როდის ვითარდება ცრუ კრუპი და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას სახლის პირობებში
ბავშვის ორგანიზმს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, რადგან ნებისმიერმა მცირე გადახრამ, შეიძლება, ზრდასრულ ასაკში მრავალი პათოლოგია გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას პრიორიტეტულად მიაჩნია ბავშვთა ავადმყოფობებთან ბრძოლა, რომელთა შორის კრუპი, უფრო ზუსტად კი ცრუ კრუპი, ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. პრობლემის შესახებ გვესაუბრება ექიმი პულმონოლოგი გიორგი მაისურაძე.
– რა არის კრუპი და მის რომელ ფორმებს განარჩევენ?
– კრუპი ანუ მწვავე ლარინგოტრაქეიტი, ზედა სასუნთქი გზების მწვავე ობსტრუქციის ყველაზე ხშირი მიზეზია. განასხვავებენ ვირუსულ, ბაქტერიულ და სპაზმურ კრუპს. ცრუ და ნამდვილ კრუპს ერთნაირი სიმპტომები აქვს, მათ შორის განსხვავება მხოლოდ გამომწვევი მიზეზებია. ვირუსული კრუპის, ანუ იგივე ცრუ კრუპის გამომწვევი ძირითადად პარაგრიპის ვირუსია. ბაქტერიული კრუპის ანუ ჭეშმარიტი კრუპის ძირითადი გამომწვევი იყო დიფტერია, მაგრამ საყოველთაო იმუნიზაციის ფონზე, ის პრაქტიკულად, აღარ გვხვდება. სპაზმური კრუპის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე ახსნილი არ არის. საფიქრებელია, უკავშირდება ალერგიული ფაქტორების ან ფიზიკურ-ქიმიური გამღიზიანებლების ზემოქმედებას. შესაძლებელია, გარკვეულ როლს თამაშობდეს ფსიქოლოგიური ფაქტორები და გასტროეზოფაგური რეფლექსი.
– რა ასაკშია ეს ავადმყოფობა გავრცელებული?
– კრუპი გვხვდება 6 თვიდან 6 წლამდე ასაკში. პიკური ასაკი 1-2 წელია, ამ ასაკშია საერთო ავადობის 90 პროცენტი. 2 თვემდე ასაკის ბავშვებში გახშირებული სუნთქვა შედარებით იშვიათია. ამასთან ვაჟებში ორჯერ უფრი ხშირია, ვიდრე გოგონებში. ვინაიდან ვირუსული კრუპის უხშირესი მიზეზი პარაგრიპოზული ინფექციაა, შესაბამისად, ყველაზე მაღალი ავადობა ნოემბერ-დეკემბერშია. სპაზმურ კრუპს გამოკვეთილი სეზონურობა არ ახასიათებს. ავადმყოფ ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანა შემთხვევათა 40-50 პროცენტში ხდება საჭირო.
– როგორ მიმდინარეობს ავადმყოფობა?
– ხორხისა და ტრაქეის ინფექცია იწვევს ლორწოვანის შეწითლებას და ანთებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების განვითარებას. ვითარდება ხახის ამომფენი ლორწოვანის ნეკროზი და კუნთების მეტ-ნაკლები ხარისხით გამოხატული სპაზმი. სპაზმის მიზეზი ამ ასაკის ბავშვებში სასუნთქი კუნთების სუსტი განვითარება და ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციის არასრულფასოვნებაა. ამ დროს სასუნთქი გზების სანათური ვიწროვდება, რაც ადრეული ასაკის ბავშვებში განაპირობებს ჰაერის ნაკადის დინების მნიშვნელოვან დაბრკოლებას და ტურბულენტურ მოძრაობას, რაც კლინიკურად ქოშინით გამოიხატება. ჰაერის მიწოდების შემცირებას ორგანიზმი თავდაპირველად, პასუხობს სუნთქვის გახშირებით და დამხმარე მუსკულატურის ჩართვით სუნთქვის აქტში. ამ კომპენსატორული მექანიზმების ამოწურვის შემდეგ კი, ვლინდება სუნთქვის უკმარისობა და მასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები.
– როგორ ამოვიცნოთ ავადმყოფობა?
– მწვავე რესპირაციულ-ვირუსული ინფექციის გამო განვითარებული კატარული მოვლენების დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ, ხშირად ღამის საათებში, ვლინდება ვირუსული კრუპის კლინიკური ტრიადა – მყეფავი ხველა, ხმის ჩახლეჩა და ქოშინი. თუ ადგილი აქვს ლარინგოტრაქეობრონქიტს, დამატებით გამოვლინდება მსტვინავი სუნთქვა ანუ ვიზინგი და პროდუქტიული ხველა. მსუბუქი ხარისხის კრუპის შემთხვევაში, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – შეუძლია სითხის და საკვების მიღება, თამაშობს, იჩენს ინტერესს გარემო ფაქტორების მიმართ. ქოშინი ვლინდება მხოლოდ დატვირთვის დროს. საშუალი სიმძიმის კრუპის სინდრომისას ქოშინი ვლინდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც. არის ტაქიკარდია, მაგრამ ბავშვს შეუძლია სითხის და საკვების მიღება, იჩენს ინტერესს გარემო ფაქტორების მიმართ. შესაძლებელია, იყოს აგზნება. აგზნების მატება მიუთითებს ჰიპოქსიის გაძლიერებაზე. მძიმე კრუპის შემთხვევაში აღინიშნება ძლიერი ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, შეცვლილია ცნობიერება – ძლიერია აგზნება, აღენიშნება ლეთარგია ან გონების დაბინდვა, არის ტაქიკარდია და ციანოზი.
– რით გამოიხატება ავადმყოფობის შედეგად განვითარებული სიცოცხლისათვის საშიში ნიშნები?
– ნიშნები, რომლებიც დაუყოვნებლივი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებას საჭიროებს არის არაადეკვატური ძილიანობა ან ძლიერი აგზნება; მკვეთრი ციანოზი ან მეტისმეტი სიფერმკრთალე; სუნთქვის ძლიერი შესუსტება ქოშინის შემდეგ; ბრადიკარდია; 6 თვეზე ნაკლები ასაკი; ორალურად საკვების ან სითხის მიღების პრობლემები; ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას; არაადეკვატური მოვლა სახლის პირობებში, სატრანსპორტო ან საკომუნიკაციო საშუალებების არქონა.
– რა პრინციპით უნდა უმკურნალოთ კრუპს?
– უპირველესად აუცილებელია მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნა, რადგან ტირილი, ფიზიკური დატვირთვა, აძლიერებს ქოშინს, ზრდის მოთხოვნილებას ჟანგბადზე. რესპირაციული მოთხოვნილებების შესამცირებლად უმჯობესია, ბავშვი დედას ჰყავდეს ხელში. ამავე მოსაზრებით, რეკომენდებულია, მინიმალური ლაბორატორიული კვლევები. გრილი, ტენიანი ჰაერი ამცირებს შეშუპების ხარისხს და ლორწოვანის გამოშრობის საფრთხეს. რეკომენდებულია თბილი პროცედურები: ორთქლით ინჰალაცია, თბილი აბაზანები, თბილი სასმელების მიღება. აუცილებელია, სითხით უზრუნველყოფა. დღეისათვის ეჭვს აღარ იწვევს, რომ ქოშინის მკურნალობა ამცირებს კლინიკური სიმპტომების სიმძიმეს, საინჰალაციო ადრენალინის გამოყენების აუცილებლობას, ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიური დახმარების მაჩვენებლებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას, ინტუბაციის აუცილებლობას, აუმჯობესებს გამოსავალს. საავადმყოფოს პირობებში მიმდინარეობს შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე?
– როგორც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მშვიდი გარემო, რადგან ბავშვის ემოციური დაძაბულობა და განსაკუთრებით, ტირილი, აღრმავებს ქოშინს, შესაბამისად, სპაზმს და ამძიმებს ავადმყოფობის მიმდინარეობას. ბავშვს უნდა მიეწოდოს სუფთა ჰაერი, მაგრამ ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რადგან ჰაერის გაცივების შემთხვევაში მისი ჩასუნთქვისას სპაზმი ძლიერდება. უმჯობესია, თუ მივაღებინებთ თბილ სასმელს. ქოშინის გამწვავების შემთხვევაში, კიდურებზე თბილი აბაზანები სასარგებლოდ იმოქმედებს. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ უნდა განვახორციელოთ, რადგან, როდესაც საქმე ბავშვს, მის ფაქიზ ორგანიზმსა და ქსოვილებს ეხება, ყოველ წამს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
– რას ურჩევთ მშობლებს ავადმყოფობის პრევენციის მიზნით?
– თუ ბავშვი ადვილად იღლება, აქვს ასაკისათვის უჩვეულოდ დიდი წონა და ხასიათდება ჰიპოდინამიურობით, უნდა მოვერიდოთ მის როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ გადაღლას. გარდა ამისა, მოსალოდნელი ხიფათის მიუხედავად, როდესაც ოჯახში პატარა ბავშვია, სახლში აუცილებელია გარკვეული მედიკამენტების მარაგი. მათ შორის კი სასურველია, თუ იქნება დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი. ცრუ კრუპის შეტევისას სწორედ ეს პრეპარატები გამოიყენება სახლის პირობებში. რაც არ უნდა მომზადებული შევხვდეთ პრობლემის გამწვავებას, ჩვენ მიერ გატარებული ყველა ღონისძიება მხოლოდ დროის მოგება იქნება იქამდე, სანამ ბავშვს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. ასაკთან ერთად, ეს პრობლემა თავისთავად, შეუმჩნევლად მოიხსნება, მანამდე კი ეცადეთ, ბავშვს ჯანსაღი გარემო შეუქმნათ.