„თბილისელების“ სამზარეულო
ქათამი სოუსში
საჭირო ინგრედიენტებია: 800 გრამი ქათმის ფილე, 1 ლიტრი წყალი, 1 კონა ოხრახუში, მარილი, 200 გრამი ნიგოზი, 2 ცალი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 120 გრამი იოგურტი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, მწვანე სალათის ფოთლები, შავი პილპილი.
მომზადების წესი: აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში მარილი, ოხრახუში მთლიანად და მოხარშეთ შიგ ქათმის ფილე, შემდეგ დაჭერით ჩხირებად.
სოუსისთვის დანაყეთ ნიგოზი. ხახვი და ნიორი ძალიან წვრილად დაჭერით და ნიგოზთან ერთად ბლენდერში მოათავსეთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი, იოგურტი, ზეთი და ცოტა ბულიონი. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით.
სალათის ფოთლები გაშალეთ მოზრდილ თეფშზე, დააწყვეთ მასზე ქათმის ფილე და მოასხით სოუსი.