სიყვარული კოკაინს შეგიცვლით
სწავლულებმა, რომლებიც სიყვარულის ფიზიოლოგიას სწავლობდნენ, განსაცვიფრებელი აღმოჩენა გააკეთეს. ნიუიორკელმა ფსიქოლოგმა არტურ არონმა, რომელიც შეყვარებულთა ტვინის ტომოგრაფიას სწავლობდა, დაადგინა, რომ სიყვარულის დასაწყისი ისევე მოქმედებს ადამიანზე, როგორც „კოკაინის დოზა“.
როდესაც ექსპერიმენტის მონაწილეები თავიანთი შეყვარებულების ფოტოებს უყურებდნენ ტვინის ცენტრალური საფარველი იჟღინთებოდა დოპამინით – ნივთიერებით, რომელიც გამოიყოფა სისხლში სასიამოვნო საქმიანობით. მაგალითად, სექსის დროს, აგრეთვე შოკოლადის ჭამისას, ანდა ნარკოტიკების მიღებისას.
მოგვიანებით, სისხლში გამოიყოფა ჰორმონები – ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი, რომლებიც ხელს უწყობს შეყვარებულთა შორის ემოციური კავშირების ფორმირებას. ოქსიტოცინი გამოიყოფა ადამიანებში ახლო კონტაქტის მომენტებში – ეს შეიძლება იყოს თვალებში ხანგრძლივი ყურება, ჩახუტება, ანდა სქესობრივი აქტი. იგივე ჰორმონი აყალიბებს დედის ემოციურ კავშირს პატარასთან. ვაზოპრესინი პასუხისმგებელია მამაკაცებში ემოციური კავშირების ფორმირებაზე.
ტრადიციულად მიიჩნევა, რომ ვნებიანი სიყვარული, რომელსაც თან სდევს ჰორმონული აფეთქება, იცვლება უფრო მშვიდით – „დაძმურით“. მაგრამ, ამას წინათ სანტა-ბარბარას უნივერსიტეტის მკვლევარმა ბიანკა ასეველომ შეისწავლა იმ მეუღლეების ტვინის ტომოგრამა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქორწინებიდან 20 წლის გასვლის შემდეგაც სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი. აღმოჩნდა, რომ ამ ბედნიერთა ტვინი ისევე რეაგირებს, როგორც ახლად შეყვარებულ წყვილთა ტვინი – მხოლოდ მღელვარება და აკვიატებული აზრები აღარ აქვთ. ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი რთავს ტვინის იმ განყოფილებებს, რომლებიც პასუხისმგებელია სულიერ სიმშვიდესა და ტკივილების დათრგუნვაზეც კი.
სწავლულები გვირჩევენ, ვიმოქმედოთ ჰორმონულ ფონზე, დავკავდეთ სასიამოვნო საქმეებით, რომლებიც სტიმულს აძლევენ დოპამინის გამოყოფას. ისინი, ვინც ბედნიერნი არიან ქორწინებაში, დიდხანს ცოცხლობენ, მათი იმუნიტეტიც გაცილებით მაღალია.