ვინ ჩააშენა თანამედროვე ვილა კლდეში და რატომ უწოდეს მის არქიტექტურას მეგობრებმა „ვარძიის კომპლექსი“
ვარდების ხეივანი ეზოსკენ მიგვიძღვება. ეზო კი პატარა ბაღია, ფერადოვანი ყვავილებითა და ხეხილით, რომლის მინიკლიმატი „სუბტროპიკული ზონიდან ტროპიკულამდე“ მერყეობს – ვაზის სამშობლოში თავს შესანიშნავად გრძნობს ათასგვარი ჯიშის კაქტუსი და ღვთითკურთხეული „მასპინძლის“ ლერწთან ერთად სართულებს მოსდებია. ეზოში მდებარე სახლის აივნები მოურთავს და მოუკაზმავს. ცხელი ზაფხულის პაპანაქებას კი, ბაღის შუაგულში ამოფრქვეული შადრევნის შხეფები აგრილებს. არ გეგონოთ, ქალაქგარეთ ვართ, აგარაკზე. ეს თბილისის ცენტრი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია. მთის კალთას ჩაშენებული სახლის უკანა კედელი წიწვოვან ტყეს ემიჯნება, საიდანაც საცალფეხო ბილიკით პირდაპირ ვაკის პარკის ჩირაღდნიანი ფიგურის მონუმენტს მივადგებით. ეს ხუნწელიების კარ-მიდამოა, რომელიც „ვარძიასავით კლდეშია ნაშენი“, მაგრამ სრულიად თანამედროვე, ხუთსართულიანი „ვილაა“.
ხუთსართულიანი შენობის მთავარი არქიტექტორი, მშენებელი, კონსტრუქტორი და დიზაინერი თავად მისი პატრონი, ბატონი ვახტანგი გახლდათ, მეგობრებთან ერთად. იგი ამჟამად გარდაცვლილია და მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭის წყალობითა და უშუალო მონაწილეობით, ნაგებ მშვენიერ, მართლაც რომ „ვილაზე“, მისი და, ქალბატონი მაგული გვიამბობს.
ქალბატონი მაგული: ჩემმა ძმამ ეს ადგილი, პირდაპირი მნიშვნელობით, მთას ჩამოაჭრა. ასე ხუმრობდა, ვაკეში თუ ვცხოვრობ, მართლაც უნდა „გავავაკო“ აქაურობაო. ყველაფერი, დაწყებული მიწის მოსწორებით, ბეტონის ჩასხმით, თუ შემდგომ სამშენებლო პროცესებით – ხუროობა იყო ეს, კალატოზობა, პარკეტის დაგება, „სვარკა“ და ასე შემდეგ, თავისი ხელით გააკეთა. მხოლოდ ხანდახან თუ მოიყვანდა დამხმარე მუშებს. პირველი ორი სართულის უკანა კედელი მიწაშია ჩაშენებული. ამასთან დაკავშირებით, მეგობრები ეხუმრებოდნენ ვახტანგს – ეტყობა, შენში წინაპართა სისხლმა იყივლა. ვარძიასავით აქაც კლდეში რომ „კვეთ“ ბინასო. ტყის პირიდან შენობა სამსართულიანია, ხოლო წინიდან – ხუთიანი. როგორც ხედავთ, სახლის ფასადი ტიპური თანამედროვე სტილით არის ნაშენი. ინტერიერი კი მოიცავს როგორც კლასიკურისა და კონსერვატორულის, ასევე რომანტიკულ-სააგარაკო ელემენტებთან შეზავებულ თანამედროვე სტილს.
... და მართლაც, პირველი სართულის ჰოლიდანვე იგრძნობა ეს სტილური მრავალფეროვნება. არჩევანი, სართულებზე გადაადგილებასთან დაკავშირებითაც კი, ალტერნატიულია. გნებავთ, ლიფტით აბრძანდით მეხუთე სართულზე და ხელისგულივით გადაშლილ ქალაქს გადმოხედეთ, გნებავთ, ძველი თბილისისთვის ტიპური ხვეული ხის კიბეებით შეუყევით საფეხურებს და გზადაგზა დატკბით პეიზაჟის რომანტიკით. თუ პირველი სართულის სასადილო ოთახის მკაცრ სტილსა და მუქ ხის ტონებს, შესაბამისი ბუხრითა და მის თავზე განთავსებული სიძველისგან ჩაყვითლებული საქართველოს რუკით, ბუნების მშვიდი პეიზაჟის პანოთი მთელ კედელზე, წინა საუკუნეში გადავყავართ, მეორე სართულზე განთავსებული სატრენაჟორო დარბაზი და ტროპიკული პეიზაჟის პანოს ფონზე ცისფრად მოლივლივე „ლაგუნა“ ოცდამეერთე საუკუნეში გვაბრუნებს. მესამე სართული მთლიანად სტუმრების მისაღებადაა განკუთვნილი. ვრცელი და ნათელი სასტუმრო ოთახი „ოთხივ კუთხით“ ღიაა სტუმრებისთვის. ანუ, კარი ტყისპირიდანაც აქვს და მთავარი შესასვლელიდანაც, აქაც არ უღალატა ტრადიციას მასპინძელმა და თანამედროვეობას უძველესი ინგლისური ბუხრის ელემენტით სიძველის ელფერი შესძინა. სახლის მეოთხე და მეხუთე – მანსარდის სართულებზე ოჯახის წევრების: ბატონი ვახტანგის მეუღლისა და შვილების – მოზარდი ქალ-ვაჟისა და ასევე, სტუმრებისთვის განკუთვნილი საძინებელი ოთახებია განთავსებული. ღრმადმორწმუნე მართლმადიდებელ ოჯახს სამლოცველოს ნიშაც დაუყოლებია საკუთარ ჭერქვეშ და ფანჯრების განლაგებით – კომპოზიციაში ჯვარი იკვეთება ფასადის მთელ სიგრძეზე. ფასადს მრავლად ამშვენებს სხვადასხვა ფორმის აივანი. აღსანიშნავია, რომ ასეთი აივნები, საუცხოო ხედითა და „კაქტუსიან-ვაზიანი“ „აქსესუარებით“ თითქმის ყველა ოთახს ახლავს. სახლში რამდენიმე სამზარეულოა და ყოველ სართულზე – სველი წერტილი.
ნანა წერეთელი