კოსმოსური „ოქროს ციებ-ცხელება“
ამერიკული პრესის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 2011 წლის ბიუჯეტის თანახმად, ამერიკულ კერძო კაპიტალს საშუალება მიეცემა აქტიურად ჩაერთოს კოსმოსის ათვისებაში. ეს მაშინ, როცა 30 წლის განმავლობაში სახელმწიფო ორგანიზაციები კოსმოსურ კვლევებში ფაქტობრივ მონოპოლიას ინარჩუნებდნენ. მას შემდეგ, რაც ობამამ კოსმოსური კვლევების სახელმწიფო დაფინანსება შეამცირა, ამერიკულ ბიზნესს საშუალება მიეცა საქმიანობა ტრანსეროვნულიდან ტრანსგალაქტიკურ დონეზე გააგრძელოს. ამ ტრანსფორმაციის წყალობით, ამერიკაში ბევრი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დროთა განმავლობაში, კოსმოსი უფრო ხელმისაწვდომი გახდება. კოსმოსის ათვისებას კერძო კაპიტალი აქტიურად უჭერს მხარს. ბიზნესმენთა აზრით, ეს საუკეთესო ინვესტიციაა მოგების თვალსაზრისით. ამასთან, ბევრი ნივთიერება თუ წიაღისეული, რომელიც დედამიწაზე შეზღუდული რაოდენობით მოიპოვება, კოსმოსში ფაქტობრივად, შეუზღუდავი ოდენობით არსებობს. ადრე ბევრი ადამიანი კოსმოსს უდაბნოდ აღიქვამდა, რომლის ასათვისებლადაც ფულის ხარჯვა ფუჭი იყო. როგორც ექსპერტები აცხადებენ, უახლოეს მომავალში კოსმოსური „ოქროს ციებ-ცხელებაა“ მოსალოდნელი. მათი გათვლებით, საშუალო ზომის ასტეროიდის დამუშავება, რომლის დიამეტრიც დაახლოებით ნახევარი კილომეტრია, 20 ტრილიონი დოლარი დაჯდება, მოგება კი ბევრად უფრო მეტი იქნება.