სხვისი ტელეფონით სარგებლობა სახიფათოა
ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი, ეშლი კოული, მორიგ შარში გაეხვია. ფეხბურთელმა გასულ კვირას ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც სამი თვის განმავლობაში ბურთის გორებას ვეღარ შეძლებს. სანამ კოული ოპერაციას იკეთებდა, მის ცოლს, ცნობილ მომღერალ შერილ ტვიდს, გასვლითი კონცერტები ჰქონდა და ეშლიც სახლის ნაცვლად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დარჩა – აქაოდა, აქ უკეთ მომივლიანო. ჰოდა, მერე გაირკვა, რომ კოული მარტო არ დარჩა და „მომვლელად“ მოდელი სონი უაილდი აიყვანა. ეს ამბავი ალბათ არ გახმაურდებოდა, რომ არა ერთი შეცდომა: კოულმა შიშველ სონის მობილური ტელეფონით სურათი გადაუღო, მობილური კი მისი არ გახლდათ და, როგორც გაირკვა, მეგობრისგან ითხოვა. მეორე დღეს მეგობარს ტელეფონი დაუბრუნა, მან იგივე ტელეფონი სხვა მეგობარს აჩუქა. ახალმა პატრონმა კი ტელეფონში შიშველი სონი უაილდის სურათი აღმოაჩინა. პატრონს რომ ჰკითხა, საიდანო, მანაც მოუყვა, წინა დღეს ეშლი კოულს ვათხოვე და, ალბათ, ის გადაუღებდაო.
ასე იყო თუ ისე, ეს სურათი ჯერ გაზეთის რედაქციაში მოხვდა, მერე კი გაზეთის პირველ გვერდზე. თავად ფეხბურთელი ყველაფერს უარყოფს, მაგრამ შერილმა იცოდა, რომ იმ დღეს მისი ქმარი სასტუმროში იყო, შიშველი მოდელი კი იმ სასტუმროს ნომრის ფონზეა გადაღებული და ახლა კოულმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, ცოლი საკუთარ სიმართლეში რომ დაარწმუნოს.