როდის ვერ ასცდება ადამიანი ცოდვის ჩადენას, როგორ უნდა ცხოვრობდეს და რას უნდა განეშოროს იგი მარხვაში
მარხვა – ეს არის დამხმარე სული, რომელსაც მუდმივად უწვდის ეკლესია უძღებ შვილებს. მისი არსი კი არის ლოცვა, სინანულით ცხოვრება, რადგან ნებისმიერი ადამიანის სულიდან და სხეულიდან ეშმაკის განდევნა მხოლოდ წრფელი ლოცვითა და მარხვით ხდება. ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ აღდგომის მარხვა, თავისი არსით, ყველაზე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. ამ მარხვაში სხვადასხვა ლოცვასთან ერთად ეფრემ ასურის ლოცვებიც იკითხება. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– როდესაც ეკლესია მარხვის შენახვისკენ მოგვიწოდებს, ამ დროს მრავალი ვაი ქრისტიანი ირონიით ამბობს, რად გვინდა მარხვა, ისედაც სულ მარხვაში არ ვართო? ჩვენ მარხვაში კი არა, გაჭირვებაში ვართ, რომელიც ღმერთმა იმ ცოდვების გამო დაგვატეხა, რომლითაც უფლისგან ბოძებული ტკბილი სიცოცხლე დავიმძიმეთ. მარხვა საკვების მიღების ნებაყოფლობითი აკრძალვაა და არა ცხოვრების სიღატაკით გამოწვეული შიმშილი.
– გარდა გარკვეული საკვების არმიღებისა, კიდევ რა ევალებათ ქრისტიანებს მარხვაში?
– მარხვის პერიოდში უნდა განვერიდოთ ამქვეყნიურ ამაღლებას (იგულისხმება ყოველგვარი ხორციელი გართობა), რათა საკუთარ ცოდვებზე ვიფიქროთ, უფლის წინაშე ცრემლი ვღვაროთ და მოვემზადოთ წრფელი აღსარებისთვის, რომელიც აუცილებლად წარხოცავს ჩვენს ცოდვებს. გარდა იმისა, რომ მარხვის დღეებში უნდა მივიღოთ სამარხვო საკვები, იმავდროულად, აუცილებელია კეთილი საქმეების კეთება, გლახაკებისთვის ხელის გამართვა, სნეულთა მონახულება, ქველმოქმედება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა უფლის მიერაა მოცემული როგორც ხორცისთვის, ასევე სულისთვისაც, რადგან, როგორც საზრდელის გარეშე დაუძლურდება, მოკვდება ხორცი, ასევე აუცილებლად დაჩიავდება მარხვის გარეშე სული. ზოგ ქრისტიანს მიაჩნია, რომ ღმერთთან ურთიერთობისთვის მთავარია მხოლოდ სიყვარული, დანარჩენი – მარხვა, ლოცვა, სინანული – მეორეხარისხოვანია. ასეთი ადამიანები მუცლისა და ვნებების მონები არიან, არადა მათ სტომაქი მიწაზე გააკრავს, ზეცას დაავიწყებს, მარხვა კი ხორციელ, გაცხოველებულ ადამიანს ზეცას უბრუნებს. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება, თანხმობა და ჰარმონია დამყარდეს მის სულსა და ხორცს შორის.
– მამაო, თუ არსებობს სასჯელი მარხვის არშენახვისთვის?
– განსაცვიფრებელი და ანტიქრისტიანულია მრავალი ჩვენგანის დამოკიდებულება საეკლესიო მარხვისადმი. ქრისტიანები უფლის მიერ დადგენილ მარხვებს ისეთი დამშვიდებული სინდისით არღვევენ და არ ასრულებენ, თითქოს უმნიშვნელო საქმეს ეხებოდნენ. ყველამ უნდა შეიგნოს ეკლესიის განჩინება მარხვის უარმყოფელთა მიმართ (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საპატიო მიზეზის მქონეთ): მარხვის დამრღვეველნი (განსაკუთრებით – სააღდგომო მარხვის) რამდენიმე წლით განიკვეთებიან ეკლესიიდან ან წმიდა საიდუმლოებებისგან, განსაკუთრებით კი – ზიარებისგან. წმიდა სერაფიმ საროველი პირდაპირ ამბობდა: „იგი, ვინც მარხვას არ იცავს, არ არის ქრისტიანი, რასაც არ უნდა უწოდებდეს თავს თვითონ“. მარხვა გარეგანი კუთხით წარმოჩინდება, როგორც დედაეკლესიისადმი შვილობრივი მორჩილების დასტური და არა რაიმე უარსაყოფი და ფეხქვეშ გასათელი. სულიერების თვალსაზრისით, მარხვა ყოველთვის ჯერ სულიერია და შემდეგ ხორციელი; მარხვა არის გმირობა თავშეკავებისა და თვითშეზღუდვისა, რადგან მისი მკაცრი დაცვა ადამიანის ნებისყოფას აწრთობს, სინდისს წმენდს და რელიგიურ მრწამსს ამტკიცებს. ვისაც არ შეუძლია, შეზღუდოს სტომაქი, მას არ შეუძლია, დაამარცხოს უფრო ძლიერი, სულისთვის მომაკვდინებელი ვნებები. საერთოდ, მარხვის დარღვევად მიიჩნევა: სიხარბემომეტებული ჭამა თუნდაც სამარხვო საკვებისა; ფუჭი, ამაო საუბარი და უხამსი ხუმრობა. მარხვა მკაცრად უნდა იყოს შეფარდებული ადამიანის ჯანმრთელობასთან, მარხვის დაწყებისთვის აუცილებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. დღეს ბევრი ადამიანი ეკლესიური ცხოვრებისა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე მარხულობს, რაც უმეტეს შემთხვევაში დიეტას ემსგავსება და ხშირად მძიმე ავადმყოფობით, სულიერი აშლილობით მთავრდება.
– მამაო, მხოლოდ აღდგომის მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვები. რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ამ ლოცვის მთავარი შინაარსი საკუთარი ცოდვების დანახვაა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ადამიანის სული, ცოდვებისგან განშორება, სიწმიდის მიღება, საკუთარი ცოდვების განცდა და არა განკითხვა ძმისა. თანამედროვე ადამიანები ხშირად ვართ ჩავარდნილი უსაქმურობის ცოდვაში, რომლისგან დახსნასაც შევთხოვთ უფალს ამ ლოცვის დასაწყისში. აქ საუბარია არა მარტო ხორციელ უსაქმურობაზე, არამედ სულიერზეც, როდესაც ადამიანი არ ლოცულობს, არ ადიდებს უფალს, არ მარხულობს. ჩვენი სულიერი უმოქმედობა იწვევს ჩვენს ფიზიკურ უმოქმედობას და ეს, თავის მხრივ, მრავალ ცოდვას წარმოშობს, მაგალითად, ისეთს, როგორიც არის მიმწვილველობა, ანუ მოწყენილობა. ეფრემ ასურის ლოცვაში ასევე ნახსენებია მთავრობისმოყვარეობა. ამ ცოდვაში შეიძლება ჩავარდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დიდებისმოყვარეობა უყვარს, სურს, რომ ყველა მის გარშემო ტრიალებდეს და, რადგან ეს ასე არ ხდება, ამიტომ უკვე ეს ადამიანი ვარდება მრისხანების ცოდვაში. მრისხანება კი წარმოშობს ცუდმეტყველებას: საერონი ხშირად ბილწსიტყვაობენ, ხოლო სასულიერონი მრავლისმეტყველებაში ვვარდებით. სოლომონის იგავში წერია, რომ ამ დროს ცოდვის ჩადენა აუცდენელია, ენას კი ადამიანის მოკვლა და განადგურება შეუძლია. სწორედ ამ ოთხი ცოდვის ჩადენისგან დაცვას ვთხოვთ უფალს ეფრემ ასურის ლოცვის პირველ მუხლში.
– რას ნიშნავს ლოცვის დანარჩენი მუხლები?
– ლოცვის მომდევნო მუხლებში ვითხოვთ, რომ უფალმა მოგვმადლოს: სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა. რადგან ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა, ის აუცილებლად უნდა იყოს წმიდა. უფალი ამას მოითხოვს ჩვენგან: წმიდა ვარ და წმიდა იყავით თქვენც. ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას სიწმიდით იწყებს და, როდესაც გარდაიცვლება, ის უფალს სიწმიდით მიეახლება. თუ ადამიანი სიწმიდით არ ცხოვრობს, რაც უნდა გააკეთოს, მას არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს უფალთან. სიწმიდეში კი მხოლოდ სულიერი სიწმიდე არ იგულისხმება, ადამიანი გარეგნულადაც უნდა იყოს მოწესრიგებული; ის სულზეც უნდა ზრუნავდეს და ფიქრობდეს და საკუთარ სხეულზეც, რომელიც უფლის ტაძარია. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ თავმდაბლები და ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, ეს სიწმიდიდან უფლის სიყვარულიდან უნდა მომდინარეობდეს. თუ ადამიანი სიწმიდეში ცხოვრობს, მარხულობს, ეზიარება, ის ხვდება, რომ ღმერთი ყველაფერია, თვითონ კი – არარაობა; ღმერთი სიყვარულია, თვითონ კი ბოროტება; ღმერთი დიდია, თვითონ კი – პატარა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მძიმე განსაცდელში მხოლოდ ბოლომდე მომთმენები ცხონდებიან. თუ ადამიანი არ იცხოვრებს სიწმიდეში, ვერ მიხვდება საკუთარ შეცოდებებს, მას არ ექნება სიყვარული, ვერ დაინახავს საკუთარ ცოდვებს და მუდმივად მოყვასის, სხვა ადამიანების განკითხვაში იქნება. თუ ღმერთი გიყვართ, მისი მცნებები უნდა დაიცვათ და ის მოგცემთ ჭეშმარიტ, ღვთაებრივ და არა ვნებიან სიყვარულს, რომელიც ადამიანს კეთილი საქმეების აღსრულებაში დაეხმარება. მცნებების დაცვაში კი ერთ-ერთია სხვის განკითხვაზე უარის თქმა, ჩვენთვის ძალიან იოლია, დავინახოთ სხვისი ცოდვა, განვიკითხოთ და ვერ შევძლოთ იმის დანახვა, თუ როგორ ვცოდავთ ჩვენ, როგორ ვართ ცოდვის ჭაობში ჩაფლული და სხვისი განკითხვით კიდევ უფრო მეტ ცოდვას ვიმატებთ.
აი, ასეთია ეფრემ ასურის ლოცვის შინაარსი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ ქრისტიანებმა აღდგომის მარხვის განმავლობაში. შენდობა ითხოვეთ ადამიანებისგან, უარი თქვით სიზარმაცეზე, ულოცველობაზე, მარხვის არშენახვაზე, უზიარებლობაზე, იყავით თავმდაბლები, ითხოვთ სიმშვიდე, სიყვარული, არ განიკითხოთ სხვა, იპოვეთ საკუთარ თავში ცოდვები და უფალი ამ ყველაფერს ასმაგად მოგაგებთ. როგორც უფალი მოგვიწოდებს, დააგროვეთ თქვენი საუნჯეები ზეცაში, რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიო.