კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაყარა შოკში ნუდისტურ სანაპიროზე მოხვედრამ ეკა კახიანი და დათო ევგენიძე და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ალენ დელონის ვილაში

ისინი ბავშვობის მეგობრები არიან, ერთმანეთს არაჩვეულებრივად იცნობენ და ბევრი საერთო მოგონება აკავშირებთ. ეკა კახიანმა და დათო ევგენიძემ ერთმანეთისთვის კითხვების დასმას, არჩიეს, მათი საერთო ისტორიები მკითხველს ჩვენი რუბრიკის საშუალებით უამბონ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ეკა კახიანი

– წარმოდგენა არ მაქვს რით დავიწყო საუბარი, ერთმანეთის შესახებ, მგონი, ყველაფერი ვიცით.

– ალბათ, 4 წლის იყავი, როდესაც გაგიცანი – შენ და ქეთინო ფირცხალავა ჩემს სიმღერას მღეროდით, მე შორტებში ვიყავი, ალბათ, მეორე კლასში. იქიდან მოყოლებული, უახლოესი მეგობრები ვართ. მაშინ ჩვენ საქმეს ბავშვურად ვუყურებდით. მახსოვს, პიონერთა სასახლეში, ერთ კონცერტზე დამაგვიანდა.

– შენ თუ მე?! ერთი ფოტო მაქვს კონცერტიდან, სადაც ქეთი ფირცხალავა დგას და მე არ ვარ. ჩემს მშობლებს საათის ისრები ერთი საათით გადაუწევიათ და, რომ მიმიყვანეს, ჩვენი ნომერი მარტო ჰქონდა ქეთის ნამღერი.

– მერე იყო მაგარი ამბები: ქალბატონ ფლორას ძალიან უყვარდა იური გაგარინი (იცინიან). იმ პერიოდში გაგარინი დაიღუპა. ფლორამ მორის ფოცხიშვილის კრებულში ლექსი იპოვა გაგარინზე და მთხოვა, მუსიკა დამეწერა.

– მე შევასრულე. საოცარი გრძნობით ვმღეროდი, წარბებაწეული. ძალიან ტრაგიკული სიმღერა გამოვიდა. ბავშვობიდან ვწერ მუსიკას და ეს ყველაფერი შენს თვალწინ ხდებოდა.

– თუ არ ვცდები, შენს ძმასაც დავუწერე ერთი სიმღერა.

– კი, მახსოვს. ლადოს ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა.

– მერე შემოგვიერთდა მაია ჯაბუა. 10 თუ 11 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი საავტორო კონცერტი კეთდებოდა, თქვენ სულ პატარები იყავით. ჩემი ოცდაათი ნაწარმოები უნდა შესრულებულიყო. მახსოვს, სახლში ვრეპეტიციობდით. საკმაოდ სერიოზული კონცერტი იყო. ამ პერიოდში, განსაკუთრებით, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, სულ ვრეპეტიციობდით, მაგრამ, თან ძალიან ბევრს ვთამაშობდით და ვგიჟობდით.

– საოცრად მახსოვს ის პერიოდი. ყველაფერს თამაშ-თამაშით ვაკეთებდით, არაფერი გვტვირთავდა. მართლაც ძალიან ბევრს ვგიჟობდით. გაიხსენე, მამაშენს რომ მანქანას ვპარავდით!..

– ეს იყო ძალიან სასაცილო ამბავი. მამაჩემი საღამომდე სამსახურში იყო, მანქანა პარკინგზე იდგა. სახლში მამას მანქანის მეორე გასაღები ჰქონდა, რომლის შენახვის ადგილიც ვიცოდი. მივიდოდით, მანქანას წამოვიყვანდით, „ვიკატავებდით“ და სამუშაო დღის დასრულების დროს უკან მიმყავდა, მაგრამ პარკინგზე იგივე ადგილი, რა თქმა უნდა, თავისუფალი აღარ მხვდებოდა. მამაჩემი ერთი თვე ძალიან დაბნეული დადიოდა, დედაჩემს ეუბნებოდა – სკლეროზი ხომ არ დამეწყო, მანქანა სხვა ადგილას მხვდებაო. ასე ვაგიჟებდით მშობლებს.

– სანამ კიდევ რამეს გკითხავ, მინდა ვთქვა, რომ დათო ევგენიძე და მაია ჯაბუა ჩემს ცხოვრებაში ღმერთის საჩუქრები არიან; მადლობა უფალს, რომ ორი ასეთი არაჩვეულებრივი მეგობარი გამომიგზავნა. გასაგებია, მეგობარი ქალი, მაგრამ მეგობარი ბიჭი კიდევ სხვა რაღაცაა, სხვანაირი ზურგი და ძალა. თან, დათო არაჩვეულებრივია. სულ რომ თავი დავანებოთ მის შემოქმედებას, საოცარი მეგობარია.

– ძალიან სასიამოვნო იყო, რომ შენ ჩემს ლექსებზე სიმღერებს წერდი. ამ შემთხვევაში, როგორც პოეტი, ისე წარმოვჩნდი.

– მაია ჯაბუას სოლო კონცერტისთვის უნდოდა ერთი სიმღერა, რომლითაც თავის ყველა საყვარელ ადამიანს მადლობას გადაუხდიდა. ამ სიმღერით მაჩვენე, როგორ გიყვარვარ. ძალიან რთული ამოცანა იყო. მუსიკა დავწერე და, ვის, თუ არა დათოს, უნდა დაეწერა ამ მუსიკაზე ტექსტი. საოცრება იყო. კარგად ვუგებთ ერთმანეთს, ბევრი ახსნა არ არის ხოლმე საჭირო. წლები მაინც აშორებს ადამიანებს, შენ როგორ ფიქრობ, როგორ მოვახერხეთ ამ მეგობრობის შენარჩუნება? კონკრეტულად შენი აზრი მაინტერესებს.

– ჩვენ, სამივე, ძალიან ვუფრთხილდებით ამ მეგობრობას. არ მახსოვს, რომ ოდესმე ჩვენ შორის ან წყენა ყოფილიყო ან უთანხმოება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს – ბიჭებიც, ქალებიც, რომლებთანაც კონფლიქტებიც მქონია, გავბუტულვარ კიდევაც, მაგრამ ჩვენ შორის ასეთი რამ არ მახსოვს, მით უმეტეს, რომ ერთად უამრავ სიტუაციაში აღმოვჩენილვართ. ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი ნიშანი გვაკავშირებს (მე მომმართავს, – ავტორი): მე – და და ეკას – ძმა, ძალიან ადრეულ ასაკში დაგვეღუპნენ. მე 18 წლის ვიყავი და ეკაც დაახლოებით ამ ასაკში იყო, როცა 14 წლის ლადო გარდაიცვალა.

– გეთანხმები, რომ ამ ტკივილმაც რაღაცნაირად შეგვაკავშირა და გაგვაერთიანა. დათოს მუსიკით და შემოქმედებით, ლექსებით და მრავალმხრივი ტალანტით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და დღესაც ასე ვარ. ყოველი შეხვედრა, შენთან ვართ, მეგობრების წრეში თუ ოჯახურ სიტუაციაში, ნამდვილ ზეიმად იქცევა ხოლმე. ამ დროს ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ.

– ძალიან ბევრს ვიცინით და ვხალისობთ – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მედიცინაა. არსებობს სიცილი, როცა, ვთქვათ, ვინმეს დასცინი და არის, უბრალოდ, იუმორი, რომელიც სხვასაც აჯანსაღებს და შენც.

– იმ ისტორიებსაც კი, რომლის მომსწრენიც ხშირად ჩვენც ვართ, ისე ყვები, რომ, მგონია, იქ არც ვყოფილვარ – მთელი შენებური გარდასახვითა და ფანტაზიით. ჩვენს ბავშვობას რომ იხსენებ ხოლმე ყველაზე მეტად ამაზე ვერთობი. გახსოვს, მომავალ ქმრებს რომ გვიხატავდი?

– აუ, საოცარი კარიკატურები იყო, თან, სახელებსა და გვარებს ვარქმევდი. რამდენნაირი ტიპაჟი იყო, დღეში ერთი ათი სხვადასხვა ქმარი გყავდათ და ძალიან სასაცილო სახელები ერქვათ.

– მაგრამ, გადავრჩით და ისეთი ქმრები არ შეგვხვდა.

– ზოგიერთი ძალიან გამხდარი იყო ბრეტელებიანი მაისურით, ჯაგართმიანებიც იყვნენ, მელოტებიც, მსუქნებიც, მაგრამ ყველას აუცილებლად ტრუსიკი ეცვა (იცინიან), ტრუსიკიანი ქმრები გყავდათ. თქვენი ქმრების, ალბათ, ორასი ვარიანტი მაინც მაქვს დახატული.

– მგონი, თავიდანვე ეჭვიანობდი, არ მოგწონდა, წინასწარ გეზიზღებოდა ჩვენი ქმრები და ასე გამოხატავდი პროტესტს, მაგრამ, კარგია, რომ ახლა მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ.

– თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ სიცილ-კისკისზე აგებული ურთიერთობა. ერთად ვმუშაობდით, მუსიკაში ვიყავით ერთად. სხვათა შორის, მე და ეკას ფილმშიც გვაქვს ნათამაშები მთავარი როლები ლევან ერისთავის სრულმეტრაჟიან ფილმში „მარტივი პა-სეანსი“. შეყვარებულებს ვთამაშობდით. ამ ფილმის გამოსვლა დაემთხვა არეულობების დაწყებას თბილისში და ბევრმა ვერ შეძლო მისი ნახვა. არადა, ძალიან კარგი ფილმი იყო. დაახლოებით, 25-27 წლისანი ვართ. მე ვთამაშობ მუსიკოსს, ეკა, ჩემი შეყვარებული – ფარმაცევტი იყო. შენს დას თამაშობდა ნანა შონია. მე ისეთი მუსიკოსი ვიყავი, გადაწყვეტილებას რომ ვერ იღებს, ვერ მოვიფიქრე, ცოლად მომეყვანე თუ არა და შენ მიმატოვე. ბოლო სცენაა ძალიან სევდიანი: მე მოვდივარ ჩემს მუსიკოსებთან ერთად, ქვევიდან ვუკრავ რაღაცას, ეკა კიდევ მზესუმზირას ჭამდა და ფანჯარა მომიხურა, – ასე დამთავრდა ფილმი. პრინციპში, ფინალს რომ შეხედავ, შეიძლება, მეორედაც მოვსულიყავი და რამე სხვა დამეკრა, ანუ, ფილმს შეიძლება გაგრძელება ჰქონოდა. ნორმალური ფილმი გამოვიდა. სხვათა შორის, ამ ფილმშია ბოლოს შემორჩენილი სასტუმრო „თბილისი“ იმ სახით, რომლითაც არეულობამდე იყო. ჩვენ სასტუმროს რესტორნის მუსიკოსებს ვთამაშობდით.


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დათო ევგენიძე

– მოდი, დავიწყოთ იმით, რომ, ის მუსიკოსები, რომლებიც „მარტივ პა-სეანსში“ სასტუმრო „თბილისში“ ვუკრავდით, შენ და მაია ჯაბუა – ყველა ერთად წავედით კანარის კუნძულებზე.

– ეს არის, ალბათ, დაუვიწყარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.

– მაშინ მოსკოვის დიდ თეატრში, სტუდენტობის დროს, ჩემს მუსიკაზე ბალეტი დაიდგა. იქ აღმოჩნდა ფრანგი პროდიუსერი, ივ როშე, რომელიც იმ ცნობილი პარფიუმერის – ივ როშეს ნათესავი იყო. მან შემთხვევით მომისმინა და მითხრა, კანარის კუნძულებზე ხომ არ წამოხვალო. ცოტა კი გამეცინა, ჯერ საბჭოთა კავშირი იყო, რა დროს კანარის კუნძულებია-მეთქი, მაგრამ, მაინც ვუთხარი თანხმობა. ეკა, მაია, დათო ჯაფარიძე, ბავკა კვაჭაძე, გია სალაღიშვილი შევკრიბე, გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ. თქვენ კი გქონდათ მსოფლიო მოვლილი, მაგრამ მაინც, ასე დამოუკიდებლად არსად ვყოფილვართ.

– კერძო პროდიუსერმა დაგვპატიჟა რამდენიმე თვით. რომ მოვიდა წერილი, მაინც ძალიან გაგვიკვირდა და ეს ექვსი გადარეული წავედით. საოცარი ჯგუფი იყო. იქ რა ხდებოდა და რა სიგიჟეები იყო, ამას მთელი ჟურნალი არ ეყოფა.

– ძალიან დიდი პატივისცემით შეგვხვდნენ. ჩემი ქორეოგრაფი, ფრანგი ლუკადორო, საფრანგეთის კულტურის მინისტრის შვილი იყო და ძალიან დიდი კავშირები ჰქონდა. იმიტომაც ჩამოვიდა ეს ივ როშე ბალეტის სანახავად. მათთვის „ზვეზდა“ ვიყავი – ამ ასაკის ბიჭის მუსიკა დიდ თეატრში რომ იდგმება, სხვანაირად გიყურებენ. ყველაზე დიდი შოკი იყო პირველი კლასის თვითმფრინავი.

– მახსოვს, რა საშინლად დათვერით, პირველი კლასის ყველა ვისკი დალიეთ. ჩავედით და – ვიპ- ზონიდან გამოგვიყვანეს.

– ახლა ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო არ არის, მაშინ, გორბაჩოვის დროს, პირდაღებულები ვიყავით. ყველგან ყველაფერი უფასო იყო. ჯერ მადრიდში გავედით, სანამ კანარებზე ფრენა იქნებოდა. მადრიდში „ფიესტა“ იყო მთელი ქალაქი გადანათებული და ბედნიერი. მადრიდი-სანტა-კრუსის თვითმფრინავშიც დავთვერით. იქ რომ ჩავედით, რაღაც „ჯიპებითა“ და საოცარი მანქანებით დაგვხვდნენ.

– ამ „ჯიპებით“ მიგვიყვანეს იმ ადგილას, სადაც უნდა გვეცხოვრა – ის სახლი ალენ დელონის ვილა აღმოჩნდა. ლიფტით პირდაპირ შუა ოთახში ამოვყავით თავი.

– თან, საძინებლიდან აბაზანა ისეთ მანძილზე იყო, რომ პირდაპირ თავით შეგეძლო გადამხტარიყავი (იცინიან). ღამე იყო და ამიტომ ქალაქი იმდენად კარგად არ ჩანდა, მაგრამ, რომ გათენდა, ეს იყო ყველაზე დიდი შოკი.

– აივნიდან გავიხედეთ და საოცრება დავინახეთ: ჩვენ წინ იყო უზარმაზარი პალმები და ფირუზისფერი ოკეანე ოქროსფერი ქვიშით. ზღაპარში აღმოვჩნდით, მართლა!

– და, ვინ იყო ჩვენი გამნათებელი?! რომი შნაიდერის ბოლო ქმარი! (იცინიან), მოვიდოდა სიგარით ხელში, განათებას დააყენებდა, იჯდა და გვისმენდა. საოცრად ბოჰემური სიტუაცია იყო.

– რეალობის შეგრძნება დავკარგე, დამავიწყდა, რა მერქვა, რა გვარი ვიყავი, საიდან ჩამოვედი, შვილი რომ მყავს – ნინი, რომელიც მაშინ 5 წლის იყო. ისეთი შოკი იყო ეს ყველაფერი, რომ ვერ ვიჯერებდი, რაც ხდებოდა. მაგრამ, რაც უნდა კარგ ადგილას იყო, ბოლოს მაინც გბეზრდება. ერთი თვის მერე ისე საშინლად მომენატრა ნინი, რომ აღარც მათი ფირუზისფერი ოკეანე მინდოდა, აღარც ალენ დელონი და რომი შნაიდერის არც ერთი ქმარი, გავიძახოდი ჩემი შავი ზღვა მომენატრა-მეთქი (იცინიან). აუ, ეს ამბავი რომ არ ვთქვა არ შემიძლია: მთელი ეს ჩვენი ვოიაჟი გადავიღეთ, რომ ჩამოვედით, დავამონტაჟეთ და „პირველ არხზე“ გავუშვით. აქ კი ომია, უშუქობა, ხალხს საჭმელი არ აქვს... იცით, რა მოხდა?! კინაღამ ჩაგვქოლეს. რეკვები ატყდა – თქვენ რა დღეში ხართო, აქ სროლა და ერთი ამბავია, თქვენ კი, თურმე, როგორ ერთობითო. არადა, რომ წავედით, მაშინ აქ ჯერ არაფერი ხდებოდა.

– ყველაზე სასაცილო ის იყო, როგორ „გლამურნი“ ადგილას მოვხვდით. ჩვენი კლუბის პატრონი, სადაც ვუკრავდით, მილიარდერი ტიპი იყო, მონაკოს პრინცესას მეგობარი და მთელი ამბები. ყოველ საღამოს ჩვენს მოსასმენად ბელმონდოს შვილი ცოლთან ერთად დადიოდა. კლუბს ჰქონდა იახტა. მოკლედ, ამ იახტით სასეირნოდ წავედით და აღმოვჩნდით ნუდისტურ სანაპიროზე. თან, იქ მხოლოდ იახტით თუ მიხვალ, მარტო მილიონერები დადიან. ნანახი კი არა, მგონი, გაგონილიც არ გვქონდა ნუდისტური სანაპიროს შესახებ (იცინიან). აუ, შენ და მაიას რა სახეები გქონდათ ამის დანახვაზე, ახლაც ცუდად ვხდები!

– არც შენ იყავი კარგად – დაბნეულობისგან მუცელზე დავწექი. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, ვერ აგიწერ; თან – ის ტიპები, რომლებიც კლუბში დადიოდნენ... საგიჟეთი იყო.

ორი თვე ვიყავით იქ, ერთი კვირა გვქონდა დარჩენილი, რომ ვერაფრით ვეღარ გავძელით, მე და მაიამ ავიღეთ ბილეთები და თბილისში წამოვედით. ვერ მოვითმინეთ ერთი კვირა. ის ქალი გაფრთხილებული გყავდა და გვატყუებდა ბილეთები არ არისო. ბოლოს შენც შეგეცოდეთ და გამოგვიშვა. ისეთი ფერის ჩამოვედი, რომ ნინიმ ვერ მიცნო. ყვავილებით იდგა აეროპორტში და გვერდზე ჩამიარა. კანარებზე „კაბრიოლეტით“ დავდიოდით მთელი დღე. სულ რომ არ გავსულიყავით „პლაჟზე“, მარტო ამ მანქანაში ჯდომით გავხდებოდით მულატები.

დათო, ძალიან ბევრი ისტორია გავიხსენეთ, მოდი, ბოლოს ორივემ ჩვენს გეგმებზე მოვყვეთ: რას აპირებ უახლოეს მომავალში?

– „შაბათის“ შემდეგ ზუსტად ათი წელი გავიდა, ამის შემდეგ სერიოზული კონცერტი თბილისში არ გამიმართავს. მანამდე მქონდა ორი სერიოზული კონცერტი – შაბათის წინა დღე და შაბათი. ახლა მინდოდა მაისში, ბოლო კვირას გამემართა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ამ დღეს არჩევნებია. ამიტომ, ალბათ, მანამდე გავაკეთებ. ათასწლეულის გადახედვის პროექტია, დავით აღმაშენებლიდან დღემდე. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთელი ისტორია „გალობანი სინანულისანია“ და ეს კონცერტი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. კონცერტის გარდა, მინდა ახალი კრებულის გამოცემა. შენს გეგმებზეც მითხარი ორი სიტყვით.

– მსახიობი ძირითადად რეჟისორზეა დამოკიდებული და, სანამ ისინი არ გაგვიხსენებენ, ჩვენს გეგმებზე ლაპარაკი გვიჭირს. მაგრამ, რადგან დღეს აქ ვართ, გეტყვი, რომ, დიდი ხანია, უდიდესი სურვილი მაქვს, ჩემი საავტორო კონცერტი გავაკეთო: დამიგროვდა როლები, სიმღერები და, შეიძლება, საინტერესო საღამო გამოვიდეს. უკვე ორი-სამი წელია, ამაზე ვფიქრობ, დოის სცენარიც მზად აქვს, მაგრამ თავი ვერ მოვაბით. შენ ხომ ჩემ გვერდით იქნები, როგორც მორალურად, ისე სცენაზე.


скачать dle 11.3