ვისი იდეით შეიქმნა „ჩინური კოკა-კოლა“ და რატომ გახდა ის პოპულარული ჩინეთის სოფლებში
„განათლებული ადამიანები ცუდად ერკვევიან ბიზნესის საკითხებში, ისინი ბევრს ფიქრობენ თქვან – „კი“ თუ „არა“ და ამ დროს ხელიდან უშვებენ საკუთარი ბიზნესის განვითარების შესანიშნავ შანსს“ – ეს სიტყვები ეკუთვნის ჩინელ ძონგ ცინხოუს, მილიარდერს, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება და 42 წლის ასაკში დაიწყო ბიზნესმენობა. „ფორბსის“ 2009 წლის მონაცემებით, 64 წლის ცინხოუს მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში, 1,9 მილიარდი ამერიკული დოლარით, 376-ე ადგილი უკავია, ხოლო იგივე ჟურნალის მონაცემებით, ჩინელ მილიარდერებს შორის იგი მესამეა.
ძონგ ცინხოუ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში, ჩინეთის პროვინცია ჟეიჯანგის ქალაქ ჰანგჟოუში დაიბადა. „სკოლის დამთავრების შემდეგ სოფელში გავემგზავრე, რომ რაიმე სამუშაო მეშოვა სოფლის მეურნეობის სფეროში“ – იხსენებდა ძონგი. უმამოდ გაზრდილი ძონგის დედას, პროფესიით სკოლის მასწავლებელს, უჭირდა მისი და კიდევ 4 და-ძმის გამოკვება და რადგან ის ყველაზე უფროსი იყო მათ შორის, ადრეულ ასაკში მოუხდა მუშაობის დაწყება. „ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ განათლების გაგრძელებაზე არც მიფიქრია. უამრავ ადგილას მიმუშავია ტრაქტორისტად, მომყავდა ჩაი“. ჰანგჟოუში ძონგი 30 წლის ასაკში დაბრუნდა. იმ პერიოდში დედა უკვე პენსიაზე იყო და მას დაეკისრა ოჯახის შენახვა. თავდაპირველად, მან მარილის გადამმუშავებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა უბრალო მუშად, შემდეგ კი მცირე ბიზნესს მოჰკიდა ხელი, მაგრამ წარუმატებლად. ამიტომ ისევ მარილის ქარხანას დაუბრუნდა, სადაც საკმაოდ კარგი ანაზღაურება ჰქონდა. 1987 წელს ძონგი ქარხნიდან გაათავისუფლეს და სკოლასთან არსებულ პატარა მაღაზიაში რძის პროდუქტებით ვაჭრობა დაიწყო. მუშაობისგან თავისუფალ დროს ძონგმა სკოლის მოსწავლეებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ რომელი რძის პროდუქტი იყო მათთვის ყველაზე სასურველი. გამოკითხვამ სრულიად მოულოდნელი შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების უმეტესობა შიმშილისგან იტანჯებოდა და მათთვის მთავარი პროდუქტის კალორიულობა უფრო იყო. ამის შემდეგ ძონგმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაეკავშირებინა ერთმანეთთან ტრადიციული ჩინური მედიცინა და რძის პროდუქცია. ამ იდეით ის დაუკავშირდა ჩზეციანის უნივერსიტეტის, ბავშვთა კვების დეპარტამენტის პროფესორს ჩჟუ შოუმინს. პენსიაზე გასულ ორ მასწავლებელთან ერთად ძონგმა ბანკიდან 140 ათასი იუანის კრედიტი გამოიტანა და პროფესორის დახმარებით, მან და მისმა პარტნიორებმა სრულიად ახალი პროდუქტის გამოშვება დაიწყეს. იმ პერიოდშივე დაარსდა ძონგის კომპანია „ჰანგჟოუ ვაჰაჰა გრუფი“.
1988 წლის ნოემბერში მაღაზიებში გამოჩნდა საკვები პროდუქტი „ვაჰაჰას“ მარკით. კომპანიის სლოგანი – „ვაჰაჰა გაგიხსნით მადას“ მთელ ჩინეთს მოედო და მარტო წარმოების პირველ წელს კომპანიის სუფთა მოგებამ 4,88 მილიონი იუანი შეადგინა, მომდევნო წელს – 27,12 მილიონი იუანი, ხოლო მესამე წელს ვაჭრობიდან შემოსულმა თანხამ 100 მილიონს გადააჭარბა. 1991 წელს კომპანიამ 80 მილიონ იუანად შეიძინა კონსერვების მწარმოებელი ქარხანა. 60 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ქარხანაში 2 ათასი მუშახელი იყო დასაქმებული და ქარხანა გაკოტრების პირას იმყოფებოდა. ძონგმა ქარხნის მთელი წარმოება ბავშვთა კვებაზე გადაიყვანა და ყიდვიდან ერთი წლის შემდეგ, ქარხანამ პირველი მოგება მოუტანა „ვაჰაჰა გრუფს“.
1998 წელს „ვაჰაჰამ“ ახალი პროდუქტი გაუშვა წარმოებაში. ეს იყო „ფიუჩერ კოლა“ ანუ „ჩინური კოკა-კოლა“ როგორც მას მრავალმილიარდიანი ჩინეთის მოსახლეობა უწოდებს. იმ დროისთვის ეს იყო საკმაოდ თამამი გამოწვევა „ნომერ პირველი“ ბრენდების – „პეპსისა“ და „კოკა-კოლასთვის“, რომელთაც 1970-იანი წლების ბოლოდან საკმაოდ მყარი პოზიციები ეკავათ ჩინურ ბაზარზე. ერთი წლის განმავლობაში „ვაჰაჰა გრუფი“ მუშაობდა სასმელზე, რომელსაც იგივე გემო უნდა ჰქონოდა როგორიც კოკა-კოლას. ეტიკეტიც ძლიერ წააგავდა ყველასათვის ცნობილი გამაგრილებელი სასმლის ეტიკეტს. მთავარი გათვლა კი ძონგ ცინხოუს ჩინელების პატრიოტიზმზე ჰქონდა, მაგრამ „ნაციონალური კოლის“ პროექტი ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ „ვაჰაჰა გრუფი“ ბიუჯეტში შეტანილი თანხებით კომპანიებს შორის მეორე ადგილზე იმყოფებოდა, მან მაინც ვერ მოიპოვა პროვინციის მთავრობის ლოიალობა და ჰანგჟოუს აეროპორტისთვის მისაწოდებელი პროდუქციისთვის ტენდერში „კოკა-კოლამ“ გაიმარჯვა. „ჩინურმა კოლამ“ პოპულარობა მხოლოდ პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოიპოვა, სადაც სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობა, ბრენდის დასახელებას კი არა პროდუქტის ფასს ანიჭებდა უპირატესობას. სხვათა შორის თვითონ ძონგ ცინხოუ უპირატესობას ამერიკულ კოლას ანიჭებს, რომელიც მისი თქმით უფრო გემრიელია, ვიდრე ჩინური.
„დასავლეთ და ცენტრალურ ჩინეთისთვის „ფიუჩერ კოლა“ ნამდვილ კოლად იქცა, რადგან ეს რაიონები არ ჰქონდათ ათვისებული გიგანტ კომპანიებს “ – წერდა თავის ფურცლებზე გავლენიანი „ეკონომიკ ობზერვერი“. „ფიუჩერ კოლას“ მთავარი ღირსება მიზერული ფასია – 0,5 იუანი ანუ 0,06 დოლარი. 2002 წლისთვის „ვაჰაჰა გრუფი“ წლიურად 620 მილიონ ბოთლ „ჩინურ კოლას“ ჰყიდდა, რაც ჩინეთის გაზიანი წყლების ბაზრის 12 პროცენტს შეადგენდა. ეს კი ზუსტად იმდენი იყო რამდენიც „პეპსი“. „დიდ ქალაქებში „ფიუჩერ კოლამ“ ვერ მიაღწია წარმატებას, სამაგიეროდ ჩინეთის სოფლებში ის არის ლიდერი“ – ესეც „ეკონომიკ ობზერვერის“ მიმომხილველის სიტყვებია.
ძონგ ცინხოუ ამჟამად კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ის ყოველ ახალ პროდუქტს თვითონ უკეთებს დეგუსტაციას და დღეში 16 საათამდე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ის უკვე პენსიაზეა. მის მეუღლეს, ში უოძიანს „ვაჰაჰა გრუფში“ გაყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობა უკავია. წყვილი უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობს ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში. ისინი ასევე ფლობენ ძვირად ღირებულ ვილებს მაიამიში და მონაკოში. მათი ქალიშვილი ნაკლებად ერევა კომპანიის საქმიანობაში და ძირითად დროს ამერიკაში ატარებს. სხვათა შორის ძონგის ქალიშვილი, ამერიკის მოქალაქეა და ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სარძლოდ ითვლება ჩინეთში.
ბიზნესის გარდა ძონგი პოლიტიკითაც არის დაინტერესებული. იგი 2007 წლის მოწვევის ჩინეთის სახალხო კონგრესის დეპუტატია, გარდა ამისა, ის სოფლის მეურნეობის კუთხით რამდენიმე სამთავრობო პროექტს კურირებს. სხვათა შორის ჩინეთში ლეგენდები დადის ძონგის აფერებზე. ამბობენ, რომ ის საერთოდ არ იხდის გადასახადებს და როდესაც საგადასახადო სამსახურები მის ოფისს აკითხავენ, ის ყოველთვის არწმუნებს მათ თავის კეთილსინდისიერებაში კანონის წინაშე. „ვაჰაჰა გრუფის“ მიერ გადასახადების დამალვის ფაქტზე ჩინეთის პროკურატურაში დღემდეა აღძრული საქმე.