სახის მასაჟი
მასაჟი ყველა ეპოქაში და, ალბათ, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით კი – საზოგადოების მაღალ ფენებში. დღეს ეს სიამოვნება ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ოღონდ, ყველამ არ იცის, როგორ გაიკეთოს მასაჟი სპა-სალონებში ვიზიტების გარეშე.
პირველ ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ თვითონ გაგიჭირდებათ ეფექტური მასაჟის გაკეთება, რადგან საკუთარი სახის ყოველ მონაკვეთს მოხერხებულადაც ვერ მიუდგებით. ამიტომ, სასურველია, დაიხმაროთ მეგობარი, რომელსაც ჩვენ მიერ შემოთავაზებული წესები ეცოდინება:
თავდაპირველად გააკეთეთ ეგრეთ წოდებული „მოთელვა“ – თითების ბოლოებით მსუბუქად „გადაირბინეთ“ სახისა და ყელის ყველაზე დანაოჭებულ მონაკვეთებზე.
მასაჟის გაკეთების წინ აუცილებლად გაიწმინდეთ სახე თქვენი კანის შესაფერისი ტონიკით ან ლოსიონით და წაისვით მკვებავი. თუ ძალიან ცხიმიანი კანი გაქვთ, მკვებავის ნაცვლად პუდრი ან ტალკი გადაისვით. რა თქმა უნდა, ხელები კარგად უნდა დაიბანოთ. თუ მასაჟს დამხმარეს გარეშე, თვითონ იკეთებთ, დადექით სარკესთან.
მასაჟი კეთდება შემდეგნაირად:
1) (ორივე ხელით) შუბლის ცენტრიდან საფეთქლების მიმართულებით, რბილი დაწოლით, სამჯერ „გადაატარეთ“ ხელის მესამე და მეოთხე თითები. (აღსანიშნავია, რომ ყველა მოძრაობა კეთდება 3-3-ჯერ;
2) შემდეგი მოძრაობა: ცხვირის კედლებიდან – საფეთქლებისკენ;
3) ტუჩების ნაპირებიდან – საფეთქლებისკენ. ამ მონაკვეთების მასაჟის შემდეგ 3-4-ჯერ ნელ-ნელა გაბერეთ ლოყები და ასევე ნელა გამოუშვით ჰაერი პირიდან;
4) ნიკაპის მასაჟი შედარებით ენერგიული უნდა იყოს. მოძრაობის მიმართულება თითქმის იგივეა: ნიკაპიდან – ყურებისკენ. თუ ორმაგი ნიკაპი გაქვთ, ხელები ისე შეაბრუნეთ, რომ ნიკაპის (ღაბაბის) კანს ნუ შეეხებით, რომ არ დაიჭიმოს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თითის წვერებით, „სტოკატოებით“ დაიმასაჟოთ;
5) განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო შუბლის ნაოჭების მასაჟის გაკეთებისას. ასეთ შემთხვევაში, მესამე და მეოთხე თითებით წარბებიდან თმის ძირებისკენ მიმართულებით უნდა დაიმასაჟოთ;
6) ამის შემდეგ შეუდექით თვალების გარეთა კუთხეების (საფეთქლების მხარეს) მასაჟს შემდეგი მიმართულებით: ზედა ქუთუთოებზე – თვალის შიდა კუთხიდან საფეთქლისკენ, თვალის გარეთა კუთხეში კი რამდენიმე „სტოკატო“; ქვედა ქუთუთოებზე – თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით. მარჯვენა ხელით კეთდება მარცხენა თვალის გარშემო მასაჟი და პირიქით. გახსოვდეთ, რომ სახის ამ მონაკვეთზე კანი განსაკუთრებით ნაზია, ამიტომ თითების მოძრაობა უნდა იყოს რბილი და ფაქიზი, რომ კანი არ დაიჭიმოს. მასაჟის პროცესში უნდა იჯდეთ მშვიდად და თვალები ფართოდ გქონდეთ გახელილი.
7) ბოლოს კეთდება ყელის მასაჟი. კანის „მოთელვა“ უნდა მოხდეს ხელის ზურგებით, ყელის შუიდან – განაპირა მხარისკენ. ისევე, როგორც თვალების შემთხვევაში, მარჯვენა ხელით უნდა გაიკეთოთ ყელის მარცხენა მონაკვეთის მასაჟი და პირიქით. მოძრაობები კეთდება ორი მიმართულებით: შუიდან ნაპირებისკენ და ნიკაპიდან მკერდისკენ.
მასაჟის დასრულების შემდეგ სახესა და ყელზე შერჩენილი კრემი მოიშორეთ ტონიკში დასველებული ბამბის ტამპონით. რომ შეგაშრებათ, ისევ გადაისვით მკვებავის თხელი ფენა.
თუ მასაჟს ყოველდღიურად გაიკეთებთ, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, ეფექტი თვალსაჩინო იქნება.