რა გამოვლინებები აქვს სტენოკარდიას და რა არ უნდა დავლიოთ ამ დროს
გულის იშემიური დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა სტენოკარდიაა, რომლის დროსაც გულის კუნთი ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს არასაკმარისი რაოდენობით იღებს. თუ ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება მთლიანად წყდება, მაშინ ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი.
სტენოკარდიის კლასიკური გამოვლინებაა გულის არეში განვითარებული ტკივილი, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელს, ყბის მარცხენა ნახევარს და მარცხენა მხარს. ადამიანს ამ დროს შესაძლოა, აწუხებდეს სიმძიმის ან წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ჰაერის უკმარისობა, მუცლის ტკივილი, ტკივილი კუჭის არეში. ხანმოკლე შეტევები სხვადასხვა სიხშირით მეორდება და თანდათან აუტანელი ხდება.
სტენოკარდიული შეტევის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, ემოციურმა სტრესმა და ასე შემდეგ. შეტევები კი შეიძლება აღმოცენდეს დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
ასევე, სტენოკარდია შეიძლება იყოს სტაბილური და არასტაბილური.
სტაბილური სტენოკარდიის შემთხვევაში, შეტევები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვლინდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და ის ერთნაირი სიხშირის და ხასიათისაა.
არასტაბილური სტენოკარდია ვლინდება შეტევების გახშირებით. ისინი მცირე ფიზიკური დატვირთვის შედეგად ვითარდება და თანდათან ძლიერდება. არასტაბილური სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების სერიოზული საფრთხეა. არასტაბილური სტენოკარდიით დაავადებულ ადამიანს ზოგჯერ მცირე მანძილის გავლაც კი უჭირს და არ შეუძლია – მას მაშინვე ეწყება შეტევები. ეს დაავადების ყველაზე საშიში ფორმაა.
თუ ტკივილი ინტენსიური გახდა და დაახლოებით, ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მეორდება და ადამიანს აღენიშნება ძლიერი სისუსტე და შიშები, ასევე, უხშირდება პულსი და მკვეთრად უთამაშებს არტერიული წნევა, ესე იგი, ეს ეჭვს ბადებს ინფარქტზე.
ზოგიერთ შემთხვევაში დიეტის საგულდაგულო დაცვაც კი სისხლში ქოლესტერინის დონეს მხოლოდ ხუთი პროცენტით აქვეითებს. თუ სწორი კვების შემდეგაც ქოლესტერინის მაჩვენებელი მაღალია, საჭიროა ლიპიდების დასაქვეითებელი პრეპარატების მიღება, რომელსაც ექიმი ინდივიდუალურად დაგინიშნავთ.
მწვავე სისხლძარღვოვანი თრომბოზის პროფილაქტიკა ადამიანს იცავს არასტაბილური სტენოკარდიისა და ინფარქტისგან, ამიტომ თრომბოზის პროცესზე მოქმედი საშუალებების მიღება იშემიური დაავადების გართულების პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ბეტა-ადრენობლოკატორები ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას ორგანიზმში, ეს კი აუცილებლად ესაჭიროება ფიზიკური და ემოციური დატვირთვისთვის გულის კუნთს. მისი უკმარისობა ანელებს გულის მუშაობას და აქვეითებს წნევას. ეს წამლები სტენოკარდიის შეტევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.
კალციუმის ანტაგონისტები აფართოებს არტერიებს და ამით იცავს ორგანიზმს სტენოკარდიის განვითარებისგან. მათი ზემოქმედებით უმჯობესდება გულის კუნთის სისხლით მომარაგება. ამავე დროს, აქვეითებს არტერიულ წნევას.
კორვალოლი, ვალოკორდინი და სხვა მსგავსი წამლები, რომლებსაც წვეთების სახით სტენოკარდიის შეტევისას მიიღებთ, ვერაფერს გიშველით. არადა, ბევრი ადამიანი ამ დროს სწორედ ასე იქცევა. მას მხოლოდ ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ხსნის. ამიტომ, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას და აუცილებლად მიიღეთ სათანადო, სასწრაფო და საჭირო ზომები.