კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რომელი საკვები დანამატები უწყობს ხელს ცელულიტის დაშლას?
პასუხი: ჩვენ ჩამოგითვლით პროდუქტებს, რომლებიც არა მარტო შლის ცელულიტს, არამედ ხელს უშლის მათ წარმოქმნას:
ანანასი, გრეიპფრუტი, წითელი ფორთოხალი (წვავს ცხიმებს), არყის ხის წვენი (გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე), მწვანე ჩაი (შლის ცხიმდაგროვებებს), კამა (არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას), შავი თალგამი (აქტიურად უშლის ხელს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას), ქატო (ასევე აქტიურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას), C ვიტამინი (აწესრიგებს ცხიმების ბალანსს.
კითხვა: რომელ მცენარეს გვირჩევთ სახის კანისთვის ორთქლის აბაზანის გასაკეთებლად?
პასუხი: თუ გაქვთ პრობლემური კანი, ნებისმიერი ნიღბის გაკეთების წინ აუცილებელია ფორების კარგად გაწმენდა. ამისთვის კვირაში 1-2-ჯერ უნდა გაიკეთოთ გვირილის ან სალბის ნახარშის ორთქლის აბაზანა.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ნიღაბი, რომელიც კანს დამირბილებს, შესძენს ელასტიკურობას და, თან, ადვილი გასაკეთებელი იქნება სახლის პირობებში.
პასუხი: მოათავსეთ ჭურჭელში თითო ჩაის კოვზი დაჭრილი ნედლი პიტნა, გამხმარი ბაბუაწვერა და ჭინჭარი (გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე სასურველია, ეს მცენარეები გამოიყენოთ ნედლი სახით), დაასხით 2 სადილის კოვზი წყალი და წამოადუღეთ. ოდნავ რომ შეგრილდება, შეაზილეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი ხაჭო. მიღებული მასა სქლად წაისვით სახეზე, წამოწექით და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილ წყალში გახსნილი ლიმონის წვენით. ბოლოს სახე გაიწმინდეთ (თან დაიმასაჟეთ) წინასწარ მომზადებული პიტნის ნაყენის ყინულის კუბიკით.
კითხვა: როგორ მოვამზადო შინაურ პირობებში სკრაბი ფერისმჭამელების მოსაშორებლად?
პასუხი: ერთმანეთში კარგად აზილეთ 1 ჩაის კოვზი მოხარშული მარილი, 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და 1 ჩაის კოვზი საპარსი ქაფი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთს. მოიშორეთ სქლად დახვეული მარლის ტამპონით, წრიული მოძრაობით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. მკვებავის წასმამდე შეგიძლიათ, ფერისმჭამელები გამოიდინოთ თითებზე დახვეული დოლბანდით.
კითხვა: საერთოდ, ცოტა მშრალი და მოდუნებული კანი მაქვს. გთხოვთ, მასწავლოთ რამე მარტივი ნიღაბი, რომელიც კანს დამიჭიმავს.
პასუხი: 1 კვერცხის გული ასრისეთ 2 სადილის კოვზ არაჟანსა და 1 ჩაის კოვზ სტაფილოს წვენში. წაისვით სახესა და ყელზე. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით, შეიმშრალეთ და წაისვით კარგად ათქვეფილი 1 კვერცხის ცილა. 10 წუთის შემდეგ ისევ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.
კითხვა: რა არის ჰემანგიომა, ქლოაზმა და ნევუსი?
პასუხი: ჰემანგიომები არის თანდაყოლილი წითელი ლაქები (ჩნდება ძირითადად კისერზე და სახის ქვედა ნაწილზე); ქლოაზმები არის პიგმენტური ლაქები (გვხვდება ღია ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე), ნევუსები – არის ხალები (გვხვდება როგორც ბრტყელი, ისე წამოწეული, სხვადასხვა შეფერილობის, კვანძოვანი, თმიანი).
კითხვა: რა ასაკში ჩნდება ასაკობრივი ლაქები და რა არის მისი გაჩენის მიზეზი?
პასუხი: ასაკობრივი ლაქები (კერატომები), ჩნდება ძირითადად 40 წლის ასაკიდან. ქალებს ეწყებათ ხელებიდან და ლოყებიდან, მერე კი, შეიძლება, განვითარდეს მკლავებზე, მკერდზე, მხრებზე... მათი ზედაპირი არის გლუვი ან ხორკლიანი, ღია ყვითელიდან მორუხო მუქ ყავისფრამდე.
მისი გაჩენის მიზეზია შეძენილი გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებები.
კითხვა: თუ შეიძლება, მომაწოდეთ მაქსიმალური ინფორმაცია მეჭეჭების შესახებ.
პასუხი: მეჭეჭი შეიძლება იყოს ამობურცული, მაგრამ გლუვზედაპირიანი (ბრტყელი ანუ მარტივი) ან, საყმაწვილო.
გვხვდება ძაფისებრი, ასაკოვანი და წვეტიანი მეჭეჭები.
საერთო ჯამში, მეჭეჭები არის მწვავე ვირუსული დაავადება.
ჩვეულებრივი საყმაწვილო მეჭეჭები გვხვდება 12-13 წლის ასაკის ბავშვებში და ძირითადად განლაგებულია თითებზე ან ხელის მტევნებზე, კოლონიებად ან დაფანტულად.
ბრტყელი მეჭეჭები გვხვდება ნებისმიერი ასაკის ადამიანებში. შეიძლება, განლაგებული იყოს კისერზე, სახეზე, ზურგზე და ხელის მტევნებზე. ასეთი მეჭეჭები ერთეულად არის განლაგებული და არა ჯგუფურად. ძაფისებრი მეჭეჭები გვხვდება ძირითადად ქალებში, მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით – მშრალი კანის შემთხვევაში. ის არის ფერშეცვლილი და აქვს ძაფისებური ფორმა. ხშირად თვითონ ძვრება, ძალდატანების გარეშე.
ასაკობრივი მეჭეჭი ჩნდება 50 წლის შემდეგ, მკერდზე, მხრებზე, ზურგზე. ის მოსაფრთხილებელია, რადგან ახასიათებს ზრდის ტენდენცია და, თუ კოლონიებად გაიზარდა, შეიძლება, სიმსივნეში გადაიზარდოს.
წვეტიანი მეჭეჭები (კონდილომები) არის ვენერიული დაავადების გამოხატულება. განლაგებულია ყოველთვის ლორწოვანი გარსის მახლობლად: ტუჩის კუთხეებში, ცხვირის ნესტოში (ნაპირზე) ან თვალის ქუთუთოზე.