კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიუსაჯეს შალვა ნათელაშვილს ოცწლიანი პატიმრობა და როგორ აბუნტებდა ის ბავშვებს


შალვა ნათელაშვილს, რომელსაც 17 თებერვალს 52 წელი უსრულდება, ორი მკვეთრად გამორჩეული ნიშან-თვისება – ლიდერობა და ორატორობა, თურმე, ბავშვობიდან მოსდევს. როცა ბაზალეთში, მამისეულ სახლში ცოლ-შვილთან ერთად ჩადის, იქ გატარებული წლების ყოველი დღე კინოკადრივით თვალწინ გაურბენს და მონატრების გრძნობაც უსაშველოდ დიდი ხდება. ლეიბორისტების ლიდერის ცხოვრების პულსი მას შემდეგ აჩქარდა, რაც ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა. წარმატებული გამომძიებლის კარიერა მოგვიანებით პოლიტიკურმა კარიერამ ჩაანაცვლა. ჩვენ ნათელაშვილების ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე პერიოდები გამოვყავით, რომელზეც მისი მეუღლე, ბელა ალანია მოგიყვებათ.

ქალბატონი ბელა: შალვა ფასანაურში დაიბადა, ნაბოლარაა. ჰყავს ათი წლით უფროსი და. სამწუხაროდ, ძმა ინფარქტით გარდაეცვალა. დედამისი, ქალბატონი დარეჯანი, იმ პერიოდში ფასანაურში საბჭოს თავმჯდომარე იყო, მოგვიანებით კი ოჯახი მამის სოფელში, ბაზალეთში გადმოსახლდა. შალვა ოჯახში, როგორც ნაბოლარა, განებივრებული იყო. იცოდნენ, რომ ძალიან უყვარდა ნაყინი, ლიმონათი, „პრიანიკები“ და მის დას, თურმე, ჩანთით მოჰქონდა ხოლმე. პატარაობისას შალვა ისეთი ცელქი ყოფილა, რომ ერთხელ ოთხი წლის ასაკში ხევში ბანაობისას, თურმე, დაგუბებულ წყალში ჩაძირულა და, მეზობლის კაცი რომ არა, დაიხრჩობოდა. მოზარდობისას – საკმაოდ მოუსვენარი, ბუნტის თავი, კარგი თუ ცუდი საქმეების ინიციატორი. მთელი სოფლის ბავშვებს შეკრებდა და თვითონ წინ მიუძღვოდა. მან ახლაც კარგად იცის არა მხოლოდ თავისი სოფლის ტყეები, არამედ მეზობელი სოფლებისაც. დღეს სინანულითა და ტკივილით გასცქერის უნაგირას მთას, სადაც ბავშვობაში ბევრი უთამაშია და დღეს იქაურობაზე კონტროლი დაკარგული გვაქვს, რუსეთის ჯარების გამო. ბავშვობისადმი მონატრების გრძნობა ადამიანს სულ გაქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, გული არ ბერდება და, გგონია, რომ ისევ იქ ხარ. ხანდახან ადამიანს გინდება, ამქვეყნიურ რეალობას მოსწყდე და ისევ ბავშვობაში გადაინაცვლო. შალვა იმითაც ამაყობს, რომ ეს ტყე მამამისის გაშენებულია. ახსოვს, როგორ რგავდა მამამისი ნაძვებს და როგორ ეხმარებოდა თვითონაც; როგორ უჭირდა პატარა ბიჭს იმხელა მანძილზე წყლის ატანა. დედა ხშირად გზავნიდა საძოვრებზე სამი-ოთხი დღით. შალვა იხსენებს: ეს ჩემთვის მარტო ცხვრების მწყემსვა კი არ იყო, იქ მქონდა დრო ფიქრისთვის, კითხვისთვის, განსჯისა და გაანალიზებისთვისო. თან, უამრავი წიგნი მიჰქონდა, რაღაც კურსებიც კი გაუვლია სწრაფი კითხვით. მას შეუძლია, მინიმალურ დროში ხუთას გვერდამდე წაიკითხოს.

მამამისი მაშინ გარდაიცვალა, შალვა 15 წლის რომ იყო. ბატონი ამბროსი მოჭიდავე გახლდათ. როგორც სოფელში ამბობენ, მაღალი, მხარბეჭიანი და გამორჩეული ფიზიკური ძალის მქონე ყოფილა. ახალგაზრდობაში პედაგოგად უმუშავია, ბოლო წლებში კი – ტყის მცველად. ქალბატონი დარეჯანი ძალიან განათლებული და კარგი ორატორი ყოფილა, რაც შალვას დედისგან გამოჰყვა. 19 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. სამწუხაროდ, მე ვერ მოვესწარი მათ. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნებოდა მათთან ურთიერთობა და არა მხოლოდ საინტერესო. მიმაჩნია, რომ ოჯახი მაშინ არის სრულყოფილი, როცა მშობლები ბოლომდე გვერდით გყავს, სახლი არ არის გამოკეტილი და შუქი ჩამქრალი. შალვას უპირატესობა, ალბათ, მის დამოუკიდებლობაშია. თავისი ნიჭის წყალობით, ის პირველ წელსვე გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ფაქტობრივად, უპატრონო ბიჭმა ამდენს მიაღწია და, თქვენ კარგად იცით, იმ დროში როგორი ძნელი იყო ეს.

– რამდენადაც ვიცი, ბატონი შალვა ასტრონომიითაც იყო გატაცებული.

– ასტრონომიის დიდი ნიჭი აქვს. არაჩვეულებრივად იცნობს როგორც დედამიწას, ისე მთელ კოსმოსურ სივრცეს. ბაზალეთის სახლში დიდი ტელესკოპი გვაქვს, რისი საშუალებითაც ცოტა ხნით მოვწყდებით ხოლმე სამყაროს და ვარსკვლავებში ვმოგზაურობთ. ერთი პერიოდი საოცარ ლექსებს წერდა და, საერთოდ, ძალიან კარგად ეხერხება ეს საქმე. ალბათ, მოვა დრო, როცა დავწერთ მემუარებს ჩვენი ცხოვრების შესახებ. შალვას მართლა ბევრი აქვს დასაწერი. ის, რამდენადაც ძლიერი და შემტევი ბუნებისაა, იმდენად ალალი და ადამიანების მოყვარულია. სწორედ მათმა სიყვარულმა და ლოცვამ გადაარჩინა სიკვდილს, რათა ისევ ამ ხალხის სამსახურში ყოფილიყო.

– ვიცი, რომ ხშირად ჩადიხართ ბაზალეთში. როგორ ატარებთ იქ დროს?

– გაზაფხულზე შალვა მე და დარეჯანს ყოჩივარდებს თანაბრად გვიკრეფს, რომ მერე რომელიმემ არ ვთქვათ, ვისი თაიგული უფრო დიდი და ლამაზია, თან, ბექას იშველიებს. ტყეში გირჩებსაც ვაგროვებთ, მერე მწვადებს ვწვავთ და ასე შემდეგ. სხვათა შორის, გვინდა, რომ, როცა დავბერდებით, საცხოვრებლად იქ გადავიდეთ, გვქონდეს ჩვენი მეურნეობა და ჩვენმა შვილებმა ჩამოგვაკითხონ ხოლმე. მოხუცებულობა იმ დროს არის კარგი, როცა უბრუნდები შენი ბავშვობის ფესვებს და იმ მიწას, ოდესღაც რომ შეუერთდები. მართლა გული მტკივა, რომ ჩვენი სახლი გამოკეტილია.

– მოდი, ისევ ბატონი შალვას მშობლებზე ვისაუბროთ. როგორ ცხოვრობდა ნათელაშვილების ოჯახი?

– მამის გარდაცვალების შემდეგ, ბუნებრივია, მთელი დატვირთვა დედამისზე გადავიდა. ჩემი დედამთილი ძალიან შრომისმოყვარე ყოფილა, ყველაფერი ჰქონდათ, რასაც შეიძლება გასწვდეს ადამიანის შრომა: პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, რძე, ყველი, ხაჭო... შალვამ, როგორც კი ჩაირიცხა უნივერსიტეტში, პარალელურად ღამის დაცვაში დაიწყო მუშაობა და პირველი ხელფასი დედამისისთვის მიუცია. წიგნის მაღაზიაში სულ ნისიები ჰქონია და ვალებს ხელფასიდან ხელფასამდე ისტუმრებდა. ამის დასტურია ის უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელიც ბაზალეთში გვაქვს. დედამისს მოურჩენელი სენი ჰქონდა და სიცოცხლის ბოლო წლებში საკმაოდ დაიტანჯა. ამის გამო შალვას მუდმივად ონკოლოგიურში უწევდა სიარული და წამლების შეძენა, თუმცა იმ დროს წამლები არ იყო ასეთი ძვირი. ამ პასუხისმგებლობას, ცხადია, შალვას და-ძმაც ინაწილებდა, მაგრამ, და გათხოვილი იყო, ძმა რუსეთში ცხოვრობდა და ოჯახში მაინც შალვა იყო მთავარი. იხსენებს ხოლმე, როგორ მუშაობდა ორ ადგილას, სახლში ღამენათევი ბრუნდებოდა, მერე ლექციებზე მიდიოდა, სადაც თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ჩასძინებოდა. ასე რომ, მუდმივად შრომაშია და არასდროს არაფერი მოსვლია მუქთად, ამიტომაც მან ყველაზე უკეთ იცის როგორც გაჭირვების, ისე დალხინების ფასი.

– რა გზა გამოიარა, სანამ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე გახდებოდა?

– შალვამ წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი. მაშინ ვინც წარჩინებით ამთავრებდა უნივერსიტეტს, სამსახურსაც აძლევდნენ. რადგან ასეთი კარგი შედეგები ჰქონდა, საქართველოს პროკურატურაში გამომძიებლად გაანაწილეს. 21 წლის ასაკში შეეძლო დამოუკიდებლად გამოეძია საკმაოდ სერიოზული საქმეები. შემდეგ იყო არასრულწლოვან ბავშვთა განყოფილების საგამოძიებო ნაწილის უფროსი, პროკურატურის პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე, დუშეთის მაჟორიტარი, პარლამენტში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მაშინ შეიქმნა საქართველოს მოქალაქეობისა და იარაღის კანონი. მახსოვს, ბექაზე ვიყავი ფეხმძიმედ და როგორ მოვიდა შეიარაღებული ხალხი ჩვენს სადარბაზოსთან იმისთვის, რომ იარაღის კანონი პარლამენტში არ გასულიყო. ერთხელ მისი მიმართულებით გაისროლეს კიდეც, როცა შალვა დუშეთიდან თბილისში ბრუნდებოდა. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ასე იქმნებოდა ახალგაზრდული ქართული სახელმწიფო, რაშიც შალვას უდიდესი წვლილი მიუძღვის. როცა მოქკავშირი შეიქმნა, ბევრი შემოთავაზება ჰქონდა შალვას სხვადასხვა თანამდებობაზე, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ თავისი გზით უნდა ევლო. მახსოვს, როგორ წარადგინეს ამერიკიდან ახალი დაბრუნებული სააკაშვილი იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ, მაშინ, როცა ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა იყრიდა კენჭს. ეს იყო პირველი რევოლუცია ჩვენს თავს, რომელიც მაშინ მოხდა.

– ამის შემდეგ იყო საკრებულოს თავმდომარეობა, რაც ხელიდან გაუშვა და, კიდევ, იყო საქართველოს პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზა.

– 2002 წელს ლეიბორისტულმა პარტიამ კენჭი იყარა ადგილობრივ არჩევნებში და საკრებულოს წევრთა 49 მანდატიდან 15 მანდატი ერგო, თითქმის იმდენივე, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს. ეს იყო სააკაშვილისთვის თბილისის მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა და პირველი გამარჯვება. ჩვენი გამარჯვების მიუხედავად, „ლეიბორისტები“ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. საკითხი იდგა ასე: თუ სააკაშვილის გუნდი მხარს დაუჭერდა თბილისში უფასო სასწრაფო დახმარებას, უფასო საშუალო განათლებას ბოლო საფეხურების ჩათვლით, თუ არ გაიყიდებოდა „თბილწყალკანალი“ და თბილისის მოსახლეობა მიიღებდა არაგვის უფასო წყალს, შალვა ნათელაშვილი მხოლოდ ამ პირობების გათვალისწინებით დაუჭერდა მხარს სააკაშვილის კანდიდატურას და ამით „ლეიბორისტების“ ხალხისადმი საარჩევნო დაპირება შესრულდებოდა. ამგვარი პრაგმატული მიდგომით თბილისელებმა ჩვენი ხმები სააკაშვილს გაუყვეს. საკრებულოს თავმჯდომარე სააკაშვილი გახდა, ხოლო საკრებულოს კომისიის წევრები ლეიბორისტები იყვნენ. იმ ეტაპზე საკრებულოში პოლიტიკური ბალანსი მიღწეული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილმა ორ თვეში ეს ბალანსი დაარღვია, თავისი პირობა არ შეასრულა, კომისიების თავმჯდომარეობიდან ყველა ლეიბორისტი გადააყენა და სამსახურიდან დაითხოვა. ეს იყო პირველი პოლიტიკური დევნა, რომელიც მან ოპოზიციის ნიღბით განახორციელა. რაც შეეხება პრეზიდენტობას, შალვამ პირველად კენჭი 2008 წელს იყარა და, როგორ გახდა სააკაშვილი პრეზიდენტი, ამაზე ლაპარაკს, ალბათ, აზრი არ აქვს.

– არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენს ოჯახზე ბევრჯერ განხორციელდა თავდასხმა, გდევნიდნენ, გატერორებდნენ. გვიამბეთ, რა სიძნელეები გამოიარეთ?

– ძალიან ცუდია, როცა გრძნობ, რომ საკუთარი ქვეყნის შვილი კი არა, გერი ხარ და ამ მდგომარეობაში არა მხოლოდ შენ ხარ, მთელი საქართველოა. დილის ლოცვებში, რა თქმა უნდა, ყველა ჩემს მტერსა თუ მოკეთეს ვიხსენიებ და, შემიძლია, ყველას ყველაფერი შევუნდო. არ შეიძლება, როცა ორი ბავშვი გყავს, მოწმე გახადო დევნის, ჩხრეკის, ნიღბიანი ხალხის სახლში შემოვარდნის. ჩემი ძმა სენაკში, ქუჩაში, პოლიციის უფროსის მოადგილემ გააჩერა, შეურაცხყოფა მიაყენა და იმ ღამეს განყოფილებაში წაიყვანა. კაცმა კინაღამ ინფარქტი მიიღო. დილით კი ბოდიშები უხადა და სთხოვა, ეს ამბავი არ გახმაურდესო. ჩემს მულს ბინა წაართვეს და სამსახურიდან გააგდეს. ტელევიზიები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გადასცემდნენ, როგორ შეუფარდეს შალვა ნათელაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო მორალური ზეწოლა თავისი აბსურდული ბრალდებებით. მოტივაცია იყო საკმაოდ სასაცილო: რატომ შეხვდა ნათელაშვილი საქართველოში რუსეთის ელჩის მოადგილეს. თუ ეს საელჩო უშიშროების ბუდე იყო, მაშინ, რატომ არსებობდა და რატომ იყო ნებადართული საქართველოს ხელისუფლების მიერ? სამასამდე შეიარაღებული პირი შემოცვივდა ჩვენთან სახლში, თბილისსა და ბაზალეთში და ჩხრეკა ჩაატარეს. გვეძებდნენ მე და ბავშვებს უნდოდათ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოვეყენებინეთ. სოფელში ვიღაცის ოჯახში ვაფარებდით თავს. შარშან, თბილისის ზღვაზე ვარჯიშისას, შალვაზე კიდევ ერთხელ განხორციელდა შეიარაღებულ პირთა თავდასხმა. ამგვარად, ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენი ყოველი დღე იყოს შიშთან და სიკვდილთან შებრძოლება.

– ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ გითქვამთ ქმრისთვის, რომ თქვენი ოჯახის სიმშვიდისთვის, ჯობდა, პოლიტიკას ჩამოშორებოდა?

– ფშაველები ყოველთვის იცავდნენ საქართველოს ტერიტორიებს. შალვას წინაპარი გელანა ნათელაშვილი, სწორედ ის გმირი მეომარი გახლდათ, რომელმაც ერეკლე მეორეს 12 შეკოჭილი ლეკი მიჰგვარა, შალვა იმ გენის გამგრძელებელია, რომელიც არავის აპატიებს გაქცევას, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს შესასრულებელი. მას, ალბათ, ასე უნდა ეცხოვრა.

– ერთმანეთს სად შეხვდით, როგორ შეუღლდით?

– ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით. მეც სტუდენტი ვიყავი და შალვაც. ჩვენი შეხვედრა ღვთის ნება იყო. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა, მეცხოვრა შალვას გარეშე ან მას – ჩემ გარეშე და ძალიან ვნანობ იმ წლებს, რაც უმისოდ გავატარე. სულ მგონია, რომ ჩემთვის ეს წლები დაკარგულია. მაშინ მოსკოვში საუკეთესო ადგილას ვცხოვრობდი, მქონდა საკუთარი ბინა, კარგი სამსახური, ასპირანტურაში ვსწავლობდი. მის გამო ყველაფერი მივატოვე და წამოვედი. ცხოვრება დავიწყეთ ნუცუბიძის პლატოზე. შალვას ჩეხური პროექტის ბინა ჰქონდა პროკურატურიდან მიღებული. მძიმე წლები იყო. პლატოდან დანახული თბილისი რუხ ფერებში მეჩვენებოდა და, რომ არა შალვას სიყვარული, ალბათ, აქ ძალიან გამიჭირდებოდა. მოკლედ უკან დასაბრუნებელი ყველა გზა მოვიკვეთე, ვთქვი, რომ ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. გავყიდეთ მოსკოვის, თბილისის ბინები, ფასანაურის სახლი, შალვას „ჟიგული“. ჩემს ძმასაც არაჩვეულებრივი სამოთახიანი ბინა ჰქონდა მოსკოვის ცენტრში და ისიც ვაიძულე, გაეყიდა იქაურობა და საქართველოში წამოსულიყო. შევიძინეთ ეს სამოთახიანი ბინის კარკასი, მაგრამ, სანამ გარემონტდებოდა, წერეთელზე, ნაგირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. მე ვითავე „პრარაბის“ ფუნქციები, ელიავაზე დავრბოდი. ბევრს შეშურდა, რომ ნათელაშვილს თბილისში სამოთახიანი ბინა ჰქონდა. მაშინ, ვითომ ჟურნალისტებმა, დღეს რომ პრეზიდენტის კალთას არიან ამოფარებულები, ბაზალეთის სახლი თბილისის სახლად მონათლეს. მთელი თბილისი მეკითხებოდა, რამხელა სახლი გქონიათ თბილისშიო. სიუჟეტი რომ ვნახე, გავგიჟდი – ჩემი სახლია თუ სხვისი-მეთქი. მერე მივხვდი, რომ სარკე ეკიდა და გაორმაგებულად იღებდნენ, რათა ორჯერ დიდი გამოჩენილიყო. სინამდვილეში, ამ ბინის მისაღები ოთახი ოცდახუთი კვადრატული მეტრია.


скачать dle 11.3