ არ აქვს, მეორე კი კენჭებით აქვს სავსე. ამის გამო მას პატიმრობის გადავადება ეკუთვნოდა, რასაც თითქმის სამი წლის განმავლობაში ითხოვდა. პირველ ეტაპზე ექიმები სამედიცინო დასკვნაში წერდნენ, რომ მისი ავადმყოფობა საშუალო სიმძიმის იყო და არ ათავისუფლებდნენ. დიდი ბრძოლის შემდეგ კი ბასოშვილს გაუმართლა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარჩენილი 4 წელი გადაუვადდა, ანუ სასჯელის მოხდა მას გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა გაეგრძელებინა და ციხიდან პირობით გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებული მხოლოდ ხუთი თვე იყო – ამ ხნის განმავლობაში ორი ადამიანი – თავისი მამიდაშვილის დედამთილ-მამამთილი დახოცა. მაგრამ, როგორც ყველა სხვა ბრალდებაში, ბასოშვილმა თავი დამნაშავედ მაინც არ ცნო.
ბასოშვილის საქმე საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამაც განიხილა და სასჯელი უცვლელად დაუტოვა – დამნაშავე ციხეში უვადოდ დარჩება.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, პატიმრობიდან გათავისუფლებული დავით ბასოშვილი ჯერ სახლში, სოფელში მკურნალობდა, მაგრამ ცოტა ხანში მამიდაშვილის – მარიამ ნაყოფიას ბინაში გადავიდა, რომელიც შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა (მეუღლე იმ პერიოდში უცხოეთში მუშაობდა). მარიამის დედა ბასოშვილის მამის ნახევარდა იყო და ოჯახებს არცთუ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ავადმყოფ ბიჭს ხელი არ ჰკრეს – ყოფილი პატიმარი მამიდაშვილმა სათანადოდ მიიღო, რადგან იცოდა, რომ ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროებოდა.
სხვათა შორის, პირველ ეტაპზე ბასოშვილი მამიდაშვილთან სტუმრად მივიდა და სულ რაღაც ორი დღით დარჩა, მაგრამ, რამდენიმე დღეში ოჯახს მოულოდნელად ისევ მიადგა. მარიამ ნაყოფიას ძალიან გაუკვირდა, თუმცა, სტუმარს არაფერი უთხრა, რადგან ავადმყოფმა განუმარტა, რომ დაახლოებით ორკვირიანი მკურნალობა სჭირდებოდა, თანაც, საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი და, ამიტომ, არავის ზედმეტი კითხვებით არ შეუწუხებია, ოჯახში ისე დატოვეს.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, ბასოშვილს საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტად მამიდაშვილის ოჯახის ქონება აინტერესებდა და მათთან სწორედ ამიტომ დაბრუნდა. იგი თავიდანვე მიხვდა, რომ მისი მამიდაშვილის ქმარი, რომელიც უცხოეთში მუშაობდა, ფულს საკმაოდ გზავნიდა. ამიტომ, მარიამს მეუღლესა და მის ახლობლებზე ყველაფერი გამოჰკითხა და შეიტყო, რომ მარიამის დედამთილ-მამამთილიც იმავე კორპუსში ცხოვრობდა და ეკონომიურად არც მათ უჭირდათ. მამიდაშვილს არც ის დაუმალავს, რომ ბინა, რომელშიც თვითონ ცხოვრობდა ოჯახით, მამამთილმა ცოტა ხნის წინ უყიდა, ახლა კი მისი მულის დაბადების დღე ახლოვდებოდა და მეორე შვილისთვის მამა მანქანის ყიდვას აპირებდა; უფრო ზუსტად, მამამთილი ფულის გაგზავნას მარიამის ქმართან, გერმანიაში აპირებდა და მანქანა მას უნდა გამოეგზავნა.
ამ ამბის გაგების შემდეგ ბასოშვილმა დანაშაულზე დაიწყო ფიქრი და გადაწყვიტა, რომ როგორმე მისი მამიდაშვილის დედამთილ-მამამთილის ქონებას დაუფლებოდა, მაგრამ მარიამ ნაყოფიას ეჭვი არაფერზე აუღია. იგი ბასოშვილს სახლში არა მხოლოდ მარტოს ტოვებდა, სახლის გასაღებიც კი მისცა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რეციდივისტი გულისფანცქალით ელოდა ხელსაყრელ მომენტს და ეს დღეც დადგა.
2 ნოემბერს მარიამის მამამთილმა შვილიშვილი სკოლაში წაიყვანა, თვითონ კი მშობლიურ სოფელში წავიდა, რადგან წვიმის გამო სახლის სახურავი დაზიანდა და მის გამოცვლას აპირებდა. სახლში ბიძაშვილ-მამიდაშვილი მარტოები იყვნენ და ბავშვის სკოლიდან დაბრუნებამდე ტელევიზორის ცქერით ერთობოდნენ. დროდადრო მარიამ ნაყოფია წნევის გასაზომად გადიოდა დედამთილთან. დაახლოებით დღის პირველ საათზე, დედამთილის ბინიდან დაბრუნებულ მამიდაშვილს ბასოშვილმა უთხრა, რომ საქმეები ჰქონდა და სახლიდან გასვლას აპირებდა. თუმცა, საქმის ნაცვლად ორი სართულით ზევით, მისი დედამთლის ბინაში შეაღწია და მარინა ნაყოფიას ფული და ოქროული მოსთხოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ქალს ვერაფრით ათქმევინა, სად ინახავდა ოჯახი ფულს და ბლაგვი საგნით რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ნაყოფია გარდაიცვალა.
ცოტა ხანში რძალი ისევ ავიდა დედამთილის სანახავად, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ამიტომ ის უკან დაბრუნდა და ტელეფონით დაურეკა, მაგრამ დედამთილმა არც ზარზე უპასუხა. მარიამმა ჩათვალა, რომ მოხუცს ჩაეძინა და ამიტომ მასთან ასვლა გადაიფიქრა.
ამ დროს მამიდაშვილის სახლში ბასოშვილი დაბრუნდა და ბინაში მომხდარი მკვლელობის შესახებ განუცხადა. „აუხსნა“ რომ ფული სჭირდებოდა, მაგრამ, ვინაიდან ქალისგან ვერაფერი გაიგო შემოაკვდა. ბასოშვილმა მუქარა მარიამსაც დაუწყო – თუ დააპირებ ვინმესთვის თქმას, შვილსაც მოგიკლავ და არც შენს ქმარს დავტოვებ ცოცხალსო. მუქარის მიუხედავად, მომხდარით თავზარდაცემულმა ქალმა ნათესავთან დარეკვა სცადა, მაგრამ მხოლოდ ნომრის აკრეფა მოასწრო – ბასოშვილმა საუბრის საშუალება არ მისცა და კვლავ მოკვლით დაემუქრა. როგორც ნაყოფია ჩვენებაში წერს, კვლავ ცდილობდა, მომხდარი გაეხმაურებინა, გადაწყვიტა ყვირილი დაეწყო, მაგრამ ამ დროს სახლში მისი შვილი დაბრუნდა და შეეშინდა, მკვლელს ბავშვისთვის რამე არ დაეშავებინა.
მოგვიანებით, დაახლოებით ღამის 10 საათზე, ბასოშვილმა დედა-შვილი ერთ ოთახში ჩაკეტა და კვლავ გარდაცვლილის ბინაში ავიდა, რომ ფული და ოქროულობა თავად მოეძებნა, მაგრამ, მოულოდნელად, სახლში მარიამის მამამთილი, ვახტანგ ნაყოფია დაბრუნდა. ყველაფერი კი ვახტანგ ნაყოფიას მოკვლით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ცემის დროს ნაყოფიამ ფულიც აჩვენა და ძვირად ღირებული ნივთებიც.
დაუჯერებელია, მაგრამ, ამ ამბის შემდეგ ბასოშვილი ისევ მამიდაშვილის ბინაში დაბრუნდა. როგორც განაჩენშია აღნიშნული, მან აბაზანაში სისხლიანი წინდები გარეცხა და სახლიდან გასვლამდე მარიამს ისევ დაემუქრა – თუ იტყვი, რომ მკვლელობა მე ჩავიდინე, ვიტყვი, რომ შენ მეხმარებოდი და ციხეში შენც გაგიყოლებო. ამიტომ, ურჩია, ჭკვიანური ვერსია მოეფიქრებინა, ანუ, პოლიციისთვის ეთქვა, რომ ოჯახი უცნობებმა დააყაჩაღეს.
მუქარის მიუხედავად, ქალმა, ცხადია, სიმართლე თქვა და დანაშაულში ბიძაშვილი ამხილა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის შემდეგ დააპატიმრეს. მაგრამ, როგორც დაზარალებული აცხადებდა, ის ციხიდანაც არ ასვენებდა.
დაზარალებულის ჩვენებიდან: „საშინელი ზეწოლის ქვეშ ვიყავი, მეშინოდა, ჩემი შვილი არ მოეკლა, რადგან ამის გამკეთებელი იყო. მთელი ღამე შიშის ქვეშ გავატარე. თუმცა, მუქარის მიუხედავად, სიმართლე ვთქვი... დაპატიმრების შემდეგ ციხიდანაც მემუქრებოდა... მითვლიდა, რომ ჩვენება შემეცვალა“.
თავის მხრივ, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, აცხადებდა, რომ ბრალდება აბსურდული იყო – არავითარი მკვლელობა არ ჩამიდენია; მოვითხოვ, აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდეს და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოთო.
საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სასამართლომ ჩათვალა, რომ წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად დადასტურებული იყო საქმის მასალებით და დავით ბასოშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი განსასჯელმა საკასაციო პალატაშიც გაასაჩივრა – იგი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
როგორც საბოლოო განაჩენშია ნათქვამი: „დაზარალებულისა და, აგრეთვე, მოწმეთა ჩვენებით, ბასოშვილი დამაჯერებლად იმხილება ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში. მისი ბრალი დადასტურებულია სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით. ბრალდებულის სხვადასხვა ვერსია, რომლითაც ცდილობს, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ურთიერთწინააღმდეგობრივია და ვერ აბათილებს უტყუარ მტკიცებულებებს... საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მკვლელობის მომენტში იგი ნამდვილად იმყოფებოდა მოკლულების ბინაში... მისი წარსულისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, სასჯელის უმაღლესი ზომა – უვადო თავისუფლების აღკვეთა, მთლიანად შეესაბამება კანონით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის პრინციპებს.“