კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


იმედი მაქვს, შვილები
არ დამკარგავენ

ალბათ, ბევრი გამამტყუნებს, მაგრამ, ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ამიტომ, ნურავინ დაიჩემებს და ნუ დაიწყებს მტკიცებას, რომ მსგავს სიტუაციაში თვითონ სხვანაირად მოიქცევა.

წლების წინ, ისევე, როგორც უამრავ ქართველს, ჩემს ოჯახსაც გაუჭირდა: ჯერ მე დავრჩი უსამსახუროდ, მერე ჩემი ცოლი და, რომ გვეარსება, მივყავით ხელი ძვირფასი ნივთების გაყიდვას. ორი პატარა შვილი გვყავდა და ბავშვებს რომ არ მოშივნოდათ, ხელოსნობა დავიწყე, მაგრამ ჩემი ცოლი მაინც უკმაყოფილო იყო. ერთ დღესაც გამომიცხადა, ჩემი დაქალები ამერიკაში მიდიან სამუშაოდ და მეც უნდა წავიდეო. ძალიანაც წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და წავიდა. იმდენი მოახერხა, რომ ერთი წლის შემდეგ ერთი ბავშვი წაიყვანა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი – მეორეც და დავრჩი მარტო. ჩემი ხელობით იმდენს კი ვშოულობდი, რომ თავი მერჩინა, მაგრამ ახალგაზრდა კაცისთვის ეს რომ საკმარისი არ არის, თავადაც მოგეხსენებათ. ვიფიქრე, სადაც ჩემი ცოლ-შვილი იქნება, მეც იქ წავალ-მეთქი, მაგრამ სამმა მცდელობამ რომ უშედეგოდ ჩამიარა (ამერიკის კონსულმა თუ ატაშემ ბეჭედი არ ჩამირტყა), ხელი ჩავიქნიე და აღარც მიცდია წასვლა. ჩემს ცოლს კი იქ გაუმართლა – კარგი სამსახური იშოვა და ყოველთვიურად გზავნიდა თანხას, რომელიც უკლებლივ შემქონდა ბინის მშენებლობაში, ერთ დოლარსაც კი არ ვიტოვებდი. ჩემს ცოლს გაუტკბა იქ ყოფნა და ჩამოსვლას აღარც ფიქრობდა, მე კი დამღალა მარტოობამ და, ალბათ, არავინ გამამტყუნებს, რომ კარგად „გავიგულავე“ ქალებში. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ჩემს საკუთარ ფულს ვხარჯავდი.

ერთ დღეს კი მანქანა დამეჯახა და მთლად დალეწილ-დამტვრეული მომათავსეს საავადმყოფოში. ისეთი სერიოზული ტრავმები მქონდა, რომ არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, ყველამ ხელი ჩაიქნია, ჩემი მკურნალი ექიმის გარდა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში დღისით და ღამით გვერდით იყო და ჩემთან ერთად ებრძოდა სიკვდილს.

ამქვეყნად რომ დამაბრუნა, არც მერე მომშორებია – თავისი ხელით მიკეთებდა ნემსებს, მასმევდა წამლებს, მავარჯიშებდა და მამხნევებდა. მე ისე ვიყავი მონატრებული სითბოსა და მზრუნველობას, რომ ია ექიმის გარეშე არსებობაც ვეღარ წარმომედგინა. პალატიდან ხუთი წუთითაც რომ გასულიყო რამე საქმეზე, პანიკაში ვვარდებოდი, ასე მეგონა, უიმისოდ რამე დამემართებოდა. სამთვიანი ბრძოლის შემდეგ იამ ფეხზე დამაყენა და ერთ დღესაც თვალცრემლიანმა მითხრა, ორშაბათს უნდა გაგწეროთო. ორშაბათს გამწერეს, მაგრამ იმავე საღამოს ისეთი მარტოობა ვიგრძენი, გათენებამდე აღარ დამიცდია, სახლში მივადექი, თვითონ მივეხმარე თავისი ნივთების ჩალაგებაში და ჩემთან წამოვიყვანე. მხოლოდ იამ მაგრძნობინა, რა არის ნამდვილი სიყვარული, მხოლოდ მან მაგრძნობინა ნამდვილი ოჯახური სითბო, მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ გვქონდა მოწერილი, რასაც ია ძალიან განიცდიდა. ასე ცხოვრება მართლაც აღარ შეიძლებოდა და დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩემს ცოლს დავურეკე ამერიკაში, ყველაფერი ვუთხარი და ვთხოვე, გაყრაზე თანხმობა გამოეგზავნა. მართალია, თავიდან საშინელი დღე მაყარა, რა აღარ მიწოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ თანხმობა მაინც გამომიგზავნა, თან მუქარაც მოაყოლა – შვილები სამუდამოდ დაივიწყეო. მერე აღმოჩნდა, რომ თვითონაც ჰყოლია იქ ვიღაცა, მაგრამ გაყრაზე თანხმობის გაგზავნა ვერ მთხოვა, – ეტყობა, მაინც ვერ გაბედა. ახლა კი კარგი მიზეზი მიეცა, ყველაფერი ჩემთვის დაებრალებინა. მაგრამ მე ამას არ დავეძებ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უკვე სამი წელი არ გვენახა ერთმანეთი, ცალ-ცალკე ვიყავით და ისიც არ ვიცოდით, ოდესმე კიდევ შევხვდებოდით თუ არა ერთმანეთს და მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებულ ცოლქმრობას რა აზრი ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემმა ცოლმა დამირეკა და მოითხოვა, ბინა დამეცალა, რადგან მისი (და არა ჩვენი) შვილების კუთვნილება იყო და სულაც არ სიამოვნებდა იქ ვიღაც „გომბიოს ეგულავა“. იას ისედაც ეუხერხულებოდა იქ ცხოვრება, მითხრა, შენი ყოფილი ცოლი მართალია, ეს ბინა ბავშვებისააო და ერთ კვირაში იქიდან იას ბინაში გადავედით, რომელიც გაქირავებული ჰქონდა (ცხადია, მდგმურები გაუშვა). მის მშობლებთან ცხოვრება არც ერთს არ გვინდოდა და იმათაც აღარ დაუძალებიათ.

რამდენიმე თვის წინ მე და იას ტყუპი ქალ-ვაჟი შეგვეძინა. ჩემმა უფროსმა შვილებმა ამის შესახებ ჯერ არაფერი იციან, მაგრამ იმედი მაქვს, არც მე დამკარგავენ სამუდამოდ და თავიანთი პატარა და-ძმაც ეყვარებათ. მთავარია, ჩემმა ყოფილმა ცოლმა მოუხმოს გონიერებას და ბიჭებს ჩვენ წინააღმდეგ ბოღმა და შხამი არ ჩააწვეთოს.

გია, 39 წლის.



როდემდე დავმალო ჰომოსექსუალობა

გწერთ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნებისა და ყველაზე დიდი საიდუმლოს შესახებ. ალბათ, ყველას აქვს რაღაც ოცნება და გამონაკლისი არც მე ვარ. ხშირად მიფიქრია იმის შესახებ, რომ აზრი არ აქვს ცხოვრებას, თუკი ერთი ოცნება მაინც არ აგისრულდება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაცას მივაღწიო, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამომდის. არასდროს დამზარებია სწავლა და მუშაობა, მაგრამ, როცა მივხვდი, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ, ჩემი ოცნების ასრულებამდე ვერ მიმიყვანდა, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, მით უმეტეს, სამსახურიდან გამათავისუფლეს და, სამწუხაროდ, ვეღარსად მოვძებნე სამუშაო. გავდიოდი გასაუბრებებზეც, მაგრამ ამაოდ. მანამდე კი არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი: მიმუშავია მუშადაც, რესტორანშიც და სოფლის მეურნეობაშიც, ახლა კი უმუშევარი ვარ.

დღეს უკვე 23 წლის ვარ და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მით უმეტეს, რომ არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ამიტომ ძალიან ძნელია ჩემთვის საქართველოში ცხოვრება. მე მინდა სასწავლებლად და სამუშაოდ წავიდე ევროპის რომელიმე ქვეყანაში და იქ ვიცხოვრო, რომ ჩემკენ თითი არავინ გამოიშვიროს იმის გამო, რომ ჰომოსექსუალი ვარ. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, არავინ იცის ამის შესახებ, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირს ამის დაფარვა. მინდა, მყავდეს შეყვარებული, მეგობარი, მაგრამ საქართველოში სხვა შეხედულებები აქვთ ამ საკითხზე და ამიტომ მთელი ცხოვრება ვთამაშობ, რომ ჩემი ჰომოსექსუალობა არ გამომჟღავნდეს. ძალიან ბევრი ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ ჩემი აქ ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ, მინდა წავიდე საფრანგეთში, რადგან იქ ძალიან ბევრია ჩემნაირი და არ გამიჭირდება ცხოვრება. ფრანგებისთვის ეს პრობლემა არ არის, იქ ჩვეულებრივ, სრულფასოვან ადამიანად ვიგრძნობ თავს.

გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი გულისტკივილი, ჩემი მდგომარეობა და დამეხმაროთ ფინანსურად, რათა წავიდე საქართველოდან და ცხოვრებისგან მივიღო ის, რაც მეკუთვნის და რაც მინდა.

გმადლობთ და ბოდიში შეწუხებისთვის.

გოგა, 23 წლის.



არ ვიცი, როგორ

უნდა დავიბრუნო შვილი

გავთხოვდი სიყვარულით. მართლა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გაგა ისეთ ფოიერვერკებს მიწყობდა შეყვარებულობის პერიოდში, რომ ყოველი დილის გათენება მიხაროდა. მეგონა, მთელი ცხოვრება ასეთი ლამაზი და სიურპრიზებით აღსავსე მექნებოდა, რომ ჩვენი სიყვარული არასდროს გაფერმკრთალდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩვენი დაქორწინებიდან პირველ წელს კიდევ არა უშავდა, გაგას ხანდახან მაინც ვახსენდებოდი, ან ყვავილს მომართმევდა, ან ფულს მაჩუქებდა და ან ათასში ერთხელ სადმე წამიყვანდა ხოლმე, მაგრამ ბავშვის გაჩენის დღიდან, ჩემი, ასე ვთქვათ, ამპლუა შეიცვალა: საყვარელი და სასურველი ქალიდან ერთბაშად ვიქეცი ძიძად და შინამოსამსახურედ. არავის ეგონოს, რომ ვინმეს ვაყვედრიდე საკუთარი შვილის მოვლას ან საკუთარ ოჯახში საქმიანობას, მაგრამ 23 წლის გოგოსთვის, რომელსაც მზე და მთვარე ქმარზე ამოსდის, ის ქმარი კი მას საერთოდ ვეღარ (თუ აღარ) ამჩნევს როგორც ქალს, როგორი გადასატანი ან მოსანელებელია ასე „თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩენა?! ბოდიშს გიხდით ზედმეტი გულახდილობის გამო, მაგრამ ჩვენი ინტიმიც კი განელდა, გაფერმკრთალდა და გაიშვიათდა. თავიდანვე ასეთი ურთიერთობა რომ გვქონოდა, შეიძლება ასე ძალიან არ განმეცადა, მაგრამ ღრუბლებიდან უცებ გადმოვეშვი თავით და მიწაზე მოვადინე ზღართანი. ასეთმა ურთიერთობამ თანდათან დამაშორა ქმარს და დაახლოებით ორი წლის შემდეგ, უცბად აღმოვაჩინე, რომ მე და გაგა ერთ ჭერქვეშ მოქცეული ორი აბსოლუტურად უცხო ადამიანი ვიყავით. ხანდახან კვირა ისე გადიოდა, არც კი დამელაპარაკებოდა. იმიტომ კი არა, რომ ნაწყენი ან გაბრაზებული იყო, უბრალოდ, ვერ თუ არ მამჩნევდა, არაფერი აკავშირებდა ჩემთან, როგორც პიროვნებასთან. მე მგონი, საერთოდ, ქალადაც კი აღარ აღმიქვამდა. ძალიან დიდხანს ვცდილობდი, აღმედგინა ურთიერთობა: თან ვყვებოდი, ყველანაირ კომფორტს ვუქმნიდი, საჭმელსაც მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც მას უყვარდა, სიურპრიზებს ვუწყობდი, მე თვითონაც ყოველთვის მოწესრიგებული ვხვდებოდი, მაგრამ ჩემკენ ვერ მოვაბრუნე. ერთხელ კი დავსვი და დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ ასე „კადრს მიღმა“ ცხოვრება ძალიან მიჭირდა. მერე პირდაპირ დავუსვი საკითხი, თუ აღარ გიყვარვარ, რატომ იტანჯავ თავს, გავეყაროთ-მეთქი. გაყრაზე კატეგორიული უარი მითხრა, თანაც, ზედმეტად გულწრფელად – ახლა გაყრა არანაირად არ მაწყობსო. მერე „შეგონებები“ დამიწყო: უკვე ბავშვი აღარ ხარ, დროა ჩამოფრინდე ღრუბლებიდან და შეეგუო, ესაა რეალური ცხოვრება და ამას ვერსად გაექცევიო. მე ვუთხარი, რომ ელემენტარული გრძნობის გარეშე ძალიან მიჭირს-მეთქი. ისევ გამიმეორა, – უნდა შეეგუო, სხვა გზა არ გაქვსო. მაშინ, დავემუქრე: იცოდე, სამუდამოდ დამკარგავ და, როცა ამას მიხვდები, ანუ როცა შენ დაგჭირდები, უკვე გვიან იქნება-მეთქი. დამცინავად მითხრა, საყვარელს გაიჩენო? ეს ნამდვილად არ მიგულისხმია, მაგრამ, რადგან თვითონ „შემომიგდო“, გაბრაზებულმა ვუთხარი: რატომაც არა! ჯერ ახალგაზრდა ვარ და რა გასაკვირია, რომ მამაკაცის მოთხოვნილება მქონდეს-მეთქი. აშკარად გაბრაზება დაეტყო სახეზე და გაღიზიანებულმა მითხრა: რომანტიკა დამთავრდა, სექსი კი გაქვს (ზუსტად ასე მითხრა, სიტყვასიტყვით) და შენისთანა ქალს სხვა რაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზიაო. გული მომიკლა მისმა სიტყვებმა. მივხვდი, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი და ვუთხარი: ორ თვეში ერთხელ ხუთწუთიანი ურთიერთობა თუ რამეს ნიშნავს, კი ბატონო-მეთქი. იმ წუთას არაფერი აღარ მიპასუხა, მაგრამ მეორე დღეს ერთთვიან მივლინებაში წავიდა. იმის შემდეგ სულ ასე ხდებოდა: წავიდოდა ერთი-ორი თვით მივლინებაში, ჩამოვიდოდა ერთი კვირით, მერე ისევ მიდიოდა და ასე გადიოდა წლები. იმ ერთკვირიან შუალედებშიც ძალიან ცივი და ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა. ერთადერთი, რაზეც საყვედური არ ეთქმოდა, ის იყო, რომ ბავშვს არაფერს აკლებდა, მაგრამ ჩემზე საერთოდ არ ფიქრობდა, არ აინტერესებდა, რა მეცვა, რა მეხურა, რა მტკიოდა... შევიშალე მარტოობით, ბავშვი ბაღის ასაკის რომ გახდა, დაქალმა სამსახური მიშოვა და მუშაობა დავიწყე, რომ მართლა არ გავგიჟებულიყავი. იქ კი, სრულიად შემთხვევით ერთი ახალგაზრდა კაცი გავიცანი. სხვა დროს, ზუსტად ვიცი, მის არსებობასაც კი ვერ შევამჩნევდი, მაგრამ ცოცხალი ქმრის ხელში უკაცოდ დარჩენილი ქალის ტვინი, თურმე, სხვანაირად ყოფილა მოწყობილი. იმ კაცმა, როგორც კი დაიწყო ჩემ მიმართ სიმპათიებისა და ყურადღების გამომჟღავნება, ეგრევე წამოვეგე ანკესზე. ბუნებით მოღალატე და ორგული ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ეტყობა, ყველა ადამიანს სჭირდება მეორე ადამიანისგან სითბო, ყურადღება და სიყვარული. არ მინდოდა, მოღალატე ცოლის სახელი დამრქმეოდა, უზნეობას სხვისას ვერ ვიტანდი ვერასოდეს. ამიტომ, ერთ საღამოს დავისვი ჩემი ქმარი და ოფიციალურად მოვთხოვე გაყრა. არც ის დამიმალავს, სხვა შემიყვარდა-მეთქი. სიცილად არ ეყო. ბოლოს მითხრა, არც იოცნებო მაგაზე და ცოტა გონზე მოდი, თორემ, იცოდე, არ გაპატიებო. იმ დღის შემდეგ კი სრული იგნორირება გამიკეთა. თუ დამელაპარაკებოდა, მხოლოდ რაღაც ყოფით საკითხზე, ისიც, ისე დამცინავად და დამამცირებლად, მერჩივნა, გაერტყა. ის ინტიმიც, რაც ათასში ერთხელ გვქონდა – „გააუქმა“. იმ სულელს ეგონა, ამით „ჭკუას მასწავლიდა“ და „გონს მომიყვანდა“, იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ჩემს გონზე მოსაყვანად ელემენტარული თბილი სიტყვა, თავზე ხელის გადასმა და გაღიმება იყო საკმარისი. მან კი ამის ნაცვლად, საბოლოოდ მკრა ხელი და მეც, ჯინაზე, იმის დასამტკიცებლად, რომ შეიძლება, მეც შემიყვაროს ვინმემ, იმ ახალგაცნობილ კაცთან დავიწყე შეხვედრები. ეს, რა თქმა უნდა, მალე გამჟღავნდა და მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობას, რაშიც ჩემმა ქმარმა ჩამაგდო: ჩემი 5 წლის ბიჭი წამართვა, ოფიციალურად ბოზად გამომაცხადა. ისე გამიტეხა სახელი, იძულებული გავხდი, ყველაფერი მიმეტოვებინა და რაიონში წავედი, ჩემს მშობლებთან, მაგრამ იმათაც არ მიმიღეს. ამიტომ იძულებული გავხდი, დაქალთან გადავსულიყავი ნაქირავებში. ისეთ დეპრესიაში ვიყავი, თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ესეც გადავლახე და ახლა ჩემს დაქალთან ერთად საბერძნეთში მივდივარ სამუშაოდ. არავინ აღარ მაინტერესებს და აღარ მანაღვლებს, მარტო იმის დარდი მაქვს, როგორ დავიბრუნო შვილი.

ეკა, 24 წლის.



მერჩივნა, მამაჩემი არასდროს მენახა

„თბილისელების“ ერთგული მკითხველი ვარ. მას შემდეგ, რაც რუბრიკა „დაკარგულები“ დაიწყეთ, განსაკუთრებული ინტერესით ვკითხულობდი „დაკარგულებსაც“ და თქვენს რუბრიკასაც. ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარი პრობლემები მქონდა და, მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოვაგვარე, უფრო სწორად – გავარკვიე.

საქმე ისაა, რომ 20 წლის ასაკს ისე მივაღწიე, არ ვიცოდი, ვინ იყო ჩემი მამა. ბავშვობიდან მოყოლებული, დედა მეუბნებოდა, რომ მამაჩემი ჩემს დაბადებამდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. სანამ პატარა ვიყავი, ვიჯერებდი ამ ტყუილს, მაგრამ რომ წამოვიზარდე, უამრავი ეჭვი გამიჩნდა და დედაჩემს უკვე კატეგორიულად ვთხოვდი, ეჩვენებინა მისი სურათი, რაც მას არ აღმოაჩნდა. ასაკის მატებასთან ერთად, ათასგვარი კითხვა მიჩნდებოდა: ვთქვათ, მამა გარდაიცვალა, ვთქვათ, მისი სურათი არ შემორჩა დედას, სად არიან მამის ნათესავები? ნუთუ ასეთი ამოწყვეტილი იყო, რომ არც დედ-მამა ჰყავდა, არც და-ძმა და არც ვინმე ახლობელი? თუ ჰყავდა, სად იყვნენ, რატომ არ გამოჩენილან ამდენი წლის განმავლობაში? ნუთუ არ აინტერესებდათ მათი ძმისა თუ შვილის ერთადერთი მემკვიდრე?

მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც კიდევ ერთი საეჭვო გარემოება დავაფიქსირე: ყველა ჩემი თანაკლასელი მამის გვარს ატარებდა, მარტო მე ვიყავი დედის გვარზე, მამის სახელად კი ბაბუას (დედაჩემის მამის) სახელი მეწერა, ამ ყველაფერზე ფიქრი მტანჯავდა, მაგრამ დედას მაინც ვერ ვუბედავდი სიმართლის გამხელას, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სიმართლე ჩემთვის გაუგებარიც იქნებოდა და მტკივნეულიც. სკოლის დამთავრების შემდეგ კი ძალ-ღონე მოვიკრიბე, წინასწარ კარგად მოვემზადე და დედაჩემს კატეგორიულად მოვთხოვე, ჩემს ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი და არ ეცადა, ისევ ნაცარი შეეყარა თვალებში და, გინდა სირცხვილის, გინდა ჩემი დანდობის მიზნით, ახალი ტყუილი არ ეთქვა.

ჩვენი საუბარი მართლაც ტკივილიანი და ცრემლიანი გამოდგა. თავიდან დედა ცდილობდა, რაღაც უაზრობები მიეკიბ-მოეკიბა, მაგრამ აღარ დავუთმე. მართალია, ძალიან შემეცოდა, მაგრამ ასე ტყუილებში ცხოვრება აღარ შემეძლო. თანაც, ვგრძნობდი, რომ ამ გაურკვევლობის გამო თანდათანობით დედასაც ვშორდებოდი და არ მინდოდა თუნდაც მისი ახალგაზრდობისდროინდელი შეცდომის გამო ამქვეყნად ერთადერთი, უსაყვარლესი და უერთგულესი ადამიანი (ანუ – დედაჩემი) დამეკარგა. ამიტომ, მაგრად დავუდექი. გამოგიტყდებით, რომ ჩვენს საუბარს არ ერქვა საუბარი, ეს იყო დაკითხვა ბრალმდებლის მიერ დამნაშავისა, რომელიც აღარც კი ცდილობდა, არათუ თავის დაცვას, არამედ თავის მართლებასაც კი.

საბოლოოდ გავარკვიე ის, რასაც დაახლოებით ვეჭვობდი, ამ ისტორიის სიუჟეტი კი შაბლონურზე შაბლონურია: სკოლის დამთავრების შემდეგ დედა სოფლიდან თბილისში ჩამოსულა სწავლის გასაგრძელებლად და ოთახი უქირავებია მამაჩემის მეზობლად. დედას დიასახლისის შვილი და მამაჩემი ძმაკაცები ყოფილან და მისგან გაუცვნია დედაც. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაწყებულა, რაც მერე დიდ სიყვარულში გადაზრდილა, მაგრამ მამაჩემის დედას არ მოუსურვებია რძლად სოფლიდან ჩამოსული, მამით ობოლი გოგო და, მათი დაშორების მიზნით, შვილი რუსეთში გაუგზავნია სასწავლებლად. ფეხმძიმედ დარჩენილ დედაჩემს კი შეშინებია სოფელში დაბრუნება, იმ ბინიდან სადღაც გარეუბანში უქირავებია ოთახი და ისე გავუჩენივარ, ორი დაქალისა და მათი დედების გარდა არავის სცოდნია. მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ ბებიაჩემს (დედის დედას) გაუგია და შემოუთვლია, აქ ჩამოსვლა არ გაბედო, მე შვილი აღარ მყავსო. იმ დღიდან დედა მარტო მზრდიდა, თავისი დაქალები თუ წაახმარდნენ ხელს, ეს იყო და ეს. ორი წლის შემდეგ მამაჩემიც დაბრუნებულა რუსეთიდან და დედას დაქალს ხმა მიუწვდენია – ბიჭი გეზრდებაო. მას კი, ეტყობა, დედამისის შეეშინდა, ან, უფრო უარესი – ჩვეულებრივი ნაძირალა გამოდგა და დედაჩემზე უთქვამს, არ ვიცი, ვინ არის, პირველად მესმის ეს სახელი და გვარიო. მას მერე დედაჩემის მხრიდან მცდელობაც კი აღარ ყოფილა მასთან დაკავშირებისა. წლების შემდეგ მართლა აღარ იცოდა მამაჩემის ასავალ-დასავალი. რაც რუბრიკა „დაკარგულები“ გამოჩნდა თქვენს ჟურნალში, ამეკვიატა ფიქრი, ხომ არ მომეძებნა მამაჩემი, მაგრამ მრცხვენოდა, გამემხილა, რომ უკანონო შვილი ვიყავი და თავს ვიკავებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ენერგეტიკული კავშირი ადამიანებს შორის და ერთ დღესაც, როცა სახლში მარტო ვიყავი, სახლში უცნობი მამაკაცი მომადგა – საკმაოდ „შელახული“ გარეგნობით. რომც არ ეთქვა, ვინ იყო, მაინც მივხვდებოდი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, სახით ძალიან ვგავდით ერთმანეთს და, მეორეც, თითქოს, ველოდი მის მოსვლას. ძალიან ამაღელვა მისმა დანახვამ. თავიდან, მინდოდა, გამეგდო, მაგრამ ჩემდაუნებურად შევიყვანე სახლში. დაჯდომისთანავე დაიწყო ბოდიშების მოხდა, თავის მოსაწყლება, ყველაფრის დედამისზე გადაბრალება და როცა მიხვდა, რომ სახლიდან ვეღარ გავაგდებდი, ურცხვად მომიბრუნდა და თვალის ჩაპაჭუნებით მითხრა, 20 ლარი მასესხეო. კინაღამ გული გამიჩერდა, ისეთი ზიზღი ვიგრძენი უეცრად, ჩემი დაგროვილი თანხიდან 100 ლარი დავუყარე მაგიდაზე და ვუთხარი. მე მამა 20 წლის წინ მომიკვდა, არ ვიცი, შენ ვინ ხარ, მაგრამ, როგორც მათხოვარს, 100 ლარს გჩუქნი, ოღონდ, იცოდე, ამ ტერიტორიაზე აღარ გამოჩნდე და არც დედაჩემს გადაეყარო სადმე, თორემ ყელს გამოგჭრი-მეთქი. ეტყობა, ძალიან საშინელი სახე მქონდა, რადგან მაშინვე გიჟივით წამოხტა, ფულს ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

დედაჩემისთვის არ მომიყოლია, რაც მოხდა, აღარ მინდოდა, ენერვიულა ამ არაკაცის გამო.

ახლა მშვიდად ვარ, მოსაძებნი აღარავინ მყავს და დედაჩემის გვარსაც სიამაყით ვატარებ.

ისე კი, ჯობდა, მამა საერთოდ არ მენახა.

კახა, 21 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3