ლისინი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენია
რუსული ჟურნალის, „ფინანსის“ მონაცემებით, 2010 წლის დასაწყისისთვის რუსეთის უმდიდრესი ადამიანი ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმირ ლისინია, რომელიც საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდება. დღესდღეობით მისი ქონება 18,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მილიარდერთა სიაში პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა ჯგუფ „ონექსიმის“ პრეზიდენტმა მიხაილ პროხოროვმა, რომელიც რუსული ჟურნალის ექსპერტების შეფასებით, 17,85 მილიარდს ფლობს. „ფინანსის“ რეიტინგში მესამე საპრიზო ადგილი მსოფლიოში ცნობილმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა დაიკავა მისი კუთვნილი 17 მილიარდით. რუსული ჟურნალის რეიტინგში 500 ბიზნესმენის მონაცემები შევიდა. ამ ეტაპზე რუსეთში 77 მილიარდერი მოღვაწეობს. „ფინანსის“ მილიარდერთა სიაში მეოთხეა სენატორი სულეიმან კერიმოვი (14,5 მილიარდი დოლარი). რეიტინგის პირველ ათეულში შემდეგ ადგილებზე „ალფა-ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ ფრიდმანი (14,3 მილიარდი), „ბაზოვი ელემენტის“ მფლობელი ოლეგ დერიპასკა (13,8 მილიარდი), კომპანია „მეტალოინვესტის“ დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი (12,4 მილიარდი), „ლუკოილის“ პრეზიდენტი ვაგით ალეკფეროვი (10,65 მილიარდი), კომპანია „სევერსტალის“ გენერალური დირექტორი ალექსეი მორდაშოვი (10 მილიარდი) და „ინტერროსის“ პრეზიდენტი ვლადიმირ პოტანინი (9,95 მილიარდი დოლარი) განლაგდნენ. მილიარდერთა რეიტინგის პირველი ათეულის წევრების ქონება ჯამში 139,3 მილიარდი დოლარია, მაშინ, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 75,9 მილიარდი დოლარი იყო. საინტერესოა, რომ რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში ქართული წარმოშობის არაერთი ბიზნესმენიც აღმოჩნდა – ბიძინა ივანიშვილი (4,9 მილიარდი დოლარი), ალექსანდრე ჯაფარიძე (1,15 მილიარდი), დავით იაკობაშვილი (530 მილიონი), ალექსანდრე (480 მილიონი) და შალვა ჩიგირინსკები (170 მილიონი), პაატა გამგონეიშვილი (290 მილიონი) და ივანე სავიდი (270 მილიონი).