კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ შეუკვეთა ცნობილ ქართველ ქილერს ორი მილიონერის მკვლელობა


დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა. მისი გმირების უმეტესი ნაწილი დღესაც ცოცხალია და ყველა მათგანის ვინაობა შეცვლილია. ხოლო ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია და ამის გამო წინასწარ გიხდით ბოდიშს.

„კაიფარიკი“ ქილერი

ჯემალ სარია ტახტზე ტრუსებისამარა იყო წამოწოლილი და იმ ახალშეძენილი ტექნიკის საოცრებით ტკბებოდა, რომელსაც ვიდეომაგნიტოფონი ეწოდება. „სონის“ ფირმის ეს საოცრება, ამავე ფირმის უზარმაზარ ტელევიზორში ჯემალისთვის ძალიან მიმზიდველ პორნოფილმს უჩვენებდა. იგი ისე იყო აღგზნებული, რომ სოჭში დასასვენებლად გაგზავნილი ცოლი ინატრა.

სარია პროვინციიდან იყო. თუმცა, 39 წლის კაცი უკვე 15 წელია, საქართველოს დედაქალაქში ცხოვრობდა და თავი თბილისელად მიაჩნდა. ყველაზე მეტად, ახალშეძენილი, ვაკის ხუთოთახიანი ბინით ამაყობდა, სადაც ის ივლისის იმ ცხელ დღეს ნებივრობდა. ჯემალი იატაკქვეშა მილიონერი, ეგრეთ წოდებული „ცეხავიკი“ იყო და იმდენ ფულს შოულობდა, რომ იმ კორპუსსაც კი შეიძენდა, რომელშიც მისი ფეშენებელური ბინა იყო განთავსებული.

ჯემალი თვალებგაფართოებული უყურებდა ერთ-ერთ პორნოკადრს, როდესაც ბინაში ზარის ხმა გაისმა. „ნეტავ, ვინ ოხერია“! – ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა, თავს ძალა დაატანა, კართან მივიდა და გააღო.

– გამარჯობა, – მიესალმა ბინის პატრონს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ნომრიანი სათვალე ეკეთა, ხუჭუჭი შავი თმა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა. მხარზე კი უზარმაზარი ტყავის ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.

– რა გინდა? – პროვინციული, მედიდური უხეშობით ჰკითხა ჯემალმა ახალგაზრდას, რომელმაც მას მიმზიდველი პორნოკადრების ცქერა შეაწყვეტინა.

– ბოდიში, მე „თბილგაზის“ ხელოსანი ვარ და მილებს ვამოწმებ. თქვენს კორპუსში ხაზია დაზიანებული და, თუ დროზე არ მივაგენი, კორპუსი ჰაერში აიწევა, – მორიდებულად აუწყა ახალგაზრდამ ჯემალს.

– შემოდი და მალე ქენი, დრო არ მაქვს! – უხეშობას ზიზღნარევი ტონიც შეურია ჯემალმა.

ახალგაზრდა ბინაში შევიდა. ჯემალმა კარი მიხურა და წინ წავიდა, რომ „ხელოსანს“ სამზარეულოში გაძღოლოდა, მაგრამ, როგორც კი შეტრიალდა, კეფაში მძიმე საგნის ჩარტყმა იგრძნო, იატაკზე დავარდა და გაითიშა... თვალი რომ გაახილა, ჯემალი რადიატორზე იყო ხელბორკილებით მიბმული, პისტოლეტმომარჯვებული ახალგაზრდა კი მის პირდაპირ სავარძელში იჯდა და ცივი სახით მისჩერებოდა.

– ვინ ბრძანდებით? – ხმის კანკალით ჰკითხა ჯემალმა.

– შენ, თურმე, ზრდილობიანად ლაპარაკიც შეგძლებია, ოღონდ, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გაქვს. ვინ ვარ? ვინ და, შენი მკვლელი!

– ჩემი მკვლელი? რას მერჩით? რა დაგიშავეთ? მე თქვენ პირველად გხედავთ!

– რა უნდა დაგეშავებინა, არაფერი, – გულგრილად აიჩეჩა მხრები პისტოლეტიანმა, – ეს ჩემი სამუშაოა – შენი მკვლელობა შემიკვეთეს.

– შეგიკვეთეს?

– დიახ!

– ვინ?

– შემკვეთმა.

– რამდენს გიხდის?

– 50 ათას მანეთს.

– მე ოთხჯერ მეტს მოგცემ, ოღონდ არ მომკლა!

– ათჯერ მეტიც რომ მომცე, შეკვეთას მაინც ვერ გავაუქმებ. თუმცა, შეგიძლია, ახალი შეკვეთა მომცე და შევასრულებ – შენი მკვლელობის შემკვეთსაც მოვკლავ.

– ვინაა შემკვეთი?

– აი, ეს, – უთხრა ქილერმა სარიას და ფერადი ფოტო დაანახვა, რომელზეც ხუჭუჭთმიანი კაცი იყო აღბეჭდილი.

– ოთარი? ოთარ ჯელაძე? კი მაგრამ, ის ხომ ჩემი პარტნიორია! ჭირშიც და ლხინშიც, აგერ უკვე ათი წელია, ერთად ვართ! მე მისი შვილის ნათლია ვარ და, ეს როგორ გააკეთა?

– რა და როგორ, არ ვიცი, მაგრამ, თუ მაყუთს გადაიხდი, მაგასაც უკან მოგაყოლებ.

– ცოცხლად დარჩენის არანაირი შანსი არ მაქვს?

– არა.

– მაშინ, ხელები გამიხსენი, რომ ფული გადაგიხადო. ოთარის მკვლელობას გიკვეთავ.

პისტოლეტიანმა ჯემალი ახსნა და თვალს არ აცილებდა. სარია კედელთან მივიდა და უზარმაზარი სურათი გვერდზე გასწია, კედელში ჩამონტაჟებული სეიფი გააღო და პისტოლეტი აიღო, რომ ქილერისთვის ესროლა, მაგრამ ქილერმა, მაყუჩიანი იარაღიდან ერთი გასროლით ჯემალს იდაყვში მოახვედრა ტყვია და იარაღი გააგდებინა, მეორე ტყვია კი მარცხენა ფეხში ესროლა და იატაკზე დააგდო. შემდეგ თავზე დაადგა და უთხრა:

– ეშმაკობ, არა?

– ვერ მოგატყუე, – სინანულით თქვა ჯემალმა, – აი, ამ სეიფში 200 ათასი მანეთია და სულ შენი იყოს, ოღონდ, ოთარი მოკალი და სახეზე დააფსი!

– მეც ზუსტად ასეთი დავალება მაქვს შენი მკვლელობის შემკვეთისგან, – სიცილით უთხრა ქილერმა სარიას, შემდეგ თითო ტყვია დაახალა შუბლსა და გულში, ბოლოს კი შარვლის უბე გაიხსნა, მოკლულს სახეზე დააშარდა და ჩაილაპარაკა: „რა კაიფს ხედავენ ეს დედააფეთქებულები სახეზე დაფსმაში, ვერ ვხვდები!..“

ქილერმა სეიფიდან 200 ათასი მანეთი გამოიღო და დასტები ტყავის ჩანთაში ჩაყარა. შემდეგ ჩანთიდან შპრიცი და მორფის ორი ამპულა ამოიღო და ნარკოტიკი ვენაში შეიშხაპუნა. ათიოდე წუთს გაუნძრევლად იჯდა სავარძელში, ბოლოს წამოდგა, ტყავის ჩანთიდან ქერა პარიკი ამოიღო და შავის მაგივრად მოირგო თავზე, წვერ-ულვაშიც მიიწება, ნომრიანის ნაცვლად მზის სათვალე გაიკეთა და გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. გასვლისას კიდევ ერთხელ დახედა მოკლულ ჯემალს და უხმაუროდ დატოვა ბინა.

იმავე საღამოს საკუთარ სახლში ოთარ ჯელაძე იქნა მოკლული. ქილერმა მასაც დააშარდა სახეზე, მერე, ისევ მორფი გაიკეთა ვენაში და წავიდა...

„ფანტომზე“ ნადირობა

ერთ დღეს და ერთი ხელწერით მოკლული ჯემალ სარია და ოთარ ჯელაძე მართლაც მეგობრები, პარტნიორები და ერთმანეთის ნათელ-მირონები იყვნენ. ისინი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი იატაკქვეშა ბიზნესის – ბიჟუტერიის დამამზადებელი საამქროების მეპატრონეები იყვნენ. ოთარმა მართლაც შეუკვეთა ჯემალის მკვლელობა და ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ჯელაძე მილიციის მაიორმა, კარლო ხვედელიძემ წააქეზა. კარლოს თქმით, ჯემალი ოთარის მეუღლის, ჟანას საყვარელი იყო და ამის დასტურად დამონტაჟებული ფოტოები უჩვენა. სინამდვილეში კი ჟანა ხვედელიძის საყვარელი თვითონ იყო და ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. კარლოს ოთარის თავიდან მოშორებაც ჰქონდა განზრახული და ჟანას მეშვეობით ბიჟუტერიის ბიზნესის დაპატრონებას გეგმავდა. თუმცა, იმავე დღეს ოთარის მკვლელობამ მას ეს საქმე გაუადვილა და მოუთმენლად ელოდა მოკლულების დასაფლავებას, რომ ჟანას ქმრის წილი ჩაეგდო ხელში.

ამ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, კარლო ხვედელიძე ქილერის ლიკვიდაციას და ყველა კვალის საბოლოოდ მოსპობას პირადად გეგმავდა. ქილერი კი ყოფილი თბილისელი მილიციელი, 38 წლის ნოდარ ჯაში იყო. ჯაში და ხვედელიძე ძველი კოლეგები იყვნენ და სწორედ კარლომ დააკავშირა მასთან ჯელაძე.

იატაკქვეშა მილიონერების მკვლელობიდან მესამე დღეს ხვედელიძე სახლში ეწვია ჯაშს და უთხრა:

– ჯელაძის მოკვლა, ალბათ, სარიამ დაგავალა, ხომ?

– სწორად მიხვდი.

– ნოდარ, მთელი მილიცია ფეხზე დგას და გეძებენ. სანამ ყველაფერი არ მიწყნარდება, შენ დროებით უნდა გაქრე, სადმე გაემგზავრე!

– ეს უფრო ეჭვს არ გამოიწვევს? – უთხრა ჯაშმა ხვედელიძეს და გამომცდელად შეხედა, – ჩემ შესახებ მხოლოდ შენ იცი. საქმეები სუფთად მაქვს გაკეთებული და რატომ უნდა გავქრე? რა იყო, ჩემს ჩაშვებას ხომ არ აპირებ?

– ნოდარ, არ გრცხვენია?

– არა, არა, – ცინიკურად გაეცინა ჯაშს, – შენ ჩემს ჩაშვებას კი არა, ჩემს მოკვლას აპირებ, რომ ყველა კვალი მოსპო.

ხვედელიძემ იარაღისკენ წაიღო ხელი, რომელიც ჯიბეში ჰქონდა დამალული, მაგრამ ჯაშმა დაასწრო და ორი ტყვია შუბლსა და გულში დაახალა და ადგილზევე მოკლა. რომ დაღამდა, ხვედელიძის ცხედარი დაანაწევრა. შემდეგ სამ ტომარაში ჩაალაგა და შუაღამეს დიღმის ტყეში დამარხა...

ამ ამბიდან ერთი თვის მერე პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფი ჟანა ჯელაძე გამომძიებელს ყველაფერში გამოუტყდა და აღიარა, რომ გაუჩინარებული მილიციის მაიორის, კარლო ხვედელიძის საყვარელი იყო. ქალმა შეკვეთილ მკვლელობაზეც ილაპარაკა და აღიარა, რომ კარლო ხვედელიძესთან ერთად დაგეგმა ყველაფერი.

– ხვედელიძე რა იქნა? – ჰკითხა გამომძიებელმა ქალს.

– ეგ უკვე არ ვიცი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ის დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა – იმან, ვინც ჩემი ქმარი და სარია დახოცა. კარლო ამბობდა, რომ ის კაცი ძველი მილიციელი იყო და ჩემს ქმარს სწორედ კარლომ შეახვედრა.

– რატომ ფიქრობთ, რომ ხვედელიძე დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა?

– იმიტომ, რომ კარლო ამბობდა, იმ ფანტომსაც მოვკლავ, ყველა კვალს წავშლი და მარტო მე და შენ დავრჩებითო.

– ფანტომს?

– დიახ, – თავი დააქნია ჟანამ, – ფანტომი უჩინარს ნიშნავს და კარლო იმიტომ უწოდებდა იმ კაცს ასე.

ჟანა ჯელაძე დააპატიმრეს და საკანში გამოამწყვდიეს. მილიციამ კი გაუჩინარებული კარლო ხვედელიძის ყველა იმ ყოფილი თანამშრომლების დოსიე ამოქექა, ვისთან ერთადაც კარლოს ოდესმე უმუშავია. და ვინც განსაკუთრებით ახლოს იყო მასთან. ასეთი სულ სამი აღმოჩნდა, მათგან ერთი გარდაცვლილი იყო, მეორე ციხეში იჯდა და ამგვარად გავიდნენ ნოდარ ჯაშის კვალზე...

– ესე იგი, „ფანტომი“ – ჯაშია, ხომ? – დანანებით გადააქნია თავი პოლკოვნიკმა ასანიძემ, რომელიც ჯაშის ასაყვან ოპერაციას გეგმავდა, – მდაა!.. ძლიერი მილიციელი იყო და კარგი ოპერი. უფლებამოსილების გადამეტებისთვის ციხეში რომ არ მოხვედრილიყო, ახლა ჩვენ გვერდით იქნებოდა და პოლკოვნიკის ჩინიც ექნებოდა.

ჯაში დიღმის მასივში ცხოვრობდა. სამი ოპერჯგუფი ჩუმად ჩაუსაფრდა და მის სახლიდან გამოსვლას ელოდა.

2 სექტემბერს ნოდარ ჯაში ქუჩაში გამოვიდა და გასტრონომისკენ გაემართა პურის საყიდლად, მაგრამ, ცარიელ ქუჩაში მდგარმა მანქანამ და მასში მსხდარმა ოთხმა მამაკაცმა შეაშფოთა, რადგან მათში სამძებროს თანამშრომლები შეიცნო... ქილერმა სწრაფად ამოაცურა ჯიბიდან პისტოლეტი, მანქანის მიმართულებით ორჯერ გაისროლა და გაიქცა, მაგრამ ბუჩქებში გაკეთებული საფარიდან სამმა ოპერმა „ფანტომი“ 16 ტყვიით ჩაცხრილა...)

P.S. „ფანტომის“ საქმემ გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და თბილისში ათასნაირი ხმა დაირხა. თუმცა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი მიჩქმალა და, როგორც ეს მაშინ იყო მიღებული, მოსახლეობამ სიმართლე ვერ გაიგო. ამ საქმის გამოძიებას კი უმკაცრესი ტაბუ დაედო და გასაიდუმლოებულ არქივში გადაიგზავნა. მეტიც, ძიების ქვეშ მყოფი ჟანა ჯელაძე, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს – ციხის მცველებმა ქალი საკუთარ საკანში, გისოსებზე, ზეწრით ჩამომხრჩვალი იპოვეს. იატაკქვეშა ბიზნესს კი, ყველასათვის მოულოდნელად, მანამდე უცნობი ადამიანები – ძმები ჯიმშერ და გოდერძი ყარამაშვილები დაეპატრონენ, რომლებიც ამ საქმეს საბჭოთა კავშირის დაშლამდე ედგნენ სათავეში... მხოლოდ ხელისუფლებაში ეროვნული მთავრობის მოსვლის მერე გაირკვა, რომ კომუნისტური საქართველოს მილიციაში დაქირავებულ მკვლელთა არალეგალური დაჯგუფება არსებობდა, რომლის წევრებიც სხვადასხვა მაღალჩინოსანთა დაკვეთით კლავდნენ ადამიანებს, ატერორებდნენ ცალკეულ პირებს და მათ არალეგალურ ბიზნესს ეუფლებოდნენ. სწორედ ამ დაჯგუფების აქტიური წევრები იყვნენ ძმები ყარამაშვილები, რომლებიც ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ რუსეთში გაიქცნენ, მილიონობით მანეთი გაიტაცეს და მოსკოვში ახორციელებდნენ კრიმინალურ საქმიანობას. ისინი 1995 წელს ვერნადსკის გამზირზე ჩაცხრილეს უცნობებმა...


скачать dle 11.3