შეიძლება თუ არა ქუჩაში სასულიერო პირისგან ლოცვა-კურთხევის აღება
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასასწრებად მიდის, აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ ის მიდის უფლის სახლში, სადაც თავად მაცხოვარია დავანებული და საკუთარი სისხლითა და ხორცით განაღმრთობს ჩვენს სულებს. ამასთან, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირჯვრის გადაწერას დიდი ძალა აქვს და ყოველთვის გვეხმარება. თუმცა, ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება მამა ექვთიმე (მაჩაბელი-ხუციშვილი):
– პირადად ჩემთვის ეკლესიაში ყოველი წასვლა, თუნდაც ჩემს სამლოცველოში შემოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სულ ვღელავ. ბავშვი გამოცდაზე რომ გადის, ღელავს, ოფლი ასხამს, გული უფართხალებს – დაახლოებით ასე ვარ. ნაუცბადევად არ მივდივარ – დღეს წირვაა, მივალ, ვეზიარები-მეთქი. ამ დროს გული ყოველთვის ყელში მაქვს მობჯენილი, ვღელავ, თუმცა ეს არ არის უაზრო ფორიაქი. ეს იმიტომ ხდება, გაცნობიერებული მაქვს, რომ უფალთან მივდივარ. მოვალეობას კი არ ვიხდი, არამედ უნდა წარვდგე მის წინაშე და ჩემში უნდა შემოვიდეს უფალი გარკვეული წამით, წუთით, თუ საათით – ეს ჩვენ არ ვიცით. ზიარების ლოცვაში გარკვევით წერია: „სისხლი შენი და ხორცი შენი განმაღმრთობს მე”, ანუ ამ დროს ადამიანის განღმრთობა ხდება. ზიარების დროს შენში სისხლითა და ხორცით შემოდის უფალი. იმის მიხედვით, თუ ადამიანი ამ მადლს რამდენ ხანს შეინარჩუნებს – ხუთ წუთს, ნახევარ საათსა თუ მეტხანს – იმდენი ხნის განმავლობაში არის განღმრთობილი, ანუ ღმერთის თანატოლი, თანაზიარი.
– რას გრძნობთ, მამაო, როდესაც წირვის დროს საკურთხეველში იმყოფებით?
– ხმამაღალი ნათქვამი არ არის, მე იმ დროს არ ვარ მიწაზე, სხვაგან ვარ. მახსოვს, მაშინ სტიქაროსანი ვიყავი, უწმიდესმა მცხეთაში სემინარიაში სასწავლებლად გადმომიყვანა და კურთხევა მომცა, უნდა დაამთავროო. მე იმდენად ჩემს მამად, მშობლად გავითავისე უწმიდესი, რომ არსად წასვლა არ მინდოდა, ახლაც ასე ვარ. 50 წლის რომ გავხდი, უწმიდესთან მივედი, ვუთხარი ჩემი დაბადების დღეა, უკვე 50 წლის გავხდი-მეთქი. თავზე ხელი გადამისვა, მომეფერა, მითხრა, ჯერ პატარა ხარო და ცრემლები წამომივიდა – მისთვის ისევ პატარა ვარ. ჩემთვის ამაზე დიდი საჩუქარი არაფერი იყო. როცა უწმიდესი არ არის, მე არ ვარ ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა ვიყო. ხშირად ზიარებისგანაც თავს ვიკავებ. მაგრამ, საკმარისია, მისი ერთი ხელის დადება და იმის თქმა – „თქვენო უწმიდესობავ, შენდობას ვითხოვ“ – მე უკვე ვიცი, მთლიანად ვარ იმისთვის მზად, რომ უფალი ჩემში შემოვუშვა. როგორც ახლა, მაშინაც არ მინდოდა უწმიდესს მოვშორებოდი: გამგზავნიდნენ და გამოვრბოდი თბილისში, მერე ისევ ვბრუნდებოდი. ერთ დღესაც, სვეტიცხოვლობა იყო. ასეთი დღესასწაულების შემდეგ ტრაპეზი იშლებოდა, გორიდან მომქონდა ხოლმე ღვინო, პროდუქტები. რაღაცის წამოღება დაგვავიწყდა, მეუფე ზოსიმემ თავისი მანქანით გამგზავნა გორში, წავედი და ჩამოვიტანე. საკურთხეველში უნდა შევიდე, მეუფეს უნდა მოვახსენო, რომ ყველაფერი მზად არის-მეთქი, აღსავლის კარი ღია იყო. მაშინ არ ვიცოდი მთლიანად წირვა-ლოცვის თანმიმდევრობა, მერე მივხვდი, რომ ამ დროს პატრიარქი სულიწმიდის მოსვლის ლოცვას კითხულობდა. შევიხედე და რას ვხედავ: პატრიარქი მოცისფრო-მომელნისფრო, არამიწიერი ფერის ღრუბელშია გახვეული. ვდგავარ გაშტერებული და ვუყურებ. ვიფიქრე, საკმევლის ბოლია-მეთქი, მაგრამ არა. იმიტომ, რომ ეს იყო შემოსაზღვრული და არა გაშლილი, გაფანტული ფორმის ღრუბელი, საოცრად ლამაზი ფერი ჰქონდა და ძალიან შორს იყო. მე იქ ვიდექი, სადაც უფლის კვართია, პატრიარქი კი – საკურთხეველში. იმ მომენტიდან უწმიდესის მიმართ სხვანარი გრძნობა გამიჩნდა, ხოლო საკურთხევლის მიმართ საოცარი კრძალვა, პატივისცემა და გავაცნობიერე, რომ იქ ხდება ისეთი რამ, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს და რაც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
– მამაო, როგორც ვიცი, ძალიან დიდი ძალა აქვს პირჯვრის გადაწერას.
– დიახ, ხშირად მითქვამს ადამიანისთვის, რატომ არ იწერ პირჯვარს-მეთქი. ეს არის ქმედება, რომელსაც სასწაული ძალა აქვს. თვითონ თითების მდგომარეობა, მოქმედება, ეს არ არის მხოლოდ სიმბოლოს – ჯვრის გამოსახვა. აქ ხდება უფლისა და ადამიანის თანხვედრა, განწმენდა, განდევნა და დაცვა ბოროტი ძალისგან. შესაბამისად, ძალიან კარგია პირჯვრის ხშირი გადაწერა, მაგრამ არა მექანიკურად და უაზროდ, ან მომჩვენებლობით. ზოგჯერ ისეთ ადგილას შეიძლება მოვხვდეთ, რომ ვერ მოვახერხოთ პირჯვრის გადაწერა, რადგან სხვას დავაბრკოლებთ, ან განკითხვის ცოდვაში ჩავაგდებთ. ამიტომ, ჯობია, თვალები დავხუჭოთ, გულში ვთქვათ: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!“ – და უკვე თავისთავად გამოგესახებათ პირჯვარი. შეგიძლიათ, ასევე მტკივან ადგილასაც გადაიწეროთ პირჯვარი. როდესაც ადამიანი დგება, გადის სახლიდან, თვითონაც აუცილებლად უნდა გადაიწეროს და გზასაც გადასახოს პირჯვარი. ნებისმიერი ადამიანი დილით ადგომისას თავისთავად გამოხატავს ჯვარცმულ ქრისტეს: ყველანი იზმორებიან ხელების გაშლით, მართლმადიდებელიც, მუსლიმანიც და ყველა სხვაც, გამოვსახავთ ჯვარცმულ ქრისტეს. როგორც კი წამოდგებით საწოლიდან, უნდა წაიკითხოთ, გულში თქვათ პატარა სამადლობელი ლოცვა „ძილისაგან აღდგომილი” და შემდეგ მოწესრიგდით, განეწყვეთ ლოცვისთვის და დაიწყეთ ლოცვა. თუ ამას გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ იმ დღეს 50 პროცენტით დაცული ხართ. მერე, როცა გადიხართ სახლიდან, გადასახეთ პირჯვარი კარსაც, გზასაც და სულ დაცულები იქნებით.
ამას წინათ უწმიდესმა თქვა, ყველას უთხარით – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს – „ჩვენთან არს ღმერთი”. ეს არ არის მხოლოდ უწმიდესის, ან სასულიერი პირის მიერ ამბიონიდან სათქმელი, ყველამ უნდა ვთქვათ. ადრე ხშირად მეკითხებოდნენ, ვინ ხარ. რას ჰქვია, ვინ ვარ! ქრისტეს სამოსი მაცვია, რა მნიშვნელობა აქვს, მორჩილი ვარ, მღვდელი თუ ბერი, მოდი და მითხარი: „დამლოცე, მამაო!“ და იმას ხომ მაინც გეტყვი: ღმერთმა დაგლოცოს-მეთქი, ჩაგეხუტები და გაკოცებ. ერთმანეთის დალოცვას წინ არაფერი უდგას. ხშირად ქუჩაში ვხვდები ადამიანს, ემჩნევა, რომ მოდის ეკლესიიდან, თავდაბურულია, თავი მაინც დამიკარი. მერე, რომ ვაჩერებ და ვეუბნები, დამლოცე-მეთქი, ზოგი შეცბება, ზოგი გაკვირვებული მიყურებს – მე თქვენ არ გიცნობთო. ადამიანმა ყველასგან უნდა მიიღოს კურთხევა, მით უმეტეს, შემოსილი ადამიანისგან. უწმიდესი გვეტყოდა ხოლმე, ყველასგან კურთხევა ერთი საზომით აიღეთო. ხშირად ადამიანები კითხულობენ, შეიძლება, მონაზონმა დაგვლოცოსო? მონაზვნის დალოცვას იმხელა მადლი აქვს, მე, რომ დედები დამლოცავდნენ ხოლმე, მიწაზე ფეხს ვერ ვადგამდი ბედნიერებისგან. მონაზვნის დალოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ის ყველა საქმისგან განყენებულია, გარდა ლოცვისა, მონაზვნური ტვირთისა, ლოცულობს და მთლიანად ლოცვაშია მოცული. უფალმა თავისი მხედრობა დააწესა, მიწიერი ანგელოზები – მონაზვნების სახით, რომ დედამიწაზე ჰყავდეს ანგელოზი მიწისა და კაცი ზეცისა. იმიტომ, რომ სული ჯერ სხეულშია და იქ ანგელოზად არ მოიაზრება, მაგრამ დედამიწაზე ანგელოზის მისია აკისრია, რადგან, მონაზვნის ერთადერთი და მთავარი მოვალეობა არის ლოცვა. ხელსაქმე, საზრდელის შემზადება, კითხვა – ეს დამატებითი მოვალეობაა, აუცილებელია, რადგან 24 საათის განმავლობაში ვერ ილოცებ, რაღაც უნდა აკეთო, რომ შემოსავლის წყარო გქონდეს. მაგრამ უმთავრესი მოვალეობა მონაზვნისა არის ტკბილი ღუღუნი, უფლისადმი ლოცვა, ვედრება, რასაც ანგელოზები ზეცაში აკეთებენ. ამიტომაც, ხშირად ამბობს უწმიდესი, მონაზვნობაზე დგას ეკლესიაო. როცა მონაზვნობა სუსტია, ეკლესიაც სუსტია. როცა მონაზვნობა ძლიერია, ერიც ძლიერია. ხშირად ადამიანები კითხულობენ: რატომ, ერს გამრავლება არ უნდა?! რაც მეტი მონაზონი იქნება, მით უფრო მეტად გამრავლდება ერი. დავითის, თამარის დროს რამდენი მილიონი ვიყავით, მაგრამ ასიათასობით მონაზონი იყო, მაშ როგორ?! ღმერთმა გვამრავლოს სიყვარულში. ეშმაკის ერთ-ერთი მზაკვრული ხერხი არის შური, რომელიც ამპარტავნების საზიზღარი ფორმაა. ეს ჩვენში ამ ბოლო დროს შემოიჭრა. მოდით, ხალხნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! მხოლოდ სიყვარული დაამარცხებს ეშმაკს, მხოლოდ სიყვარულის ეშინია მას, იმიტომ, რომ მას ღმერთმა სიყვარული წაართვა. თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მისი თანაზიარები გავხდებით.
ნათია უტიაშვილი