როგორ ხდება ზოგიერთი კაცი ქალის შანტაჟის მსხვერპლი და რატომ ვერ უწევს ამას ის წინააღმდეგობას
რა შეუძლია მოიმოქმედოს შეყვარებულმა ქალმა? სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი, როცა სასურველი მამაკაცის დასაკუთრებისთვის იბრძვის? პოზიცია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, ყოველთვის არ არის რეალობაზე მორგებული, მაგრამ არ დაგვეთანხმება ის, ვინც მიზანს უკვე მიაღწია და შედეგითაც ტკბება. ის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა შეყვარებული, იტყვის, რომ ამ დროს ძირითადად გრძნობის კარნახით მოქმედებს და არა გონების. თუმცა, ალბათ, ძნელია გრძნობას დააბრალო ის, რასაც კარგი გათვლა და სიტუაციის შენს სასარგებლოდ შემობრუნება სჭირდება. ქალები ხშირად აჩვენებენ თავს მსხვერპლად. არცთუ იშვიათად, ამასვე ჩივიან მამაკაცები. საინტერესოა, მართლა ითხოვს თუ არა სიყვარული მსხვერპლს და თუ ეს ნამდვილად ასეა, როდის არის მსხვერპლი გამართლებული.
თინიკო (22 წლის): ასაკით ძალიან დიდი არ ვარ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება ისეთი მაქვს, ნებისმიერს შეშურდება. ქმარი მყავს ზუსტად ისეთი, როგორიც სულ მინდოდა და როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მე ვიცოდი, რომ ადრე გავთხოვდებოდი. სერიოზულად ვამბობ, ყოველთვის ვიცოდი.
– ანუ გინდოდათ, რომ ადრე გათხოვილიყავით.
– დიახ. ყველა ადამიანს აქვს რაღაც დანიშნულება, მიზანი ცხოვრებაში, ის, რისთვისაც იბადება. მე გათხოვება მინდოდა. არც თანამდებობაზე მიოცნებია და არც წარმატებულ კარიერაზე. ვიცოდი, რომ საამისოდ არც მოთმინება მეყოფოდა და არც გონებრივი შესაძლებლობები. სულაც არ მრცხვენია ამის აღიარების. დასამალი არაფერი მაქვს. მეცინება იმ ქალებზე, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სარფიანად გათხოვდნენ, მაგრამ არ აღიარებენ ამას. ზოგი დიპლომით ცდილობს კაცის „შებმას“, ზოგი – მამიკოს ნაყიდი მაგარი მანქანით და ბინით, ზოგი – გამომწვევი გარეგნობით. ყველა იმ იარაღს იყენებს, რომელიც აქვს.
– ქალბატონები არ დაგვეთანხმებიან.
– ვიცი. მაგრამ მხოლოდ გარეგნულად. გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მართალი ვარ. რომ სიმართლე ის არის, რასაც მე ახლა ხმამაღლა ვამბობ და სულაც არ მერიდება.
– ანუ, სიყვარულს გამორიცხავთ. ძალიან უცნაურია თქვენი ასაკის ქალისგან ამის მოსმენა.
– რატომ არის უცნაური? მოდით, ემოციების გარეშე ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ. როცა ქალს კაცი მოსწონს, ხომ ცდილობს მის ხელში ჩაგდებას. კარგი, თუ „ხელში ჩაგდება“ ცოტა ცუდად ნათქვამია, სხვანაირად ვიტყვი; ხომ ცდილობს, თავი შეაყვაროს, შეაჩვიოს, თავისზე დამოკიდებული გახადოს. რას აკეთებს ის ამისთვის? – ყველაფერს. ოღონდ, გააჩნია, ვის რა გამოსდის კარგად. თუ ისეთი გარეგნობა გაქვს, რომ კაცები შენი დანახვისთანავე „ებმევიან“, გაგიმართლა. მაგრამ, თუ სხვა ქალებისგან განსაკუთრებით არაფრით გამოირჩევი?! ყველას ხომ არ აჯილდოებს ბუნება იდეალური, მოდელის აღნაგობითა და პარამეტრებით. ბედნიერება კი ყველა ქალს სჭირდება, მიუხედავად მისი გარეგნობისა.
– ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, რომ მამაკაცი არაფერ შუაშია და მთელი ინიციატივა ქალზეა.
– რა თქმა უნდა. რა, არ იცოდით? მამაკაცებს მხოლოდ ჰგონიათ, რომ მათ ხელშია ინიციატივა და ისინი არიან სიტუაციის ბატონ-პატრონები. სინამდვილეში, ყველაფერს ქალები წყვეტენ. შეუბმელი მამაკაცი არ არსებობს. ცოლიც რომ ჰყავდეს და გიჟდებოდეს მასზე, თუ ქალმა მოინდომა, აუცილებლად „შეაბამს“. უბრალოდ, გასაღები უნდა მოუძებნო. ყველა კაცს თავისი „გასაღები“ აქვს. ზოგი, მაგალითად, გიჟდება ჩერჩეტ გოგონებზე, ვითომ გულუბრყვილოები რომ არიან და ამქვეყნის არაფერი გაეგებათ. მიამიტურად ახამხამებენ წამწამებს, სინამდვილეში კი, ზუსტად იციან, რა უნდათ. რამდენჯერ მინახავს, როგორ „აბოლებენ“ კაცებს ასეთი „გულუბრყვილო“, „უფრთო ანგელოზები“ და მოვმკვდარვარ სიცილით. მაინც, რა სულელები არიან ის კაცები. თან თავიც რომ მოაქვთ, აქაოდა, ძალიან მაგრები ვართ და ჩვენი გამოჭერა არც ისე იოლიაო?!
– ესე იგი, ყველა კაცი გამოჭერილია?
– უმრავლესობა – კი. ზოგი ცოლს ჰყავს მუჭში გამომწყვდეული, ზოგი – საყვარელს, ზოგიც – დედას. გამონაკლისები, პრაქტიკულად, არ არსებობენ. ძალიან იშვიათად შეხვდებით გამონაკლისს. ისიც ძალიან გამოცდილი კაცი თუ გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ასეთებიც არიან, მაგრამ შესაბამისად, არსებობს ისეთი ქალიც, რომელიც ამ გამონაკლის კაცს „მოუგრეხს“ კისერს. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? ანუ, თუ კაცი ჯერაც არავის „შეუბამს“, ის ან მართლა არავის სჭირდება, ან ჯერ არ შეხვდა შესაფერის ქალს. მე არ ვამბობ, რომ მათ შორის მერე სიყვარული არ შეიძლება იყოს. რატომაც არა. სიყვარული რა არის – ორი ადამიანის კომფორტული თანაცხოვრება, საერთო ინტერესები, საერთო საზრუნავი, საერთო სამომავლო გეგმები, შვილები, სითბო, შეჩვევა, ვნებაც, რა თქმა უნდა. საერთოდ, გადარევა და გაგიჟება ადამიანზე კარგად არ მთავრდება. ამიტომ, ჯობია, გონებამ „იმუშაოს“ და არა გრძნობამ და ემოციამ. მე მთელი ცხოვრება ამ პრინციპით ვცხოვრობ და ჯერჯერობით ბედს არ ვუჩივი.
– ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ქმარი „შეაბით“?
– ქმარი კი არ „შევაბი“, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მამაკაცი, რომელიც მომწონდა, რომელთანაც ოჯახის შექმნა მინდოდა, ჩემი გამხდარიყო. მე სხვისთვის ქმარი არ წამირთმევია. საერთოდ არავისთვის არავინ წამირთმევია. რისი უნდა მრცხვენოდეს. ეს იმათ უნდა შერცხვეთ, ქმრები რომ ჰყავთ და კიდევ გასართობს ეძებენ. თანაც, აუცილებლად ცოლიან კაცებს. არ მესმის ასეთი ქალების და ვერც ვერასოდეს გავუგებ. მე რა დავაშავე? ცოლად გავყევი კაცს, ვინც ძალიან მომწონდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავზე ვაზივარ ჩემს ქმარს, ვმბრძანებლობ ან ბოროტად ვიყენებ იმ საშუალებას, რომლითაც შევძელი მიზნისთვის მიღწევა – არანაირად. ძალიან ერთგული და კარგი ცოლი ვარ. ისიც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ჩემ გვერდით.
– მაგრამ ბედნიერი არ არის.
– რატომ? ძალიანაც ბედნიერია. რატომ არ უნდა იყოს ბედნიერი. მართალია, თავიდან ჩემი ცოლად შერთვა დიდად არ უნდოდა, მაგრამ დღეს ოჯახი გვაქვს და პრეტენზიას არ გამოთქვამს. მსხვერპლი ნამდვილად არ არის, როგორც მის დას და დედამისს ჰგონიათ.
– რამდენი წლისაა თქვენი მეუღლე?
– ჩემზე შვიდი წლით უფროსია. რომ გავიცანი, ისე მიყურებდა, როგორც პატარა ბავშვს, რომელთანაც მარტო გართობა შეიძლება. მესიჯებს მიგზავნიდა, ერთი-ორჯერ კინოშიც ვყავდი, მაგრამ მულტფილმზე. მივხვდი, რომ სერიოზულად არ აღმიქვამდა. სამაგიეროდ, მე მომეწონა და საკუთარ თავს ვუთხარი, სწორედ ასეთი ქმარი გჭირდება-მეთქი.
– საინტერესო აღიარებაა. მაინც რითი მოგხიბლათ?
– გარეგნობით – არა. ცუდი შესახედავი ნამდვილად არ არის. სიმპათიურია, მაგრამ არ დაფეთდები. მე თავისი სერიოზულობით და სტაბილურობით მომხიბლა. ვერ ვიტან და ვერც ვერასოდეს ვიტანდი ცერცეტ ბიჭებს. რა მოსწონთ მათი გოგონებს, ვერ გამიგია. კაცი უნდა იყოს კაცი, საქმიანი, მიზანდასახული, შემდგარი პიროვნება. როგორ უნდა მოგეწონოს კაცი, რომელიც სრულწლოვანია და მაინც მშობლების ხარჯზე ცხოვრობს. მათ სთხოვს ფულს და თავი მოაქვს, რომ მაგარი ტიპია. ასეთი უპასუხისმგებლო მამაკაცი როგორ შეიძლება იყოს „მაგარი ტიპი“ – გამორიცხულია. არასოდეს მომეწონება უსაქმური კაცი და პატივს არ ვცემ მას. ოცდაათი წლის მამაკაცს თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიუღწევია, ის ვერც ვერაფერს მიაღწევს. მე კი ასეთი კაცი არაფერში მჭირდება, ქმრად – მით უმეტეს. რეზოს კარგი სამსახური ჰქონდა. წარმატებული მომავალიც – გარანტირებული, კარგი მშობლები, მშვენიერი ბინა, მანქანაც. ვიცოდი, მის გვერდით პრობლემების გარეშე ვიცხოვრებდი და არც შევმცდარვარ. მართლა ძალიან კარგი ქმარია, ყურადღებიანი, მზრუნველი, ბავშვზე გიჟდება.
– მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცოლად შერთვა არ უნდოდა?
– მიუხედავად ამისა. არ უნდოდა იმიტომ, რომ არ იცოდა, რაზე ამბობდა უარს. ბოლოს და ბოლოს, მე მინდოდა – ეს არის მთავარი. რეზო კიდევ დიდხანს არ მოიყვანდა ცოლს და ღმერთმა იცის, საერთოდ ვის მოიყვანდა, მე რომ არ ვყოფილიყავი. ახლა რომ ტლიკინებს ჩემი დედამთილი, „შეაბა“ ჩემი ბიჭიო. ის ერჩივნა, ვინმე ბოზს შეება და მერე რქებიც დაედგა?! მადლობა უნდა თქვას, რომ დღეს მე ვარ მისი რძალი.
– გაგვიმხელთ, რა მეთოდით „იმუშავეთ“?
– არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ბევრი არაფერია გასამხელი. ქალი რომ ხარ, ცოტა მსახიობობა უნდა შეგეძლოს. აბა, ისე, ლანგრით კაცს არავინ მოგართმევს. ცოტა უნდა გაინძრე, გენაცვალე. შენი ბედნიერება შენვე უნდა გამოჭედო. ოცდაორი წლის ვარ, მაგრამ ჭკუა ნამდვილად არ მაკლია. კაცს სუსტი მხარე უნდა მოუნახო. ჯერ უნდა შეისწავლო. მაგალითად, ზოგ კაცზე ძალიან კარგად მოქმედებს ქალის ცრემლები. სხვათა შორის, მამაკაცების უმრავლესობა ვერ უძლებს ამას. განსაკუთრებით ისინი, ვინც ქალებს კარგად არ იცნობენ და ყველა ცრემლი „ნატურალური“ ჰგონიათ. თუ კაცს ორი-სამი შემთხვევა მაინც ჰქონია მსგავსი, მაშინ ცრემლებით მისი „მორჯულება“ ცოტა ძნელდება. რამდენჯერმე წამოეგო ერთი და იმავე ანკესზე სისულელეზე მეტია. რეზოსთან ცრემლებმა და სენტიმენტებმა ნაკლებად იმოქმედა. რამდენჯერმე რომ წავიკრუსუნე, რა არის, მომენატრე, რატომ არ მირეკავ-მეთქი, იმან კი მაინც არაფრად ჩამაგდო, მივხვდი, სხვანაირად უნდა მემოქმედა. ვერ დაველოდებოდი ბედის მოწყალებას. რომ იტყვიან ხოლმე, თუ ბედია, მოხდებაო, მეცინება – შენ უნდა მოახდინო. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რეზოს უნდა გავყოლოდი ცოლად. მიზანი დავისახე და უნდა მივსულიყავი ამ მიზნამდე. არც ეჭვიანობამ გაჭრა. ხან რა მოვიგონე, ხან რა, მაგრამ კაცი რომ შენზე სერიოზულად არ ფიქრობს, რატომ იეჭვიანებს?!
– ერთმანეთს ხვდებოდით?
– დიახ. ერთმანეთს ვხვდებოდით, როცა თვითონ უნდოდა და როცა „ბეზპონტა“ იყო, მაშინ.
– სხვასაც ხვდებოდა ვინმეს?
– ეს მე არ ვიცი და არც არასოდეს დავინტერესებულვარ. ეს მე არ მეხებოდა. სერიოზულად რომ ჰყოლოდა ვინმე, მე ხომ არ შემხვდებოდა. უბრალოდ, ჩემი ცოლად შერთვა არ უნდოდა და ამას არც მალავდა.
– ანუ, გეუბნებოდათ, ცოლად არ მოგიყვანო?
– მეუბნებოდა, ჩემი ცოლი სხვანაირი წარმომიდგენიაო. ძალიან, ძალიან უნდა შემიყვარდეს ქალი, უნდა გადავირიო მასზე, რომ შევირთოო. კაცები, ხომ იცით, რომანტიკოსები არიან. ვინ თქვა, რომ მათ პრაქტიკული ჭკუა აქვთ. უმრავლესობა ღრუბლებში დაფრინავს. გეუბნებით, ყველაზე წარმატებული – თავის საქმეში წარმატებულს ვგულისხმობ, მამაკაციც კი ისეთი რომანტიკოსია, ვერ წარმოიდგენთ. რა უნდათ, რას ეძებენ, თვითონაც არ იციან – შენ უნდა მიახვედრო. რეზო ძალიან პრაქტიკოსია, მაგრამ მაინც რაღაც ფანტაზიები ჰქონდა. რა სისულელეა „ჩემი ცოლი სხვანაირი წარმომიდგენია“. ჩვენ ყველას სხვანაირი წარმოგვიდგენია ჩვენი ცხოვრება, მაგრამ რეალობა ამ წარმოდგენებს ძალიან იშვიათად ემთხვევა ხოლმე.
– ეს რომ გითხრათ, როგორ მოიქეცით?
– სიყვარული ავუხსენი. პირდაპირ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი – გაგივლისო – არ გამივლის-მეთქი, შენ ჩემი პირველი სიყვარული ხარ და თუ მიმატოვებ, მოვკვდები-მეთქი.
– მართლა ასე ძალიან გიყვარდათ?
– არ ვიცი. უფრო არა. ვინ მომკვდარა სიყვარულით? რომეო და ჯულიეტა ზღაპარია. ლამაზი, მაგრამ მაინც ზღაპარი. არავის გამო არ იკლავენ თავს და არც მე მოვიკლავდი, რა თქმა უნდა, მაგრამ რეზოზე ამან იმოქმედა. ვერ ვიტყვი, რომ ეს შანტაჟი იყო. რა იდიოტური სიტყვაა. რეზოს მე ვუთხარი, ვერ გადავიტან უშენობას, მოვკვდები-მეთქი.
– თუ თავს მოვიკლავო?
– ეგეც ვუთხარი. მერე, რა! რატომ უნდა გამეშვა ხელიდან. თუ არ მოვწონდი და არ ვუნდოდი, რას მეთამაშებოდა, სათამაშო ვიყავი?! ყველა კაცმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცეცხლთან თამაშია და რომ ყოველთვის ისე ვერ იქნება, მათ რომ ჰგონიათ. ერთობოდა ბიჭი, მეც ვერთობოდი, როცა ვეუბნებოდი, აუცილებლად მოვკვდები-მეთქი და ჩემმა „თამაშმა“ აჯობა.
– მახე დაუგეთ და ისიც გაება ამ მახეში?
– რა მახე, რის მახე. მე ჩემი შანსი არ გავუშვი ხელიდან. ვინმე გამამტყუნებს ამაში? ის, რაც მე გავაკეთე, ქალური მოხერხებულობა იყო და არა ეშმაკობა.
– არსებობს ზღვარი ეშმაკობასა და ქალურ მოხერხებულობას შორის?
– არსებობს. ეშმაკობა იქნებოდა, რეზოს ლოგინში რომ ჩავწოლოდი, მერე ფეხმძიმობა მომეგონებინა და ამით გამეხადა იძულებული, ცოლად მოვეყვანე. კაცისთვის სახიფათოა ქალის ზღვარგადასული სიყვარული. ამან მართლა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მას. გაგიჟებით შეყვარებულ ქალს ჭკუა აღარ მოეკითხება. მათ შეიძლება შექმნან ოჯახი, მაგრამ საეჭვოა, დიდხანს იარსებოს. ემოციურობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მყარი ვერასოდეს იქნება. მე არ მქონია „შიშველი“ ემოცია. პირიქით, ყველაფერი ჭკუით დავგეგმე და გადავწყვიტე.
– კაცს რომ შენს ცოლად შერთვას აიძულებ, იქნება ის შენი ერთგული, იქნება ეს ქორწინება მყარი?
– რატომ არ იქნება? ერთგულების გარანტიას არავინ მოგცემს. ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს. სიყვარულით რომ მოჰყავთ ცოლები, სერენადებს რომ უმღერიან ფანჯრებთან და მერე საყვარლებს იჩენენ, ეს რა არის?! ამიტომ იმის თქმა, რომ თუ ქმარს ქორწილამდე გაგიჟებით არ უყვარხარ, ის აუცილებლად გიღალატებს, დიდი სისულელეა. მაშინ, გარიგებით შექმნილი ოჯახები ერთმანეთის მიყოლებით უნდა ინგრეოდეს. არადა, სწორედ სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა.
– მოკლედ, თქვენს ქმარს შეეცოდეთ და იმიტომ შეგირთოთ. შეცვლის სიყვარული სიბრალულს?
– ფაქტია, რომ ცოლ-ქმარი ვართ და ერთად მშვენივრად ვცხოვრობთ. არ ვჩხუბობთ, სკანდალებს არ ვუწყობთ ერთმანეთს. მშვიდად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ.
– რაც დაქორწინდით, მას შემდეგ მაინც თუ უთქვამს მეუღლეს, რომ უყვარხართ?
– არა. მაგრამ არც მე მიკითხავს. სიტყვები არაფერში მჭირდება. ხომ ვხედავ, როგორ ზრუნავს ჩემზე, როგორი ყურადღებიანი ქმარია, წაყვანა-მოყვანა, ყიდვა, დღესასწაული – არ გამორჩება. მანებივრებს საჩუქრებით და მეც სითბოთი ვპასუხობ. თავის ძმაკაცს უთხრა, სახლში მისვლა მიხარიაო. არ არის ეს სიყვარულის ახსნაზე უკეთესი?! თუ მე შანტაჟით ვცადე მისი „დათრევა“, გაეწია წინააღმდეგობა და არ გამხდარიყო „მსხვერპლი“, მაგრამ, არავითარი მსხვერპლი ის არ არის. თვითონაც უნდოდა. შეიძლება, ისე არა, როგორც მე, მაგრამ რაღაც დოზით ვუნდოდი. ყოველ შემთხვევაში, ჩემ გვერდით თავს ცუდად არ გრძნობდა, თორემ დამიკიდებდა ფეხებზე. ჩემისთანები დაუკიდებიათ?
– შეეცოდეთ. მე ვფიქრობ, ვერ გაგიმეტათ სასიკვდილოდ. თქვენ დააჯერეთ, რომ ვეღარ იცოცხლებდით.
– გვეცოდება ის, ვის მიმართაც რაღაც პასუხისმგებლობას მაინც ვგრძნობთ, ვინც ჩვენთვის სულერთი არ არის. დამეთანხმეთ, რომ ასეა.
– თქვენს სიტყვებში არის ლოგიკა.
– რა თქმა უნდა, არის. ვინც შენთვის სულერთია, ვინც შენთვის არაფერს ნიშნავს და არაფერს წარმოადგენს, არც შეგეცოდება. ხომ იტყვი, მომკვდარა, თუ უნდა, რა ჩემი პრობლემააო.
– არც ასე მარტივად არის საქმე.
– გეთანხმებით, მაგრამ მსხვერპლი მაინც არავინ არის. კაცი არ შეიძლება იყოს მსხვერპლი. მათ სწორედ ის უნდათ, რომ ქალმა შეაბას, მაგრამ არ აღიარებენ ამას. ყველა ქალს შეუძლია, იყოს ბედნიერი, თუკი მოინდომებს, მაგრამ პატიოსნად უნდა ითამაშო. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ სხვისი ქმარი არ უნდა მოინდომო. ეს საშინელებაა და ძალიან ცუდი საქციელია. ასეთ ქალებს ვერ ვამართლებ. უცოლო კაცის შებმა კი ცოდვა რომ იყოს, გაუთხოვრები დავრჩებოდით.