როგორ მოვამზადოთ სამარხვო კერძები და რატომ იყო პოპულარული ჩვენი წინაპრების მენიუში მოშუშული სტაფილო შავი ქლიავით
დამეთანხმებით, ქართული სამზარეულო, მართლაც რომ ფენომენია და საკმაოდ სერიოზული კონკურენტია დედამიწაზე არსებულ, ორიგინალურობითა და პიკანტურობით გამორჩეული სხვა სამზარეულოებისთვის. დღეს ბევრი ადამიანი მარხულობს და ცხოვრების სწორ წესს მისდევს. ძველ ქართულ კულინარიაში, მოიძებნება ისეთი კერძებისა თუ სალათების რეცეპტები, რომლებიც სწორედ მარხვის პერიოდისთვისაა განკუთვნილი. თანამედროვე კულინარიაში კი ამას უცხოური კერძების რეცეპტებიც შეიძლება დავურთოთ, რომლებიც მარხვის დროს, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს. სამარხვო, საინტერესო, გემრიელ და სასარგებლო კერძების რეცეპტებს სომელიე, ბატონი თეიმურაზ ბენიძე შემოგვთავაზებს.
თეიმურაზ ბენიძე: მარხვა დაიწყო და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მარხულობს და ცხოვრების სწორ წესს იცავს. გადამეტებული სმა-ჭამა კარგი რომ არ არის და ადამიანს დროდადრო ორგანიზმის დასვენებაც უნდა შეეძლოს, ამაზე რასაკვირველია, ყველა ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს. ძველ ქართულ და უცხოურ კულინარიაში არაერთი სამარხვო კერძის და სალათის რეცეპტი არსებობს, რომელიც გემრიელიცაა, სასარგებლოც, დაგანაყრებთ კიდეც და თუ სტუმარსაც გაუმასპინძლდებით, მერწმუნეთ, მათ კმაყოფილებას და შექებას ნამდვილად დაიმსახურებთ.
– შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ასეთი კერძების რეცეპტები?
– რასაკვირველია შემიძლია. მაგალითად, მოშუშული სტაფილო შავი ქლიავით, რომელსაც „შავ სტაფილოს“ უწოდებენ, უგემრიელესი და ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო კერძია. ჩვენი წინაპრების მენიუში ეს კერძი ძალიან პოპულარული იყო. ამისთვის დაგჭირდებათ: 30 გრამი დაჭრილი სტაფილო, 150 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 400 მილილიტრი წყალი, 30 გრამი სამარხვო მარგარინი, 250 გრამი ბრინჯი, 30 გრამი შაქარი და მარილი გემოვნებით. კერძი ასე მზადდება: სტაფილო გაფხიკეთ, გარეცხეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, ოდნავ მოშუშეთ, შავი ქლიავის ჩირი გარეცხეთ, დაასხით ადუღებული წყალი, დაამატეთ შაქარი, ხარშეთ შერბილებამდე და შემდეგ ამოიღეთ ნახარშიდან. შავი ქლიავის ნახარშში ჩადეთ სტაფილო, ჩაყარეთ გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, მსუბუქად ამოურიეთ ხის კოვზით, მოაყარეთ მარილი, დაახურეთ თავზე სახურავი და მოთუშეთ. მზა კერძს მოაყარეთ შაქარი, გადაიტანეთ თეფშზე ან სინზე და მორთეთ მოხარშული შავი ქლიავით. დამიჯერეთ, ეს ისეთი გემრიელი, ვიზუალურად ლამაზი და უცხო კერძია, მისი გასინჯვის შემდეგ, არაერთხელ გააკეთებთ და შეიყვარებთ. ასევე, შემიძლია, გასწავლოთ „მწვანე ასორტის“ სალათის მომზადების წესი. ამისთვის დაგჭირდებათ: 200 გრამი მწვანე კომბოსტო, 200 გრამი მწვანე წიწაკა, 200 გრამი ისპანახი, ერთი ცალი კიტრი, ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მწვანილი და მარილი გემოვნებით. მოკლედ, მიქსერში დაკეპეთ კომბოსტო და კიტრი. დაჭერით ისპანახი, წიწაკა და შეურიეთ კომბოსტოს მასას, დაუმატეთ ზეთი და კარგად გადაურიეთ, მორთეთ ოხრახუშით. ეს „მწვანე ასორტი“ მართლაც გემრიელი, მსუბუქი და სამარხვო კერძია. დააგემოვნეთ, ისიამოვნეთ და მიიღეთ სალათისგან მსუბუქი „შოკი“.
– ბევრს უყვარს კარტოფილის კერძები, მით უმეტეს მარხვის პერიოდში. როგორ მოვამზადოთ მისგან ისეთი კერძი, სტუმრების აღფრთოვანება რომ გამოვიწვიოთ?
– ასეთია შემწვარი კარტოფილი ხახვით და სოკოთი, რომელსაც მე „კახასო“ დავარქვი. ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტებია: 1 კილოგრამი შემწვარი კარტოფილი, 100 გრამი ხახვი, 200 გრამი სოკო, 40 გრამი ზეთი, 200 გრამი კიტრი ან პომიდორი, ოხრახუში, კამა, მარილი გემოვნებით. მომზადების წესი კი ასეთია: ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დაჭერით სიგრძეზე და დაყარეთ გახურებულ ცხიმიან ტაფაზე. მოშუშეთ ოქროსფერ შეფერილობამდე. დაამატეთ დაჭრილი, მოხარშული სოკო, მოაყარეთ მარილი და ყველაფერი შეწვით. შემწვარი კარტოფილი გადმოიტანეთ სინზე, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი ხახვი სოკოთი, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან კამა. ასევე, კარტოფილს შეგიძლიათ, შემოაწყოთ ნედლი ან მჟავე კიტრი ან პომიდორი. მინდა, გაგიმხილოთ ფრანგული სამარხვო კერძის „ჟასილას“ საიდუმლო რეცეპტი. სხვათა შორის, ამ კერძით ფრანგები ხშირად იწონებენ თავს და სთავაზობენ სტუმრად მისულ საყვარელ ადამიანსა და გულისსწორს. მოკლედ, აიღეთ ბრინჯი და მოხარშეთ. შემდეგ მოხარშეთ სტაფილო, დაჭერით წვრილად პომიდორი და მოხრაკეთ ზეთში. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და გემოვნებით მოაყარეთ შავი პილპილი და მარილი. ამ ყველაფერს მოასხით სამარხვო მაიონეზი და მოაყარეთ მწვანე ბარდა. გააფორმეთ ზეთის ხილითა და სალათის ფოთლებით. მიართვით ეს ორიგინალური კერძი თქვენს რჩეულს და დაელოდეთ მის რეაქციას. დარწმუნებული ვარ, მისგან თქვენი კულინარიული ნიჭის შექებას დაიმსახურებთ. ინგლისური სამარხვო კერძი „სისლეი“ კი ძალიან პოპულარული და მოდური კერძია. მისი მომზადების წესი ასეთია: ორი თავი ხახვი და სამი ცალი მოზრდილი სტაფილო დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. ხახვი არ უნდა გაყავისფრდეს, უბრალოდ, უნდა დარბილდეს. ამას დაამატეთ სამი ჭიქა წინასწარ მოხარშული, ცივ წყალში გავლებული ბრინჯი და ერთი ქილა სოკო. ეს ყველაფერი მოშუშეთ კვლავ და შეაზავეთ მხოლოდ შავი პილპილით და მარილით. ინგლისურ „სისლეის“ მე პირადად, „მსუბუქ შოკს“ დავარქმევდი, მაგრამ სახელის გადარქმევის უფლება არ მაქვს (იცინის). ახლა, გეტყვით ქართული სამარხვო კერძის „ასსას“ რეცეპტსაც. მისთვის დაგჭირდებათ: ერთი თავი კომბოსტო, ორი ცალი მოზრდილი ფორთოხალი, ნიახური, 1,5 ჭიქა ნიგვზის ლებნები, 1 ქილა სამარხვო მაიონეზი. მისი მომზადების წესი ასეთია: კომბოსტო წვრილად და გრძლად დაჭერით, ფორთოხალი კი საშუალო ზომის კუბიკებად, ნიგვზის ლებნები შუაზე გატეხეთ. დაჭერით ნიახური და ეს ყველაფერი ამოურიეთ კარგად, მოასხით სამარხვო მაიონეზი, აურიეთ კვლავ და შემდეგ, დაახლოებით, ნახევარი საათით შედგით მაცივარში. ქართული „ასსა“ სამარხვო, უგემრიელესი, შოკის მომგვრელი, უმაგრესი და უუცნაურესი საჭმელია.
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ვისაც ტკბილი სასუსნავები უყვარს?
– რა პრობლემაა? სამარხვო ტკბილეულის მომზადება სახლის პირობებში, დროის მცირე მონაკვეთში და სულ რამდენიმე ისეთი ინგრედიენტით შეგიძლიათ, რომელიც სახლში ყოველთვის გაქვთ. ამიტომ, თუ უცბად ტკბილი მოგინდათ, არ დაიზაროთ და შეუდექით ტკბილი „ოლადების“ კეთებას. აიღეთ 0,5 ლიტრი ბორჯომი, ფქვილი რამდენიც საჭიროა, შაქრის ფხვნილი 2-3 სუფრის კოვზი, ასევე შაქრის პუდრი მოსაყრელად, მარილი – დანის წვერით, ვანილი, დარიჩინი გემოვნებით, ზეთი 1 ჩაის ჭიქა. ბორჯომის წყალში გახსენით იმდენი ფქვილი, რომ ცომი სქელი არაჟნისებური გამოვიდეს. შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, მარილი დანის წვერით, ვანილი, ლიმონის ცედრა და დარიჩინი გემოვნებით. ტაფა კარგად გააცხელეთ, დაასხით ზეთი ბლომად და წამოადუღეთ. აიღეთ გამზადებული ცომიდან ერთი სუფრის კოვზი მასა და დადეთ ტაფაზე, ერთმანეთისგან მოშორებით. როცა შეიწვება, სათითაოდ გადააბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც. გამზადებულ „ოლადებს“ ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი. ისეთი სასიამოვნო მისართმევია, რომ იტყვიან ჭამით ვერ გაძღებით და თითებსაც ჩაიკვნეტთ. აქვე გეტყვით „შოკოლადის ქოქოსების“ რეცეპტს: სამი ჭიქა მოხარშული ჰერკულესი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ერთი შეკვრა სამარხვო მარგარინი, ოღონდ დარბილებული, ორი სუფრის კოვზი კაკაო, ერთი პაკეტი ვანილი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ მიეცით ბურთულების ფორმა. ამოავლეთ ქოქოსის ფხვნილში, რომელიც ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება და საკმაოდ იაფიც ღირს. შედეთ მაცივარში. რომ გაცივდება გამოიღეთ და მიირთვით, უგემრიელესია. „შოკოლადის ქოქოსების“ დასამზადებლად არც დიდი დრო გჭირდებათ და ადვილადაც შეძლებთ, ყველაზე პრეტენზიული ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების გემოვნების დაკმაყოფილებასაც კი. ასე რომ, მარხვის პერიოდში, უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის თუ ტკბილეულის მომზადება შეგიძლიათ. ამით კი საკუთარ კულინარიულ ნიჭს და ორიგინალურობასაც გაუსვამთ ხაზს.