ვინ „ჩაიგდო ხელში“ „პოლინი“
„პოლინი სტუდიო“ – მოდის სახლი, ძალიან დიდი ხნის წინ მხოლოდ ფეხსაცმლის მწარმოებელი, უბრალო კომპანია იყო. მაგრამ, ტყავის განსაკუთრებული დამუშავებისა და ძალიან დახვეწილი გემოვნების წყალობით „პოლინიმ“ მალე გაითქვა სახელი და იტალიაში ყველაზე ელიტური ქალბატონები საკუთარ ფეხებს მხოლოდ მას ანდობდნენ.
დღესდღეობით, „პოლინის“ მოდის სახლი „ხელში ჩაიგდო“ ბრიტანულმა ჯგუფმა, რომელმაც, მართალია, მას თავისი პირველყოფილი მიმართულებები და ფესვები დაუტოვა, მაგრამ უამრავი რამ, შეიძლება ითქვას, რევოლუციურად შეცვალა. ბრიტანული გუნდის სათავეში შოტლანდიელი დიზაინერი ჯონათან სანდერსი დგას. თანამედროვე გრაფიკული ხატვის სფეროში ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი „პოლინის“ ქალის ხაზის სამოსზე მუშაობს, ხოლო ნიკოლას კირკვუდი ფეხსაცმელში აჩენს თავის გემოვნებასა და ქალებისადმი დამოკიდებულებას. ქალისადმი თავისი შეხედულებები ორმა დიზაინერმა 2009 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ოცდაშვიდ კოსტიუმში დაგვანახვა. პრესა და მოდის კრიტიკოსები წერდნენ, რომ კაშკაშა ფერებში გამოწყობილმა მოდელებმა ორგანიზებული მარშით, ისე სწარაფად და თვალისმომჭრელად გაიარეს პოდიუმი, რომ თხუთმეტი წუთის შემდეგ მაყურებელს შეეძლო, მშვიდად დაბრუნებულიყო სახლში ან სამსახურში და წყნარად, ტელევიზორთან მჯდარს გაეაზრებინა, თუ რა ნახა. „პოლინიში“ მოღვაწეობა მხოლოდ და მხოლოდ სამი თვის წინ დავიწყე, ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი წინ მაქვს, კიდევ შევძლებ საზოგადოებას ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო. ეს ძალიან ცოტაა იქიდან, რისი გაკეთებაც მინდა. დიდი სურვილი მქონდა, ქალი ნათელი და ქალური მეჩვენებინა – ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა“, – ამბობს სანდერსი. მან ძალიან ბევრი იმუშავა წერტილებსა და ხაზებზე – შექმნა ჩანჩქერის ტიპის კაბები, ქვედაკაბები და პერანგები. წყლის ფერები ამ სეზონზე „პოლინისთვის“ ჰიტია. ზაფხულის ფერების გრადაციები სანდერსისთვის შემდეგნაირია: ღია ნაცრისფრისა და ცისფრის სინთეზი, მუქი ნაცრისფერი და თეთრი, ძალიან ბაცი ლიმონისფერი, წყლისფერი და ბაცი ვარდისფერი. ფერების ამგვარი თამაშით „პოლინიმ“ ქალის ჰაეროვნებას გაუსვა ხაზი. პოდიუმზე გამოსული მოდელები თითქოს ბამბასავით ეხებოდნენ იატაკს და მათ სინაზეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს სანდერსის ფორმები: მოკლე კაბებისა და სარაფნების უმრავლესობას ძალიან ცოტა ხაზი ჰქონდა, მკერდთან მომდგარი სარაფნები ქვევით პირდაპირ იშლებოდა. სანდერსმა ასევე ტანზე მომდგარი, საზაფხულო, კოქტეილის კაბები წარმოგვიდგინა, სადაც დატვირთვა უკვე რუშებსა და რამდენიმეფენიან ნაკეცებს ჰქონდა. კოლექციის ერთი ნაწილი საქმიან კოსტიუმებს დაეთმო: მკაცრი ნაცრისფერი პიჯაკი და ტანზე მომდგარი ქვედაკაბა, თეთრ პერანგთან და ლამაზ პატარა ქუდთან ერთად, არაჩვეულებრივ ანსამბლს ქმნის. რაც შეეხება ფეხსაცმელს, „პოლინის“ შემთხვევაში მას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კირკვუდმა ნატის (ზამშის) ულამაზესი, ოდნავ მკაცრი ფეხსაცმელი წარმოადგინა. ლურჯი, შავი, თეთრი, კობალტისფერი ფეხსაცმელები, არაჩვეულებრივად გაფორმებული დეტალებით, ერთიანობაში ულამაზესი სანახავი იყო. კირკვუდმა შექმნა როგორც ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული „ლოდოჩკები“, ლამაზად დამუშავებული ზედაპირით, ისე ამ სეზონზე მეტად აქტუალური – კოჭამდე ღია ფეხსაცმელი. ტანსაცმლიდან პრესის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა შავმა სარაფანმა თეთრი კოპლებით. როგორც ჩანს, ეს ძალიან ქალური ქსოვილი აქტუალობას არ კარგავს და მოდის ძალიან მკაცრი კრიტიკოსების კალამსაც კი ლმობიერს ხდის.
ანა სარალიძე